საქართველოში შემოსვლამდე, რუსეთში აგრესიული მარკეტინგის გამო, „დეშელს“ უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელი ჰყავდა სასამართლო პროცესების მთელი შლეიფით. „დეშელის“ ბრენდი რუსეთში 2008 წელს გამოჩნდა.
ცნობისთვის: მაგალითად, სვერდლოვსკის საოლქო „როსპოტრებნადზორს“ (ხარისხის სახელმწიფო კონტროლი) დაზარალებულმა კლიენტებმა მიმართეს, რომ ხელშეკრულებებს კომპანიის წარმომადგენლები ნეიროლინგვისტური პროგრამირების საშუალებით აფორმებინებდნენ. სახელმწიფო უწყებამ მოკვლევა ჩაატარა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. მედიის ინფორმაციით, კომპანია „ртc-групп космемик“-მა „როსპოტრებნადზორს“ ვერ წარუდგინა ვერც ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ვერც ულტრაბგერითი აპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის საბუთი. რა გაგრძელება მოყვა ამ ამბავს, ამას მოგვიანებით მოგაწვდით, მანამდე კი საქართველოში როგორ განვითარდა მოვლენები, იმას მივადევნოთ თვალი.
კომპანია ჩვენს ქვეყანაში 2013 წელს დარეგისტრირდა. 30% მარიამ კუბლაშვილს, ხოლო 70% მიხეილ კუბარსკის ეკუთვნის.
ახლა პირდაპირ დაზარალებულთა ჩვენებებიდან დავიწყოთ, რომლებმაც სპეციალური „დეშელით“ დაზარალებულთა სოციალური გვერდიც შექმნეს და პეტიციითაც შევიდნენ.
დაზარალებული:
„დედაჩემი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. თუ გაიგებთ, რომ ვინმე თქვენს ნაცნობს ურეკავს კომპანია „დეშელიდან“, გააფრთხილეთ, არ მივიდეს უფასო კონსულტაციაზე. დედაჩემი მივიდა და არ ვიცი, რისი გამოყენებით, მაგრამ სესხი ააღებინეს. ეჭვობს, რომ კრემებში, რომელიც უფასოდ, სასინჯად წაუსვეს, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო. ინტერნეტში დავძებნე და უამრავი დაზარალებული არსებობს რუსეთში, სხვა ქვეყნებშიც. ძალიან გაბრაზებული ვარ და არ ვიცი, რა ვქნა. ცხოვრებაში მაკიაჟი არ მოუხმარია და ყველაზე მეტად სესხის ეშინია, მაგრამ მაკიაჟის გამო სესხი აიღო: 2800 ლარი. სულ 10 კრემია და ჯამში ამდენი გამოდის. მართლა არ ვიცი, როგორ დაითანხმეს ასეთ რამეზე. ცხოვრებაში არაფერი წაუსვამს სახეზე. თან არც ვიცი, მაგ ფასის შესაბამისი პროდუქცია არის თუ არა. რაც უნდა იყოს, სესხის აღება მაკიაჟის გამო? ეს არის ისეთი აბსურდი, რომ შოკში ჩავვარდი, როცა გავიგე. ეს არის ქალი, რომელიც სამარშრუტო ტაქსით არ დადის, რადგან ეძვირება და ფეხით გადაადგილდება ხოლმე შორ მანძილზე ფულის დაზოგვის მიზნით. იმ კოსმეტიკას მაინც ვერ გამოიყენებს. როგორც წავიკითხე, ძალიან, ძალიან აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც მაშინვე, პროცედურაზევე გაძლევს შედეგს, რომ ჩქარა იმოქმედოს გაყიდვის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ თუ ხანგრძლივად გამოიყენებ, საშინელ ალერგიას იძლევა. ათასი რაღაც წავიკითხე. არც დედაჩემია, მაინცდამაინც, გულუბრყვილო, მაგრამ გაება.
