გუშინ მიშას ეთაყვანებოდა, დღეს _ ბიძინას, ხვალ კი გუნდრუკის კმევას იმას დაუწყებს, ვისაც ქვეყნის მართვის შანსი გაუჩნდება, თუმცა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ პირველკაცობა თავად მოისურვოს. ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, ამის ნიშნები უკვე ჩანს და, სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებშიც აღარ მალავენ, რომ თბილისის მერმა დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს. როგორც ჩანს, ამის შესახებ ხმამ იმ „ბრძენი კაცის“, ე. ი., ივანიშვილის ყურამდეც მიაღწია და, ალბათ, ამიტომაც, კახა კალაძის პერსონით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ. ყოველ შემთხვევაში, გასული წლის მიწურულს „მთავარმა არხმა“ საზოგადოებას აუწყა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფარული დაკითხვების სერია მიმდინარეობდა.
კერძოდ, საუბარი იმაზე იყო, რომ სუს-ში ბიზნესმენებს იბარებდნენ და აიძულებდნენ, თბილისის მერის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.
მართალია, ეს ინფორმაცია მაშინ ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ კულუარებიდან იმ ინფორმაციამაც გამოჟონა, რომ გამოძიება კალაძეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია წულაიაზე გასვლით ცდილობდა, ანუ 16-მილიონიანი ქონება „არქის“ სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად _ გადაეცა, რაც, თურმე, კორუფციული გარიგების ნაწილი იყო. როგორც ვთქვით, ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, მაგრამ ცნობილია, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ მასალებში, თურმე, იმ ბიზნესმენთა ჩვენებებიც ფიგურირებს, რომლებმაც ტენდერი წააგეს.
ზოგადად, კალაძის კორუფციისადმი მიდრეკილება ახალი არ არის და ყველაფერი ეს იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა თბილისის ამჟამინდელი მერი ენერგეტიკის უწყებას ხელმძღვანელობდა და, პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოსტიც ეკავა.
იმაზე, რომ ქართული ენერგეტიკა კალაძემ საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია, ხუთი წლის წინ, ანუ 2015 წელს, მოკვლევა „ქართულმა დასმა“ ჩაატარა:
„მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს, სადაც წერია:
მუხლი 3.1. „კორუფცია საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა;
„ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან;
თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება;
თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, უფლება არ აქვს, ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება“. მოკლედ, მოპოვებული მასალები ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ კორუფციულ ქმედებებთან. კერძოდ, წლების წინათ კალაძემ და ნოღაიდელმა შექმნეს შპს „კალა კაპიტალი“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ზურაბ ნოღაიდელი. შპს „კალა კაპიტალში“ კალაძე ფლობდა თავის წილს არა პიროვნულად, არამედ „კალა ლიმიტედის“ სახით, რომელიც ოფშორულ ზონაში იყო გახსნილი და რომელსაც კალაძე დღემდე ფლობს და ეს მის მიერ შევსებული დეკლარაციიდანაც ჩანს, ანუ „კალა კაპიტალი“ და „კალა ლიმიტედი“ ორი სხვადასხვა კომპანიაა. „კალა ლიმიტედი“ ოფშორულ ზონაშია გახსნილი და მისი მფლობელი „კალა კაპიტალია“. „კალა კაპიტალის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, თავის დროზე, გია ბენაშვილი დაინიშნა, რომელიც ადრე ხაბურძანიას მოადგილე იყო. „კალა ენერჯის“ ჯგუფის ხელმძღვანელად კი მარიამ ვალიშვილი დაინიშნა. ეს ადამიანი, პარალელურად, „კალა კაპიტალის“, ხელმძღვანელი