QronikaPlus
ბაჩანა ლობჟანიძე: „დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილზე მნიშვნელოვან ფაქტებს მალავს“

ბაჩანა ლობჟანიძე: „დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილზე მნიშვნელოვან ფაქტებს მალავს“

2020-08-13 08:36:21

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ექსკლუზიურად ჩაწერილმა ინტერვიუმ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარ დეა კაპანაძესთან საქმეში ახალი კითხვები გააჩინა. დეა კაპანაძე ბევრ კითხვაზე არ პასუხობს, თუმცა ის, თამარის ოჯახისგან განსხვავებით, გამოძიებას ენდობა.
მას ასევე კომუნიკაცია ჰქონდა ბაჩანა ლობჟანიძესთან. „ქრონიკა+“-სთან საუბარში ლობჟანიძე სრულიად ახალ ვერსიაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც დეას კავშირი აქვს ბაჩალიაშვილის გაუჩინარებასთან.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს „ქრონიკა+“-მა გასულ კვირას მიაგნო. ბაჩანა ლობჟანიძის გამოჩენამ, რომლის თქმითაც ის და თამარი შეყვარებულები იყვნენ, საქმეში კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა.
ლობჟანიძე მთელი კვირის განმავლობაში ვრცლად საუბრობდა საკუთარ ვერსიებზე, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მას ეჭვის თვალით უყურებდა. მისი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება დაკავშირებული იყო კომპანია ZAG-ის საქმიანობასთან, სადაც ის მუშაობდა. როგორც გაირკვა, კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფას უწევდა პორნოსაიტებს, რასაც კომპანიაშიც ადასტურებენ. ასევე მისი ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ სუიციდია, მაშინ ეს შესაძლოა, BMI-ს (სხეულის წონის ინდექსის ერთ-ერთი კატეგორია, underweiht-ი, რომლის სტანდარტია 18.5, თამარს კი ჰქონდა 14. განმსაზღვრელი ნიშნული სტანდარტულზე ბევრად დაბალი იყო; წონის განმსაღვრელი კატეგორია) უკავშირდებოდეს.

ბაჩანა ლობჟანიძემ „ბაჩალიაშვილის საქმის“ ახალ ვერსიასა და ბევრ გაუხმაურებელ დეტალზე „ქრონიკა+“-თან ისაუბრა:

