- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-09-18 06:12:27
12 სექტემბერს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უფლებადამცველ ეკა ქობესაშვილთან, ჩვენი გამოცემის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძესა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისგან გარკვეული მინიშნებები მიიღო.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ელისო კილაძემ მოგვაწოდა, თეთრი წყაროს სოფელ საღრაშენში ვიყავით. დავათვალიერეთ გარკვეული ადგილები, მანამდე გვქონდა დათვალიერებული დრონის მიერ გადაღებული საკალმახეები… პირველ რიგში, მოვითხოვთ, რომ გამოძიებამ პირადად დაკითხოს ელისო კილაძე და გამოართვას მას, რა ინფორმაციაც მიიღო ტელეფონით, რა გვარებიც იყო მითითებული, ის ადამიანები დაიკითხონ.
ამავდროულად, როდესაც ვიმყოფებოდით იმ ადგილმდებარეობაზე, რომელიც დავათვალიერეთ, შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, გარკვეულ პირებს, როდესაც ვეკითხებოდით, იყო თუ არა საშუალება, რომ შემთხვევის ადგილას მივსულიყავით ისეთი გზებით, სადაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო კამერა, ყველა გვეუბნებოდა, რომ შესაძლებელია და რაღაც მინიშნებებიც კი მივიღე რამდენიმე ზრდასრული პიროვნებისგან, _ თქვენ დგახართ სწორ გზაზეო. ისინი პირდაპირ მიგვითითებდნენ, სად რა გზა მიდიოდა და გვირჩიეს: სწორ გზაზე დგახართ, იარეთ ამ გზით, სწორ გზაზე მოხვედითო“, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა 13 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და დასძინა, რომ სიცრუე უნდა დასრულდეს.
„გამოძიება ძალიან უნიჭოდ არის მომზადებული ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის საკითხში და ამას მოსახლეობას აუცილებლად დავანახებთ. ქვეყანაში არასდროს არაფერი იმალება, ადგილობრივი მოსახლეობა სწორ გზას მიგვითითებს.
ასევე ჩვენებებთან დაკავშირებით მჭირდება სივრცე, რომ მოსახლეობას ზუსტად დავანახო, როგორ უნიჭოდ არის გამოძიება მომზადებული, რაც უკავშირდება ე. წ. მწყემსების მიერ 5 დღის განმავლობაში საძოვარზე გაჩერებული მანქანის პოვნას, რომელიც წარმოუდგენელია, იქ მდგარიყო“, _ აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ აღარ აპირებს კაბინეტებში, პროკურორებთან ან გამომძიებლებთან ერთად ჯდომას და ვიღაც-ვიღაცების დაკითხვის ოქმების გაცნობას.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლოკაცია შევცვალოთ და გადავიდეთ იმ ადგილმდებარეობაზე, სადაც მიგვითითა ადგილობრივმა მოსახლეობამ“, _ ამბობს მიხეილ რამიშვილი, რომელიც „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე აკეთებს აქცენტს.
მოკლედ, როგორ და როდის დაიწყო 23 წლის თმარ ბაჩალიაშვილმა ძალოვან უწყებასთან თანამშრომლობა? რა ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში მას? ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც მეორე მხარე, ანუ სავარაუდო მკვლელები იმ ინფორმაციას უმალავდნენ, რომელზე წვდომაც ბაჩალიაშვილმა მოიპოვა? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან:
_ ბატონო მიხეილ, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ: დღეს ამ იდუმალ მკვლელობაზე რა ვიცით, უფრო სწორად, მთელი სახელმწიფო მანქანა რატომ ცდილობს, რომ ეს საქმე არ გაიხსნას და სიმართლე არ დადგინდეს?
_ გარკვეული ჯგუფებისა და პირების ეს მცდელობა იმაზე მიუთითებს, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულსა და გარკვეული პირების ინტერესების არგამოჩენასთან გვაქვს. შეიძლება, პირდაპირ ისიც ვთქვათ, რომ თამარს გარკვეული შეხება ჰქონდა ძალიან სერიოზულ დანაშაულებრივ ჯგუფთან.
_ 23 წლის გოგოს, როგორც თქვენ ამბობთ, ძალიან სერიოზულ დანაშაულებრივ ჯგუფთან შეხება რატომ ან საიდან უნდა ჰქონოდა?