და, ამავდროულად, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალეკო ხეთაგურის პირველი მოადგილე იყო. „ნაციონალების“ დროს ენერგეტიკა ვანო მერაბიშვილის თემა იყო და ხეთაგურიც ვანოს კაცი გახლდათ. ალეკოს პირველი მოადგილე რომ ვალიშვილი იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა კავშირი ექნებოდა ამ ქალბატონს ვანო მერაბიშვილთან? ახლა შეხედეთ – ვალიშვილი, კალაძის იმჟამინდელი მოადგილე ენერგეტიკის სამინისტროში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა კავშირია კალაძესა და მერაბიშვილს შორის?! ხელთ მაქვს კახა კალაძის მიერ 2015 წლის იანვარში შევსებული დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია: „კალა კაპიტალ ლიმიტედი“, კვიპროსი, ანუ ოფშორული ზონა და ეს ადამიანი არის პარტნიორი დღემდე. ნოღაიდელის დეკლარაციაში მითითებულია, რომ „კალა კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და ფლობს წილს. რაც შეეხება მარიამ ვალიშვილს, მის 2009 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ერთდროულად მუშაობს ენერგეტიკის სამინისტროში პირველ მოადგილედ და ამ დროს არის „კალა ენერჯის“ ჯგუფის ხელმძღვანელიც და ეს მაშინაც კორუფციული კანონდარღვევა იყო, მაგრამ ამ კანონდარღვევაზე არ ვამახვილებ იმხელა ყურადღებას, რამხელასაც კალაძესა და ვანო მერაბიშვილის კავშირებზე. „კალა კაპიტალ ლიმიტედი“ 18 ჰიდროელექტრო და 3 თბოელექტრო სადგურის მფლობელია. ასევე საინტერესოა გია ქავთარაძის ბიოგრაფიაც, რომელიც „კალა კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ქავთარაძე 2005 წლის 22 დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩო ახალაიას პირადი ხელმძღვანელი. 2006 წლის „ციხის ბუნტის“ ჩახშობის ბრძანება პირადად მინისტრმა გია ქავთარაძემ გასცა. მან წერილობით დაავალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროს ბაჩო ახალაიას ბუნტის ჩახშობა. სასჯელაღსრულების სპეცრაზმის იმ წევრებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „ციხის ბუნტის“ ჩახშობაში, მადლობა გადაუხადა და პრემიებითაც დაასაჩუქრა. ქავთარაძის დეკლარაციაშივეა აღნიშნული ანა ნაკაშიძე, მისი მეუღლე, რომელიც დღეს კომპანია „სილქნეტში“ მუშაობს. მას ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა უკავია. ეს ადამიანი დღეს, კახი კალაძის ლობირებით, გადაცემულია მარეგულირებელი კომისიის წევრთა სიაში. საყურადღებოა, რომ „სილქნეტის“ ხელმძღვანელი პირები მოდიან მარეგულირებელ კომისიაში, ეს არის უკვე არა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, არამედ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ე. ი. კახი კალაძე ლობირებს „სილქნეტის“ მაღალჩინოსნის, ანა ნაკაშიძის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის წევრად გახდომას, რაც უხეში დარღვევაა. ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებიდან ასევე ჩანს, რომ 2008 წელს „კალა კაპიტალის“ მფლობელი კახი კალაძე აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელობასთან „ყაზტრანსგაზთბილისის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. მაშინ კალაძე ამბობდა, _ ჩვენი გუნდის ინტერესი იყო ამ კომპანიის ყიდვა, როდესაც „კალა კაპიტალი“ შეიქმნა, ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე „თბილგაზის“ შესყიდვა. მსურდა, ჩვენი ქვეყნისთვის რამე მნიშვნელოვანი გამეკეთებინაო. კახი კალაძესა და „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაგრძელდა და ჩაიშალა, მაგრამ როცა ენერგეტიკის მინისტრი გახდა, „თბილგაზი“ სამართავად სახელმწიფო მენეჯმენტს გადაეცა, რომლის ხელმძღვანელიც კალაძის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გია