_ ბაჩანა, როგორც ამბობთ, თამარ ბაჩალიაშვილთან 5-წლიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, შესაბამისად, მის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეთ, როგორ დაახასიათებთ მას?
_ თამარს იმაზე კარგად ვიცნობდი, ვიდრე ის საკუთარ თავს იცნობდა. თუმცა მას ბოლო პერიოდში სულიერი თვალები აღარ ჰქონდა. ვგრძნობდი, რომ ჩემთან ყოფნის დროს, პარალელურად, შორს ფიქრობდა და დამოუკიდებლად რაღაცას გეგმავდა. ზოგადად კი ის შეუვალი და მიზანდასახული იყო. ყველას არ უყადრებდა თავს. მარტივად არ ბრაზდებოდა და ადვილად არ ღიზიანდებოდა. ბოლო პერიოდში ის არ იყო ჩამოყალიბებული, თუ რა პოზიციაზე უნდა ემუშავა კომპიუტერულ მეცნიერებებში.
მისთვის კომპანია ZAG-ში მუშაობა იყო რუტინა, არაპროგრესირებადი, მეტიც: შესაძლოა, ბოლო დროს რეგრესიც კი ყოფილიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ თამარი უკანასკნელ ხანს დეასთან ერთად სამსახურს ეძებდა.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მახსენდება: მას უყვარდა გამონათქვამები. ერთხელ მას ვთხოვე ჩემთვის გადაეღო სურათი ინგლისურენოვანი ტექსტისთვის, მან კი გამომიგზავნა ინგლისურად ფრაზა, რომლის ქართული შესატყვისია: „ყველაზე კარგი, რაც შეუძლია ადამიანმა გააკეთოს, არის ის, რასაც მისგან არ ელიან“. იმ მომენტში ამ ფრაზისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლა საინტერესოდ მიმაჩნია.
_ როგორ აღიქვამთ სიყვარულს, რას მოიცავდა თქვენი ურთიერთობა და რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი თამარის თქვენს ცხოვრებაში არსებობა?
_ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ურთიერთობა და ურთიერთობა არის ერთად ყოფნის ზეიმი. ამის შემდეგ უნდა გავიგოთ, რატომ ვართ ერთად, რა არის მიზანი ერთად ყოფნის და რისთვის არის ზეიმი ეს ერთად ყოფნა. მე და თამარი ერთად იმიტომ ვიყავით, რომ მსგავსი მსგავსს პოულობს. რაც შეეხება ერთად ყოფნას, ჩვენ გვინდოდა მარადიულად ერთად ყოფნა. რაც შეეხება ზეიმს, „სიყვარული არ არის იქ, სადაც ორი ერთმანეთს უყურებს, სიყვარულია იქ, სადაც ორი მესამეს უყურებს“. სამწუხაროდ, თამარს, რაზედაც მე ვსაუბრობ, ამ მიმართულებით ცოდნაში ნაკლებობა ჰქონდა. მე მასში, როგორც მოკვდავში, უკვდავს ვეძებდი. მე არ ვეჭიდებოდი წარმავალს, მაგალითად, ხორციელ კავშირს, მე ვეჭიდებოდი იმას, რაც მუდმივიდა, ე. ი. სულს.
_ როგორ გაიგე და რა მოიმოქმედე მას შემდეგ, რაც თამარის გაუჩინარების ამბავი გაიგე?
_ გაუჩინარებიდან მესამე დღეს, სახლის მიმდებარედ, პარკში, ვიყავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომელს ვწერდი ჩემს საქმეზე, როცა მან საუბრისას მომწერა, თამარი დაკარგულაო. მაშინვე გავიქეცი სახლში. ჩემი ოჯახის წევრებს შესვლისთანავე ვკითხე, _ რა ხდება-მეთქი?! ჩავთვალე, რომ მათ შეიძლებოდა, საინფორმაციოებიდან უკვე რამე სცოდნოდათ.
_ კონკრეტულად გვითხარით, რა გაიფიქრეთ და რა ემოიცა გქონდათ იმ წუთს, როცა ეს წაიკითხეთ?
_ მაშინვე ვიფიქრე, რომ თამარმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა მშობლებისგან თავის არიდების მიზნით. ამის საფუძველს ის მაძლევდა, რომ თამარს ჯანსაღი ურთიერთობა არ ჰქონდა მშობლებთან, არც წარსულში და არც აწმყოში. თამარი ყველაფერს ისე წარმოაჩენდა, თითქოს მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა სინამდვილეში საპირისპირო ხდებოდა. ლისზე ყოფნისას ვკითხე, თუ რით განსხვავდებოდა მისი და მშობლების ურთიერთობა სხვებისგან, რაზედაც მიპასუხა, _ არაფრითო. მაშინ, თუ არაფრით, რატომ არ გაქვს ჯანსაღი ურთიერთობა-მეთქი? და მან ბავშვობიდან გაიხსენა ეპიზოდი, როცა მამა ჯარისკაცის ფორმის კარაქიან პურებს უკეთებდა. ეს ცოტა მეუცნაურა.
_ როგორც ამბობთ, თამარი 2015 წლიდან თქვენი შეყვარებული იყო. საკმარისი დრო გქონდათ ერთმანეთის გასაცნობად? დაბადების დღეზე მშობლების თემა რატომ გახდა აქტუალური?
