- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-08-13 09:24:37
ბაჩალიაშვილი, ბაჩალიაშვილი, ბაჩალიაშვილი… უცნაური ბედი ჰქონია თამუნას… ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ თამარი ჰერელი გოგო იყო და მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი კუთხე…
მოკლე წარწერა ფოტოზე, რომელიც თავად თამარმა დაურთო საკუთარ პროფილს სოცქსელზე… ქართულად: „მსოფლიო სავსეა კეთილი ადამიანებით… თუ შენ ვერ პოულობ ერთ-ერთს, იყავი ერთ-ერთი“.
ინგილო გოგოს ბედი ტრაგიკულად დასრულდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენში სერიოზულობას გულჩათხრობილობად თვლიან… თუ ხმამაღლა არ ვიცინით, მაშინ დეპრესიულები ვართ… ბავშვობაში თუ დედისა და მამის კინკლაობას ვუყურეთ, ძალადობის მსხვერპლნი ვყოფილვართ… თუ ფსიქოლოგი გვყავს, ე. ი. გავგიჟდით… და როდის დადგება ის დღე, როცა ანატომიაზე მაღლა დადგება სული? აი, იმაზე მოგახსენებთ, სულის ანატომიაზე, რომელიც ადამიანებს გულწრფელებს გახდის და ინგილო გოგო თამუნას ამ ქვეყნიდან წასვლის ამბავს გულწრფელად მოაყოლინებს მის ჰერელ მოგვარე ნიკა ბაჩალიაშვილს:
„ეს ის ინგილო გოგოა, მეფისთვის თავზე ქლიავი რომ უნდა დაეყარა, მაგრამ არ აცადეს, მონები მიუგზავნეს და ისტორია წაშალეს. ეს ის გოგოა, რომელმაც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლა პატიოსნად, ისე რომ სხვა არავინ გაწირა, ეს ის გოგოა ვისზეც წიგნებში წერდნენ ადრე, ვისზეც ფილმებს უნდა იღებდნენ ჩვენს დროში. მაგრამ ყველა ჩუმად ვართ, ველოდებით, სხვა რას იტყვის, სხვა რას დაწერს და „დავულაიქებთ“, ეჰ!..
განა, არ იცოდა, სად მიდიოდა? განა, არ შეეძლო, სისუსტე გამოეჩინა და სხვაც ჩაეგდო საფრთხეში, მაგრამ არა _ „მარტო“, ვაჟკაცურად, უშიშრად, როგორც ინგილო ქალს შეეფერება, ისე წავიდა და როგორც ყოველთვის, უმუხთლეს, სამშობლოს უღალატეს ისევ შუბლძარღვგაწყვეტილებმა!
შუბლძარღვგაწყვეტილობო, სიმართლეა მხოლოდ „ხსნა“, სიმართლე და სინანული, ოღონდ ორივე ერთად და იქნებ, მერე მშვიდად დაიძინოთ.
ეს შედარება თამარისთვისაა, თორემ ერეკლე მეფესთან შესადარებელი ვინაა და სადღაა?!.“
თამუნა რომ კარგი სტუდენტი იყო და კარგად სწავლობდა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების (ქართულ-ფრანგული) საბაკალავრო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრი იყო.
ფაქტია, რომ თამუნას შრომა არ ეზარებოდა, ის მუშაობდა არა ერთ, არამედ ორ და, როგორც ჩანს, რამდენიმე სამსახურშიც…
მისი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ შპს „ზეგში“ არ დაუდასტურდა სამსახური. ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია Spry flash -ში 21 თებერვლამდე მუშაობდა.
„ჩვენი კომპანია არის მცირე ციფრული ტექნოლოგიების კომპანია. ჩვენი სპეციალიზაციაა კომპანიებისთვის ვებგვერდების შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფა. ბაჩალიაშვილი იყო ჩვენი ქვეკონტრაქტორი, რომელიც გვეხმარებოდა კომპანიებში სტატისტიკისა და ანალიტიკის მონაცემების დამუშავების პროგრამის შექმნაში.
ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში, სადაც ბაჩალიაშვილი ნახსენებია, როგორც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი, რასაც ჩვენ ვერ დავადასტურებთ.
ის მუშაობდა ჩვენთვის მხოლოდ პროგრამების უმცროს დეველოპერად. ჩვენი თანამშრომლობა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის 21 თებერვლამდე გაგრძელდა.
ჩვენ ეს ქალბატონი პირადად არასდროს გვინახავს და მხოლოდ ციფრულ ფორმატში ვთანამშრომლობდით. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ ბაჩალიაშვილთან კონტაქტი აღარ გვქონია“, – წერია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თამუნას ფეისბუქის გვერდიც გაქრა სივრციდან. თუმცა სივრციდან არ გამქრალა მისი სხვა სოციალური ქსელები. მაგალითად, ინსტაგრამი.
უცნაური ის აღმოჩნდა, რომ ინსტაგრამზე მის გარდაცვალებამდე უფრო მეტი ე. წ. ფოლოვერი ანუ გამომწერი ჰყავდა. ხოლო მისი უცნაური სიკვდილის შემდეგ ადამიანები მის გამოწერასა და მასთან მეგობრობას აუქმებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
ამისი დასტური ის ორი სქრინია, რომელიც ბაჩალიაშვილის დაკრძალვის დღეს და ახლა გვაქვს აღბეჭდილი.
უცნაური მეგობრები აღმოაჩნდნენ მას. ყველა გარბის, ყველა იმალება, ყველას რაღაცის თქმა არ უნდა, ყველა ბნელ ოთახში მიიწევს.
ჩემი წყაროს ინფორმაციით კი:
„პირები, რომლებიც თამუნასთან იყვნენ დაკავშირებულნი პროფესიულად და ჰქონდათ მასთან გადაკვეთა, მათ დაიწყეს ფეისბუქზე თავისი აქტივობების დამალვა, სურათების წაშლა პუბლიკისთვის და სტატუსების გაქრობა. ასევე პერიოდულობით რამდენიმე დღე აუქმებენ ხოლმე ფეისბუქსაც.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ესენი იყვნენ დაახლოებით ისეთივე პროგრამისტები, როგორიც იყო თამუნა. მაგალითად, გიორგი ბ. ან თემურ ჭ.
ზოგადად სამსახურში, სადაც მუშაობდა თამუნა, არ ჰქონდა უფლება სცოდნოდა, ვინ იყო მისი თანამშრომელი სხვა დეველოპერი. თავად პროგრამისტებიც კი ერთმანეთს უმალავენ საკუთარი სამსახურის მისამართს და არ ეუბნებიან დამკვეთს. ეს პრაქტიკა არ ვიცი, არის თუ არა სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ასეა. მიზეზი არ ვიცი.
რაც შეეხება მის მეგობრებს, რომლებიც ვირტუალური სამყაროდან ქრებიან და იმალებიან, დიდი ალბათობით, მათ იციან, რატომ მოკლეს ბაჩალიაშვილი და ესაა მთავარი მიზეზი“.
მაკა მოსიაშვილი