QronikaPlus
ზვიად გოგიაშვილი: „სახელმწიფო თაღლითების ინტერესებს იცავს“

ზვიად გოგიაშვილი: „სახელმწიფო თაღლითების ინტერესებს იცავს“

2020-10-03 07:20:53

„ჯაბა კრედიტის“ დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციის დამფუძნებელი და დირექტორი, ზვიად გოგიაშვილი, „ქრონიკა+“-სთან იმ კრიმინალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, წლებია, უკვე საქართველოში არსებობს. როგორც გოგიაშვილი აცხადებს, კრიმინალურ სქემებში ჩართული არიან მაღალჩინოსნები.

უფრო კონკრეტულად, რის საფუძველზე აცხადებს გოგიაშვილი, რომ კრიმინალურ სქემებში სახელმწიფო პირები მონაწილეობენ? რა ეტაპზეა „ჯაბა კრედიტის“ საქმე? რას გეგმავენ დაზარალებულები?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ზვიად გოგიაშვილს ესაუბრა:

_ კომპანია „ჯაბა კრედიტი“ თავისი სტატუსით შპს იყო, თუმცა „მიკროსაფინანსო ბაზარზე“ საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობდა. თავდაპირველად, ეს კომპანია ინდმეწარმე ზანდა გოგოლაძეს ეკუთვნოდა და 2012 წლის 10 თებერვლიდან არსებობდა, როგორც ლომბარდი და ვალუტის გაცვლის კომპანია, მაგრამ 2015 წლის 5 მარტს სტატუსი შეიცვალა და გახდა შპს. თავდაპირველად, ამ ახალი შპს-ს ერთადერთი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ზანდა გოგოლაძე გახლდათ, მაგრამ 2016 წლის პირველ მარტს, ანუ ერთი წლის შემდეგ, როდესაც კომპანიის მეორე დირექტორი უკვე გახლდათ ზანდა გოგოლაძის მეუღლე ბაქარ ბოლოთაშვილიც, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახადეს თავიანთი შვილი ჯაბა ბოლოთაშვილი, რომელიც 2005 წელსაა დაბადებული და იმ დროისთვის 11 წლისაც კი არ იყო (თავად კომპანიაც ამ ბავშვის სახელს ატარებს). ამჟამად ჯაბა ბოლოთაშვილი 15 წლისაა და ჯერ კიდევ არასრულწლოვანია. სავარაუდოდ, მშობლებმა კომპანია საკუთარ შვილს იმ გათვლით გადაუფორმეს, რომ ისინი თაღლითური საქმიანობის წარმართვას აპირებდნენ და ამით შეეცადნენ, როგორც კომპანიის მფლობელებს, პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინათ. რეალურად, პრობლემები „ჯაბა კრედიტს“, როგორც კომპანიას, 2017 წელს დაეწყო, თუმცა ჩვენ ამის შესახებ გვიან გავიგეთ. 2017 წლის ზაფხულში ბაქარ ბოლოთაშვილის ერთ-ერთი კომპანია „ჯაბა ქარგოს“ გადამზიდი ავტომანქანა დააკავეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე და მანქანაში 10 კილოგრამი ოქრო აღმოაჩინეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ ოქროს, ისევე როგორც ავტომანქანის, კონფისკაცია მოახდინა. წესით, ბაქარ ბოლოთაშვილი და ავტომანქანის მძღოლი ხანგრძლივი დროით პატიმრობაში უნდა აღმოჩენილიყვნენ, თუმცა პროკურატურამ ორივე მათგანს საპროცესო გარიგება გაუფორმა და სასჯელიც მხოლოდ პირობითი მსჯავრით შემოიფარგლა. როგორც ჩემთვის თავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნებისგან გახდა ცნობილი, ეს საპროცესო შეთანხმება ბაქარ ბოლოთაშვილს, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი დაუჯდა!!! აქვე უნდა აღვნიშნო, რომ „ჯაბა კრედიტმა“, ბოლო