ეკონომიკის მინისტრი ახალ სკანდალში ეხვევა. ზოგადად, ნათია თურნავასთვის სკანდალები და გაუგებრობები, როგორც იტყვიან, ახალი ხილი ნამდვილად არ არის, თუმცა, ამჯერად, მის წინააღმდეგ საქართველოს ავიატორები გამოდიან და, შესაძლოა, სასამართლომდეც მივიდეს საქმე.
რატომ უპირისპირდებიან ვეტერანი მფრინავები თურნავას? _ ამის შესახებ ვრცლად ქვემოთ ვისაუბროთ. მანამდე კი ეკონომიკის მინისტრზე, ასე ვთქვათ, წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მის ოფიციალურ ბიოგრაფიასა და სახელმწიფო უწყებებში მუშაობის ბეგრაუნდს გადავხედოთ:
ის, რომ ქალბატონი თურნავა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან უცვლელი ჩინოვნიკია, ყველამ იცის. ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ მისი მფარველი ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია, ანუ ქალბატონი თურნავა, თავიდან ბოლომდე, ჩხარტიშვილის კადრია და, როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ჩხარტიშვილი ადრეც და ახლაც ყველა ან თითქმის ყველა არაკანონიერ ქმედებასა თუ მაქინაციას სწორედ თურნავას ხელით აკეთებდა და აკეთებს. ეს კი არადა, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ „ოცნებამ“ თურნავა ეკონომიკის მინისტრად სწორედ ჩხარტიშვილის მითითებით დაინიშნა.
შეიძლება, ეს გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ჩხარტიშვილი არათუ გავლენიანი ადამიანია, არამედ მას ქვეყნის მეორე არაფორმალურ მმართველსაც უწოდებენ.
სხვათა შორის, ბოლო დროს „გამსკდარ“ თითქმის ყველა ბიზნესსკანდალში ჩხარტიშვილი ფიგურირებს და ამის დასტურად, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ომეგას“ საქმეც გამოდგება, ანუ ერთი წლის წინ „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, ჩხარტიშვილს პირდაპირ დასდო ბრალი, რომ ის „ომეგას“ სიგარეტის ქარხნის მითვისებას ცდილობდა და ამ თემაზე ფარული ჩანაწერებიც გამოქვეყნდა.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ქვეყნის კი არა, კონკრეტული ადამიანის, ანუ ჩხარტიშვილის ინტერესებს ატარებს.
ახლა რაც შეეხება თურნავას ოფიციალურ ბიოგრაფიას: ის განათლებით ეკონომისტია _ ბაკალავრის პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა და ამავე უნივერსიტეტში გაიარა ასპირანტურა.
სამაგისტრო პროგრამა თურნავამ, როგორც ირკვევა, დიდი ბრიტანეთის კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა და ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა. ეკონომიკის მინისტრი 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ასევე ორი წიგნის თანაავტორია.
თურნავაზე ხელისუფლების ცვლილებას არ უმოქმედია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ ადვილად „გაქოცდა“ და, შესაბამისად, „ოცნების“ ხელისუფლებაში თანამდებობებიც მიიღო, ანუ სანამ ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.
საპარტნიორო ფონდი, როგორც იტყვიან, „ოცნების“ მთავარი „გორდიას კვანძია“, ანუ ყველამ, ვინც ბიზნესში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის, რომ ეს უწყება ბიზნესმენების „გაპარსვას“ ემსახურება. ამ „გაპარსვის“ სქემა კი, დაახლოებით, ასეთია:
ვთქვათ, თქვენ ხართ ბიზნესმენი და სურვილი გიჩნდებათ, რომ რომელიმე პროექტში ფული დააბანდოთ ან, სულაც, ინვესტიცია განახორციელოთ. თქვენი გეგმების შესახებ, ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა აცნობოთ. ისინი, ავტომატურად, საპარტნიორო ფონდში გაგზავნიან. თქვენ, ცხადია, გიჩნდებათ კითხვა, თუ რა გინდათ ფონდში? პასუხად იღებთ, მიდით და ყველაფერს გაიგებთო.
მოკლედ, მიდიხართ საპარტნიორო ფონდში, რომელსაც დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს (აქვე, შეგახსენებთ, რომ ბატონი საგანელიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია). საპარტნიორო ფონდში დიდი პატივით გხვდებიან, შესაძლოა, ყავა და გაზიანი სასმელებიც შემოგთავაზონ. ამასთან, ათას მადლობასაც გიხდიან იმისთვის, რომ ინვესტიციის დაბანდება გადაწყვიტეთ და თქვენც გგონიათ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აი, სწორედ ამის შემდეგ იწყება „თავდავიწყება“, ანუ ფონდში მიგანიშნებენ, რომ თუ პრობლემები არ გინდათ, უმჯობესია, ინვესტიცია სწორედ ამ ფონდის მეშვეობით განახორციელოთ.
