ადვოკატი ნონა ფილაური „ქრონიკა+“-თან სამშენებლო სფეროში არსებულ პრობლემებსა და მერიის უკანონო გადაწყვეტილებებზე საუბრობს. ფილაური ამბობს, რომ თბილისის მერია საფრთხეს უქმნის ბიზნესის განვითარებას და კორუფციულ გარიგებებშია ჩართული.
ის ყვება, რომ ბიზნესმენები კანონით მოპოვებული სამშენებლო ნებართვით აგებენ კომერციულ თუ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა უკვე დასრულებული სამუშაოს შემდეგ თავს იჩენს ხელოვნური პრობლემები და მშენებლობის პროცესი გაურკვეველი ვადით უჩერდება ან საერთოდ უუქმდება ადამიანებს.
ნონა ფილაური:
_ შპს „კადაკი+“-მა 2016 წლის პირველ აპრილს თბილისში, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, კანონიერად შეიძინა უძრავი ქონება პეკინის 28 ნომერში (552 კვ.მ.). მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა, რომლის თანახმადაც დადასტურდა და დამტკიცდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. შეძენილი ქონება წარმოადგენდა სხვენს. აღნიშნული ქონების შეძენის შემდეგ „კადაკი+“-მა სარემონტო სამუშაოები დაიწყო, მოიხსნა ძალიან მოცულობითი და მძიმე ჭერი (დახლოებით 202 ტონა) და ჩატარებული სამუშაოს შემდეგ ის შეიცვალა 9.1 ტონა ლითონის კონსტრუქციით. სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო და მხოლოდ ვიტრაჟები რჩებოდა ჩასასმელი. სწორედ ამ დროს დაიწყო მიზანმიმართული შეტევა შპს „კადაკი+“-ზე. აღნიშნული შენობის მეხუთე სართულზე განთავსებული იყო სხვადასხვა ოფისი, მაგალითად, კომპანიები: შპს „დიანა“, შპს „მელომანი“ და ბავშვთა ფონდი „იავნანა“.
შენობა არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს და იქ, ძირითადად, განთავსებული იყო ეს ოფისები. აღნიშნული ოფისების წარმომადგენლებმა 2017 წლის 2 ოქტომებრს საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, შედგა რეაგირების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ თითქოს მე-5 სართულზე დიდი რაოდენობით წყალი ჩამოუვიდათ და სართული მთლიანად განადგურდა. საპატრულო პოლიციის შედგენილი ოქმის შედეგად მოხდა რეაგირება და 2017 წლის 3 ოქტომბერს ერთობლივი საჩივარი დაწერეს _ თბილისის მერიისგან მოითხოვეს 2016 წელს (მათი თქმით) უკანონოდ გაცემული ნებართვის ჯერ შეჩერება და შემდგომ გაუქმება. მათი მტკიცებით, შენობა ავარიული იყო და აქედან გამომდინარე, ნებართვის გაცემის უფლება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა. ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიამ შეაჩერა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 23 ივნისის ბრძანებულება, ხოლო შემდგომ საერთოდ გააუქმა იგი. აღსანიშნავია, რომ როდესაც მერიამ მშენებლობა შეაჩერა, იმ პერიოდისთვის სახურავის რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, მხოლოდ ვიტრაჟები რჩებოდა ჩასასმელი, რომლის ნებართვასაც მერია არ გასცემდა.
„კადაკი+“-მა არაერთხელ მიმართა მერიას და ნებართვის გაცემას სთოხვდა, იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან აეცილებინა რისკი, რათა მე-5 სართულზე ნალექი არ ჩასულიყო და თავად და ოფისები არ დაზარალებულიყო.
მერიის გადაწყვეტილების შემდგომ ეს მშენებლობა შეჩერდა. მოგვიანებით, „კადაკი+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მფლობელობაში არსებულ საკუთრებაში ადამიანები იყვნენ შეჭრილები და იქ გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდნენ. 2019 წლის 10 აპრილს „კადაკი+“ თავისი ინიციატივით იწვევს საპატრულო პოლიციას და ინფორმაციას აწოდებს იმის შესახებ, რომ მის კუთვნილ ქონებაში შეჭრილია ვიღაც და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულზე გაკეთდა რეაგირების ოქმი. ამ ყველაფერში განსაკუთრებულ ინიციატივას იჩენდა და იჩენს შპს „დიანას“ მფლობელი, ვინმე კერესელიძე. სწორედ ვლადიმერ კერესელიძე შეიჭრა სხვის ქონებაში და ვიტრაჟების მაგივრად თუნუქით დალუქა და მთლიანად გადახურა სახურავი. ამ ყველაფერს მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანაშრომელი, ვინმე თენგიზ ელისაშვილი ესწრებოდა. „კადაკი+“-ის იურისტმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მას მარტივად უპასუხეს: გამომდინარე იქიდან, რომ ვითომ ნალექი ჩადიოდა, ოფისის წარმომადგენლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ აბსოლუტური უფლება ჰქონდათ, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრილიყვნენ და გადაეხურათ, რათა წვიმა აღარ ჩასულიყო.