_ მე მუდმივად მაინტერესებდა თამარის მშობლებთან ურთიერთობის საკითხი, რადგან ვხვდებოდი, რომ ის რაღაცას მალავდა. შესაბამისად, თითქმის ყოველ შეხვედრაზე ამ თემას განვიხილავდით. გამონაკლისი არც დაბადების დღე ყოფილა, მით უმეტეს, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ ამ დღეს.
_ ვისი ინიციატივით აღნიშნეთ დაბადების დღე?
_ სანამ ამაზე გიპასუხებთ, მინდა, ერთი ფაქტი გავიხსენო: 4 ივნისს თამარმა მისთვის უჩვეულო სურათი (ინსტაგრამის სთორზე) დადო. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სახით ჩაცმული მანამდე არც ერთ ფოტოში არ ყოფილა. ამ ფოტოდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ თამარი უკვე არსებითს აღარ ეძებდა, ანუ იმას, რაც მის შიგნითაა, სულიერ სამყაროს და გარეთ ამ ფორმით დაიწყო ამის ძებნა. ცხადია, ვერ იპოვი იქ, სადაც არ არის. ეს მისი მხრიდან ფუჭ ქმედებად ჩავთვალე. ამ ქმედებით დადასტურდა, რომ მისთვის სულიერი ნაწილი უკანა პლანზე გადავიდა. მე ამ ფოტოს გამოვეხმაურე და მივწერე, _ რატომ დრტვინავ? რაზედაც თამარმა გაკვირვების სმაილები მომწერა. შემდეგაც მივწერე, რომ მასთან საუბარი მინდოდა, უნდა გამერკვია, რატომ ატვირთა ასეთი ფოტო? მეორე და მესამე დღესაც მივწერე ამ თემაზე, თუმცა მას საპასუხოდ არ მოუწერია, რის შემდეგაც მე თამარი „ფეისბუკზე“ დავბლოკე, რადგან ჩავთვალე, რომ ამ სიტუაციაში საჭირო იყო, გარკვეული დროის განმავლობაში, დისტანციის დაჭერა, რაც გამოიწვევდა ჩვენს კვლავ დაახლოებას. თამარმა დაბლოკვიდან რამდენიმე დღეში ინსტაგრამზე მომწერა: „აქ ხარ? შენ რა ბუტია ყოფილხარ, როგორ აღვნიშნოთ დაბადების დღე?“ აქედან გამომდინარე, თამარის ინიციატივა იყო, თავად მომწერა, რომ დაბადების დღე აღგვენიშნა. დაბადების დღემდე 2 თვე ნანახი არ მყავდა. ამას იმით ვხსნი, რომ მე მისგან არ მჭირდებოდა ხორციელი კავშირი, მე შეიძლებოდა თამარი გარკვეული პერიოდი არ მენახა, თუმცა ჩვენ მესენჯერში ვსაუბრობდით, ამ ფორმატით კონტაქტი გვქონდა, ეს ჩვენთვის სრულიად მისაღები იყო.
_ ვიდეო, რომელიც თამარის დაბადების დღეზეა გადაღებული, საზოგადოებამ დადგმულადაც კი აღიქვა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თამარი მორცხვად იქცევა, რატომ?
_ ადამიანის დასამარებისთვის არსებობს ორი ხერხი: დუმილი და გამომჟღავნება. იმ დღეს სწორედ გამომჟღავნება მოხდა. სწორედ ამით აიხსნება თამარის განწყობა ვიდეოში.
_ რას ნიშნავს გამოამჟღავნეთ?
_ გამომჟღავნება ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თამარმა მისი ცუდი მხარე გამოავლინა. უბრალოდ, იმ დღეს ჩემთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არ აკეთებდა იმას, რაც მას ნამდვილად სურდა. ჩვენ ამის შესახებ ღიად ვისაუბრეთ. ვიდეოში თამარს ფანჯრის რაფასთან ახლოს ჰქონდა მხარი, რაზედაც ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო. ამის შემდეგ მან ხელით მოსინჯა რაფის წვერი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თამარს აქცენტი ჰქონდა სხეულებრივ აღქმაზე და არა _ გონებრივზე. მას შემდეგ, რაც თამარმა თქვა, რომ ბასრი არ იყო ფანჯრის რაფა, მე ვუთხრარი, _ ხომ ხედავ, გიფრთხილდებიან-მეთქი. ამ ფრაზამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია, თითქოს მე სპეციალურად ვუთხარი, სინამდვილეში, სანამ კაფეში დავსხდებოდით, იმაზე ვისაუბრეთ, რომ მისმა ძმამ მანქანის ბორბლები შეუმოწმა. მაშინაც ვუთხარი, რომ ზრუნავენ შენზე. შენ ვისზე ზრუნავ-მეთქი? და არავისზეო. თუ ადამიანი საკუთარ თავზე არ ზრუნავს, მას არც სხვაზე ზრუნვის სურვილი უჩნდება. თამარის ეს პასუხი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. უბრალოდ, იმ მომენტში მისი ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამავე ვიდეოსთან დაკავშირებით არის კითხვები, _ რატომ ვთხოვ თამარს ვიდეოს ჩემკენ მობრუნებას? მიზანიმართული ხომ არ ვარ? პასუხი მარტივია, მე მას რეჩიტატივს (რამდენიმე ლექსის კომბინაცია) ვუდგამ. მინდა, ამ მომენტში კადრში ვჩანდე. ამ ვიდეოს გარდა სხვა ვიდეოც გვაქვს მანქანაში გადაღებული, გადაადგილების პროცესში.
