QronikaPlus
მარიამ ჯიშკარიანი: „ჩვენ მიმართ КГБ-ს მეთოდი გამოიყენეს“

მარიამ ჯიშკარიანი: „ჩვენ მიმართ КГБ-ს მეთოდი გამოიყენეს“

2020-08-06 10:17:44

ბოლო დროის ორი ყველაზე გახმაურებული, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო მკვლელობის საქმე, ჯერ კიდევ, ბურუსითაა მოცული. უამრავი კითხვა ისმის ორივე საქმესთან დაკავშირებით, თუმცა პასუხები გამოძიებას ისევ არ აქვს.
გასულ კვირას ამ საქმეში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიის“ იურისტმა, გიორგი ლემონჯავამ, განაცხადა, რომ ცენტრის ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის, ცენტრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ, ბოლო დღეების განმავლობაში, მუქარისა და ზეწოლის ფაქტები გახშირდა.

რა ტიპის ზეწოლა იყო? რამ გამოიწვია მსგავსი ფაქტების გახშირება? რა მოცემულობაა დღეის მდგომარეობით ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებზე? რა განაპირობებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს ესაუბრა:

_ ქალბატონო თამარ, გასულ კვირას „ემპათიის“ იურისტმა განაცხადა, რომ თქვენი, ექსპერტ გალინა კარმუშინასა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მისამართით მუქარები და ზეწოლები გახშირდა. რა ფორმით გამოიხატება თქვენ მიმართ ეს ფაქტები და რას უკავშირებთ მას?
_ „ემპათიაზე“ ზეწოლა დიდი ხანია, დაიწყო. ეს უკავშირდებოდა 20 ივნისის საქმეებში ჩვენს ჩართულობასა და ექსპერტიზებს. შემდგომში რეგულირების სააგენტომ, პრაქტიკულად, გვიჩივლა და ჩვენი დაჯარიმების მცდელობა ჰქონდა. ალბათ, მომდევნო მცდელობა ლიცენზიის შეჩერება იქნებოდა. ჩვენ სასამართლო მოვიგეთ და ეს პროცესი იმდაგვარად ვერ განვითარდა, როგორც მათ წარმოედგინათ. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინიტრო პარლამენტში ითხოვდნენ ჯანდაცვის კანონსა და სხვა კანონებში ცვლილებებს, მოქმედი კანონიდან სასამართლო პროცედურის ამოღებას, რაც, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ნიშნავს. ისედაც ბევრი რეგულაცია აქვთ სრულიად ჩუმად და სამედიცინო საზოგადოებასთან შეუთანხმებლად შეცვლილი, ახლა ესეც მოინდომეს. რაც შეეხება შაქარაშვილის თემას, როდესაც უკრაინელი ექსპერტი მოვიწვიეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ, შტურმი დაიწყო „ემპათიაზე“, პირადად ჩემსა და ჩვენს უკრაინელ ექსპერტზე. მათ შორის, ტროლებისა და ბოტების მონაწილეობით სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერებოდა ჩვენი მისამართით. სახელმწიფოსთან აფილირებული და იგორ გიორგაძის ექსპერტი გვდევნიდა ყველგან და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ მე დავდივარ და ვამბობ, რომ ვარ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომ თითქოს ხალხი შეცდომაში შემყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, აზრის გამოხატვას არავის ვუშლით, ყველას აქვს უფლება, ჩვენს ნათქვამზეც გამოხატოს აზრი, მაგრამ აზრის გამოხატვასა და ლანძღვა-გინებას, ცრუ ბრალდებებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ქალბატონ გალინას მისამართით გაურკვეველი ზარები იყო. იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ მობილურს საერთოდ აღარ პასუხობდა. ასევე იყო თვალთვალი ჩვენი მისამართით, ჩვენი თანამშრომელი და ქალბატონი გალინა ჯანდაცვის სამინისტროში წავიდნენ, შენობიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც კი ერთმანეთს დაშორდნენ, მათ ორი ადამიანი დაადგა, რომლებმაც უთხრეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ და აინტერესებდათ, გიდი იყო თუ ექსპერტი? ჩემ მიმართაც იყო თავხედური თვალთვალის ელემენტები. მაგალითად, ინტერვიუს მიცემის პროცესში ადამიანი ჩემ გვერდით დადგა და რომ ვკითხეთ, რატომ იდგა, გვიპასუხა: მე მინდა აქ დგომა და იმის მოსმენა, თუ რას საუბრობთო. ჟურნალისტმა უთხრა, რომ ტელევიზით შეეძლო მოსმენა, რაზედაც უპასუხა, _ მე აქ დგომა მინდა და მიშლითო. