- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-07-10 06:10:52
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობიდან მეჩვიდმეტე დღეს ისევ არ ვიცით პასუხი კითხვაზე, _ ვინ მოკლა შაქარა?
მაშინ გამოძიებამ 17 პირი დააკავა, თითქოს შეკითხვები აღარ უნდა დარჩენილიყო და არ დავმალავ, მეც ვიყავი იმ პირების რიცხვში, ვინც ფიქრობდა, რომ საქმე არ შეიკერებოდა და ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებდა პასუხს, მაგრამ დაკავებულთა წინააღმდეგობრივი ჩვენებების გავრცელების მერე ცხადი გახდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.
ამ საქმის ფიგურანტების ჩვენებებზე იმდენი ითქვა და დაიწერა, ხელახლა ყველა წინააღმდეგობრივი დეტალის ჩაღრმავებას აზრიც არ აქვს. ჩვენი მკითხველის ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გავამახვილებთ.
ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ზონდერჯგუფები ჰყავს, ამაში ახალი არაფერია. „ქრონიკა+“ იყო პირველი, რომელიც ამ კლანების არსებობაზე საჯაროდ ალაპარაკდა. სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, მოჭიდავეების ჯგუფებს საკუთარი ნათესავის, ზაქარია კევლიშვილის მეშვეობით აკონტროლებდა, მეორე დაჯგუფება კახი კალაძის ფრთებქვეშ იყო შეფარებული და კორცხელში სწორედ მათ მიიღეს მონაწილეობა ოპოზიციის ლიდერების ცემაში. მას შემდეგ, რაც კორცხელის ინცინდენტის მონაწილეები ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, სამინისტროსთან საპროტესტო აქციას, არც მეტი არც ნაკლები, კახი კალაძის სიძე, პაატა აბულაძე მართავდა. მან შს მაშინდელ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს კამერების წინ სულ ხელები უტრიალა, _ აბა, გაბედე და რომელიმე მათგანი დააკავე, ნახავ, რაც მოგივაო! როგორც მოსალოდნელი იყო, კორცხელის ზონდერები დაუსჯელები დარჩნენ და აღარც პაატა აბულაძეს მოუწია დაქადნების ასრულება.
ზონდერჯგუფების კიდევ ერთ დაჯგუფებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აკონტროლებს. ამ დაჯგუფების წარმომადგენლები დაესხნენ თავს ნიკა გვარამიას სასამართლოს ეზოში, როცა ის პროცესზე გიორგი რურუას დაცვის მხარეს წარმოადგენდა და ამავე დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ ფეისბუქ ლაივში გადაწვა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომლის შემდგომაც იძულებული გახდნენ, იგი დაეკავებინათ.
უბნებს შორის დაპირისპირება და საქმის გარჩევები ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება, მაგრამ „ინტელექტუალური დახმარებისთვის“ შუაღამისას „დრინებით“ შეიარაღებული სადამსჯელო ეკიპაჟების საგურამოში ასვლა, ნამდვილად სცდება ბიჭური გარჩევების ჩარჩოებს და, საბოლოოდ, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ქურდულ კანონებსაც, რადგან ეს, უბრალოდ, „ბესპრიძელია“!!!
ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ სცადეს ბილანიშვილისა და ბერა ივანიშვილის ახლობლობის დაკავშირება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან. გაგიკვირდებათ და, „ნახალოვკელებმა“ მარტივად ამიხსნეს, რომ ეს ასე არაა. მართალია, ბილანიშვილის ოჯახის წევრები „კანონიერი ქურდები“ არიან, მაგრამ ბერას მეგობარი მშვიდი, წესიერი ადამიანია და ის არასოდეს ჩაერევა მსგავსი ტიპის ანგარიშსწორებაში. მეტიც: თუ მაინცდამაინც ქურდულს უნდა მიაწვეთ, სწორედ ქურდულში იკრძალება მსგავსი „რაზბორკები“ და უმიზეზოდ ანგარიშსწორებაო, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს ბილანიშვილების მეზობელი, რომელმაც ცხადია, საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ის, რომ საგურამოში დასახმარებლად გამოძახებული სპორტსმენები ერთმანეთის ნაცნობები და მეზობლები არიან, არავინ უარყოფს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტური გამოძიება გვეუბნება, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი ცაციაა, რადგან დაზიანებების ტრაექტორია სწორედ ამაზე მიუთითებს, _ ყველა მათგანს დაზიანებები მხოლოდ ერთ, მარჯვენა მხარეს აქვს მიყენებული. „მთავარ აქცენტებში“ სავარაუდო გვარიც დასახელდა _ არჩილ გაგნიძე. სწორედ გადაცემის შემდეგ „ქრონიკა+“-ს დაკავებულების ახლო გარემოცვიდან დაუკავშირდა პირი, რომელმაც გვითხრა, რომ არჩილ გაგნიძე ცაცია არ არის, სამაგიეროდ, ცაციაა კიდევ ერთი დაკავებული, ნიკა ჟვანია, რომელიც, იმავდროულად, ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთის, გოჩა ჩხაიძის ნათლულია. ის რომ, ძმები ასკანელები ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან, მათ მიერ წინასაარჩევნოდ „ოცნებისთვის“ გაღებული შემოწირულობებიც მოწმობს. „შეაჩერე კორუფციის“ წარმომადგენელი, ქეთევან ენუქიძე, „ქრონიკა+“-ს თვეების წინ უყვებოდა, რომ ასკანელები, რეალურად, ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორებიც არიან. ის, რომ გოჩა ჩხაიძე ნიკა ჟვანიას ნათლიაა, ეს დაკავებულის დედამაც დაადასტურა. მანვე განაცხადა, რომ ნათლიამ ნათლულის ამბავი დაკავების შემდგომაც მოიკითხა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გოჩა ჩხაიძე ნიკა ჟვანიას მამის ახლო მეგობარია, ის რაგბის კლუბსაც ეხმარებოდა ფინანსურად.