პრინციპი ასეთია: ვიღაცას მიიყვანენ, სთხოვენ, დატოვოს რამდენიმე ნომერი, მერე მათ ურეკავენ და ა. შ. ზოგჯერ სხვებსაც ურეკავენ და ატყუებენ, რომ მეგობარმა უფასო მასაჟზე ჩაწერა. სავარაუდოდ, ის ბაზები იყიდეს, რომლითაც „გვსპამავენ“ ხოლმე მობილურზე „ამბოლები“ და „ტექნობუმები“. მანამდე არ გეშვებიან, სანამ არ მიხვალ. თან პასპორტისა და პირადობის გარეშე ვერ წარდგები. სულ გაფრთხილებენ ტელეფონშივე, რომ თან გქონდეს და რომ მიდიხარ, გართმევენ და მიაქვთ, რათა ჩქარა დაიწყონ მონაცემების შევსება. ანუ თუ არ მიიტან, არც გაგიკეთებენ პროცედურას და ვერაფერსაც გაარკვევ. რაღაც ჩანაწერი ვნახე, სადაც ჩანს, როგორ ესაუბრებიან კლიენტს. ძალიან ბევრჯერ იმეორებენ ერთსა და იმავეს, სიტყვას არ გათქმევინებენ და თვითონ კოსმეტიკაც მოქმედებს, მგონი. რა თქმა უნდა, ვერ დააბრალებ რამეს, მაგრამ ყველა პირობას გიქმნიან, რომ უარი ვერ უთხრა. მერე მხოლოდ ნახევარ სახეზე გისვამენ ამ კრემებს. სესხის სრულ თანხას არც გეუბნებიან. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თვეში 100 ლარს გადაიხდი. დედაჩემს რცხვენია, რომ მოტყუვდა და მთხოვა, არ დაწეროო, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ვერ მოვითმინე. ორი წელი უნდა იხადოს სესხი მაგ აფერისტების გამო. უკვე ორი ადამიანი ვიცი დედაჩემის გარდა, ვისაც იგივე შეემთხვა. როგორც კი გამოდიან, მაშინვე ხვდებიან, რაც შეემთხვათ, მაგრამ უკვე ყველაფერზე აქვთ მოწერილი ხელი. მისვლა მინდა გასარკვევად, და მართლა მეშინია, მეც რამე ეგეთში არ გამხვიონ. თან ყველა ქართული ბანკი იქ ზის. დედაჩემს „თიბისიმ“ მისცა სესხი. „გრატოში“ სხედან, სავაჭრო ცენტრში. ყველაფერი ძალიან საეჭვოა. იურისტიც ჰყავთ, რომელიც რაღაცებს გეკითხება. უცნაური არაა ეს?“
მაიკო, 29 წლის:
„ჩემი თანამშრომელი იყო, მგონი, მანდ. მერე მე მირეკავდნენ და ძლივს დავარწმუნე, რომ არ მინდოდა. ჩემთან ვიკითხე, ჩემ გარდა კიდევ რამდენიმეს დაურეკეს, ბოლოს საათები ურჩიეს, მაგრამ ბავშვიანები არიან და არ წავიდნენ. ვინც იყო, ის ამბობდა, თურმე, იმდენი მელაპარაკნენ და ბოლოს ისე უხერხულად ვიყავი, ისედაც ბევრი ვალი რომ არ მქონოდა, ალბათ, შევიძენდი იმ კრემებსო“.
სალომე, 31 წლის:
„ერთ-ერთ ჯგუფში ქალი წერდა, რომ მანდ იყო, ძალიან მაგრად მოემსახურნენ, მაგრად აბოლებდნენ, მაგრამ ვერ აიძულეს 3000-ის გადახდა. ჩემს უფროსსაც დაურეკეს რამდენჯერმე. აგრესიული მარკეტინგია და დაბოლება. ტელეფონზე რომ გეუბნებიან, თქვენმა მეგობარმა გაჩუქათ ეს პროცედურა უფასოდო, ტყუილია. ჩაეძია ჩემი უფროსი და სახელი არ უთხრეს და არც არავინ ეგულება მისი მეობრებიდან, ვინც ჩააწერინებდა სახელს და არ გააფრთხილებდა“.