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ასეთი მოვლენები მანამდე ჩემს თავს არ ხდებოდა, მრავალი წლის განმავლობაში ტელევიზიებითაც ვიძლეოდი ინტერვიუს, თუმცა მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა. ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა, მივმართეთ სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს. ფაქტია, რომ ეს იყო სახელმწიფოსგან ინსპირირებული და დაგეგმილი ქმედებები რუსული სტილით. მაგალითად, ახლა პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარი კი არ იბრძვის, არამედ თავისით წასული რუსები არიან იქ და ხომ ვერ აუკრძალავს? ზუსტად ასეთი სტილით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება და სხვადასხვა აქტორს იყენებს. მათ შორის ტროლებს, ბოტებს ვითომ ჟურნალისტების სახით გვიგზავნიან ადამიანებს. ამ მეთოდების გამოყენება 21-ე საუკუნეში ძალიან სასაცილოა, ეს არის КГБ-ს ყველასთვის ცნობილი მეთოდები, რომელსაც ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის მიმართავდნენ. ჩვენი მიმართულებით ზუსტად აღნიშნული მეთოდები გამოიყენეს. ის КГБ, რომლის მეთოდებსაც მიმართავენ, კარგად გვაკონტროლებდა 80-იან წლებში, მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც დაიშალა, ჩვენ ჩვენს საქმიანობას მაშინაც განვაგრძობდით. ასე რომ, ამდაგვარი მოქმედებები ახლანდელ დროში სასაცილოა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ თემაზე ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი, პრაქტიკულად, შეწყდა შეტევა ჩვენი მისამართით.
_ „ბაჩალიაშვილის საქმესთან“ დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რომელი ვერსიაა ყველაზე რეალური და რისი თქმა შეგიძლიათ დღევანდელი მოცემულობით?
_ „ბაჩალიაშვილის საქმეზე“, პრაქტიკულად, ვერც ერთ ვერსიას ვერ მივემხრობით იმიტომ, რომ სრულიად ბუნდოვანებით მოცული ამბავია. გამოძიება არაეფექტიანია, შემიძლია ვთქვა, რომ გამოძიება მკვდარია და არანაირი პროგრესი ამ გამოძიებაში არ ჩანს. გაუგებარია, რატომ ვერ იპოვეს 5 დღის განმავლობაში გოგონა, როდესაც სმარტფონით შეიძლება ადგილმდებარეობის დადგენა?! თუნდაც გამორთული იყოს მობილური, სპეციალური ანძებიდან მისი მოძებნა შეიძლება. ვინაიდან ასეთი სტილით მიდის გამოძიება, ეს ხალხში ეჭვებს იწვევს. მშობლებს კი კიდევ უფრო უღვივებს ვარაუდს, რომ ეს მკვლელობა იყო. ექსპერტიზისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები მოვითხოვეთ, თუკი რამე არსებობს. რასაც ვუსმენ ადვოკატს, სატელევიზიო ეთერებსა და ნიუსებს, ჯერჯერობით, არაფერი საყურადღებო არ დევს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, ეფექტიანად გამოიძინონ, იყოს შიგნით მასალები, ასევე უნდა მოგვცენ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ჩვენი ექსპერტი ესწრებოდა. ასევე არის სხვა ექსპერტიზები, მათ შორის, ჰისტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, რომელიც სამხარაულის დასკვნაში უნდა იყოს. ასევე ჩვენმა ექსპერტმა ენტომოლოგიური ექსპერტიზის რეკომენდაცია გასცა. აღმოჩნდა, რომ ეს არ ტარდება საქართველოში, მაგრამ ექსპერტი ჰყავთ, ნიმუშიც აიღეს და წესით, უნდა ჩაეტერებინათ. ჩვენ ვითხოვთ ყველა ამ სამედიცინო თუ იურიდიული ხასიათის დოკუმენტაციას. ამის შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ სიკვდილის გარემოებებსა და შედეგებს შორის კავშირზე.
_ თქვენ გრჩებათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ამ საქმეზე თვითმკვლელობის ვერსიის წინა პლანზე წამოწევას ცდილობს? რა ტიპის გზავნილი იყო შსს-ში ბრიფინგის დროს თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ფსიქოლოგზე აქცენტის გაკეთება?