ჯერჯერობით, გამოძიება კონკრეტულ განმარტებებს არ აკეთებს, რეალურად რომელი თავდამსხმელია ცაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ჟურნალისტების მიერ გასაჯაროებული ფაქტების კვალდაკვალ ცდილობს დამაჯერებელი ვერსიების შექმნას, მაგრამ წარუმატებლად.
„შაქარაშვილის საქმის“ სახელისუფლებო სკანდალები ამ ფაქტით არ მთავრდება. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ახლო ნათესავი აღმოჩნდა ფოტოგრაფი იაკობ ბრეგაძე, რომელიც წვეულებაზე იმყოფებოდა.
ნინო გიორგობიანმა ეს ფაქტი მხოლოდ ზვიად კუპრავას სტატუსის მერე დაადასტურა, თუმცა მას ამ დასტურში მისივე გაკეთებული განცხადების უარყოფა მოუწია, _ თუ ის ჯერ აცხადებდა, რომ „მთავარი არხი“ იტყუება და 112-ში საგურამოდან შეტყობინება არ შესულა, ბოლო განცხადებით დაადასტურა, რომ იაკობ ბრეგაძე ერთადერთი იყო, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა და ის არის დაზარალებული. როგორც გაირკვა, გამოძახებულ პატრულს ფოტოგრაფმა აუწყა, რომ ინციდენტი ამოწურულია და მას თბილისში წაყვანა სთხოვა, ანუ გამოძახება გააუქმა. საქმეში ასევე ფიგურირებს „შკოდა“. ყველაზე საინტერესო ბრეგაძის ეპიზოდში ისაა, რომ იგი, თურმე, წვეულებაზე ფოტოგრაფის სტატუსით არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ადგილზე ფოტოები არ გადაუღია, გადაღების სურვილი კი მხოლოდ ხიდზე გაუჩნდა, როცა ის გაქცეული იყო და თავდამსხმელებს ემალებოდა. საბოლოოდ, გადაღებული მასალა წაშალა და პროკურატურაც ამბობს, რომ დაზარალებული ფოტოგრაფი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ნათესავი დანაშაულს ფარავს.
ამავე ეპიზოდში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, პოლიციელის პატაკი, რომელიც ხელმძღვანელობას სწერს, _ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფმა შეიძლება ფოტოაპარატი თავიდან მოიშოროს. სავარაუდოდ, ნინო გიორგობიანს ჯერ ბოლომდე აცალეს ფოტოგრაფის გათეთრებისკენ მიმართული ყველა ნაბიჯის გადადგმა, მერე ნათესაობის ამბავი გაუბაზრეს და თან ზედ პოლიციელის პატაკიც მიაყოლეს, ემანდ, მტკიცებულებები არავინ გაანადგუროსო, რაც, საბოლოო ჯამში, შს მინისტრის დისკრედიტაციასაც ნიშნავს და ამ სქემას რიგითი პოლიციელი საკუთარ თავზე ვერ აიღებდა.
რაც შეეხება საინფორმაციო „გაპრავების“ ნაწილს, ნინო გიორგობიანის დასაცავად ყველა ის „დამოუკიდებელი“ ჟურნალისტი გამოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში სოსო გოგაშვილის დავალებით და დაფინანსებით ათასგვარ სიბინძურეს ავრცელებდა ჩემ წინააღმდეგ, მათ შორის, ჩემი შვილის დაკავების მომენტში.
ნინო ჯღარკავასთან, ნათია ბერიძესთან, ბონდო მძინარაშვილთან, ჯაბა ხუბუასთან ერთად განსაკუთრებით აქტიურობდა „რეპორტიორის“ დირექტორი და ნუგზარ ფოფხაძის ხელისბიჭი, გიორგი მამაცაშვილი, რომელიც რეალურად გიორგობიანის ნათლიაა და ჟურნალისტურ სტანდარტებს გვასწავლიდა ყველა იმ პირს, ვინც გავბედეთ და კითხვები დავსვით გიორგობიანის მისამართით. ეს ის გიორგი მამაცაშვილია, რომელმაც გოგაშვილის დავალებით და დაფინანსებით, ჩემი შვილის დაკავების პარალელურად, ჩემი „მხილების“ ერთთვიანი კამპანია ჩაატარა, რომელიც ღვარძლზე, ტყუილსა და ცილისწამებაზე იყო აგებული და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირთან ერთად მას კიდევ ერთი „ჟურნალისტი“, ირინა გოგოსაშვილი ეხმარებოდა.