ვსვამ კითხვას, _ რატომ არ მისცა უფლება თავად კანონიერ მფლობელს თბილისის მერიამ? ჩვენ და პირადად მე, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს მიდგომა არის ძალიან უსამართლო და საკმაოდ უკანონო... ჩემი კლიენტი სერიოზულად დაზარალდა, კერძოდ მას კანონიერი ნდობა ჰქონდა სახელმწიფოსგან და ხელში ეკავა კანონიერად დამტკიცებული პროექტი. მან კანონიერად განახორციელა სამუშაოები. აქედან გამომდინარე, რომ არ ყოფილიყო ფარული კორუფციული ინტერესები, ვლადიმერ კერესელიძესა და დანარჩენი შპს-ს მფლობელებსაც არავინ დაუკმაყოფილებდა საჩივარს. შპს „კადაკი+“-ს სასამართლოს განჩინებით 75 000 ლარის ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. აქ კიდევ ერთი კითხვა მინდა დავსვა: ზარალის თანხა, რომელიც გამოწვეული იყო მერიის, როგორც ისინი ამბობენ, უკანონო ნებართვით (ცალკე გამოსაკვლევია, რამდენად უკანონო ან კანონიერი იყო), რატომ გასცა თბილისის მერიამ 2016 წელს და მე რატომ შემიყვანა შეცდომაში? რატომ დაირღვა აქ ჩემი ინტერესი? გარდა იმისა, რომ 75 000 ზარალია დადგენილი, ასეთ შემთხვევაში ვინ გადაიხდის „კადაკი+“-ის ზარალს? შეუზღუდეს მუშაობის საშუალება, თავის ქონებაზე შესვლის უფლებასაც არ აძლევენ და მეტიც _ შედის სხვა და რასაც უნდა, ყოველგვარი კანონდარღვევით აკეთებს... ამაზე გამოძიება არ რეაგირებს და დღეს ამ ქონების აუქციონზე გატანას ითხოვენ... ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როცა საქმეში ბევრი სადავო საკითხი არსებობს და ბევრი კითხვის ნიშანია.
ჩვენ ვაპირებთ, ამ პროცესში პროკურატურა ჩავრთოთ, რადგან გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ კორუფციული ინტერესი გახდა სწორედ მერიის გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, რადგან დღეს ყველაზე მეტად მოიგო ვლადიმერ კერესელძემ, რომელიც არის შევარდნაძის დროინდელი გავლენიანი პიროვნება და მას დღესაც შენარჩუნებული აქვს ეს გავლენები. ყველაზე მეტ აქტიურობას ის იჩენს და სწორედ იმ რეაგირების ოქმზე და საჩივარზეც ის აწერს ხელს. ასეთი მახინჯი და უკანონო პრაქტიკა აქვს მერიას და, სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკვე გარკვეული სამუშაოებია წამოწყებული ობიექტებზე იმ დროს, როცა კანონიერად არის დამტკიცებული პროექტები; შემდეგ, რატომღაც, ზედამხედველობის სამსახური აჩერებს და მერე შეიძლება საერთოდ გაუქმონ მათ მიერ გაცემული ნებართვები. დაუშვებელია ასეთი მიდგომა, რადგან სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ბიზნესის ინტერესი. დღეს ჩვენ ვხედავთ _ ჩემს კლიენტს არ მიეცა განვითარების საშუალება, ზარალის მეტი არაფერი უნახავს იმ დროს, როდესაც კანონიერად მოქმედებდა, ყველაფერთან ერთად, მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა, რასაც ჰქვია საკუთრების უფლება.
რას ამბობს მეორე მხარე?
