„ქრონიკა“-ის რედაქციაში წერილი მოვიდა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპასოვსკის მცხოვრებ ნოდარ მეკეიძის სახელით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ და განგიმარტავთ, რომ 2016 წლის აგვისტოდან დღემდე მრავალჯერ შევაწუხე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ხელმძღვანელები. ჩემ მიერ დაწერილი განცხადებები განსახილველად ეწერებოდა სამცხე-ჯავახეთის პროკურატურას, შემდეგ ახალქალაქ-ნინოწმინდის პროკურატურას და ბოლოს ნინოწმინდის შსს განყოფილებას. ყველა წერილის პასუხი ასეთია: განვიხილეთ ყველა საკითხი და ა. ანანიკიანის მიმართ არაფერი დარღვევა არ არისო. ჩემთვის გასაკვირი და აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთხელ არ ყოფილა ეს საქმე გამოძიებული და არც ერთ საკითხზე არ დაკითხულა ვინმე. საინტერესო და აღსანიშნავია ის, რომ მე, ნოდარ მეკეიძეს და ვანიკ ეგოიანს ახალქალაქ-ნინოწმინდის პროკურატურამ საქმე აღგვიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულმა სასამართლო განხილვებმა უზენაეს სასამართლომდე მიაღწია. ჩვენთვის წაყენებული ბრალდება და გამოტანილი ჯარიმები უზენაესმა სასამართლომ მეც და ვანიკ ეგოიანსაც მოგვიხსნა, ვინაიდან უდანაშაულოდ გვცნო და გაგვამართლა. ჩემი ძირითადი მოთხოვნა და გულის ტკივილია ის, რომ მეც და ეგოიანს, რომელ მიწის ნაკვეთებზეც საქმე აღძრეს, ეს მიწის ნაკვეთები ა. ანანიკიანის 2003 წლის 26 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში საერთოდ არ არსებობს. აშკარად ჩანს თაღლითური სიყალბე. 2003 წლის ხელშეკრულება დარეგისტრირებულია 2007 წლის 7 აგვისტოს საჯარო რეესტრში. იმდროინდელი გამგებლის, რ. არზრუმანიანის ხელმოწერაზე დასმულია სხვადასხვა ზომის ბეჭედი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება 2 მილიმეტრით. 2004-ში თუ 2005-ში რ. არზრუმანიანი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საიდან დასვა მის ხელმოწერაზე მის შემდეგ არჩეულმა გამგებელმა მისი ბეჭედი? ამ საკადასტრო კოდების სიყალბეს ადასტურებს საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხები, რომელშიც წერია, რომ აღნიშნული კოდები საიჯარო ხელშეკრულებაში იჯარის უფლებით დარეგისტრირებული არ არის. კიდევ საინტერესოა ის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსს სწერს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, 9 სექტემბერსა და 29 დეკემბერს, 65.13.31.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო შვიდ ნაკვეთად, რომელსაც მიენიჭა კოდები.
საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს ნაკვეთის წინა ნომერი (65.13.31.117) დაზუსტებული ფართობით 24100 კვ.მ. საინტერესო და ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაყვეს შვიდ ნაწილად 2 ჰა და 4100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მიანიჭეს სხვადასხვა კოდი, რომელიც, როგორც აღვნიშნე, საიჯარო ხელშეკრულებაში არ იყო.
ა. ანანიკიანის თაღლითურ ქმედებებს ისიც ადასტურებს, რომ ვ. ეგოიანს საიჯარო ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული 1999 წელს 10 წლის ვადით და ხელშეკრულებას ვადა გაუდიოდა 2009 წლის ივნისში. იგი იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას. განგიმარტავთ, რომ ვ. ეგოიანის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი (65.13.31.021) ანანიკიანმა 2008 წლის 7 აგვისტოს ყალბი ნახაზებით და თაღლითური გზით მის ხელშეკრულებაში გადაიტანა და 2016 წლის 6 იანვარს მიიღო კერძო საკუთრების აღიარება, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროსგან.
კიდევ მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 3 ივლისს ვ. ეგოიანის სააპელაციო სასამართლო სხდომის დროს პროკურორმა ვ. ოსიძემ განაცხადა ტყუილი, ა. ანანიკიანის ყალბად შესყიდული მიწის ნაკვეთების თაობაზე, გამგეობამ გადასცა იმის გამო, რომ 2003 წლის 26 დეკემბერს, ვინაიდან იყო ზამთარი, ვერ აზომეს ეს ფართობები, აზომვის შემდეგ ხელშეკრულებაში ამიტომ იყო ნაკლები და ამიტომ დაუმატესო. ფაქტი ის არის, რომ ანანიკიანის ხელშეკრულებაში გაფორმებულ და შესყიდულ ფართობებში ყველგან არის ზედმეტი ფართობები, რომელზედაც 4 წელია ვწერ და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ არის: კერძოდ, პროკურატურისგან, შსს-ს განყოფილებიდან, ქონების ეროვნული სააგენტოდან და რაც მთავარია, ნინოწმინდის როგორც ძველი ისე დღევანდელი მერიის წარმომადგენლებისგან“.
ლევან ქემოკლიძე