ქეთი, 25 წლის:
„ველაპარაკე დედაჩემს და ეს ამბავი მოვუყევი, რომ ასე და ასეა და ფრთხილად იყავი-მეთქი. მითხრა, რომ ორი დღეა, ვიღაც გოგო ურეკავს მაგ კომპანიიდან. ჩვენი თანამშრომლის ახლობელს დაურეკეს და ისიც კი იცოდნენ, რომ რუსულენოვანია ის ქალი და რუსულად დაიწყეს ლაპარაკი. ჩემი მეგობრის დედამაც თქვა, მაგ კომპანიიდან დამირეკეს და ასე მითხრეს, უფასო მასაჟზე ხარ ჩაწერილიო. მერე მკითხეს, ალერგიული ხომ არ ხართო? მაგიტომ აღარ წავედი, თორემ ვაპირებდიო…“
როგორც უკვე აღვნიშნე, კომპანია „დეშელის“ კოსმეტიკა 2013 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. კომპანიის წარმომადგენლები ტელეფონის საშუალებით უკავშირდებიან მომხმარებლებს და უფასო პროცედურებს სთავაზობენ. როგორც ფაქტები ცხადყოფს, ეს „ვითომდა“ უფასო პროცედურები, საბოლოოდ, 2500-3000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვით სრულდება. ამას ჰქვია აგრესიული მარკეტინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში იდევნება. მომხმარებლები შეიძლება აბსურდულ ისტორიებსაც ყვებიან, მაგრამ მათ ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ სპა-პროცედურის დროს გამოყენებული კოსმეტიკური საშუალებები ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც აბრუებს მომხმარებლებს, რომ „დეშელის“ თანამშრომლები ე. წ. ნეიროლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით ახდენენ გავლენას მომხმარებლებზე და აიძულებენ მათთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებას. აქ ყველაზე უცნაური ის გახლავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ისტორიებს ყვებიან არა დიასახლისები, არამედ ბანკის თანამშრომლები, იურისტები და ა. შ.
აი, რას ყვებოდა ერთ-ერთი ბლოგერი ამის შესახებ:
„დეშელის“ სალონი მდებარეობს კოსტავას 37-ში, „გრატო პასაჟის“ მეოთხე სართულზე. სალონის პრეზენტაბელური გარემო, მდიდრული ავეჯი, ვარდის ფურცლებით მოფენილი მარმარილოს იატაკი და ბრჭყვიალა ჭაღები ყველა ვიზიტორს განსაკუთრებულ, „Very Important“ პერსონად აგრძნობინებს თავს. მცირეოდენი ლოდინის შემდეგ (რაც საკმარისია იმისთვის, რომ გარემომ სასურველი ზემოქმედება მოახდინოს) ჰოლში გამოდის კონსულტანტი, სახელით და გვარით იძახებს პროცედურაზე წინასწარ ჩაწერილ ვიზიტორს და სპეციალურ ოთახში მიჰყავს, სადაც მას კომფორტული სავარძელი და საგანგებოდ მისთვის მომზადებული წარწერა ხვდება: „ქალბატონო ნინო, კომპანია „დეშელი“ სასიამოვნო სპა-პროცედურებს გისურვებთ“. ალბათ, არ არის რთული წარმოსადგენი, თუ რაოდენ სასიამოვნოა დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს სახის სარელაქსაციო მასაჟი, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს მზრუნველი კონსულტანტის რჩევები, თვალის კონტაქტი, მომხიბვლელი ღიმილი, საუბრები სასიამოვნო თემებზე (ოჯახი, ბავშვები) და კომპლიმენტების მთელი კასკადი. ამ პროცესში კონსულტანტი სვამს ძალიან ბევრ შეკითხვას, რომელსაც, როგორც წესი, მხოლოდ დადებითი პასუხები აქვს: „ფიქრობთ თუ არა, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს? თქვენს მეუღლეს მოსწონს, როცა კარგად გამოიყურებით? მიგაჩნიათ, რომ თქვენ იმსახურებთ მაღალი ხარისხის კოსმეტიკას?“. ეს ცნობილი მეთოდი „სამი კის“ თეორიას ეფუძნება: ადამიანი რაც უფრო მეტ კითხვას გასცემს დადებით პასუხს, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო კითხვაზე პასუხიც დადებითი იქნება. ბოლო კითხვა კი ასეთია: „გსურთ შეიძინოთ დეშელის კოსმეტიკა?“ პასუხი: „დიახ!“
ეს არის და ეს, არანაირი ჯადო და ნარკოტიკი აქ არ მონაწილეობს. „დეშელის“ კონსულტანტები მარტივი ფსიქოლოგიური მანიპულაციის გზით ზოგად ადამიანურ შიშებსა და კომპლექსებზე ზემოქმედებენ და არწმუნებენ მომხმარებელს სამ „ჭეშმარიტებაში“:
1. მათ აუცილებლად სჭირდებათ ძვირადღირებული კოსმეტიკა;
2. კოსმეტიკის შესაძენად ბანკთან უნდა გააფორმონ განვადების ხელშეკრულება;
3. კომპანიას გაუზიარონ ახლობლების საკონტაქტო ინფორმაცია.