_ თავისი პროფესიიდან გამომდინარე.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ არსებობს ასეთი პიროვნება _ თეიმურაზ ზარქუა, რომელიც მათემატიკოსია. მასზე სატელევიზიო სიუჟეტიც გაკეთდა და როცა ჰკითხეს, შსს-სთან ვინმესთვის რეკომენდაცია გაუწევია თუ არა, განაცხადა, რეკომენდაცია ბევრი სტუდენტისთვის გამიწევიაო. ამასთან, თამუნა ისე შეაფასა, როგორც საუკეთესო პროგრამისტი, თუმცა როცა ჟურნალისტი დაინტერესდა, შსს-სთან რეკომენდაცია ბაჩალიაშვილსაც გაუწია თუ არა, ზარქუამ ძალიან უცნაური პასუხი გასცა, ანუ თქვა, არ მახსოვსო.
_ ეს პასუხი უცნაური რატომაა? ადამიანს ხომ შეიძლება, მართლაც არ ახსოვდეს, ბაჩალიაშვილს შსს-სთან რეკომენდაცია გაუწია თუ არა?
_ მესმის, მაგრამ მშობლები ამბობენ, როცა ეკითხებოდნენ, სად მიდიხარო, თამუნა პასუხობდა, ორთაჭალაშიო. ბევრი ვეძიეთ, თუ ვისთან შეიძლებოდა ორთაჭალაში წასულიყო, მაგრამ იქ არც ამხანაგი ჰყავს და არც საქმე ჰქონდა. ერთადერთი, ყველამ ვიცით, რომ ორთაჭალაში შსს და სხვა ძალოვანი სტრუქტურებია.
თამუნა პროგრამისტი იყო და კომპიუტერთან ჰქონდა შეხება, რითიც 21-ე საუკუნეში ძალიან ბევრი რამის მოპოვება შეიძლება. ამ დროს კი თეიმურაზ ზარქუა ამბობს, არ მახსოვს, შსს-სთან რეკომენდაცია გავუწიე თუ არაო, ანუ „კის“ ან „არას “ კი არ ამბობს, აცხადებს, არ მახსოვსო და სწორედ ეს „არმახსოვსაა“ ძალიან საეჭვო. ნიშანდობლივია, რომ ამ თემაზე გამოძიებაც დუმს. რას ჰქვია, არ ახსოვს? იქნებ, ამ ადამიანს გავახსენოთ…
_ 23 წლის თამარი, თქვენი აზრით, იმ დონის პროგრამისტი იყო, რომ ძალოვანი უწყებისთვის მასთან თანამშრომლობა ხელსაყრელი იქნებოდა?
_ თამუნამ საფრანგეთის შესაბამის უმაღლესში ექვსთვიანი სწავლების კურსი გაიარა. ეს ხელწამოსაკრავი უმაღლესი სასწავლებელი არაა. ამასთან, შემთხვევითობა არც ისაა, როცა საფრანგეთიდან გიწვევენ, ყველანაირად უზრუნველყოფილი ხარ _ სწავლის საფაუსრით, საცხოვრებელი პირობებით და ამ დროს, გაურკვეველი მიზეზის გამო, იქ დარჩენაზე უარს ამბობ, თან პარალელურად, ძალიან ნერვიულობ, შფოთავ და თითქოს ოჯახის წევრების დამცველის როლში ხარ.
შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, რომ საფრანგეთში დარჩენაზე უარი სიყვარულის გამო თქვა, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლითაც იქმნება ფონი, რომ საფრანგეთში დარჩენაზე უარი ვიღაცამ ათქმევინა.
_ ანუ იმას ამბობთ, რომ თამარს შსს-სთან თანამშრომლობა საკუთარი სურვილით არ დაუწყია და აიძულეს?
_ არა, პირიქით.
_ რა პირიქით?
_ პირიქით ის, რომ აიძულეს, საფრანგეთში დარჩენაზე უარი ეთქვა.
ჩვენი ინფორმაციით, როცა შსს-სთან რეკომენდაცია გაეწია, მან თანამშრომლობა დაიწყო, უფრო სწორად, არ გამოვრიცხავ, რომ დაეწყო, მაგრამ მაქსიმალურად გამოიყენეს, ამ კლანჭებს ვეღარ გაექცა და საფრანგეთში დარჩენაზე უარის თქმაც ამიტომ მოუწია.
