- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-07-30 09:03:57
ჯერ კიდევ მაშინ, როცა 19 წლის ფეხბურთელ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დეტალებში გარკვევას ვცდილობდით, ქვეყანა ახალმა ტრაგედიამ შეძრა _ 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ, თეთრი წყაროს ტყე-ბუჩქნარის პირას მინდორში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ახალგაზრდა ქალი მოკლეს თუ მან თავი მოიკლა? _ ეს კითხვები იმთავითვე გაჩნდა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გამოძიება უფრო თვითმკვლელობის ვერსიისკენ იხრება. ყოველ შემთხვევაში, შსს-ს მაღალჩინოსანმა საგანგებო ბრიფინგზე ორაზროვნად მიანიშნა, რომ გამოძიებამ თამარის ფსიქოლოგი გამოკითხა, ანუ ძალოვნებს პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თუ ადამიანს ფსიქოლოგი ჰყავს, ეს, აპრიორი, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ის თვითმკვლელობას აპირებს! ასეთი მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, საბჭოური აზროვნებაა, თორემ ცივილიზებულ დასავლეთში ფსიქოლოგის მომსახურებით თითქმის ყოველი მეორე რესპექტაბელური მოქალაქე სარგებლობს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ფაქტია: თამარ ბაჩალიაშვილს თავი რომც არ მოეკლა და ის თვითმკვლელობამდე მიეყვანათ, სახეზე მაინც მკვლელობა იქნება. საერთოდ, 23 წლის წარმატებული პროგრამისტის საქმეში ძალიან ბევრი ბუნდოვანი დეტალია. ყველაზე ბევრ კითხვის ნიშანს კი ახალგაზრდა ქალის სამსახური თუ სამსახურები აჩენს, ანუ შპს „ზეგის“ შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ გაიგო. აქ, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ „ზეგი“, მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერული მომსახურების კომპანიაა, მის შესახებ საძიებო სისტემაში არაფერია ნათქვამი. ამასთან, კომპანიის ამერიკელი მფლობელი ადასტურებს, რომ მის თანამშრომლებს საიდუმლო ინფორმაციებთან აქვთ წვდომა.
ე. ი., კრიმინალური ფაზლი თითქოს იკვრება _ თამარ ბაჩალიაშვილმა შესაძლოა, რამე ისეთის შესახებ შეიტყო, რაც არ უნდა სცოდნოდა და ვიღაცამ თუ ვიღაცებმა იგი თავიდან მოიცილეს. თუ ასეა, მაშინ უკვე მეორე კითხვა ჩნდება: რა არის ის „რაღაც“, რამაც შესაძლოა, თამარის სიცოცხლე იმსვერპლა?
იმას, რომ გოგონას ტრაგედია შესაძლოა, სამსახურთან იყოს დაკავშირებული, მშობლებიც არ გამორიცხავენ. მეტიც, თამარის დედა იმის ალბათობასაც უშვებს, რომ ყველაფერ ამაში შესაძლოა, ახლობელი იყოს ჩარეული.
„ზუსტად არ მახსოვს, ვინ მითხრა _ პოლიციელმა, გამომძიებელმა თუ იქ მცხოვრებმა. მინდორს ვეძებო, მინდორსო. ყველას ეგ უკვირდა, რომ რა მინდორს ეძებდა, ირგვლივ ყველგან მინდორია. კონკრეტულად რაღაც მინდორს ეძებდა. ვფიქრობ, რომ ირგვლივ კი სულ მინდორია, მაგრამ გარშემო დასახლებული პუნქტია და შუაშია მინდორი, რომ უნდა ენახა საკუთრივ ის მინდორი. ვიღაცას ჰყავს გატყუებული, არ არის ეს გოგო იმ მხარეში ნამყოფი და რანაირად მივიდოდა“, – აცხადებს თამარის დედა, თეონა თამაზაშვილი.
სხვათა შორის, ცხედრის პოვნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა, ანუ თავიდან საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იყო აღძრული, ახლა კი გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
„პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს და საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. დღესვე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს გარდაცვლილის მამა _ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამასა და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე გაიზიარეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ. საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციისა და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს“, _ ვკითხულობთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 24 ივლისით თარიღდება.