_ ჩვენ ვერც ერთ ვერსიას გამოვრიცხავთ, _ ვერც მკვლელობას, ვერც თვითმკვლელობას და ვერც თვითმკვლელობამდე მიყვანას, თუმცა ეს განცხადება რას ემსახურებოდა, სრულიად გაუგებარია. ფაქტობრივად, ამ განცხადებით თვითმკვლელობის ვერსიაზე მიუთითებდნენ. თუმცა ის, რომ ადამიანს ჰყავს ფსიქოლოგი და აფთიაქში რაღაც მედიკამენტი შეიძინა, ვერ გახდება იმის მტკიცებულება, რომ მან თავი მოიკლა. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ მკვლელობის ვერსია და თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსია. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა შესაძლებელია, მკვლელობის მუხლითაც ყოფილიყო აღძრული. ყოველ შემთხვევაში, გამოძიება მათ ხელშია. ასეთი არაკომპეტენტური ხალხი მუშაობს თუ რაღაც განზრახვის გამო მუშაობენ ასე, ეს არ ვიცი.
_ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ვერსია მოვისმინეთ, ერთ-ერთი უცხოურ სპეცსამსახურებს უკავშირდება. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია ეს ვერსია?
_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ გოგონას საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესია ჰქონდა. ასევე ჩვენ ვნახეთ მისი ბლოკნოტი, სადაც რუსული მეილის მისამართები წერია. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. საქმის გარემოება ექსპერტიზას გამოძიებამ უნდა მიაწოდოს. სხვა მხრივ ვერანაირად ჩატარდება ვერც კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა და ვერც გამოძიება მივა რაიმე შედეგამდე, თუ არ მოხდა სატელეფონო ჩანაწერების ანალიზი.
გამოძიებამ საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს:
• თუ ეს მანქანა იქ 5 დღე იდგა, რატომ ვერ მოძებნეს?
• რატომ ვერ დაადგინეს თამარ ბაჩალიაშვილის სმარტფონით, თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში, სად იმყოფებოდა ის?
• რატომ გაქრა მისი ფეისბუქგვერდი და შემდეგ როგორ გაჩნდა?
• თამარის მამას უთხრეს, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა, ე. ი. მას აშანტაჟებდნენ, რომ აქციები არ მოეწყო ოჯახს.
• რატომ გაიწელა დროში მანქანის ექსპერტიზა, რომლითაც უნდა დადგინდეს, როდის დაიქოქა ბოლოს იგი?
• უკვე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს, რატომ არ დევს?
• რატომ არ დაასწრეს ადვოკატი კომპიუტერის გახსნას მაშინ, როცა მას შუამდგომლობით მიმართული ჰქონდა, რომ დასწრებოდა ექსპერტიზას?! როცა ბატონი მიხეილ რამიშვილი მივიდა, მას გახსნილი კომპიუტერი დაახვედრეს.
• ადვოკატი დღემდე ითხოვს „დრონის“ ჩანაწერებს. ამდენი ხნის განმავლობაში კოსმოსიდან ჩამოვიდოდა, რით ვერ ამოიღეს ეს ჩანაწერები? საერთოდ თუ არსებობს, ისიც არ ვიცით.
_ ის, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი „სამხარაულის“ ექსპერტიზა, რა სახის ეჭვს ბადებს?
_ საერთოდ, „სამხარაულს“ ბევრი ექსპერტიზა აქვს, შტატები ცოტაა და, რა თქმა უნდა, უჭირს დროულად დასკვნის დადება. მაგრამ როდესაც ასეთი საქმეა, ექსპერტიზა უნდა დაჩქარდეს და დროულად დაიწეროს დასკვნა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტელეარხზე მოვისმინე, რომ ამ წლის განმავლობაში 54 ადამიანია დაკარგული, მიმდინარეობს ძიება და ეს პროცესი ყველგან ჰაერში კიდია. ეს გამოძიება და ექსპერტიზა ასეთი არაკომპეტენტური თუ არის, მაშინ, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი?!
_ ბოლო დროის ასევე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზეც ვისაუბროთ: რა ვიცით შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით?
_ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების შეგროვება ეს არის გამოძიების უპირველესი ფუნქცია. საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებად მიიჩნევა. დასკვნა, რომლის შესახებაც ვიმსჯელეთ, ეს იყო პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჩვენი კითხვები კვლავ ძალაშია. შესაბამისად, ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებები. პროკურატურამ დამატებით დანიშნა კომისიური ექსპერტიზა, სადაც მოითხოვა ნეიროქირურგისა და ნევროლოგის ჩართვა, ასევე დასვა ის კითხვები, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა. არსებული ექსპერტიზის დასკვნაში არ არის დაზუსტებული გარდაცვალების დრო, არც ინტერვალით არის დადასტურებული. მხოლოდ წერია: 48 საათის იქით, რაც, პრაქტიკულად, შეიძლება იყოს 78 საათი, 64 საათი. ეს არის შეკითხვა, რომელზედაც ექსპერტიზას, კარგად რომ ემსჯელა, შეეძლო კონკრეტული პასუხის გაცემა. ასევე არ არის საუბარი სიცოცხლის დროინდელი სისხლნაჟღენთების ხანდაზმულობაზე, სრულიად გაუგებრად წერია, რომ ეს არის მიყენებული სიკვდილამდე მოკლე, ახლო პერიოდში. რას ნიშნავს მოკლე, ახლო პერიოდი? _ დაზუსტებული არ არის. ამ დროს აღებულია სისხლნაჟღენთიდან მასალა, რომელზედაც სპეციფიკური კვლევით ანალიზი კეთდება და შესაძლებელია, უფრო ზუსტად განსაზღვრო, რა ხანდაზმულობის არის ეს სისხლნაჟღენთი, რომელიც აუცილებლად სიცოცხლის დროინდელია, ვინაიდან იგი არც მიცვალებულზე და არც წყალში არ ვითარდება. მაშასადამე, ისმის შეკითხვა: როგორ მივიდა ეს სისხლნაჟღენთი მოლურჯო, მოიისფრო ფერამდე? ამ ფერამდე მისასვლელად გარკვეული დროა საჭირო. ეს ის შეკითხვებია, რომელზედაც ექსპერტიზას უნდა ემსჯელა და პასუხი უნდა გაეცა. ჩვენი ყურადღება მიიპყრო, სახისა და თავის ქალის არეში მნიშვნელოვანმა დაზიანებებმა, რომელიც, დიდი ალბათობით, იყო უფრო მძიმე თავის ტვინის ტრავმა, ვიდრე ამას ახლა აცხადებენ. ახლა დამატებით საუბრობენ ტვინის შერყევაზე. ჩვენ ვფიქრობთ, ერთ-ერთ ვერსიად შესაძლებელია განხილული იყოს ქალა-ფუძის ძვლის დაზიანება, რასაც ისინი უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოლურჯო, მოიისფრო ფერამდე მისასვლელად გარკვეული დროა საჭირო. ეს ის შეკითხვებია, რომელზედაც ექსპერტიზას უნდა ემსჯელა და პასუხი უნდა გაეცა. აცხადებენ, რომ მათ შეამოწმეს და არანაირი დაზიანება არ იყო, ამიტომაც არ ჩათვალეს საჭიროდ რაიმე სახის ნეიროვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენება, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იყენებს ნეიროვიზუალიზაციის მეთოდებს. მათ ჰქონდათ რენტგენოსკოპიური კვლევის საშუალება, ასევე შეეძლოთ კომპიუტერული ტომოგრაფიაც გამოეყებინათ, რატომღაც, არ გამოიყენეს. ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ქალა-ტვინის ტრავმაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ ნეიროვიზუალიზაციის მეთოდები. ასევე ექსპერტიზაში არ იყო მითითებული, რა დროს დაიწყო ექსპერტიზა, ანუ ამ ექსპერტიზაში არის ისეთი გარემოებები და პასუხგაუცემელი შეკითხვები, რაზედაც წესიერად რომ ჩატარებულიყო ექსპერიზა, რა თქმა უნდა, პასუხები იქნებოდა. ასევე სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები 1976 წლის საბჭოური სტანდარტით შეფასებულია მსუბუქ დაზიანებებად. თუნდაც ამ საბჭოური სტანდარტით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შეკითხვა, _ თუკი არ იყო შეფასებული ქალა-ტვინის ტრავმის ხარისხი, როგორ შეაფასეს მსუბუქ დაზიანებად? სულაც რომ ქალა-ტვინის მსუბუქ ტრავმაზე ყოფილიყო საუბარი, ეს არის ტვინის შერყევა, რომელზედაც შემდგომში საუბრობდა ზოგიერთი ჩართული ექსპერტი. ტვინის შერყევის შემთხვევაშიც კი რამდენი ხანი დასჭირდებოდა მკურნალობა, ცოცხალი რომ დარჩენილიყო და რა გართულებები განვითარდებოდა, ამაზე პასუხი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპენტენციაში არ შედის და ვერც ვერავინ უპასუხებდა. მსუბუქად ითვლება მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის დროებითი მოშლით, ეს ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა 21 დღემდეა, მაგრამ ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, რამდენი დღე შეიძლება სჭირდებოდეს მკურნალობას იმისთვის, რომ გადარჩეს, ამაზე პასუხი საერთაშორისო სტანდარტით შეუძლებელია, რადგან აბსურდი გამოდის, _ ადამიანი გარდაცვლილია და შენ მსჯელობ, ცოცხალი, რომ დარჩენილიყო, რამდენი დღე უნდა ემკურნალა.