_ ბატონო მიხეილ, თამარს სიცოცხლეში არ იცნობდით და შესაძლოა, ამ კითხვაზე ვერ მიპასუხოთ, მაგრამ 23 წელი ისეთი ასაკი არაა, მით უმეტეს, ასეთი განათლებული ადამიანისთვის, რომ ვერ მიმხვდარიყო, შსს-სთან თანამშრომლობით რაზე მიდიოდა. ანუ, როგორ ფიქრობთ, ბაჩალიაშვილმა ძალოვან უწყებასთან კონტაქტი რატომ დაიწყო _ აიძულეს თუ დააშანტაჟეს?
_ საერთოდ, ადამიანების მრავალფეროვანი კატეგორია არსებობს, ანუ ზოგიერთის გადაბირება ძალიან მარტივად შეიძლება, ზოგიერთი კი უმართავია და ის შეიძლება, ისე გამოიყენო, რომ თვითონაც ვერ ხვდებოდეს, ვისზე მუშაობს, ანუ ფიქრობდეს, რომ დამოუკიდებელია და იმას აკეთებს, რაც უნდა და სწორედ ამ დროს გამოიყენონ.
ერთი სიტყვით, ეს ერთგვარი აკადემიური სკოლაა, თუმცა ის, თუ ადამიანს რამდენად აკადემიურად მართავენ, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, მათ საცეცები ყველგან და ყველანაირად მიუწვდებათ.
ამასთან, თამუნა ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო და ხომ იცით, დიდებისა და წარმატებისკენ სწრაფვა ყველას აქვს.
_ ე. ი., თამარ ბაჩალიაშვილი შსს-სთან თანამშრომლობას შესაძლოა, იმ საბაბით დასთანხმდა, რომ გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია?
_ დიახ, შეიძლება, ეს შსს-სთან თანამშრომლობა დროებითი ეგონა ან იფიქრა, რომ ყველაფერ ამას რამეში _ საკუთარი მომავლისთვის _ გამოიყენებდა, მაგრამ ისინი, ხომ იცით, მტაცებელი ცხოველებივით არიან, ადამიანებს რობოტებივით მართავენ და იმას აკეთებინებენ, რა და როგორც უნდათ.
_ კარგი, გავყვეთ ვერსიას, რომ თამარს რაღაც ისეთი გააკეთებინეს, რაც უნდოდათ, ვთქვათ, ფული გაათეთრებინეს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, არ მგონია, ამის გამო ვინმეს კლავდნენ…
_ ადამიანებს ყველაფრისთვის, უფრო სწორად, არაფრისთვისაც კლავენ!
_ კი ბატონო, მაგრამ მოკვლა რა საჭირო იყო? რა, 23 წლის გოგოს სხვა მეთოდით, ვთქვათ, ოჯახზე მუქარით ვერ გააჩუმებდნენ?
_ არსებობს რაღაც ისეთი ბარიერი, რომლის გადასვლის მერეც სიცოცხლე საჭირო აღარაა!
_ ანუ?
_ ყველა საფეხურს, რომელზედაც ადიხარ, თავისი დანიშნულება აქვს: ზოგს „სიცოცხლის საფეხური“ ჰქვია, ზოგსაც _ „სიკვდილის“.
_ მაშასადამე, თამარ ბაჩალიაშვილი „სიკვდილის საფეხურზე“ ავიდა, თუმცა მახსოვს, თავიდან მამამ თქვა, ეს ჩემი შვილის ცხედარი არააო. პირდაპირ გკითხავთ: რით დასტურდება, რომ მანქანაში ნამდვილად თამარის ცხედარი იყო?
_ დნმ გაკეთდა…
შეიძლება, ბევრი რამ სათუო იყოს, იქნებ, ცხედარი შეიცვალაო… საერთოდ, ადამიანის ფანტაზია უსაზღვრო, უზომოა და ყველამ შეიძლება, რამე იფიქროს, მაგრამ ამაზე საუბარი ცოტა შორს წაგვიყვანს.
_ რატომ?
_ მესმის, თქვენი კითხვა რასაც გულისხმობს, ადამიანი შეიძლება, ცოცხალია და მანქანაში სხვისი გვამი იყო, მაგრამ ასე რომ იყოს, მაშინ თამუნას ასაკის გოგოს უნდა ეძებდნენ, რომელიც სწორედ იმ პერიოდში დაიკარგა. გასაგებია, რომ ძალოვნებისთვის საზღვრები ღიაა, მაგრამ ასეთ ფანტაზიაში ნუ გადავალთ.