პერიოდში, კერძოდ, 2018 წლის ბოლოს, დააფუძნა შვილობილი კომპანიები, სადაც გადაანაწილა თამასუქები. ასეთი გახლდათ ორი კომპანია: „კრედიტ გრუპი“ და „ბოა კრედიტი“. ამ ორი გამოყოფილი საქმის პროკურორ გიორგი გაგნიძესთან შეხვედრისას კი აღმოჩნდა, რომ სწორედ ის გახლდათ არადეკლარირებული ოქროს კონტრაბანდის საქმის პროკურორი და მან გაუფორმა ბაქარ ბოლოთაშვილსა და მის მძღოლს საპროცესო შეთანხმება. ამ ფაქტმა ჩემი დაუფარავი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთი „მორიგების“ დაშვება მაშინ, როდესაც ჯართის „მოპარვის“ გამო ადამიანს ციხეში რამდენიმე წლით სვამენ, ხოლო 10 კილოგრამი ოქროს კონტრაბანდაში მხილებულ ადამიანს გარეთ ტოვებ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე! ამ გამოშვებით კი მას მიეცა იგივე საქმიანობის გაგრძელების საშუალება და ბაქარ ბოლოთაშვილმაც კვლავ გააგრძელა თავისი „ბიზნესი“. პროკურატურა „გახმაურებულ საქმეებზე“ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მედიისთვის ბრიფინგებს მართავს ხოლმე, მაგრამ, რატომღაც, „ჯაბა კრედიტის“ დამფუძნებლის დაკავებისა და 10 კილოგრამი ოქროს კონფისკაციის შესახებ ბრიფინგი არ გაუმართავთ. მიმაჩნია, რომ ეს საქმე სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის კატეგორიას განეკუთვნებოდა, რადგან 2017 წლისთვის „ჯაბა კრედიტის“ ცნობადობა თითქმის 100% იყო აგრესიული სარეკლამო კამპანიიდან გამომდინარე, რაც პრესითა და ტელევიზიით მიმდინარეობდა და, ამავდროულად, „ჯაბა კრედიტს“ ბევრი თამასუქარიც ჰყავდა, რომელთაც დიდი ოდენობის თანხა შეჰქონდათ კომპანიაში, რომლის ხელმძღვანელიც კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყო ჩაბმული! შესაბამისად, ჩვენ უნდა გვცოდნოდა მომხდარი დაკავების შესახებ. როგორც დღეს გამოძიება გვიმტკიცებს, 2017 წლიდან თანხების დიდი ნაწილი, რომელიც ამ კომპანიაში შედიოდა, არ ბრუნავდა და ბოლოთაშვილი ამ თანხებს წლების განმავლობაში ითვისებდა.
_ თქვენ რა შემხებლობა გქონდათ „ჯაბა კრედიტთან“?
_ კომპანიამ ნელ-ნელა მოიხვეჭა მომხმარებლის ნდობა. 2017 წლამდე ნებისმიერი რაოდენობის თანხის შეტანა და გამოტანა უპრობლემოდ შეეძლოთ მომხმარებლებს. თავდაპირველად გვეშინოდა, რომ შესაძლებელი იყო, განმეორებულიყო ის, რაც 90-იან წლებში ხდებოდა, როდესაც ხალხისგან ფულს იღებდნენ და შემდეგ გარბოდნენ. თუმცა „ჯაბა კრედიტის“ მფლობელებმა მოახერხეს და ილუზია შეგვიქმნეს, რომ კომპანია ვითარდებოდა. ისინი ატარებდნენ დიდ სარეკლამო კამპანიებს. ამ ფონზე მეც და ბევრი ადამიანიც ვენდეთ ამ კომპანიას, შევიტანეთ თანხა. მე პირადად 2015 წელს გავხსენი პირველად თამასუქი. „ჯაბა კრედიტი“ მოსახლეობისგან თანხებს იღებდა სესხის ან იგივე თამასუქის სახით, რაზედაც ფორმდებოდა ხელშეკრულება და ამის სანაცვლოდ გვიხდიდა ყოველთვიურად საპროცენტო სარგებელს. სახელმწიფოს კი ჩვენი მისაღები სარგებლიდან თანხის 5% მიჰქონდა. ხელშეკრულებით ასე იყო გათვალისწინებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს არ უხდიდნენ ამ 5%-საც და თვითონ ითვისებდნენ მას.