ამბის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად მიაღწევენ კონსულტანტები დასახულ მიზანს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი მეგობარი „სამი ჭეშმარიტებიდან“ ერთშიც კი ვერ დაარწმუნეს. პირველ და მეორე „არაზე“ კონსულტანტს შედარებით მშვიდი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ როცა ახლობლების საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარებაზეც უარი მიიღო, აშკარად ვეღარ დამალა საკუთარი იმედგაცრუება და მისი მეგობრული ტონი რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ვერც ამ რეაქციამ იმოქმედა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მე და ჩემმა მეგობარმა ყოველგვარი ექსცესებისა და შენაძენის გარეშე დავტოვეთ სალონის ტერიტორია.
პროდუქციის ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, ამ მხრივ ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია და არც ვაპირებ. თუმცა მინდა გამოვხატო ჩემი შეხედულება „დეშელის“ მარკეტინგულ სტრატეგიასთან დაკავშირებით. ქვემოთ ვეცდები მოვიყვანო არგუმენტები იმის ასახსნელად, თუ რატომ მივიჩნევ ამ სტრატეგიას არაეთიკურ ბიზნესპრაქტიკად, რა ზიანის მოტანა შეუძლია მას და რატომ ვფიქრობ, რომ კომპანიის ცალკეული პროცედურები კანონდარღვევით ხორციელდება“.
ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდები, რომელსაც კომპანია „დეშელი“ იყენებდა, საქართველოში არ გამოუგონიათ. ეს გახლავთ ე. წ. Hard Sell-ის მეთოდი, რომელიც ნიშნავს შემდეგს: „ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებით ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება შესყიდვის შესახებ“. ეს ლეგალური პრაქტიკა გახლავთ, უფრო სწორად გახლდათ, სანამ ევროპის რიგი ქვეყნები არ მიიღებდნენ კანონს იმის შესახებ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა ფიზიკურ ძალადობას უთანაბრდება. ერთ-ერთმა პირველმა ეს კანონი ნორვეგიამ მიიღო. ამერიკაშიც იგივე აზრს იზიარებენ, რომ
Hard Sell-ი არაეთიკური ბიზნესი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ერთადერთი მიზანი გამყიდველის მოგების მაქსიმიზაციაა მომხმარებლის დაზარალების ხარჯზე. ეს რისკი კი ყველაზე მაღალი საქართველოს მსგავს ქვეყნებშია, სადაც მომხმარებლის უფლებები არ არის სათანადოდ დაცული.