_ ჩემი კითხვა, შესაძლოა, არარეალურია, მაგრამ ყოფილ სპეცსამსახურელებს ვესაუბრე და მათგან ვიცი, რომ სპეცსამსახური პიროვნებას, რომელიც მასთან კავშირზეა, მკვლელობით თითქმის არასოდეს იშორებს, ანუ შეიძლება, თამაშიდან გაიყვანოს და დროებით „დააკონსერვოს“, მაგრამ არ მოკლას…
ისე, ბაჩალიაშვილის საქმეში უცხოური სპეცსამსახურების კვალი გამორიცხულია, ბატონო მიხეილ?
_ ყველაფერი შესაძლებელია. გააჩნია, სპეცსამსახურის სპეციფიკა, ინტელექტი და პროფესიონალიზმი როგორია.
მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების კი არა, უშიშროების სამსახურის დონე ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს!
_ ამას რატომ ამბობთ?
_ სხვანაირად რომ იყოს, მაშინ საქმეს უფრო პროფესიონალურად გააკეთებდნენ და ამ ამბავს ამხელა რეზონანსიც არ მოჰყვებოდა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უდავო ფაქტია, რომ ამ გოგოს თავი არ მოუკლავს! ის მოკლეს და მორჩა, დასრულდა! ვინ, როგორ და რანაირად მოკლა, აი, ყველაფრის თავი და თავი ახლა ამის გაგებაა.
ადამიანი საკალმახეზე მიდის და ვიღაცას ეძებს. რისთვის და რატომ? _ აი, ამის ძიებაში ვართ.
_ ბატონო მიხეილ, თქვენი შინაგანი რწმენა რას გეუბნებათ _ თამარის მოკვლა წინასწარ ჰქონდათ განზრახული თუ, უბრალოდ, რამეზე არ დასთანხმდა, წინააღმდეგობა გაუწია და შემოაკვდათ?
_ ვერ შემოაკვდებოდათ!
_ რატომ?
_ ისეთი ჯანიანი გოგო არ იყო, რომ მასთან კამათი მოსვლოდათ. მან რაღაც ისეთი იცოდა და ეს რაღაც იმდენად დიდი იყო, რომ მეორე მხარე შეშინდა…
_ მეორე მხარეს რისი ეშინოდა?
_ ეს ინფორმაცია ვიღაცასთან არ უნდა მისულიყო…
_ მეორე მხარეს არ უნდოდა, რომ ეს რაღაც ინფორმაცია საზოგადოებას არ გაეგო თუ მმართველი წრეების გარკვეულ ეშელონამდე არ მისულიყო?
_ მმართველი წრე არა.
_ აბა?
_ შეიძლება, ერთი ადამიანია, ვისთანაც ყველაფერი ის, რაც თამარმა იცოდა, არ უნდა მისულიყო!
_ ბატონო მიხეილ, გაქვთ ეჭვი, ეს ერთი ადამიანი ვინ შეიძლება იყოს?
_ ჩვენ ჯერ არ ვიცით, მეორე მხარეს ვინ არიან. დაახლოებით რომ მეცოდინება, ამის მერე შეიძლება, იმასაც მივხვდე, ის, ვისაც ეს ინფორმაცია არ უნდა სცოდნოდა, ვინ არის!
_ ისე, ბატონო მიხეილ თქვენზე თავდასხმა და დისკრედიტაცია რას ემსახურება? ვთქვათ, თქვენ ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებების დაცვაზე უარი თქვით, მაგრამ მათი ინტერესებისთვის სხვა ადვოკატი მაინც ხომ იბრძოლებს?
_ იცით, როგორი მომენტია?
_ როგორი?
_ ყველა თავისებურად უყურებს. ზოგი მაინც ფრთხილია, ზოგი წყნარია… ზოგს მშვიდი და კარგი ცხოვრება უყვარს.
_ მშვიდი ცხოვრება, ალბათ, თქვენც გიყვართ. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, არ გსიამოვნებთ, რომ თქვენს შვილს უთვალთვალებენ. რატომ რისკავთ?
_ მე ჩხუბიც მიყვარს!
_ თუ სახელმწიფო მანქანას უპირისპირდებით, ჩხუბით რას გახდებით?
_ რაღაცას მაინც გავხდები!.. მე სიმართლე მიყვარს!
_ სხვათა შორის, „ფორმულას“ ინფორმაციით, არსებობს ქალი, რომლის ფოტორობოტიც გამოძიებას აქვს და რომელიც თამარის სასახლესთან ბოდიშს იხდიდა, რომ ვერ დაიცვა… თქვენი ვერსიით, ეს უცნობი ქალბატონი ვინ შეიძლება იყოს?
_ ადამიანი, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.