ბუნებრივია, იკითხავთ, ეს როგორო?
_ მარტივად, _ გიპასუხებენ და აგიხსნიან, რომ თქვენ ფულს შეიტანთ საპარტნიორო ფონდში, მერე ფონდი თქვენი პროექტის დასაფინანსებლად თქვენივე ფულს მოგცემთ და ამას დაერქმევა სახელმწიფო ინვესტიცია.
თუ ამ გარიგებაზე არ წახვალთ, ბიზნესის დაწყებაში არავინ შეგიშლით ხელს, მაგრამ როგორც კი საქმიანობას შეუდგებით, პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ „სარდაფში“ აღმოჩნდეთ, სადაც ერთი-ორ თბილ სიტყვას გეტყვიან და თუ ამ „თბილი სიტყვების“ მნიშვნელობას ვერ ჩასწვდებით, „თავში წამოთაქებაც“ არ აგცდებათ.
ეს სქემა შესაძლოა, უტრირებულია, მაგრამ ინვესტიციების დაბანდების ამ მეთოდზე კულუარებში არაერთი ბიზნესმენი საუბრობს და „ქრონიკა+“-მაც სამზეოზე ამიტომ გამოიტანა, ანუ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, იმას ვყვებით, რის საჯაროდ თქმასაც ცალკეული ადამიანები ერიდებიან, თუმცა, ალბათ, მოვა დრო და საპარტნიორო ფონდს სახალხოდ ბევრი ამხელს.
ახლა კი რაც შეეხება იმ სკანდალს, რომელშიც ეკონომიკის მინისტრი ეხვევა და რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ: საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მფრინავები, უფრო კონკრეტულად, ვეტერანი ავიატორები, ქალბატონ თურნავას ტყუილში ამხელენ და მის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებასაც აპირებენ.
რა დაუშავა თურნავამ ავიატორებს? _ როგორც ირკვევა, 15 წლის წინ, ანუ 2004 წელს, როცა „ვარდების რევოლუცია“ ახალი მომხდარი იყო და „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ თბილისის აეროპორტის გასხვისება გადაწყვიტა, ქალბატონმა თურნავამ, რომელიც იმხანად ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ, ქართველ ავიატორებს პირობა სიტყვიერად კი არა, წერილობით მისცა, რომ აეროპორტი უცხოელებზე არ გასხვისდებოდა და მისი მეწილეები, ანუ აქციების მფლობელები, ქართველი მფრინავები გახდებოდნენ.
მართალია, ეკონომიკის ქალბატონ მინისტრს ეს არ ახსოვს, სამაგიეროდ, მფრინავებს აქვთ მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და თურნავას წინააღმდეგ დღეს ზუსტად ეს წერილი მუშაობს.
წერილში, რომელიც 2004 წლის 6 ოქტმბრით არის დათარიღებული, ვკითხულობთ:
„საქართველოს ავიატორებს!
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განიხილა საქართველოს ავიატორთა კოლექტიური განცხადება სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ აქციათა პაკეტის საქართველოს ავიატორებისთვის მიყიდვის თაობაზე.
გაცნობებთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ ქონებრივი სტრუქტურის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და საწესდებო კაპიტალის კორექტირება.
აღნიშნულის დასრულების შემდეგ, სამინისტროს მიერ საზოგადოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტი, დადგენილი წესით, გამოტანილი იქნება საპრივატიზებოდ, რის თაობაზეც სათანადო ინფორმაცია გავრცელდება როგორც პრესის, ასევე ელექტრონული და სხვადასხვა საშუალებით.
ამდენად, სს „თბილისის აეროპორტის“ აქციათა პაკეტის პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, საქართველოს ავიატორებსაც“.
შეგახსენებთ: ამ წერილს ხელს აწერს ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე და ამჟამად ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც 15 წლის შემდეგ, ანუ ახლა, მსგავსი შინაარსის წერილზე არამცთუ ხელისმოწერას, არამედ, ლამის, იამასაც კი უარყოფს, რომ 2004-ში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ავიატორებმა „ალექსეევკის“ დასახლებაში საპროტესტო აქცია გამართეს და ცნობილი გახდა, რომ ისინი თურნავასთან სასამართლო დავის დაწყებას აპირებენ, ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი წერილი გაავრცელა:
„პირველ ყოვლისა, გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო, ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.
კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.
კიდევ ერთხელ გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აჰყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას.
ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ, სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე, როგორც ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს“.
როგორ გასხვისდა, თავის დროზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ეს ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ ამაზე შეიძლება, სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი იმას გეტყვით, თუ რას ითხოვენ ქართველი ავიატორები:
„საქართველოს მფრინავთა ასოციაციის“ წევრები ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც 15 წლის წინათაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა და საქართველოს აეროპორტის აქციები ისე გადაეცა ინვესტორებს, რომ ავიატორებისთვის და მფრინავებისთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ.
გარდა იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მეთხუთმეტე წელია, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, იმ ადამიანების პრობლემები, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის ავიაციის მშენებლობაში, დღეს არავის ადარდებს. მათ სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული და ბევრი მათგანი მხოლოდ ვეტერანის 22-ლარიან კომპენსაციაზე ცხოვრობს.
ამის გამო ვეტერანმა მფრინავებმა და ავიატორებმა აქცია გამართეს და იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლითაც ახალი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ“, _ იუწყებოდა ქართული მედია მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს.
მოკლედ, როგორც ვთქვით, ეკონომიკის სამინისტრო ავიატორების აქციას უსწრაფესად გამოეხმაურა და იმის მტკიცებას მოყვა, რომ 2004-2005 წლებში თურნავას ეკონომიკის სამინისტროში საერთოდ არ უმუშავია, თუმცა ფაქტები, ანუ ამ შემთხვევაში, ბიოგრაფია, სხვა რამეზე მეტყველებს.
თურნავას ბიოგრაფიაში კი შავით თეთრზე შემდეგი წერია:
„2000-2005 წლებში იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს _ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან _ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წლებში _ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
2018-2019 წლებში _ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია“.
სხვათა შორის, ავიატორებს ამ თემაზე საუბარი ახლა არ დაუწყიათ, ანუ ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასხვისებას თავის დროზეც აპროტესტებდნენ.
ამას გარდა, ქართველ ავიატორებს სხვა პრობლემებიც აქვთ, კერძოდ, მათ უმეტესობას, მას შემდეგ, რაც აეროპორტი უცხოელებზე გასხვისდა, პენსია კი არ დაუნიშნეს, არამედ, კომპენსაცია მისცეს. შესაბამისად, ახლა ისინი პენსიას ვერ იღებენ. წინა ხელისუფლება, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ავიატორებს არაერთხელ დაჰპირდა, რომ კანონში არსებულ ხარვეზს გამოასწორებდა სამსახურიდან გაშვებულ ავიატორებს პენსია დაენიშნებოდათ, მაგრამ ეს დაპირება დაპირებად დარჩა.
ანალოგიური დაპირება, თავის დროზე, „ოცნებასაც“ ჰქონია, მაგრამ მფრინავები „ოცნებამაც“ დაივიწყა. ამიტომაც ავიატორები ბრძოლას ახალი შემართებით იწყებენ და იმედოვნებენ, რომ მიზანს მიაღწევენ, ანუ მხოლოდ ნათია თურნავა კი არ აგებს პასუხს, არამედ ავიატორებს პენსიაც დაენიშნებათ.
სხვათა შორის, ქართველი მფრინავების პროტესტზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ჯერჯერობით, რეაგირება არ მოუხდენია. ერთადერთი, ვინც ვეტერან მფრინავებს შეხვდა, ანუ მათ აქციაზე მივიდა, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე იყო, რომელმაც განაცხადა:
„ნათია თურნავას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი პრივატიზების საქმეებში, ორივე მხრიდან, როგორც მაპრივატიზებელს და როგორც პრივატიზაციის გამკეთებელს და ამიტომაც ჰყავს თანამდებობებზე და მოწილედ ყველა დროის ხელისუფლებას!“
ერთი სიტყვით, ეკონომიკის სამინისტროს ზემოხსენებული განცხადება ნათელყოფს, რომ ნათია თურნავას ძველი საქმეების ამოწევა არ აწყობს და ამიტომაც ამტკიცებს, ეკონომიკის სამინისტროში არ მიმუშავიაო, მაგრამ თუ სამართლიანი სასამართლო გაიმართება, მსგავსი განცხადებები არც თურნავას უშველის და არც _ ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ მაქინაციაშია მხილებული და რომელიც ახლაც თავს მშვიდად გრძნობს!
ასე რომ, მივადევნოთ თვალი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები!
გიორგი აბაშიძე