„დეშელის“ ტალღის შემდეგ, რომელმაც საქართველოს უამრავი მოქალაქე დააზარალა, ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია, რომ ბანკებს სასწრაფოდ შეეწყვიტათ ამ კომპანიისთვის განვადების კეისი. ყოვლად დაუშვებელია, ბანკებმა
Hard Sell-ის მეთოდით მოზიდულ კლიენტებს მომენტალური განვადება გაუკეთონ. საქმე ის არის, რომ მომხმარებელზე ახდენენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მან დაუფიქრებლად მიიღოს გადაწყვეტილება. შედეგად, ამ გზით შეძენილი პროდუქციის მესაკუთრეები თაღლითური სქემის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს.
ვაგრძელებთ ბლოგერის ჩანაწერებს:
„ოთახში, სადაც ჩემს მეგობარს სარეკლამო სპა პროცედურებს უტარებდნენ, ჭერზე დამონტაჟებული ვიდეო და აუდიო მოწყობილობები შევნიშნე და მათი ფოტოზე აღბეჭდვაც მოვახერხე. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, ხორციელდებოდა თუ არა ჩვენი სეანსის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, მაგრამ ამ მოწყობილობების ოთახში არსებობა უკვე ეჭვს იწვევს მათი დანიშნულებისა და კანონიერი გამოყენების მიმართ. მით უმეტეს, რომ არ მომხდარა ჩვენი წერილობითი ინფორმირება ვიდეო თვალთვალის განხორციელების შესახებ, როგორც ამას ითხოვს „საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ“. კონსულტანტის ოთახში ვიდეო თვალთვალის სისტემის არსებობა ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ პირობებს, რომლის მიხედვითაც: „ვიდეო თვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგი“, ხოლო „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ასევე საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია“.
„ქრონიკა+“-ს „საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა სანაია ესაუბრება:
_ საქართველოში უკვე მკაცრად დგას საკითხი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. როდესაც კომპანიის წარმომადგენლები გირეკავენ და გეუბნებიან, რომ თქვენმა ახლობელმა მოგვცა ტელეფონის ნომერი, გამოძიება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. კერძოდ, ახლობლების საკონტაქტო მონაცემების, სახელის, გვარისა და ტელეფონის ნომრის გაზიარებას დაჟინებით ითხოვენ „დეშელის“ კონსულტანტები თავიანთი კლიენტებისგან. სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება ეს იმ შეზღუდვებს, რომელსაც აწესებს „საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. ამ კანონის მიხედვით პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემები შეიძლება დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან ან თუ მოქალაქე განაცხადებს თანხმობას მისი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ. ასევე მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია მონაცემების მოპოვების წყაროზე. მოცემულ პირობებს კომპანიის თანამშრომლები არ ასრულებენ, რადგან ისინი პერსონალურ მონაცემებს მოიპოვებენ მოქალაქეების თანხმობის გარეშე, მესამე პირებისგან; ასევე უარს აცხადებენ, მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, თუ საიდან მოიპოვეს მათი პერსონალური მონაცემები და ამტკიცებენ, რომ ეს ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია.
_ რა უნდა ქნან დაზარალებულებმა?
_ მათი პროტესტი თავის დროზე „მიიჩქმალა“, იმიტომ რომ კომპანიას გვერდით „ფეისები“ დაუდგნენ დასაცავად და, უბრალოდ, ხალხის ინტერესები არ გაითვალისწინეს. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა, მივმართო ამ ხალხს, რომ თუ თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და მეტიც, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი მიადგა, ჩვენს ორგანიზაციას („საქართველოს პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია“) დაუკავშირდნენ. აქ ბევრი კითხვის ნიშანი ისმება როგორც ეთიკის, ასევე ლეგალურობის მიმართ. კომპანიის ხელმძღვანელობას არ აწყენდა „საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ წაკითხვა. მიკვირს, თავის დროზე, როგორ დაუდგნენ ამ კომპანიას გვერდით უფლებადამცველები?! 2014 წლის პირველი ნოემბრიდან ყველას საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით შეუძლია მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
ვაგრძელებთ დაზარალებულთა ჩანაწერების ციტირებას:
„დედაჩემი ერთ-ერთი „მსხვერპლი“ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ... ბრჭყალებში იმიტომ, რომ, რეალურად, მართლა არავინ გიკეთებს ჯადოს და საბოლოო არჩევანი მაინც შენზეა, თუმცა დედაჩემმა ამ კომპანიის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა და არც იყო ეს მითქმა-მოთქმა ატეხილი. ამ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი და როცა ჩამოვედი, ჩემს ოთახში გადამალული საკმაოდ მოზრდილი ქეისი ვნახე. როცა ვკითხე, რა იყო შიგნით, მითხრა, რომ რამდენიმე თვის წინ შეიძინა საკმაოდ ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებები და ეს ამბავი მომიყვა. არადა, დედაჩემი პომადასაც კი არ იყენებს და ეს ქეისიც უკვე თითქმის ნახევარი წელია, თავისთვის დევს. ბანკში განვადება უკვე დაფარა და ამას რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი, ერთი შეხედვით, არ მიუყენებია, რადგან ნორმალური შემოსავალი აქვს, თუმცა მაინც ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, რადგან, ფაქტობრივად, 3000 ლარი არაფერში გადაიხადა, როცა შეეძლო ან თავისი პირადი მიზნებისთვის გამოეყენებინა, ან ვინმე გაჭირვებული ადამიანისთვის გაემართა ხელი“.