2017 წლის ოქტომბერში „ჯაბა კრედიტს“ „თიბისი ბანკმა“ გირავნობის ხელშეკრულება გაუფორმა, რომლითაც „ჯაბა კრედიტის“ საკუთრებაში არსებული და მომავალში შეძენილი ყველა ქონება დაიტვირთა, მათ შორის, „ოქროს ლომბარდის“ სასესხო პორტფელი. ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ „ჯაბა კრედიტის“ დამფუძნებლებმა, ზანდა გოგოლაძემ და ბაქარ ბოლოთაშვილმა, თავად „თიბისი ბანკის“ ხელშეწყობით, დააფუძნეს ახალი კომპანია „გრანდ ფინანსი“, თუმცა იმ კომპანიის თავდაპირველი მფლობელი ნომინალურად ზანდა გოგოლაძის ახლო მეგობარი, ანა გაბუნია იყო. ხელშეკრულებით ოქროს ლომბარდი გადასცეს „გრანდ ფინანსს“. როგორც „თიბისი ბანკის“ მაღალი თანამდებობის პირებმა ჩემთან და ჩვენი ასოციაციის კიდევ ერთ დამფუძნებელთან შეხვედრისას განაცხადეს, ეს ხელშეკრულება ბანკში გაფორმდა და რეალური ფინანსური ტრანზაქციაც „თიბისი ბანკში“ შესრულდა. „ჯაბა კრედიტის“ ოქროს ლომბარდი იყიდა „გრანდ ფინანსმა“, თანხა კი „თიბისი ბანკის“ სესხის სახით გაიცა. ეს ხელშეკრულება იმ ნოტარიუსის მიერ არის გაფორმებული, რომლის ოფისიც „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში, მარჯანიშვილის 7 ნომერში მდებარეობს. როდესაც მე, როგორც „ჯაბა კრედიტის“ დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციის დირექტორმა, ნოტარიუსთა პალატას ამ ხელშეკრულების ასლის გადმოცემის მოთხოვნით მივმართე, უარი მითხრეს, რადგან ხელშეკრულების მონაწილე მხარე არ ვართ და არ გვაქვს კერძო გარიგების ასლების მიღების უფლება, თუმცა სასამართლოს წესით ჩვენ ამას აუცილებლად მოვიპოვებთ. რის მოპოვებაც შევძელი, ეს არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებები, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ როცა „გრანდ ფინანსისთვის“ გადაცემული „ოქროს ლომბარდის“ სასესხო პორტფელის უზრუნველყოფის საგანი დიდია, მსესხებელს აქვს უფლება, 30 მილიონი აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტური თანხა სესხის სახით მიიღოს „თიბისი ბანკისგან“! შესაბამისად, 30 მილიონი აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტის მოცულობის საკრედიტო ხაზის საპირწონედ არსებობს შესაბამისი ოქროს ოდენობის უზრუნველყოფა! მე შემიძლია 100%-ით გითხრათ, რომ ეს ვერ იქნებოდა მოსახლეობის მიერ დაგირავებული ოქრო, მით უმეტეს, ხელშეკრულებაში წერია, რომ „ჯაბა კრედიტი“, ხოლო შემდგომ „გრანდ ფინანსი“ წარმოადგენდა გირავნობის საგნის მფლობელს.
_ რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობს ამას?
_ თავდაპირველად, როცა „თიბისი ბანკმა“ 2017 წლის 24 ოქტომბერს „ჯაბა კრედიტთან“ გააფორმა გირავნობის ხელშეკრულება, მასში ფიქსირდება 15 მილიონი აშშ დოლარი, როგორც მაქსიმალური თანხის ოდენობა, რომლის მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა დამგირავებელს; შემდეგ 21 მილიონი; ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, 2018 წლის 12 ოქტომბრის გირავნობის ხელშეკრულებაში, 30 მილიონი აშშ დოლარი წერია. თქვენ გჯერათ, რომ ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ოქრო მიიღო „ჯაბა კრედიტმა“ მოსახლეობისგან სალომბარდე სესხების სანაცვლოდ და დაისაკუთრა ეს ოქრო, რადგანაც მოსახლეობამ ვერ გადაიხადა სესხი? მე _ არა. გარდა ამისა, თავად ზანდა გოგოლაძე აცხადებდა კომპანიის კლიენტებთან კერძო საუბრებში, ვისაც თამასუქი შეჰქონდა „ჯაბა კრედიტში“, რომ მათ 30 მილიონი აშშ დოლარის ოქრო უდევთ „თიბისი ბანკში“, ამიტომ არ უნდა ეშინოდეთ, რომ „ჯაბა კრედიტს“ რაიმე ფინანსური პრობლემები შეექმნება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გონივრული ეჭვი გვიჩნდება, რომ ეს არ იყო ერთი კერძო პირის მიერ მოფიქრებული სქემა. ამ თაღლითურ სქემაში აუცილებლად ჩართული იყვნენ სახელმწიფო მაღალჩინოსნები, რომლებიც მფარველობდნენ ზანდა გოგოლაძესა და ბაქარ ბოლოთაშვილს, მათი მფარველობით კი ისინი ახერხებდნენ ოქროს კონტრაბანდის განხორციელებას.