ამ კლასტერის მხრიდან არაერთი საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური პირის გაშავების კამპანიის მომსწრეები ვართ, ნათია ბერიძე კი ბევრად უფრო შორს წავიდა, პროკურატურის ოქროს მოწმე იყო ნიკა მელიას საქმეში და მისი ცრუ ბრალდების დახმარებით შეიკერა მელიასა და პარლამენტში შეჭრის საქმე. გიორგობიანის დასაცავად ამ პერსონების გამოჩენა ლოგიკურად მაფიქრებინებს, რომ შს მაღალჩინოსანს მათთან სამსახურებრივი მეგობრობის გარდა, სხვა ხიდებიც აკავშირებს.
„შაქარაშვილის საქმის“ ერთ-ერთი საინტერესო ფიგურანტი მისი ახლო ნათესავი და ადვოკატი, მირიან ნიკოლაძეა. მისი მოზომილი ტონი, მკვლელობის სხვადასხვა, მათ შორის, დახრჩობის ვერსია, თვითსინანული, რომ გიორგის რაღაც ვერ ასწავლა, იმთავითვე სერიოზულ ეჭვებს ბადებდა. მირიან ნიკოლაძის „ოცნების“ მიმართ სიმპათიები ახალი ნამდვილად არ არის. ის, თავის დროზე, გედეონ ფოფხაძის დიდი გულშემატკივარი და ახლო მეგობარი იყო, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ახლა რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადებული ნიკოლაძე წარმატებით ახერხებდა, ემუშავა პავლე კუბლაშვილის საადვოკატო ბიუროში, პარალელურად კი ყოფილიყო ბადრი პატარკაციშვილის თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ამ უდიდესი ტრაგედიის დროს ძნელია, გარდაცვლილის მშობლებს მოსთხოვო საჯარო განცხადებების გაკეთება, მაგრამ მეორე ბიძა ოჯახის სახელით აცხადებს, რომ შაქარაშვილი მოკლულია და გამოძიება არასწორი გზით მიდის.
მირიან ნიკოლაძე იყო ის პირი, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახის მოთხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაერთო. როგორც გაირკვა, შაქარაშვილის გვამი გეჯაძეს არ გაუკვეთავს და, რეალურად, ექსპერტიზა სხვა ექსპერტმა ჩაატარა, თუმცა ვერც გეჯაძემ დამალა, რომ შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს ბლაგვი საგნით და ეს არ არის მუშტი.
„გიორგი შაქარაშვილის“ საქმე დამოკლეს მახვილივით კიდია „ქართული ოცნების“ თავზე საპარლამენტო არჩევნების წინ.
მაშინ, როცა პანდემიის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაიბრუნა, სამივე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია და, წესით, წინასაარჩევნო კამპანია უნდა გახსნილიყო, ფეხბურთელის მკვლელობა მართლაც წარმოუდგენელი დარტყმა აღმოჩნდა, ამიტომაც, სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯერჯერობით, დუმს და რაიმე ტიპის მესიჯბოქსი პოლიტიკურ ნაწილში არ ვრცელდება.
არარელევანტური აღმოჩნდა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან შაქარაშვილისა და გირგვლიანის საქმეების პარალელები. სანდრო გირგვლიანს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ცოლის დავალებით კუდის მაღალჩინოსნები მისდევდნენ, მას ათზე მეტი ჭრილობა მიაყენეს ოქროყანის ტყეში და მესიჯი, _ გაქცევისას გადაიჩეხა, _ დიდი ვერაფერი არგუმენტია. ამის მიუხედავად, შაქარაშვილის მკვლელობის კვალი თუ მაღალჩინოსნებთან ან მათ ცოლებთან არ მიდის, თავისი მნიშვნელობით არანაკლებ მტკივნეულია ხელისუფლებისთვის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული და უკმაყოფილოა სამართალდამცველი უწყების მუშაობით. მას საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონია როგორც შს მინისტრთან, ისე გენერალურ პროკურორთან და საქმის ბოლომდე გამოძიება და ყველა დამნაშავის დასჯა მოუთხოვია. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რადგან პოლიტიკური ოპონენტების ნაწილი ცდილობს, სკანდალური საქმის ფიგურანტების მფარველობა ბერა ივანიშვილს დაბრალდეს. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ „ოცნების“ მმართველობის რვა წლის განმავლობაში ბერა ივანიშვილი არც ერთ მსგავსს სკანდალში რეალურად არ მონაწილეობდა.
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მიიღოს პასუხი კითხვაზე:
ვინ მოკლა შაქარა?!!
და ვინ მფარველობს შაქარას მკვლელებს?!!
ელისო კილაძე