QronikaPlus
მოსამართლეებს ადვოკატი კახა ყიფიანი აშინებს?

მოსამართლეებს ადვოკატი კახა ყიფიანი აშინებს?

2019-10-23 12:27:51

„ქრონიკა+“ მეოთხე წელია აშუქებს თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ღვინის ქარხანა კერძო პირების საკუთრებაა, რომელიც 2013-2014 წლებში გამოისყიდეს საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკებისგან (თBჩ ბანკი და საქართველოს ბანკი). ობიექტის შესყიდვა მოხდა სრულიად გამჭვირვალედ და მას უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი. 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ითხოვს, რომ ობიექტი, რომელიც ინვესტორებმა რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინეს, მათ ჩამოერთვათ. მოსარჩელე გიორგი მგალობლიშვილია, არადა, 2004 წელს მან ქარხანა გაყიდა. აქციონერებმა მგალობლიშვილს სწორედ იმ მოტივით უჩივლეს, რომ მას არ ჰქონდა ქარხნის გაყიდვის უფლება. პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, საქმეზე ათამდე პირი დააკავეს, მგალობლიშვილი არ დაუკავებიათ, რადგან მან ქვეყნის დატოვება მოასწრო. მისი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილის ყველა ქმედება კანონიერი იყო და მას ქარხნის გაყიდვით კანონი არ დაურღვევია. მგალობლიშვილის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა და სამართლებრივი დევნა იმ დრომდე მიმდინარეობდა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. არჩილ კბილაშვილმა, როცა ის მთავარი პროკურორი გახდა, გიორგი მგალობლიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ამის მიუხედავად, მგალობლიშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრების სია დაამტკიცა, პირველ სიაში გიორგი მგალობლიშვილი ვერ მოხვდა. 2014 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მაშინდელ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს დამატებითი სია და წერილი გაუგზავნა. დამატებით სიაში, რომელიც ბესელიამ ბადაშვილს გაუგზავნა, გიორგი მგალობლიშვილიც მოხვდა. რატომ იყო პირი პოლიტიკური დევნილი, რომელსაც ქარხნის გასხვისებისთვის აქციონერები უჩიოდნენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია. „ქრონიკა+“-მა დოკუმენტები მოიპოვა, რომელიც გასულ ნომრებში გამოქვეყნდა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, უბრალოდ, არ არსებობს. „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ სკანდალური დოკუმენტი მიაწოდა, რომლითაც ცხადი ხდება, თუ როგორ შეძლო სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში მხილებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და რა პირდაპირი გავლენა აქვს აღნიშნულს ამჟამად მიმდინარე სამოქალაქო დავასთან. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი მგალობლიშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა 2013 წლის 24 ივლისს. იგი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ დაზარალებულმა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხნამ“ სისხლის სამართლის სასამართლოში წერილობით დაადასტურა მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგი მგალობლიშვილს კომპანიისთვის ზიანი არ მიუყენებია. ამის დასტურად კონფიდენციალურმა წყარომ „ქრონიკა+“-ს მიაწოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.07.2013 წლის განჩინება, ასევე სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ აქციონერთა გადაწყვეტილებები, რომლითაც ირკვევა, რომ სს „სავანე ღვინის #1 ქარხანა“ არ მიიჩნევს თავს დაზარალებულად გიორგი მგალობლიშვილის ქმედებების შედეგად. კონკრეტულად, 2010 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებულ სს „სავანე ღვინის ქარხნის“ აქციონერთა კრების ოქმში, რომელსაც კრების თავმჯდომარე ჯორჯ უილიამს კურტისი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ აქციონერთა კრების გადაწყვეტილების მიხედვით, გიორგი მგალობლიშვილის ქმედებებს სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხნისთვის“ არავითრი ზიანი არ მოუტანია და, შესაბამისად, სააქციო საზოგადოება „სავანე _ ღვინის #1 ქარხანა“ გიორგი მგალობლიშვილის ქმედებების შედეგად თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს“. 2014 წლის დეკემბერში სამოქალაქო სასამართლოში აღძრულ სარჩელში მოსარჩელე მხარე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს, თავს განიხილავს დაზარალებულად და ითხოვს გიორგი მგალობლიშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ გასხვისებული საკუთრების უკან, მის სახელზე აღრიცხვას. ერთი და იგივე მოვლენის სხვადასხვა სასამართლოში განსხვავებულად წარმოჩენა, ცხადია, სერიოზულ კითხვებს ბადებს, _ ხომ არ ხდება ისევ ქონების მიტაცების მცდელობა? თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ადვოკატ არჩილ თაბაგარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტები საქმეს დაურთო. ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ყველა ლოგიკით, სარჩელის განხილვა საერთოდ უნდა შეწყდეს, რადგან მისი განხილვის სამართლებრივი საფუძველი, უბრალოდ, არ არსებობს. არადა, მგალობლიშვილის სარჩელმა დიდი გზა გაიარა: პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე სს „სავანე ღვინის #1 ქარხანას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, თუმცა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ერთი წლის შემდეგ, 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ქეთევან მესხიშვილის, ნათია გუჯაბიძისა და ნატა ნაზღაიძის შემადგენლობით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მოსარჩელემ საკასაციო სარჩელით მიმართა უზენაეს სასამართლოს. 