_ თუ ბოლოთაშვილს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რატომ დაიჭირეს ის?
_ ზანდა გოგოლაძემ აღიარა, რომ 5-7 კილო ოქრო უპრობლემოდ შემოიტანეს, თუმცა ბაქარ ბოლოთაშვილი 10 კილო ოქროს შემოტანაზე დაიჭირეს. როგორც ჩანს, ეს „ჭარბი“ რაოდენობა „ზემოთ“ არ ჰქონდათ შეთანხმებული. ეტყობა, ბაქარ ბოლოთაშვილს „მადა გაეხსნა“ და თავისი მფარველების მოტყუება გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ მას მეტი სარგებელი მიეღო. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო დააკავეს.
_ ამ ეტაპზე რამდენი დაზარალებულია ოფიციალურად აღიარებული?
_ ჩვენ ვართ 339 ოფიციალურად აღიარებული დაზარალებული, თუმცა გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც საკმაოდ სოლიდური თანხების თამასუქები ჰქონდა გახსნილი, უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიზეზის გამო.
„ჯაბა კრედიტის“ 339 დაზარალებულის გარდა, არიან „კრედიტ გრუპისა“ და „ბოა კრედიტის“ დაზარალებულებიც, თითოეულ კომპანიაში 19 დაზარალებულია. თუმცა მათ, ჯერჯერობით, არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი. დღემდე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა არც რევიზიის დასკვნაა და არც ვინმეს აქვს ბრალი წაყენებული. როცა ეს საქმე მოვიკითხე, მიპასუხეს, ბოლომდე არ ვართ საქმეში გარკვეულებიო. მაშინ, როცა „ჯაბა კრედიტის“ საქმის გამოძიება ჩვენი ზეწოლის შედეგად 8 თვეში დასრულდა და რევიზიის აქტი შარშან 25 დეკემბერს გამოიცა. 339 ადამიანის თამასუქების შესწავლა 8 თვეში მოხერხდა და 38 ადამიანის საქმე დღემდე ვერ გამოიძიეს?!
_ რა ეტაპზეა ამჯერად საქმე?
_ გასულ კვირას ზანდა გოგოლაძისა და ბაქარ ბოლოთაშვილის სასამართლო პროცესის ბოლო სხდომა ჩატარდა. ბოლოთაშვილი დაუსწრებლად გაასამართლეს. ორივეს 8-8 წელი მიესაჯა, თუმცა ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისინი მაქსიმალურად დაისაჯონ, რადგან ეს მუხლი ითვალისწინებდა 11 წლამდე სასჯელს. მოვითხოვთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ თუ მათ მიმართ მაქსიმალურად მკაცრ სასჯელს არ გამოიტანენ, ისინი თანხების დაბრუნებას არ გადაწყვეტენ. ჩვენს საქმეზე სამჯერ შეიცვალა პროკურორი, თავიდან იყო მიხეილ სადრაძე, შემდეგ გიორგი მიქელაძე, ახლა კი არის ზინიკო ქობალია. გამოყოფილ საქმეს გიორგი გაგნიძე უწევს ზედამხედველობას. მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ სადრაძე ასევე იყო გიგი უგულავას საქმის პროკურორი და ამ ორი საქმის „გაძღოლის“ შემდეგ დააწინაურეს. დასკვნები მკითხველმა გამოიტანოს. სამართლებრივად, პირველი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ცხადია, გოგოლაძისა და ბოლოთაშვილის ინტერესების დამცველები გაასაჩივრებენ და ვიდრე უზენაესი სასამართლოს ჩათვლით არ დასრულდება პროცესები, მანამდე ეს საქმე დახურულად ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება ქონებრივ დავას, ეს დღემდე არ დავიწყეთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდოდა, გამოძიებას დაედგინა, სად წავიდა ქონება, რადგან ამის გარეშე, როცა ფაქტობრივად „ჯაბა კრედიტს“ დღეს ქონება არ გააჩნია, სამოქალაქო დავის დაწყება უაზრობაა. ამ შემთხვევაში მათი ქონება, გადაფორმებულია და მთელი აქტივები გადატანილია სხვა სუბიექტებში. სამოქალაქო დავის დაწყებისას კი მოსამართლეს მტკიცებულებები უნდა წარვუდგინოთ. ეს მტკიცებულებები გამოძიებას უნდა მოეპოვებინა. გამოძიებას ვეკითხებით: სად წავიდა ის ფული, რომელიც „თიბისი ბანკში“ „გრანდ ფინანსთან“ გაფორმებული გარიგების შედეგად მიიღო „ჯაბა კრედიტმა“? როგორ შეიძლება, გაქრეს მილიონობით ლარი, რომელსაც, როგორც გამოძიება გვიმტკიცებდა, ნაღდი ფულის სახით აგროვებდა