„დეშელის“ სტრატეგიის მექანიზმი, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
დღე I _ სატელეფონო ზარი: უფასო აქციაზე მიწვევა;
დღე II _ უფასო აქციაზე წასვლა, სახლში დაბრუნება სამნულიანი საკრედიტო ვალდებულებით;
დღე III _ ბანკში მისვლა კრედიტის გასაუქმებლად _ უშედეგო;
დღე IV _ „დეშელში“ ბანკის წარმომადგენელთან მისვლა ტრანზაქციის შეჩერების მოთხოვნით _ უშედეგო;
დღე V _ „დეშელის“ იურისტთან და კონსულტანტთან საუბარი და განცხადების დაწერა ხელშეკრულების შეწყვეტის თხოვნით _ მოცემული პირობა: „პასუხი 10 დღეში გეცნობებათ“;
10 დღის შემდეგ: კომპანიაში მისვლა მეგობარ იურისტთან ერთად _ ოფიციალური პირი არ შეგვხვდა, პასუხი ჩემს განცხადებაზე არავის აქვს;
4 დღის შემდეგ: შეხვედრა იურისტთან და კომპანიის სხვა წარმომადგენლებთან _ უარი ჩემს განცხადებაზე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის არქონის გამო.
მე-2 განცხადების დატოვება;
5 დღის შემდეგ: შეხვედრა-საუბარი ჩემი და კიდევ 4 უკმაყოფილო კლიენტისა კომპანიის ოფიციალურ პირებთან _ კაბინეტის კართან მოჰყავთ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. მოთხოვნაა _ გვითხრან, რა ვადაში გამეცემა პასუხი განცხადებაზე;
13 დღის შემდეგ: „დეშელიში“ მისვლა. მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტაზე დაკმაყოფილდა, რაც „დეშელის“ მხრიდან „კეთილი“ ნების შედეგია _ ჯარიმა 350 ლარი _ ღიმილი _ რჩევა: გამოვიდე იმ ინტერნეტ-საიტებიდან, სადაც დაზარალებულები ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ.