და ერთი დეტალიც, რომელიც „ბაჩალიაშვილის საქმეს“ კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის: მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ანგარიშებზე სოლიდური თანხა ინახებოდა…
მოკლედ, რა კითხვები აქვს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს და მივა თუ არა 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების კვალი უცხოეთის სპეცსამსახურებამდე? _ „ქრონიკა+“ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრა, რომელმაც ზუსტად ერთი კვირის წინ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს შესთავაზა, რომ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩაერთვებოდა და დაზარალებულის ინტერესებს დაიცავდა, თუმცა შაქარაშვილებს ეს შეთავაზება არ მიუღიათ.
_ ბატონო მიხეილ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის იდუმალ გარდაცვალებაზე, დღევანდელი მოცემულობით, რა ვიცით?
_ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
_ რატომ?
_ იმ ჩვენებებიდან გამომდინარე, როგორც გარემოცვა ახასიათებს, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი რჩება, რომ არაფრისგან გამომდინარე თამარ ბაჩალიაშვილს თავი მოეკლა. ეს ადამიანი ყველანაირად უზრუნველყოფილი იყო, არც პრობლემები ჰქონდა და არც _ დისკომფორტი, რომ წასულიყო და თავი მოეკლა.
მოკლედ, საკითხავია, საერთოდ, თვითმკვლელობა არის თუ არა.
_ ე. ი., იმის სათქმელად, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავს არ მოიკლავდა, მხოლოდ ახლობლებისა და გარემოცვის ჩვენება-მონათხრობი საკმარისია?
_ არა.
_ აბა, კიდევ რა?
_ მისი მდგომარეობაც.
_ რას გულისხმობთ?
_ ადამიანი თავს იმიტომ იკლავს, რომ ან რამე პრობლემა უნდა ჰქონდეს, ან რამეს უნდა განიცდიდეს.
_ სხვათა შორის, მედიცინაში ისეთი შემთხვევებიცაა ცნობილი, როცა სუიციდი, ერთგვარად, მემკვიდრეობით გადაიცემა.
_ ოჯახიდან არ მსმენია, რომ ამდაგვარი რამ შეიძლება, გენეტიკურად ჰქონოდა.
_ გავყვეთ ვერსიას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი კი არ მოიკლა, არამედ, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ან მოკლეს. ამ შემთხვევაში ეჭვი სამსახურისკენ მიდის?
_ არა, ასე ვერ გეტყვით. საერთოდ, არსებობის უფლება ყველა ვერსიას აქვს.
ისე, თვითმკვლელობამდე მიყვანაც მკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა.
მოკლედ, ჯერ ცალსახად რამის თქმა არ შემიძლია. ყველაფერი იქიდან გამომდინარე გამოჩნდება, როგორ იმოქმედებს და რა მტკიცებულებები ექნება გამოძიებას, ანუ სანამ მტკიცებულებებით არ დადასტურდება, მანამდე ყველა ვერსია იარსებებს.
ზოგადად, ადამიანმა შეიძლება, დანაშაული აღიაროს, მაგრამ სანამ მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადასტურდება, ეს ადამიანი დამნაშავედ ვერ გამოცხადდება. ამ შემთხვევაშიც ასეა _ შეიძლება, ვამტკიცოთ, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ან თავი მოიკლა, მაგრამ მოტივაცია და სხვა გარემოებებიც აუცილებელია.
_ გასაგებია, რომ შპს „ზეგზე“, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, ოჯახმა არაფერი იცოდა, მაგრამ მშობლებისთვის ისიც უცნობი იყო, რომ თამარი, როგორც ითქვა, ავსტრიულ კომპანიასთანაც თანამშრომლობდა?
_ როგორც ოჯახის მხრიდან ვარ ინფორმირებული, არ იცოდა, მაგრამ ისიც გამოსაკვლევია, ამ მეორე სამსახურში მუშაობა როდის დაიწყო ან საერთოდ მუშაობდა თუ არა? შეიძლება, მუშაობას ახლა იწყებდა. ასევე გასარკვევია, ერთი ან მეორე რა სამსახურია.