_ ექსპერტიზის თანახმად, სიკვდილის მიზეზია წყალში ასფიქსია. ეს ნაწილი რა ეჭვებს ბადებს?
_ ექსპერტიზაში წერია, რომ სიცოცხლისდროინდელი მსუბუქი დაზიანებები კავშირში არ იმყოფება სიკვდილის მიზეზთან, სიკვდილის მიზეზი არის წყალში ასფიქსია. სწორედ აქ არის ის შეკითხვა, რომელსაც უკვე ბევრი ადვოკატი სვამს: თუ ეს დაზიანებები სიკვდილის მიზეზთან კავშირში არ იმყოფება, მაშინ როგორია საქმის გარემოება და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი? ამას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, თუმცა გამოძიების ნაწილში სერიოზული პრობლემებია. თავიდანვე არ შემოფარგლეს დანაშაულის სავარაუდო ადგილები, არც შეისწავლეს და არც დაიცვეს. ასეთ სიტუაციაში ამ საქმის გამოძიების ეფექტიანობაზე მსჯელობა ძალიან ძნელია.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანია ექსპერტიზის დასკვნაში და რომ საბჭოურ მეთოდებს იყენებენ. ამ შემთხვევაში არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ მიზანმიმართულად გაიცა ასეთი გაურკვეველი და კითხვის ნიშნებით სავსე დასკვნა?
_ ზოგადად, ექსპერტიზას პრობლემები აქვს საქართველოში, ისევე როგორ გამოძიებას კვალიფიკაციასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ექსპერტიზის მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რომ ობიექტური მტკიცებულებები უნდა არსებობდეს ექსპერტიზის დროს. ეს არის ზოგადი პრობლემა, მაგრამ ეს დასკვნა იწვევს ძალიან დიდ ეჭვს, რომ ექსპერტიზა ზეწოლის ქვეშ ხდებოდა.
_ ანუ ვიღაცის ზეგავლენით და ვიღაცის სასარგებლოდ გაკეთდა ექსპერტიზის დასკვნა?
_ დიახ, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ასეთი არაკვალიფიციური ექსპერტები ყოფილიყვნენ ჩართულები. ამ დასკვნაში არის აღწერილობითი ნაწილები, შემდგომში კი ამაზე ადეკვატური შეფასებები არ კეთდება. ჩვენ ვიმსჯელეთ მხოლოდ ქსპერტიზის დასკვნის მიხედვით და ასევე საქმეში არსებული ოფიციალური ფოტომასალით, ე. ი., რაც იყო პირველადი დათვალიერების ოქმი, ანუ როცა ამოიყვანეს წყლიდან, სანამ ექსპერტიზაზე მივიდოდა და შემდეგ კი ექსპერტიზა თავისი ფოტომასალებით. აღწერილობით ნაწილში, გარდა იმისა, რომ ჩვენმა ექსპერტმა ნახა და ფოტოებშიც ჩანს, რომ ზურგის მხარეზე არის გვამური ლაქები, ეს ექსპერტიზის დასკვნაში, სამწუხაროდ, აღწერილი არ არის. ეს რომ აღეწერათ, მაშინ ცალსახად დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა გვამის მანიპულაციას, ანუ, მინიმუმ, გადაბრუნებას. „სამხარაულმა“ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაში არანაირი ტექნიკური შეცდომა არ არსებობს, ეცადა, რომ გარკვეული ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეცადა, რომ ის მინუსები, რაც დასკვნას აქვს, რაღაცნაირად აეხსნა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, ამას ჩვენ ვხედავთ.