ბაქარ ბოლოთაშვილი და ზანდა გოგოლაძე. როგორ გაიტანა საზღვარზე (თუ გაიტანა)? ორი ვარიანტია: ან ქვეყნიდან არის გატანილი, ან აქ არის დაბანდებული და „გადამალული“. თუ აქ არის, მაშინ უნდა გამოიძიონ და დაგვიბრუნონ. ამ მიმართულებით გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ გააჩნია. გამოძიება გვეუბნება, რომ უნდა დავჯერდეთ რაღაც მიწის ნაკვეთებს (ხილის ბაღებს) და კარიერს, რომელიც ბაქარ ბოლოთაშვილის დედის სახელზეა გაფორმებული და სწორედ 2018 წლის ნოემბერში არის შეძენილი, მას შემდეგ, რაც „გრანდ ფინანსმა“ გადაურიცხა თანხა „ჯაბა კრედიტს“. როგორც ჩანს, ამ კარიერის შეძენა ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა, მაშინ „თიბისი ბანკი“ ანაკლიის კონსორციუმში იყო ჩართული და ბოლოთაშვილის გათვლებით ეს მას დიდ სარგებელს მოუტანდა. მთელი სქემები ჰქონდათ მოფიქრებულლი, მაგრამ „საქმე“ ისე არ გამოვიდა.
_ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?
_ პირველ რიგში, ვითხოვთ დაგვიბრუნდეს თანხები. ჩვენთვის არ არის გადამწყვეტი, ზანდა გოგოლაძე ციხეში იქნება თუ გაათავისუფლებენ. რა თქმა უნდა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ უბრალოდ ბოლოთაშვილისა და გოგოლაძის ციხეში ჩასმით დაზარალებულების პრობლემები არ გვარდება. მთავარია თანხების დაბრუნება. ჩვენ სახელმწიფოსგან საქმის ბოლომდე მიყვანას მოვითხოვთ. 2019 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში სახელმწიფომ ბოლოთაშვილს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცა მაშინ, როცა კომპანიის ანგარიშებს უკვე ინკასო ედო, სახელმწიფოს წინაშე სამ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჰქონდათ დაგროვილი, ასევე ფინანსური პოლიცია „ჯაბა კრედიტის“ ფინანსური დარღვევების საქმეს იძიებდა. „ბიზნესის კეთების მიზნით გავდივარო, ასე განაცხადა და რა გვექნა, ხელს ხომ არ შევუშლიდით?“ _ ასე ამიხსნა ეს ფაქტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა. ბოლოთაშვილი თურქეთიდან ეკონტაქტება თავისი ოჯახის წევრებს, ადვოკატებს. მე გავიგე მისი ტელეფონის ნომერი, რომელიც „ინტერპოლს“ ოფიციალური წერილის სახით მივაწოდე. სხვათა შორის, „ინტერპოლის“ ეროვნული ბიურო „ჩამოალაბორანტეს“ და აღარ არის ცალკე მდგომი დამოუკიდებელი სტრუქტურა და შსს-ს ერთ-ერთი სამმართველო გახლავთ დღეს. მათგან არაადეკვატური პასუხი მივიღე, რომ თურმე ბოლოთაშვილი რეგისტრირებულია „ინტერპოლის“ საიტზე და წითელი ცირკულარით იძებნება, მაგრამ რეალურად რა ეტაპზეა ეს ძებნა, პასუხი ვერ მივიღე. სახელმწიფომ თვალებზე ხელები აიფარა და ბაქარ ბოლოთაშვილის ქვეყნიდან „გაპარვა“ „გამორჩა“. „ჯაბა კრედიტის“ თანამშრომლები, რომლებიც მომხმარებელს თვალებში უყურებდნენ და ატყუებდნენ, რომ თანხები შეეტანათ, თურმე დამნაშავეები არ ყოფილან. პროკურორმა როგორც ამიხსნა, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენო. როდესაც მათ იცოდნენ, რომ დანაშაულს სჩადიონენ და მაინც განაგრძნობდნენ საქმიანობას, ეს თაღლითობაში თანამონაწილეობა არ არის?! ისეთი განცდა გვაქვს, რომ სახელმწიფო ცდილობს, არა ჩვენი, დაზარალებულების, არამედ თაღლითების ინტერესები დაიცვას. ის, რომ ამ საქმეზე გამოძიება 8 თვეში დასრულდა, ეს ჩვენი, დაზარალებულების პერმანენტული აქტიურობის შედეგი იყო: მუდმივად აქციებს ვმართავდით, თემა მედიის საშუალებით შუქდებოდა. ასე რომ, საზოგადოებრივი აზრის გავლენითაც ეს საქმე შედარებით სწრაფად დასრულდა, მაგრამ ერთია, დამნაშავეების დაჭერა და მეორეა დაზარალებულებისთვის თანხების დაბრუნება.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ მაღალჩინოსნები მფარველობდნენ დამნაშავეებს და თაღლითურ სქემებს. რის საფუძველზე ფიქრობთ ამას?
