QronikaPlus
„ნუ მაიძულებთ, ორი გვამით დავჯდე პარლამენტთან“

„ნუ მაიძულებთ, ორი გვამით დავჯდე პარლამენტთან“

2019-06-14 14:56:30

აფხაზეთიდან დევნილ ნარგიზა ღურწკაიას, რომელიც უკვე 27 წელია, წყნეთში ცხოვრობს, სახლიდან ასახლებენ. როგორც მან „ქრონიკა+“-თან განაცხადა, თუ ის რამდენიმე დღეში არ დატოვებს საცხოვრებელ სახლს, იძულების წესით გამოაგდებენ. ღურწკაია გვიყვება, რომ მთავრობაში, ისევე როგორც დევნილთა სამინისტროში, უამრავი განცხადება აქვს შეტანილი, თუმცა შედეგი _ ნული. მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ნარგიზა ღურწკაია „ქრონიკა+“-ს უყვება, თუ რა მიზეზით ასახლებენ დევნილობაში მყოფ ქალბატონს 27 წლის შემდეგ : _ აფხაზეთიდან დევნილი ვარ. 27 წელია, რაც დევნილად ვარ დარეგისტრირებული წყნეთში, ერთ-ერთ მიტოვებულ ძველ, განადგურებულ შენობაში, რომელიც ჩემი ხარჯებით ავაწყვე და გავაკეთე, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა ორჯერ დამეხმარა გადახურვაში. პირველად რომ გადამიხურეს, ქარმა გადახადა და შემდეგ მეორედ გადამიხურეს. ამ ლტოლვილობასა და გაჭირვებაში გაზრდილი 19 წლის შვილი 2008 წელს მოსკოვში მოხვდა, როცა რუსეთ-საქათველოს შორის ომი იყო გაჩაღებული. 2009 წლის 23 ნოემბერს შვილი მხოლოდ იმიტომ მომიკლეს, რომ ქართველი იყო _ ცემაში შემოაკვდათ. ჩემი შვილის მკვლელების სასამართლოზე მოსკოვში წავედი და სწორედ ამ პერიოდში, ვაკის გამგეობამ წყნეთის მკვიდრს, ადგილობრივ მცხოვრებს მიჰყიდა ჩემ მიერ გაკეთებული ქოხი და ეს ამბავი იქამდე დამალა, სანამ სტიქია მოხდებოდა. სტიქიამ მთლიანად დააზარალა ჩემი საცხოვრებელი სახლი, მიწა მთლიანად მოწყვიტა წყალმა, საღორე, საქათმე ყველაფერი გაანადგურა. _ სტიქიის შემდეგ არავინ მოგაკითხათ? _ კომისია მოვიდა და მეორე კატეგორიის დასკვნა დამიწერა. ცოტა ხანი პროდუქტებით მეხმარებოდნენ, მომცეს მაცივარი, გაზი, სარეცხი მანქანა და სწორედ იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა ჩვენს დასახმარებლად, მაშინ მითხრეს, რომ ამ სახლში ვეღარ ვიცხოვრებდი. თუკი ამ პროდუქტებს მაძლევდნენ და დაზარალებულად მცნეს, მაშინ მაინტერესებს, ფულადი დახმარება რატომ არ მეკუთვნოდა? ერთი ლარიც კი არ მოსულა ჩემამდე. მერე ადგილობრივმა მკვიდრმა მიჩივლა, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს და მითხრა, რომ ეგ ქოხი მე მეკუთვნისო. _ რანაირად? _ მე შევისყიდე მთავრობისგანო. მეც ვუჩივლე, რადგან დევნილთა სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული ვარ, როგორც დევნილი. 27 წელიწადია, დღემდე იქ ვცხოვრობ, ყველანაირ გადასახადს ვიხდი, მათ მიერ დამონტაჟებული მრიცხველები მიყენია, მაგრამ მოსამართლემ ამ ყველაფერს არ გადახედა და გამომასახლეს. პირველმა ინსტანციამ რა განჩინებაც გამომიტანა, ის გადაწერ-გადმოწერა მეორე ინსტანციამაც და უზენაესმაც. ახლა იძულებული ვარ, სტასბურგში ვუჩივლო. საჩივარი უკვე შევიტანე. _ წეღან თქვით, რომ გამომასახლესო და ახლა სად ცხოვრობთ? _ ისევ იმ სახლში. _ თუ გამოგასახლეს, რანაირად ცხოვრობთ? _ თვითონ ის ჩემი მოწინააღმდეგე არ მედავება, მაგრამ მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მომწერა, რომ თუ 10 დღის განმავლობაში თვითნებურად არ დავტოვებ საცხოვრებელ ადგილს, ამ შემთხვევაში მოვლენ და ყველაფერს გარეთ გამომიყრიან. არსად წასასვლელი არ მაქვს, რა გავაკეთო? _ დევნილთა სამინისტრო რას გეუბნებათ? _ დევნილთა სამინისტროში ვიყავი და ყვარლის ქუჩაზე უნდა მოეცათ საცხოვრებელი ფართი, მაგრამ არ მომცეს. სტიქიის დროსაც მივედი დევნილთა სამინისტროში, მურად აბლოთიანმა პირადად მომილოცა და მითხრა, რომ ქალბატონო, 2016 წელის დეკემბერში, ქარვასლის უკან ხართ სიაში ჩაწერილი და აუცილებლად მიიღებთ ბინასო. სიხარულისგან, როცა სახლში დავბრუნდი, ყველა ძველი ნივთი, ჩექმა, პალტო თუ სხვა რამ, გადავყარე. ვთქვი, რომ ახალ ბინაში არაფერს წავიღებ-მეთქი, მაგრამ არც ბინა მომცეს და ძველი ნივთებიდანაც აღარაფერი დამრჩა. ამ ყველაფრის მერე, როგორც წეღან გითხარით, ახლა ამ ბინიდან გამოგდება მემუქრება და არ ვიცი, სად წავიდე. _ თუ 10 დღეში სახლი აღარ გექნებათ, რას აპირებთ? _ მთავრობას ვთხოვ, რომ დამეხმაროს. ნუ მაიძულებთ, ჩემი შვილისა და მეუღლის ცხედრები ამოვთხარო და ორი გვამით დავჯდე პარლამენტთან. პარლამენტის შენობას სასაფლაოდ გადავაქცევ და ამის გამკეთებელი ვარ. მსოფლიოს დავანახვებ ამ ყველაფერს და ადგილზე თავს დავიწვავ.

გიორგი საკარული

 

გაზიარება