_ რატომ დაუკავშირდით დეა კაპანაძეს? როგორც ის ამბობს, მას თამარის შესახებ რაღაცებს ეკითხებოდით. რაში გჭირდებოდათ მისგან თამარის შესახებ ინფორმაცია გაგეგოთ მაშინ, როცა აღნიშნეთ, რომ თამარს იმაზე უკეთ იცნობდით, ვიდრე ის საკუთარ თავს იცნობდა?
_ დეას არსებობის შესახებ მედიიდან გავიგე. გადავწყვიტე, შევხმიანებოდი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მე და დეას თამარი ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს გვეუბნებოდა. მე დეასთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ის დეასთან სულ სხვა თამარი იყო, ჩემთან კი _ რადიკალურად განსხვავებული. მე მინდა გავიგო, რაში შევცდით ამ საქმესთან დაკავშირებით და რა კუთხით დაგვიბინდა თვალები თამარმა. ბევრი რამეა, რაც კვალს ურევს. გოლთეთში წასვლა, სადაც 2 ჩიხია და იქ გაუჩინარება ყველაზე მზაკვრული გეგმაა.
_ თუ თამარის თვითმკვლელობა ინსცენირებულია, ეჭვობთ თუ არა, რომ ამაში მას დეა ეხმარებოდა?
_ ამ შემთხვევაში საგულისხმოა ის, რომ დეა კაპანაძეს, ოჯახისგან განსხვავებით, თვითმკვლელობის ვერსიის სჯერა. ჩემთან საუბრისას ის მეუბნება, რომ თამარს ნიკა გეჯაძე მოსწონდა, რომ თამარს 3-ჯერ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. რატომ აკეთებს ამ თემებზე აქცენტს? მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ის ამ გზით ჩემი ყურადღების გადატანას სულ სხვა მიმართულებით ცდილობს. ვფიქრობ, ამით დეას საკუთარი თავის დაფარვა სურს. დეას საუბრიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მისი მცდელობა მიმართულია იმისკენ, მაფიქრებინოს, რომ თამარმა შესაძლოა, ნიკა გეჯაძის მიმართ განცდილი უპასუხო სიყვარულის გამო მოიკლა თავი, რაც წარმოუდგენელია თამარისგან. დამერწემუნეთ, მე მას კარგად ვიცნობდი და თამარისნაირი ადამიანები ამ მიზეზით თავს არ იკლავენ. დეა კაპანაძესთან დაკავშირებით ასევე ერთი ფაქტი ბადებს ეჭვს, _ დეამ მიმოწერის დროს მითხრა: „თამარი მარტო ჩემი სიცოცხლეაო“. ამ შეტყობინებიდან ძალიან მალე თამარის ინსტაგრამიდან ვიდეო, სადაც მე და თამარი ვიყავით თეგიდან MY LOVE, ქრება, ასევე თამარის გვერდიდან ჩემს გვერდზე კეთდება unfollow -ი, აქედან გამომდინარე, ეს ნიშნავს იმას, რომ თამარის გვერდზე ვიღაცას აქვს წვდომა, ვინც ეს წაშალა. ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ხდება მას შემდეგ, რაც დეა თამარზე მეუბნება, რომ ის მხოლოდ მისი სიცოცხლეა. მე კონკრეტული კითხვები მაქვს დეასთან: სად იმყოფებოდა ის თამარის გაუჩინარების დღეს? ასევე თუ ის საუკეთესო მეგობარია და თამართან ერთად ყოველთვის იმ კაფეში დადიოდა, სადაც თამარმა მიმიყვანა, რატომ არ იმყოფებოდა დეა საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე? დეას „ფეისბუქიდან“ დედამისმა მომწერა, ვინ ხარ და რა გინდაო? ვუთხარი, რომ დეასთან საუბარი მინდოდა, რის შემდეგაც დამბლოკა. დეას შესახებ არაფერი ვიცოდი. როგორც ახლა ირკვევა, ის სოციალურ ქსელში აქტიურად დებდა თამართან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა თამარს მასთან ერთად გადაღებული მხოლოდ რამდენიმე ფოტო ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ, დიდი ალბათობით, დეა კაპანაძე თამართან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფაქტებს მალავს.
_ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს იგრძნობთ, რას მოიმოქმედებთ?
_ თუ ჩემზე ზეწოლა და თითის გაშვერა გაგრძელდა, ერთი ამ გარემოების ამხსნელი ვრცელი პოსტი ტვიტერზე ან ლინკდინზე ჩემი მხრიდან საკმარისი იქნება ჩემი მეგობარი კოლეგებისთვის და როგორც ჯორჯ ფლოიდზე მოხდა სოლიდარობა, ამგვარი ფორმის მხარდაჭერას განახორციელებენ ჩემ მიმართაც Deep Learning / Machine Learning _ ამ თემებზე კალიფორნიაში მომუშავე ჩემი მეგობარი ინჟინრები.
ასევე computerphile/numberphile (ითუბ არხები), რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩემი თხოვნით ჩაწერენ მხარდასაჭერ ვიდეოს
და გამოაქვეყნებენ თავიანთ არხებზე, ტვიტერსა და ლინკდინზე.

ნენე ინჯგია

გაზიარება