გთავაზობთ განცხადებას, რომლითაც მომხმარებლებმა მიმართეს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“:
„2015 წლის 14 იანვარს დახმარება გვთხოვა მომხმარებელმა, რომელიც ფირმა „დეშელის“ აგრესიული მარკეტინგის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, როგორც მომხმარებელმა გვიამბო, მას მობილურზე დაურეკა ამ ფირმის წარმომადგენელმა და შესთავაზა სახის გაწმენდის უფასო პროცედურა. საუბრისას მომხმარებელს საგანგებოდ განუმარტეს, რომ ეს აქცია ფირმის კეთილი ნება იყო და მომხმარებლის მხრიდან არავითარ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. მომხმარებელიც დაეთანხმა და 2015 წლის 12 იანვარს მივიდა მითითებულ ადგილზე: კოსტავას ქუჩაზე, „გრატო პასაჟში“ მდებარე შპს „Luxury Cosmetics“-ში. მას მართლაც ჩაუტარეს შეპირებული კოსმეტიკური პროცედურა. პროცედურების შემდეგ მომხმარებელს პროცედურისას გამოყენებული კოსმეტიკის შეძენა შესთავაზეს, რაზედაც მან უარი განაცხადა. ფირმის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მას სთავაზობენ „უპრეცედენტო ფასდაკლებას“: მას შეეძლო 2800 ლარად შეეძინა კოსმეტიკის კომპლექტი, რომელიც 4000 ლარი ღირდა. მომხმარებელმა ამ შეთავაზებაზეც უარი განაცხადა, ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. საპასუხოდ კომპანიის წარმომადგენლებმა განვადების შესაძლებლობა შესთავაზეს, მაგრამ მომხმარებელმა ამაზეც უარი თქვა, _ ვერ გადავიხდიო. შემდგომი მოლაპარაკება ფირმის სხვა თანამშრომელმა გააგრძელა, რომელმაც, საბოლოოდ, მომხმარებლის დარწმუნება მოახერხა, რის შედეგადაც მომხმარებელმა ადგილზევე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას როგორც თავად ფირმასთან, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულებას „საქართველოს ბანკთან“. დოკუმენტების გაფორმების შემდეგ მომხმარებელს გადასცეს კოსმეტიკური პროდუქციის კომპლექტი სავაჭრო ნიშნით „დეშელი“, ხაზი „Diamond Treasures“ და სახლში გამოისტუმრეს.
ფირმის ოფისიდან გამოსვლისთანავე მომხმარებელი გონს მოეგო და თავი მოტყუებულად იგრძნო. მეორე დღეს მომხმარებლის შვილი მივიდა ფირმაში ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ფირმამ იგი მტკიცე უარით გამოისტუმრა. ამის შემდეგ მომხმარებელი დახმარებისთვის ჩვენ დაგვიკავშირდა.
ჩვენ მომხმარებელს ვურჩიეთ, დაუყოვნებლივ წარედგინა თავისი პრეტენზიები (წერილობით!) როგორც კოსმეტიკურ ფირმაში, ასევე ბანკში და ამ განცხადებების მომზადებაში დავეხმარეთ (განცხადება „დეშელს“, განცხადება „საქართველოს ბანკს“). საბედნიეროდ, მომხმარებლის სწრაფი მოქმედების გამო განცხადების შეტანის მომენტისთვის ბანკიდან კრედიტის თანხა კოსმეტიკურ ფირმაში ჯერ გადარიცხულიც კი არ იყო, ამიტომ ხელშეკრულებების გაუქმება საკმაოდ იოლად მოხერხდა.
რჩევა მომხმარებელს: თუ თქვენ დაგიდეს გარიგება ისეთ პირობებში, როცა არ გაგაჩნდათ შესაძლებლობა, სრულად გაგეაზრებინათ მისი შინაარსი, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, გარიგება სადავო გახადოთ (ანუ მოითხოვოთ მისი გაუქმება). ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეტენზია დააფიქსიროთ წერილობით და რაც შეიძლება მალე! სასურველია, იმავე ან შემდეგ დღეს. მაგალითისთვის გამოიყენეთ ეს განცხადებები: განცხადება ფირმას, განცხადება ბანკს.
განცხადების ჩაბარებისას შეეცადეთ გქონდეთ მისი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად, ასე: მოამზადეთ განცხადების ასლი და განცხადების ჩაბარებისას მიმღებ პირს მოსთხოვეთ, ასლზე მიაწეროს: „ჩავიბარე (თარიღი)“ და ხელი მოგიწეროთ. თუ მეორე მხარემ განცხადების ასეთ ჩაბარებაზე უარი განაცხადა, გაუგზავნეთ იგი მას დაზღვეული საფოსტო წერილი „შეტყობინებით“.
არა მარტო „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, არამედ „დეშელი“ საერთაშორისო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშიც მოხვდა. საუბარია „ჰუმან რაიგთ ვოჩზე“.