2018 წელს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბესარიონ ალავიძის, ზურაბ ძლიერაშვილისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირფესვიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ახლიდან შესწავლის“ მოტივით, განსახილველდ უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილმა საქმე ვერ ჩააწყო და ეს მხოლოდ უზენაეს სასამართლოში მოახერხა, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მოსამართლეთა შემდეგმა შემადგენლობამ დაიწყო: პალატის თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი, მომხსენებელი მოსამართლე, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე. ამ შემადგენლობით სასამართლოს რვა სხდომა გაიმართა. 2019 წლის 22 მარტს გადაწყვეტილებაც უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო, მოგვიანებით კი დაზუსტდა სხდომის განახლების თარიღი _ 19 ივნისი. მიმდინარე წლის 19 ივნისს არჩილ კბილაშვილის გვერდით მოსარჩელე მხარის კიდევ ორი ადვოკატი გამოჩნდა _ ვლადიმერ გაბრიელაშვილი და კახაბერ ყიფიანი. ქეთევან მესხიშვილმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საქმის ყველა ნიუანსი და მეორეც, არსებობდა კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მასზე ზეგავლენა ვერ მოახდინეს და სასურველი გადაწყვეტილების მიღების პირობაც ვერ მიიღეს. ჩხარტიშვილის დაქირავებული ადვოკატების მიერ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე პირდაპირი მნიშვნელობით შტურმი დაიწყო. სასამართლო დავაში მესამე მხარედ წარმოდგენილია საქართველოს ბანკი. ადვოკატებმა ქეთევან მესხიშვილი „ამხილეს“ _ მისი მეუღლე საქართველოს ბანკში იურისტად მუშაობს, არადა, ეს ფაქტი დამალული არ ყოფილა. მოგეხსენებათ, მოსამართლე ყოველწლიურად ავსებს დეკლარაციას, სადაც ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, თანამდებობა და შემოსავალია მითითებული. სწორედ ამ მოტივით მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა ჯერ ქეთევან მესხიშვილის აცილება მოითხოვეს და შემდეგ კოლეგიის სრული დაშლა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. ეს მოხდა იმ სხდომაზე, სადაც მხარეებს ბოლო სიტყვა უნდა წარმოეთქვათ და გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო. კულუარული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილის გავლენა იმდენად დიდი იყო, არნახულ ზეწოლას განიცდიდა სააპელაციო სასამართლოს კოლეგია. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით ექვსი სხდომა გაიმართა და ყველა სრულდებოდა იმით, რომ განხილვა გადაიდებოდა, რაც საბოლოოდ განმხილველი პალატის სრული დაშლით დასრულდა. ვინ არის კახა ყიფიანი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე რეალურად მოსამართლეთა ზონდერად მოგვევლინა და მას შემდეგ, რაც ქეთევან მესხიშვილის აცილების საკითხი კბილებით გაიტანა, სხვა სხდომებზე უფუნქციოდ ზის და მას მერე სიტყვაც არ დაუძრავს? მისი სახელი და გვარი, პრაქტიკულად, არ იგუგლება. მწირი ბიოგრაფიული ცნობების მოპოვება „ქრონიკა +“-მა უცხოურ საიტზე შეძლო: განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის ასპირანტი (2006 წლიდან); ევროპული სამართლის მაგისტრი, რობერტ ბოშის ფონდის მეცნიერი (2001-2002); სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი (1998-2001); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (1994-1998); სადისციპლინო საბჭო _ ხელმძღვანელი (2008-2009); საქართველოს გენერალური პროკურატურა _ იურიდიული განყოფილების უფროსი (2008); საქართველოს იუსტიციის სამინისტრო _ იურიდიული განყოფილების უფროსი (2007-2008); სადისციპლინო საბჭო _ ოფისის ხელმძღვანელი (2006-2007); საერთო სასამართლოების სადისციპლინო საბჭო _ საბჭოს თავმჯდომარე (2004-2006); საქართველოს იუსტიციის საბჭო _ კონსულტანტი, მთავარი კონსულტანტი, მრჩეველი (1998-2004); ადვოკატთა გამოცდა: სერტიფიკატი სამოქალაქო სამართალში (2003), პროკურორების გამოცდა (2003); ენები: მშობლიური ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული. პრაქტიკის სფეროები: სამართალწარმოება და არბიტრაჟი, კორპორაციული სამართალი, სადაზღვევო სამართალი, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი. თუ ყიფიანის ბიოგრაფიას დაკვირვებით წავიკითხავთ, წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის საბჭოში სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე იყო და, შესაბამისად, _ მოსამართლეებზე საკმაოდ დიდი გავლენის მქონე პირიც. მისი გამოჩენა სააპელაციო სასამართლოში ქეთევან მესხიშვილის აცილებასა და კოლეგიის დაშლას დაუკავშირდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვანო ჩხარტიშვილი პირდაპირ ვერ ახერხებს სასამართლო კოლეგიაზე გავლენას, რადგან მისი ქმედებები „გაბაზრდა“ და ივანიშვილის ყურამდეც მივიდა, სწორედ ყიფიანის მეშვეობით ცდილობს ახალ კოლეგიასთან დალაგებას. „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ ასევე საინტერესო მასალები მიაწოდა კახა ყიფიანის მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც, გადამოწმების შემდეგ, გაზეთის მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ. სააპელაციო სასამართლოს კოლეგია, რომელმაც 24 ოქტომბერს ბოლო სხდომა უნდა გამართოს, ასე გამოიყურება: გოგიტა თოთოსაშვილი, მერაბ ლომიძე და გელა ქირია. ეს უკანასკნელი კოლეგიის შემადგენლობაში წინა სხდომაზე გამოჩნდა, იურუდიულ წრეებში მას შემსრულებელ მოსამართლედ იცნობენ და მისი საქმიანობის შესახებ „ქრონიკა+“-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძეც უყვებოდა.

ელისო კილაძე

 

გაზიარება