სხვათა შორის, ამ ადამიანზე ინფორმაციას გამოძიების მხრიდან დიდი ხანია, ვითხოვთ, მაგრამ სწორედ აქედან ჩანს, რომ სახელმწიფო გამოძიებას თავს არიდებს. სახელმწიფოს რომ უნდოდეს, ამ ქალბატონს აქამდე იპოვიდა!
_ თუ გამოძიებას ბაჩალიაშვილის საქმის ამ იდუმალი ფიგურანტი ქალის პოვნა არ უნდა, მაშინ არც ფოტორობოტს შეადგენდა…
_ ფოტორობოტის შედგენას, ჩვენებების შეცვლას, სიცრუესა და თვალებში ნაცრის შეყრას ან სატელიტის სურათის ყალბად გამოცხადებას რა უნდა? _ არაფერი!
_ სიტყვამ მოიტანა და კომპანიამ, რომლის მიერაც სატელიტის ეს ფოტოა გადაღებული, განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აღნიშნული ფოტო ძველია…
_ ტყუილია!
_ ეს განცხადება ჩემი თვალით წავიკითხე და ტყუილი რატომაა?
_ ეს განცხადება ამ კომპანიამ რის საფუძველზე გაავრცელა?
_ თქვენი აზრით, რის საფუძველზე გაავრცელა?
_ ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს.
_ ანუ?
_ გამოძიებას ამ კომპანიისთვის ოფიციალური წერილი არ გაუგზავნია და არ უკითხავს, ჩემ მიერ წარმოდგენილი სურათი ორიგინალია თუ არა. როგორ ფიქრობთ, ეს კომპანია ისეთი „ტუპოია“, რომ ვიღაცა ბჟუტურობს, ფოტო ყალბიაო, გამოვიდეს და თქვას, ყალბია, აბა, რა არისო?
მოკლედ, გამოძიებას ოფიციალური წერილი უნდა გაეგზავნა, ამ და ამ ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურა ვარო და ამის მერე ეკითხა, ეს ფოტოები ორიგინალია თუ არა, მაგრამ ასეთი წერილი არავის არსად გაუგზავნია და უცებ, ეს კომპანია გამოხტა და ამბობს, ფოტოები ყალბიაო.
ეს ფოტოები გამოძიებას რომ გამოექვეყნებინა და ეთქვა, ეს ჩემ მიერაა მოპოვებულიო, ის კომპანია მაშინაც გამოვიდოდა და იტყოდა, ყალბიაო? ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ისე უნდა ხდებოდეს, როგორც პროტოკოლითაა გათვალისწინებული და ახლა ამ განცხადებას როგორ უნდა ვენდო?
ისიც საკითხავია, ეს განცხადება კომპანიამ გაავრცელა თუ არა?! რაღაც გვერდს სციალურ ქსელში მეც შევქმნი და ვიტყვი, ამ და ამ კომპანიის გვერდია-მეთქი.
_ თქვენს მსჯელობაში ლოგიკა, რა თქმა უნდა, არის… ისე, ბატონო მიხეილ, თუ დაადგინეთ, თამარ ბაჩალიაშვილმა დეა კაპანაძე სად და როდის გაიცნო? ისიც პროგრამისტია?
_ ერთად სწავლობდნენ და 2015 წლიდან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ.
_ გამორიცხავთ, რომ დეა კაპანაძე თამარს, ჯერ კიდევ, 2015 წელს მიუგზვანეს?
_ მე ასეთი პრინციპი მაქვს: არასდროს თქვა არასდროს!
_ ეს რა შუაშია?
_ ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია.
_ ბოლოს, ბატონო მიხეილ, ოდესმე ამ საქმეს ნათელი მოეფინება და გავიგებთ, 23 წლის პროგრამისტი ვის და რას შეეწირა?
_ ამ შემთხვევაშიც ასე გიპასუხებთ: არასდროს თქვა არასდროს… ყველაფერი შესაძლებელია.
_ ე. ი., ისიც შესაძლებელია, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას არასოდეს აეხადოს ფარდა, არა?
_ ასე რატომ ფიქრობთ? გვეუბნებიან, რომ სწორ გზაზე ვდგავართ… ორი თვეა, დავდივართ და უცებ იმ გზაზე აღმოვჩნდით, რომელიც არ ვიცოდით, ტაძრამდე მიგვიყვანდა თუ არა!
_ ისღა დამრჩენია, წარმატება და სიმართლის დადგენა გისურვოთ!
_ დიდი მადლობა.
გიორგი აბაშიძე