_ სხვათა შორის, კომპანია „ზაგზე“ საძიებო სისტემაში არაფერია ნათქვამი. ჰოდა, სამი წლის წინ, ამ კომპანიაში თამარი თუნდაც პრაქტიკანტად როგორ მოხვდა, ანუ ამ კომპანიის შესახებ საიდან, როგორ და ვისგან გაიგო?
_ როგორც ვიცი, კონსულტანტების მიღება საჯაროდ ცხადდება და თანამშრომლები გასაუბრებით აჰყავთ ხოლმე… სამსახურების თაობაზე ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გოგო გარდაცვლილი იპოვეს. სხვათა შორის, ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანოების საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს და ნელ-ნელა ყველაფერი თავს იჩენს.
_ თამარ ბაჩალიაშვილი საფრანგეთში სწავლობდა. ბატონო მიხეილ, თქვენ, როგორც ადვოკატი, გამორიცხავთ, რომ თუნდაც უცხოური სპეცსამსახურები მისი პიროვნებით სწორედ უცხოეთში სწავლის დროს დაინტერესებულიყვნენ?
_ არაფერს გამოვრიცხავ. შეიძლება, პროფესია საერთოდ არ გქონდეს, მაგრამ რამე ისეთ უნარს ფლობდე, რომლითაც ვინმე დაინტერესდეს.
მოკლედ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერს სიტუაცია და ის გვანახებს, ძალოვან სტრუქტურებს სწრაფვა რისკენ ექნებათ. ყველაფერი იქიდანაც გამოჩნდება, პირადად მე რის საშუალებას მომცემენ.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩემს საქმეში ყველაფერს ძალიან დიდი ეჭვით ვუდგები და ბევრი კითხვა მიჩნდება… შეიძლება, რამე დამიპირისპირონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტაქტიკა არ მქონდეს.
_ ანუ ელოდებით, რომ საგამოძიებო უწყებები, როგორც ადვოკატს, დაგიპირისპირდებიან?
_ რაც აქამდე მოვითხოვე, საგამოძიებო უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.
_ კერძოდ?
_ ყველაფერი, რაც მაინტერესებდა, ექსპერტიზაზე გააგზავნეს.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას ენდობით?
_ არა, არა, არა! ეს ჩემთვის საკმარისი არაა.
_ აბა, გამოძიებამ კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ ენდოთ?
_ პასუხი ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს. ის, რა კითხვებიც დავსვი, ჯერ დასაწყისია. კიდევ მრავალი კითხვა მაქვს, რომელსაც გამოძიებას წარვუდგენ, თუმცა ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ
_ გამოძიების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა. ამასთან, ძალოვნებმა ისიც გვითხრეს, რომ ეთიკური მომენტიდან გამომდინარე, ფსიქოლოგისგან მიწოდებულ ინფორმაციას არ გაასაჯაროებენ. ზოგადად, იმაში ცუდი არაფერია, რომ ადამიანს ფსიქოლოგი ჰყავს, მაგრამ თამარის ფსიქოლოგს თქვენ თუ ესაუბრეთ?
_ ასეთი ფორმულირება უკვე ძალიან ცუდია. ეს საზოგადოებაში მიზანმიმართულად იმ აზრის შექმნას ემსახურება, რომ გოგოს თითქოს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და თვითმკვლელობამდეც ამიტომ მივიდა.
ისიც თქვეს, წერილი დაწერაო, მაგრამ წერილსა და ჩანაწერს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.
_ მაინც, რა განსხვავებას გულისხმობთ?
_ წერილი ვიღაცის მისამართით უნდა იყოს დაწერილი, პატარა ჩანაწერში კი ადრესატი ნახსენები არაა, თან საკითხავია, მის მიერაა დაწერილი? იქნებ, ეს ინსცენირებაა.
_ ანუ?
_ ვითომ რაღაც წერილია, ანუ თვითმკვლელობის მსგავსი სპექტაკლია.
სხვათა შორის, იქ სხვა ფურცლებიც იყო და ყველაფერი ეს უფრო ბევრ კითხვას აჩენს, ვიდრე იმის მცდელობა, რომ საზოგადოებაში თვითმკვლელობის ვერსია გამყარდეს. მოკლედ, სამართალდამცველი ორგანოს მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ფსიქოლოგზე ლაპარაკი ძალიან მიუღებელია!