ვლადიმერ კერესელიძე _ შპს „დიანას“ დამფუძნებელი:
„სისულელეა ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ. შენობა ინგრევა და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამ ადამიანს მსგავსი სხვენი რამდენიმე აქვს შეძენილი, ყველგან ანალოგიური პრობლემაა. რაც შეეხება კითხვას, _ რატომ გაიცა უკანონო ნებართვა 2016 წელს? _ ამაზე მერიის მაგივრად ვერ გიპასუხებთ, თუმცა დღეს მერიამ სრულიად დასაბუთებულად და ყველანაირი განმარტებით მიიღო გადაწყვეტილება და ნებართვა შეაჩერა; ასევე სასამართლომაც მიიღო ადეკვატური და სწორი გადაწყვეტილება. რატომ? იმიტომ, რომ ეს შენობა არის მესამე კატეგორიის სიმძიმის, მასზე აგურის დადებაც კი არ შეიძლება. ეს არის ნათქვამი სამხარაულის ბოლო დასკვნაშიც. მანამდე არსებობდა კიდევ სამხარაულის ორი დასკვნა და თბილისის მერიის ლაბორატორიის ორი დასკვნა, სადაც წერია, რომ შენობა ჩამონგრევის პირასაა, რასაც შეიძლება მოყვეს მსხვერპლი. რაც მოიხსნა სახურავიდან, არაფერია ქვემოთ ჩამოტანილი, ამას კიდევ დაამატა ათეულობით ტონა მეტალი... ქართულად გელაპარაკებით, დასკვნების საფუძლველზე _ ერთი აგურის დადებაც არ შეიძლება ამ შენობაზე! ამ სხვენის ნაწილი „კადაკი+“-მა ასევე მიჰყიდა სხვა ადამიანებსაც, რომლებიც ახლა სასამართლოში უჩივიან. რაც შეეხება უკანონოდ შეჭრას, ყველაფერი გაჩვენეთ, რა მდგომარეობაშია, _ ორი წლის მანძილზე შენობაში წყალი ჩამოდიოდა, ორი წლის მანძილზე შენობა გადაუხურავი იყო და ეს მერიის დაუდევრობაც არის. მერიაში რამდენიმე წერილი გაიგზავნა და როცა დავინახეთ, მერია ამას ვერ აკეთებდა, ვინც ერთობლივად მოვაწერეთ ხელი განცხადებას, გადავწყვიტეთ, დარჩენილი სახურავის ნაწილი ისე გაგვეკეთებინა, რომ შენობა არ დაგვმხობოდა თავზე. მინდა განგიმარტოთ, სახურავი ყველასია... როცა ეს ადამიანი სამართლებრივი გზით მიაღწევს იმას, რომ ის შეძლებს კანონიერი ნებართვით აშენებას, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მის ქონებას არავინ შეხებია, თუმცა მისი ეს ქონება თაღლითური გზით არის გაკეთებული, რადგან დასკვნები წაკითხული მაქვს და, თავის დროზე, მერიას კიდეც ავუხსენით, რომ გაეხილათ თვალები და დასკვნებისთვის დაეხედათ, რადგან დასკვნა სხვა რამეს ამბობდა, ხოლო 2016 წელს გაცემული ნებართვა აცდენილი იყო ყველანაირ კანონს“.
არჩილ თაბაგარი _ ერთ-ერთი მესაკუთრე:
„ფაქტებს გეტყვით: ამ შენობას მესაკუთრეები ჰყავს და არსებული 18 მესაკუთრის გარდა ამ შენობის ორ სართულს ფლობს ასევე სახელმწიფოც. საიდან დაიწყო პრობლემები?.. _ 2017 წელი იყო, ოქტომბერი, ეს პერიოდი ძალიან ნალექიანი გახლდათ თბილისში. ოფისში ვმუშაობდით და ერთ დღესაც ყველა ოთახიდან წყალი ჩამოვიდა. დავინტერესდით, რა ხდებოდა! ავედით და შენობას სახურავი საერთოდ გადახსნილი ჰქონდა. როდესაც ამ ფაქტის წინაშე დავდექით, შესაბამისი სამსახურები გამოვიძახეთ და რეაგირება მოვახდინეთ. ასევე მარტივი ჭეშმარიტებაა: როცა მშენებლობის უფლება გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, სხვა დააზარალო. შემდგომ არსებული უკანონო ნებართვა მერიამ გააუქმა, მოტივაციად კი ძალიან მარტივი მოცემულობა მოიყვანა, თუ რატომაც გააბათილეს. მშენებლობის ეს ნებართვა 2016 წელს გაყალბდა. თქვენს საკუთრებაში ვიღაცამ მშენებლობის ნებართვა რომ აიღოს თქვენთან შეუთანხმებლად, ხომ არ იქნება ეს სწორი და კანონიერი? ამ შენობას 18 მესაკუთრე ჰყავს და მხოლოდ ერთი ქალბატონის ხელწერილი იყო წარდგენილი, თავის დროზე. ამიტომ მერიაში მიხვდნენ, რომ ეს შეცდომა იყო! არ ვამტკიცებ, რომ ამ კაცმა თაღლითურად მოიპოვა ნებართვა, რადგან მან მშენებლობის ნებართვით რაღაც კომპანიისგან იყიდა და ნებართვაც გადმოყვა. გამოვიკვლიეთ და აღმოჩნდა, რომ მესაკუთრეებისთვის არაფერი უკითხავთ. შენობას არ გააჩნია შესაბამისი მდგრადობა და სახელმწიფო მტერი ხომ არ არის? დაახლოებით, არსებობს ოთხი, თუ მეტი არა, ექპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ არანაირი სართულის დადგმა შენობაზე არ შეიძლება. ამ ადამიანს ვეუბნები, _ მოდი, ჩემო კარგო, მოიტანე კანონიერი დასკვნა, სადაც ეწერება, რომ შენობაზე დაშენება შეიძლება, ამის შემდეგ მერიას მიაკითხოს, წაბრძანდეს მესაკუთრეებთან, დაარწმუნოს, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოა და გააკეთოს მერე, რაც უნდა, როგორც წესი და რიგია.