ბენაშვილია, ამ უკანასკნელმა კი თქვა, _ უახლოეს წარსულში გაზს ნამეტანი იაფად ვყიდით და ამიტომ 20%-ით უნდა გავაძვიროთო. შედეგად, 2015 წლიდან იურიდიულ პირებისთვის „ყაზტრანსგაზთბილისის“ მიერ გაზის მიწოდების ტარიფი 1კუბ/მ-ზე 20 თეთრით იზრდება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მივწერე ოფიციალური წერილი და მიპასუხეს, _ გაზის ფასი, სახელმწიფოში რამდენად შემოდის, საიდუმლოაო. ისევ მივწერე, _ რა სისულელეა, არ შეიძლება, გასაიდუმლოებული იყოს, სახელმწიფო რამდენად ყიდულობს გაზს-მეთქი. მაინც მიპასუხეს, _ კომერციული საიდუმლოებააო… ესეც მორიგი სისულელეა, ბევრი რამ შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, გაზის ტარიფის გარდა. მთელი ამ ამბის „მუღამი“ იცით, რა არის? _ ერთგვარი კლანია ჩამოყალიბებული, ბუდეა ენერგეტიკის სამინისტროში და თითოეული მათგანი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს. კახი კალაძე, რომელიც ენერგეტიკაში ბიზნესებს ფლობს, ენერგეტიკის მინისტრია. ამ კახი კალაძემ მთელი თავისი გუნდი თავის შპს-დან გადმოიყვანა სამინისტროში, ერთი მოადგილეა, მეორე – „თბილგაზის“ მმართველი, მესამეს, ქავთარაძის ცოლს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უშვებს. აქედან ჩანს, რომ კალაძე ლობირებს კომპანია „სილქნეტს“, სადაც უნდა, რომ წარმომადგენელი ჰყავდეს და თავისი ქსელი გააბას! სხვათა შორის, ივანიშვილი ალასანიას კომპანია „სილქნეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო აკრიტიკებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ კალაძე „სილქნეტის“ მაღალჩინოსნებს ნიშნავს კომუნიკაციებში. ეს იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ ირღვევა კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, _ აცხადებდა მედიასთან საუბრისას 2015 წელს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია. ამასთან, ბაღათურია ამბობდა, რომ მის მიერ მოკვლეულ მასალებს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნიდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ეს მასალები ბაღათურიამ საგამოძიებო უწყებას მიაწოდა თუ არა, მაგრამ თუ მიაწოდა და აქამდე თაროზე იყო შემოდებული, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ახლა გააქტიურდეს, რადგან კალაძეს, როგორც ირკვევა, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის ამბიცია აქვს, რასაც ივანიშვილი, სავარაუდოდ, არ აპატიებს. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ქართულ ინტერნეტმედიაში გაჩნდა ცნობა, რომ „ოცნების“ ერთ-ერთ შეხვედრაზე თბილისის მერი ივანიშვილსა და ე. წ. ამბოხებულ დეპუტატებს თითქოს ღიად დაუპირისპირდა. „ივანიშვილსა და კალაძეს შორის არც აქამდე იყო ტკბილი ურთიერთობები, თუმცა ბოლო შეხვედრის ინციდენტმა მათი გზები, სავარაუდოდ, საბოლოოდ გაყო. ზოგადად, ივანიშვილი ეჭვიანობს, რომ კალაძემ შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს. ამიტომაც დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კალაძის საქმიანობის შესწავლა“, _ უყვებოდნენ ჟურნალისტებს „ოცნების“ ინფორმატორები. ზოგადად, კალაძის დამოუკიდებელი თამაშის შესახებ ახლა კი არა, პირველად, ჯერ კიდევ, მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს გავრცელდა ხმა. მაშინ ისიც ითქვა, რომ სწორედ ამიტომ უნდოდა კალაძეს თბილისის მერობა, რომ უფრო მეტი ავტონომიური მოქმედების საშუალება ჰქონოდა. მართალია, მაშინაც და ახლაც გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს კალაძე საჯაროდ უარყოფდა და უარყოფს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ კულუარებში კარგად ერკვევიან, დარწმუნებულები არიან, რომ თბილისის მერი, ადრე თუ გვიან, დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს და ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ბიძინა ივანიშვილს სკანდალურ ბრალდებებს წაუყენებს. „კალაძის ირგვლივ მოარული ხმა რაღაც სინამდვილეს, რა თქმა უნდა, ასახავს. მას, როგორც ყოფილ სპორტსმენს, ბუნებრივია, საზოგადოებაში მხარდაჭერა და გავლენა ექნება, ეს სამთავრობო სახე ახლაც პოზიტიურად გამოიყურება, შეიძლება ითქვას, რომ ის სამთავრობო გუნდში ერთ-ერთი პოზიტიური სახეა. თქვენ ხედავთ, როგორ დახვეწა მეტყველება და დღეს კახი კალაძეს არც მეტყველებაში და არც ჩაცმულობაში პრობლემა არ აქვს. ის გავლენას ახდენს ასევე ვიზუალური ეფექტით, მაგრამ მეორეა, როცა ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ძალაუფლება გაქვს, ენერგეტიკის დარგში პირადი ინტერესები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მას ბიზნესში კერძო ინტერესები გამოუვლინდა, რაც ფაქტებითაა დაფიქსირებული. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი კი კალაძეს ასეთ საქმიანობას უკრძალავს. ამიტომ თუ დღეს კახი კალაძის საქმიანობა აქტუალური არ არის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება და ამ ეტაპზე კახი კალაძის საქმე მიზანშეწონილობას კარგავს, მაგრამ ის, რომ კახი კალაძის საქმე არ ჩაიფარცხება და ამას რეაგირება მოყვება, ამ საკითხში დარწმუნებული ვარ. თანამდებობის პირი ბიზნესისგან შორს უნდა დადგე, რადგან ეს შემდეგ ჩინოვნიკის კომპრომატი ხდება. ნუ იფიქრებს კალაძე, რომ ხელშეუხებელია“, _ აცხადებდა 2014 წელს ვალერი გელბახიანი. ერთი შეხედვით, ყველაფერი ის, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, შესაძლოა, შეთქმულების თეორიაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ გახსოვთ, გასული წლის მიწურულს თბილისის საკრებულოს წევრმა ზარქუამ, რომელსაც უმრავლესობიდან წასული ერთ-ერთი დეპუტატის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა ეკუთვნოდა, საკანონმდებლო ორგანოში გადაპორტირებაზე უარი თქვა და ეს მაშინ, როცა ზარქუა, თვითმხილველთა თქმით, პარლამენტარობაზე ოცნებობდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზარქუა კალაძის კლანის წევრია. ჰოდა, ის, თურმე, იქ დაიბარეს, სადაც ჯერ არს და უთხრეს, რომ პარლამენტის წევრობაზე უარს იტყოდა, ანუ, როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში თბილისის მერის წარმომადგენლობა გაძლიერებულიყო. საერთოდ, მას შემდეგ, რაც პოლიტიაკში მოვიდა, კალაძე მუდმივად სკანდალების ეპიცენტრშია _ მას ხან „კანონიერ ქურდებთან“ კავშირში ამხელენ და ხანაც მის კორუფციულ მიდრეკილებებზე აქცენტირებენ. ასე, მაგალითად, 2014 წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას აუწყა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის დავალებით, ძებნილი „კანონიერი ქურდი“, რომან ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა: „რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხუთი დღის წინ დააკავეს ქართველი „კანონიერი ქურდი“, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი რომან ბარბაქაძე, მეტსახელად „რემენა“. დაკავების დროს მან უკრაინელ სამართალდამცველებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის, რამინ ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ საქართველოს საკონსულოს აცნობა და კიევის შევჩენკოს რაიონის მიგრაციის სამსახურმა ის დროებითი მოწმობით გამოადეპორტა. თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს, 19:35 საათზე, თბილისში კი მოვლენები ასე განვითარდა: რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გაეტარებინა და დაეკავებინა როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის დროს აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებას ასრულებდნენ, კერძოდ, მათი თქმით, „რემენა“ იყო არა „კანონიერი ქურდი“, არამედ ბიზნესმენი და გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა, ბარბაქაძე აეროპორტიდან გაიყვანა, რომლის მიერ საზღვრის კვეთაც კი არ ფიქსირდება. მივმართავთ კითხვით ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს: იცნობს თუ არა „კანონიერ ქურდ“ „რემენას“ და რა კავშირი აქვს მასთან? ასევე შეკითხვით მივმართავ შსს-ს, _ რატომ არ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ დეპორტაციის თაობაზე? ასევე მივმართავთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, _ იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში?“ _ განაცხადეს 2014 წლის ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალებმა“. „კანონიერი ქურდებისა“ და კალაძის შესაძლო კავშირებზე, თავის დროზე, განცხადება გააკეთა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ ნათელაშვილმა კალაძეს „ქურდების გაზრდილი“ უწოდა და თქვა: „მაგის გამზრდელი ოფიციალური პირები „კანონიერი ქურდები“ არიან, ახლა იმ „კანონიერი ქურდების“ სახელისა და გვარების ჩამოთვლა არ მინდა… კალაძემ, ბანდიტ კობიაშვილთან ერთად, ბიუჯეტს 300 მილიონი ააფცქვნა ფეხბურთის განვითარებისთვის და ადრეული ავტოგოლების შემდეგ ქართული ფეხბურთი მოკლა. კალაძე არავითარი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი არ იყო. ის შევჩენკომ და ქურდებმა გაგზავნეს იტალიის „მილანში“, მოხვდა იქ ქურდ პატრონთან, ბერლუსკონისთან, რომელიც იტალიური მაფიის მამაა, პუტინის ცნობილი ძმაკაცი და შეიქმნა ხელოვნური და ყალბი იმიჯი „არმანის“ გადაღებებით“. რაც შეეხება კორუფციულ სკანდალებს, ამ მხრივ ერთ-ერთი თბილისის მთავარი ნაძვის ხე გახლდათ, რომელშიც თბილისის მერიამ თითქმის მილიონი გადაიხადა. არადა, როგორც გაირკვა, ეს მთავარი საახალწლო ატრიბუტი 100 ათასზე მეტი არ ღირდა. ნაძვის ხის სკანდალს სკამების ტენდერის სკანდალი მოყვა, ანუ თბილისის მერიამ განახლებული ჭავჭავაძის გამზირისთვის 1,9 მილიონ ლარად 155 სკამის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს ტენდერი შეწყდა. შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიამ თბილისის მერიის შეთავაზებული ვერსია, „სკამების ვანდალიზმისგან დაცვის“ მექანიზმიების არჩადება, დაასახელა. 20 იანავარს გამოქვეყნებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, სატენდერო პირობები ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანია შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფმა“ გაასაჩივრა, თუმცა რა გახდა გასაჩივრების მიზეზი, ამის შესახებ ზემოხსენებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. ნიშანდობლივია, რომ შპს „ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის“ დირექტორმა, სერგო ჯავახიძემ, თბილისის მერი კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა: „ჩამოიტანა რაღაცა სურათები და დაავალდებულა მერიის თანამშრომლები, გამოეცხადებინა ტენდერი. კალაძე თავიდან ბოლომდე კორუფციაშია გახვეული“. ერთი სიტყვით, კალაძის გარშემო საავდრო ღრუბლები იყრის თავს. რით დამთავრდება ყველაფერი ეს, ძნელი სათქმელია, თუმცა თუ სოლოლაკის სასახლეში ჩათვლიან, რომ თბილისის მერი მათი კომფორტისთვის საფრთხის შემცველია, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ავტოგოლების ავტორის პოლიტიკური კარიერა ფატალურად დასრულდეს!