„შაქარაშვილის საქმეზე“ პროკურატურა კვლავ იმეორებს თავის შეკითხვებს:
• დაუდგინონ სიკვდილის ხანდაზმულობა, ანუ როდის დადგა სიკვდილი?
• იმყოფებოდა თუ არა ოთხი დღე წყალში შაქარაშვილის სხეული?
• შეეძლო თუ არა ამ დაზიანებების მიღება ვარდნით?
• ასევე არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც ჩვენც ვსვამდით: შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო უმწეო მდგომარეობაში, ანუ საღ გონებაზე და შეეძლო თუ არა გადაადგილება?
თუ საჯარო გახდება კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნა, იმასაც ვნახავთ, როგორ დააზუსტებს ექსპერტიზა ამ საკითხებს.
_ როგორია თქვენი პროგნოზი, უპასუხებს თუ არა ამ კითხვებს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნა და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ კვლავ პასუხგაუცემელი დაგვრჩეს მთავარი კითხვები?
_ ერთი რამ ცხადია, რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას ვეღარ ჩაატარებენ. ერთადერთი გამოსავალია, რომ ჩართულმა ნეიროქირურგმა და ნევროლოგმა იმსჯელონ იმ კლინიკური ნიშნებით, რომელიც ფოტო დოკუმენტირებულ მასალაზეა და აღწერილია ექსპერტიზაში. ეს არის სათვალის სიმპტომი, საკმაოდ ფართო დაზიანებები თავისა და შუბლის არეში. შესაძლებელია, ტერმინალურ სტადიაში, ანუ გარდაცვალების უშუალო მომენტში იყო კრუნჩხვითი განტვირთვა. ფოტოსურათებზე კი ცხადად არის გაშეშებისა და სხვა გვამური მოვლენების კვალი. წესით, ამ ყველაფერზე უნდა იმსჯელონ.
_ ჩვენ ბოლო პერიოდის ორი ყველაზე გახმაურებული საქმე განვიხილეთ, ასევე არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 54 ადამიანია დაკარგული, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. რა ხდება? რამ გამოიწვია ასეთი კრიმინოგენური ვითარება?
_ ეს სერიოზული სისტემური კრიზისია, განსაკუთრებით, საგამოძიებო ნაწილში, ასევე მართლმსაჯულებისა და ექსპერტიზების მიმართულებით, რომელიც რეფორმირებას საჭიროებს. თუ რეფორმები არ განვახორციელეთ, საქართველო დღითი დღე უკან წავა და ისეთი აფრიკული ქვეყანა გავხდებით, სადაც ადამიანის უსაფრთხოება საერთოდ არ იქნება დაცული.
_ სისტემური კრიზისის შექმნა ამ ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკაა?
_ ჩემი შეხედულებით, ამ ხელისუფლების მმართველობის სტილი ძალიან მოგვაგონებს საბჭოურ, რუსულ სტილს. რასაც ამ ბოლო პერიოდში ვუყურებ, ყველა მანკიერება, რაც რუსეთში ხდება, საქართველოშია გადმოტანილი. შესაბამისად, ამ სტილით მმართველობა ვერანაირ რეფორმასა და პროგრესს ვერ მოიტანს, ამიტომ იქნება რეგრესი და დაბრუნება საბჭოთა კავშირში. ამ შემთხვევაში მიზანმიმართულობა და არაკომპეტენტურობაც შეიძლება ერთი და იგივე რამეს ნიშნავდეს, ვინაიდან უკვე იქმნება სერიოზული ეჭვი, რომ ჩვენ გვყავს არათუ პრორუსული, არამედ რუსული ხელისუფლება. ეს უკვე მხოლოდ ჩემი ეჭვი აღარ არის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენიდან დარეკვები, პომპეოს განცხადებები, კონგრესმენებისა და სენატორების წერილები ამაზე მეტყველებს. როდესაც ჩვენს დიდი ხნის პარტნიორებს ეს ეჭვი უჩნდებათ, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ მეც და მოსახლეობის დიდ ნაწილსაც გაუჩნდეს. სამწუხაროდ, საფრთხეში დგება ქვეყნის დამოუკიდებლობა.

ნენე ინჯგია

გაზიარება