ამბობს: არ მაინტერესებს, ასეთად ვიყიდე და ა. შ.
კაცო, მაშინ ვინც მოგყიდა, იმას უნდა ედავო, ჩვენ რას გვერჩის, რატომ გვანგრევს? მერიამ გააუქმა ეს ნებართვა და მას შენების ნებართვა აღარ მისცეს. გაიმართა სასამართლო პროცესიც, მერე გაასაჩივრა და სასამართლომაც უარი უთხრა მშნებლობის ნებართვის მიცემაზე. ეს არის ამ საქმის ერთი მხარე და არსებობს კიდევ მეორე მხარე: მშენებლობის ნებართვა რომც გქონდეს და ყველაფერი გამართული რომ იყოს, იქ წერია და კანონიც გეუბნება და მორალიც: სხვას ზიანი არ უნდა მიაყენო! 280 კვ.მ. ფართი უმაღლეს დონეზე მქონდა გარემონტებული, სადაც 5 ორგანიზაცია მუშაობდა, გაქირავებული გვქონდა მეხუთე სართული, თვეში, დაახლოებით, 10 000 ლარამდე იყო შემოსავალი... პირწმინდად განადგურდა ყველაფერი... ვთხოვდი, რომ რაღაც დროებითი ზომები მიეღო, რომ ეს შენობა გადაეხურა. უბრალოდ უნდა ნახოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სართული. არავის აქვს უფლება, სხვისი ქონება დააზიანოს, როცა თავისას აკეთებს. ნახევარი მილიონის ღირებულების ზარალი მოგვაყენა ამ პიროვნებამ და სრულად გაანადგურა ყველაფერი. შენობაში ვეღარ შევდივართ, რადგან ექსპერტიზამ თქვა, რომ შეიძლება, ჩამოიქცესო. ხუთი კომპანია, რომელიც შენობაში მანამდე იყო, წავიდა. მოკლე ჩართვა მოხდა და შეუძლებელი იყო გაჩერება. უსაფრთხოების კუთხით კი იძულებული გავხდი, გაზის, წყლისა და მრიცხველის დემონტაჟი მომეხდინა _ ტექნიკურადაც და იურიდიულადაც.
როდესაც საფრთხე მომდინარეობს შენობიდან, ბუნებრივია, მესაკუთრემ ზომები უნდა მიიღოს და ხვალ რომ კედელი გადავარდეს და უბედურება დატრიალდეს, რა თქმა უნდა, მესკუთრეები ვიქნებით პასუხისმგებლები, მაგრამ სახელმწიფოც პასუხისმგებელია, რადგან იცოდა ამ საშიშროების შესახებ და არაფერი გააკეთა _ მარტო დაგვტოვა მესაკუთრეები.
გაოგნებული ვარ! საერთოდ, მაგ პიროვნებას ღამე როგორ სძინავს?! ხვალ რომ რამე უბედურება მოხდეს, პასუხისმგებლობა ხომ მაგაზეც იქნება?! შენობა ავარიული იყო. ეს პიროვნება მეორე წელია, გამოჩნდა, ჩვენ კი ამ შენობის აღსადგენად უკვე მეათე წელია, დავდივართ. ერთხელ არ მოსულა ჩვენამდე! რომ მოსულიყო, ყველაფერს ვეტყოდი და ამ შარშიც არ გაეხვეოდა... როგორ მოვიქცე, მეც აღარ ვიცი“.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური:
„ეს მშენებლობა 2017 წლის პირველ ნოემბერს დროებით შეჩერდა, 2019 წელს კი მუნიციპალიტეტის იურიდიულმა სამსახურმა საჩივარი სრულად განიხილა და ნებართვა ბათილად ცნეს. აღნიშნული მშნებლობის ნებართვა, რომელიც 2016 გაიცა, დადგინდა, რომ უკანონო იყო, რადგან არსებობდა ექსპერტების დასკვნები, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ნაგებობაზე რაიმე ტიპის მშენებლობა არ შეიძლებოდა, _ შენობის მდგრადობას უშლიდა ხელს“.
ლევან ქემოკლიძე