_ იმის გარდა, რომ ერთ-ერთ ფურცელზე ეწერა, ჩემი ანაბარი გამოიყენეთო, თამარის მანქანაში ნაპოვნ ფურცლებზე კიდევ რა ეწერა?
_ აი, მაგალითად, ამ და ამ დროს სად უნდა წავიდეო. იცით, როგორ იყო?
_ როგორ?
_ ფერად ფურცლებზე ტელეფონის ნომერს ან იმას რომ დაწერ, ვინმეს რამე უნდა მივცე და არ დამავიწყდესო.
_ სხვათა შორის, დეტექტივებში ასეთი ფაბულა ხშირადაა: მკვლელი მსხვერპლს წერილის ან ჩანაწერის გაკეთებას იმიტომ აიძულებს, რომ თვითმკვლელობის შთაბეჭდილება შეიქმნას. გამორიცხულია, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იყოს?
_ კი ბატონო… იგივე აგატა კრისტი სულ ასეთ რაღაცებს წერდა.
_ ოჯახი ამტკიცებს, რომ თამარი თეთრიწყაროში არავის იცნობდა. მაშინ, ჩნდება კითხვა: პოლიციამ მანქანის ძებნა მაინცდამაინც თეთრიწყაროს მიმართულებით დამონტაჟებულ ჭკვიანი კამერების ჩანაწერებში რატომ დაიწყო, ანუ რატომ არ დაუშვეს ალბათობა, რომ, ვთქვათ, რუსთავისკენ წავიდა, ან თბილისისკენ?
_ აი, ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა…
_ ისე, პროგრამისტი შინიდან, როგორც იტყვიან, საშინაო ფორმით იყო გასული?
_ არა, ულამაზეს ფორმაში იყო. ჰოდა, როცა თავის მოსაკლავად ასე ლამაზად გამოწყობილი მიდიხარ, ამხელა მანძილზე რატომ წახვალ, სადაც შეიძლება, ვერც გიპოვონ, ანუ როცა სილამაზის აღქმა გაქვს, გინდა, რომ გარდაცვლილიც კარგად გამოიყურებოდე. ამას გარდა, კრწანისის ტყე იქვეა და თუ თვითმკვლელობა გინდა, ამ სიშორზე რომ წახვალ, შეიძლება, უცებ გადაიფიქრო.
_ პოლიციაში დარეკვამდე მშობლებმა თამარი მეგობრებთან თუ მოიკითხეს?
_ ასე დეტალურად ჯერ არ მისაუბრია, რადგან დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია
_ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამისტმა გაუჩინარებამდე აფთიაქში წნევის წამლები იყიდა. ეს რაზე მიანიშნებს? ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?
_ არანაირი! საერთოდ, წნევის წამლით ყველა დადის. ქალიშვილი მეც მყავს და წნევის წამალს ხანდახან ისიც სვამს. ასე რომ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ!
_ ბატონო მიხეილ, ზუსტად ერთი კვირის წინ ვანო პავლიაშვილის გადაცემა „პოლიტიკურ ბარში“ გიორგი შაქარაშვილს ოჯახს შესთავაზეთ, რომ მის ინტერესებს დაიცავდით. ცხადია, ამ შეთავაზებას არავინ გამოეხმაურა, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, „შაქარაშვილის საქმე“ უფრო ბურუსითაა მოცული თუ _ ბაჩალიაშვილის?
_ ორივე!
_ ეჭვი არავის ეპარება, რომ „შაქარაშვილის საქმეში“ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესი აქვს, ანუ ვიღაცას თუ ვიღაცებს ხელს აფარებს. თუ „ბაჩალიაშვილის საქმის“ გამოძიება ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, რისი თქმა შეგვიძლია _ ამ შემთხვევაშიც ვინმეს დააფარებენ ხელს?
_ თუ კითხვის ნიშნები დარჩება, გამოჩნდება, რომ ესეც „შაქარაშვილის საქმის“ ანალოგიური საქმე იქნება. საერთოდ, ექსპერტიზების წინაშე ძალიან ბევრი კითხვაა დასმული და შეფასებებიც პასუხების შესაბამისი იქნება!
_ ბატონო მიხეილ, ოჯახი ყველაზე ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ 23 წლის გოგოს გარდაცვალება შესაძლოა, სამსახურთან იყოს კავშირში. თქვენ, როგორც ბაჩალიაშვილების ადვოკატი, ამ ვერსიას ბოლომდე იზიარებთ?