_ ჩვენ მივმართეთ აბსოლუტურად ყველა უწყებას: გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ასევე მივედით „ქართული ოცნების“ ოფისში. წერილობით მივმართეთ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეს, ის ასევე ქალაქის მერია და დაზარალებულების უმრავლესობა სწორედ თბილისის მცხოვრებლები ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს საკითხი მერიას ეხება. თუმცა არანაირი რეაგირება მას არ ჰქონია. სამჯერ შევხვდით პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეს, ერთხელ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავას. ასევე პირადად მე და კიდევ ორი დაზარალებული ორჯერ შევხვდით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს. პირველი შეხვედრის დროს ის კეთილგანწყობილი იყო, გვითხრა, რომ ყოველთვის დაიცავდა დაზარალებულების ინტერესებს, თუმცა მეორე შეხვედრის დროს რადიკალურად შეცვლილი დაგვხვდა და პირადად მე მისაყვედურა, თითქოს არასწორი მიმართულებით ვაკეთებ აქცენტებს და „რაში მაინტერესებს ოქროს წარმომავლობა?“ „მე ვესაუბრე ვანო მაჭავარიანს და მან მითხრა, რომ „თიბისი ბანკი“ ხელს ვერ მოჰკიდებს იმ ოქროს, რომელიც იქ დევს. ეროვნული ბანკი უწევს ზედამხედველობას ამ ოქროს მოძრაობას, ასე რომ, ეს ოქრო არსად წავა“, _ სწორედ ეს სიტყვები გვითხრა თეა წულუკიანმა. გასაგებია, რომ ეს ოქრო არსად წავა და ვერ „აორთქლდება“, მაგრამ ჩვენ არანაირი წვდომა აღარ გვაქვს იმ ოქროზე და არავინ აპირებს ამ აქტივის გამოყენებას ჩვენი ზიანის ასანაზღაურებლად. მოკლედ, შეხვედრები და საუბრები დარჩა საუბრებად, ხოლო ჩვენთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წავიდა წინ! სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ საქმის სათავეები მიდის სწორედ იქით, საიდანაც კონტროლდება „ოქროს ბიზნესი“. ჩვენი ვარაუდით, „ჯაბა კრედიტი“ არ გახლდათ ერთადერთი, რომელიც ამდაგვარ საქმიანობაში იყო ჩართული, რადგან სხვა კომპანიებიც, მაგალითად, „ევრო კრედიტი“ და „ნანო კრედიტი“ ანალოგიურად გაკოტრდა. იმ საქმეებშიც „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ფიგურირებენ.
_ რას გეგმავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ინტერესები არ დაკმაყოფილდება?
_ თუ გამოძიება ვერ გამოკვეთს, სად წავიდა აქტივები და თანხები, სტრასბურგის გზით ვიბრძოლებთ, იმიტომ, რომ უკვე საკმარისად დაგროვდა სახელმწიფოს მიერ დაშვებული „შეცდომები“ და რეალურ გამოძიებაზე თავის არიდება. საფუძვლები საკმარისი იქნება, რადგან ზარალი ძალიან დიდია, რაც ოფიციალურად დადასტურებულია და ეს არის 14-17 მილიონი ლარი.

ნენე ინჯგია

გაზიარება