ვახდენთ ციტირებას:
„პროექტის „ადამიანის უფლებები რეგიონებში“ ფარგლებში, ერთი წლის მანძილზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაზე მუშაობდა ჯგუფი. მათ შორის იყო გახმაურებული საქმეები: პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის საქმე; კასპის პოლიციის თანამშრომლების მიერ ნაცემი ზვიად ფეიქრიშვილის საქმე; არასრულწლოვან გ. კახურაშვილის საქმე; მოქალაქე მ.გ. კომპანია „დეშელის“ წინააღმდეგ; იეჰოვას მოწმეთა საქმეები და ა. შ.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ წარმოებულ საქმეთაგან რამდენიმე უკვე წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საქმე კი უვადოდ არის შეწყვეტილი და დამნაშავეები არ დასჯილან“.
ალბათ, გაინტერესებთ, ყოველივე ზემოთქმულზე რა კომენტარი გააკეთა მარიამ კუბლაშვილმა. მოკლედ დავწერთ:
„მას შემდეგ კომპანიამ უამრავი სიახლე დანერგა, სახის მოვლის სხვადასხვა აპარატურული მეთოდი და ბრენდული პროდუქცია შემოიტანა, რასაც მოყვა კიდეც მომხმარებელთა რაოდენობრივი ზრდა და მომსახურების ხარისხის დახვეწა. კომპანიის მომხმარებელთა ბაზაში, დღეის მდგომარეობით, უამრავი წარმატებული და ცნობილი პიროვნება ირიცხება, თუმცაღა მათი სახელის გასაჯაროება და ამით სარგებლის ნახვა ნებისმიერ სამართლებრივ თუ მორალურ ჩარჩოებს სცდება და ამ ხერხისთვის კომპანიას არასდროს მიუმართავს. ამდენად, სრულიად გაუგებარი და მარკეტინგული თვალსაზრისით ალოგიკურია, არაერთი ცნობადი მომხმარებლის უგულებელყოფა და არარსებული მომხმარებლის გამოგონება.
დავაზუსტებ, რომ ეს „მარიამ კუბლაშვილის კანტორა“ არ არის, ეს ბატონი მიხეილ ლუბარსკის ესთეტიკური ცენტრი „Luxury Cosmetics“-ია, რომლის დირექტორიც გახლავთ მარიამ კუბლაშვილი. თუ პირადი სამიზნე მე ვარ, მაშინ კომპანია შეგეშალათ, მე ნამდვილად მეკუთვნის იურიდიული კომპანია „მარიამ კუბლაშვილის საადვოკატო ოფისი“... მიუხედავად ყველაფრისა, ანტიპიარიც პიარია... დიდი მადლობა!“ _ ასეთია მარიამ კუბლაშვილის განცხადება.
ანუ თუ ეს ფაქტები, რაც ზემოთ მოვიყვანეთ, კუბლაშვილისთვის პიარია, მაშინ კიდევ უფრო დიდი მადლობა უნდა გადაგვიხადოს შემდეგი სტატიისთვის, სადაც ლუბარსკის ფირმის განვითარება დეტალურად არის გაშლილი _ რომელ ქვეყნებში აიკრძალა, რამდენი სასამართლო პროცესი აქვს, რა აღმოაჩინეს „ლაქშერის“ კოსმეტიკაში და ყველაზე მთავარი _ რამდენი მოქალაქე დაზარალდა. იმ ქვეყნებში კუბლაშვილის სახელი არც გაუგიათ. საინტერესო ის არის, რომ ამ სკანდალების შემდეგ იურისტი, რომელსაც თავისი საადვოკატო ბიურო აქვს, ერთობ სკანდალური კოსმეტიკის წარმომადგენელი ხდება მთელი რიგი სამართლებრივი შლეიფით.
თუმცა ეს შემდეგ პუბლიკაციაში. მადლობად არ ღირს, ამ სახის პიარს არ მოგაკლებთ.
თამარ როსტიაშვილი