_ როგორც გითხარით, არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, მაგრამ სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გავეცნობი და არ დავრწმუნდები, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.
მოკლედ, არსებობის უფლება ყველა ვერსიას აქვს, მაგრამ საბოლოოდ, ყველა ვერსია უტყუარი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს!
_ სხვათა შორის, მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ ამ საქმეში შესაძლოა, ახლობელი იყოს გარეული. ამ კუთხით გიფიქრიათ?
_ შეუძლებელი არაფერია. საერთოდ, ციხე შიგნიდან ტყდება ხოლმე.
_ დილით, როცა თამარი შინიდან გავიდა, სახლში არავინ იყო?
_ არა.
_ ისე, „ბაჩალიაშვილის საქმით“ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ხომ არ გადაიფარება?
_ არა, ასე არ უნდა მოხდეს…
_ თუ გამოიკვეთება, რომ 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების კვალი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებამდე მიდის, თქვენ ან ქართული გამოძიება რის გაკეთებას შეძლებთ?
_ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, მონდომება იყოს!
_ იმ დროს, როცა პრემიერი საგამოძიებო უწყებებში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიანიშნებს, მონდომების მიუხედავად, „ბაჩალიაშვილის საქმის“ გახსნა შესაძლებელი იქნება?
_ ყოველ შემთხვევაში, ხალხისა და საკუთარი თავის იმედი მაქვს!
_ უკაცრავად, ხალხი რა შუაშია?
_ ერთად უნდა ვიყოთ, ანუ თუ სამართლიანობა და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, მაშინ ერთობაც უნდა შეგვეძლოს!
_ 23 წლის გოგოს ცხედარი მას მერე იპოვეს, რაც ოჯახმა და მეზობლებმა აქცია მოაწყვეს. ჰოდა, პოლიცია იმ ადგილას შესაძლოა, მართლაც ეძებდა, მაგრამ ვიღაცებმა მანქანა თეთრი წყაროს ტყის პირას ამ აქციის მერე მიიტანეს. ასეთ შემთხვევაში, ძალოვნებს ბრალს ვერაფერში დავდებთ, არა?
_ არც ამ ვერსიას გამოვრიცხავ, თუმცა ყველაფერს ის გვაჩვენებს, რაც მოგვიანებით ხელთ გვექნება.
_ ზოგს ის კითხვაც გაუჩნდა, ბაჩალიაშვილების ოჯახმა ადვოკატად მაინცდამაინც თქვენ რატომ აგიყვანათ? ამაზე რას იტყვით?
_ თამარის გაუჩინარების ამბავს თავიდანვე თვალს ვადევნებდი. მამა ვარ და ამდენი უსამართლობა ჩემზეც მოქმედებს _ ამ უსამართლობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები ვერაფერს აღწევენ.
ჰოდა, ალალად მივედი და ოჯახს პირდაპირ ვუთხარი, თუ რამით შემეძლება, დაგეხმარებით-მეთქი.
სხვათა შორის, მითხრეს, რომ ჩემთან დაკავშირებას მეორე დღეს აპირებდნენ და ჩემს საკონტაქტო ნომრებს ეძებდნენ. ისიც კი მითხრეს, თქვენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნაო. როცა მივედი, თამარი ჯერ ნაპოვნი არ ჰყავდათ. ცხედარი მეორე დილას იპოვეს და ოჯახმა მთხოვა, არ დაგვტოვო და ჩვენ გვერდით იყავიო.
_ სხვათა შორის, ბოლო დროს თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეში მთავარი ფიგურანტი მწყემსია, ანუ სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ახალგაზრდა მწყემსი გაასამართლეს. „შაქარაშვილის საქმეშიც“ გამოჩნდა ფეხოსანი პატრული –მწყემსი და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაც არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა, ანუ ეს რა მოვლენაა?
_ არ ვიცი, თუმცა ცოტა სხვანაირი ანალიზი ყველაფერს დაგვანახებს.
_ ერთ სიტყვით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება გამოძიების პირველადი შედეგები, არა?
_ დიახ, ასეა…
გიორგი აბაშიძე