ქუთაისის ისტორიულ ცენტრალურ ბულვარში კაფე XX საუკუნის 70-იანი წლებიდან არსებობს. დღემდე ბულვარში კაფე „სავანე“ ერთადერთი კვების ობიექტია. XX საუკუნეში შენობა ბამბუკისგან აგებულ ღია სანაყინეს წარმოადგენდა და სეზონურად მუშაობდა. ამჟამად კაფეს ერთსართულიანი შენობა შუშისა და ბეტონისაა და მთელი წლის მანძილზე მუშაობს. „სავანე“ ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
დაახლოებით ერთი კვირის წინ კაფეს ფასადზე პლაკატები გამოჩნდა, სადაც გამოსახული არიან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე იუზა უგულავა, მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე. რამდენიმე დღის შემდეგ კაფე მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა 3000 ლარით დააჯარიმეს. მიზეზი საპროტესტო პლაკატების უნებართვოდ გაკვრა აღმოჩნდა.
კაფე „სავანეს“ კერძო კომპანია „ნიკოლო“ ფლობს. კომპანია 1996 წლის აგვისტოში დაარსდა. „ნიკოლოს“ მფლობელები არიან: ბიკენტი, გიორგი და ირაკლი ტურაბელიძეები. ირაკლი ტურაბელიძის განცხადებით, მისმა ოჯახმა ობიექტი 1995 წელს, კანონის დაცვით, პრივატიზების შედეგად შეიძინა. 2012 წელს, ბულვარის ტერიტორიის ახაზვის შემდეგ, საკადასტრო რუკებზე კაფე არ აღმოჩნდა, რის გამოც მფლობელებმა სასამართლოს მიმართეს. მაშინ „ნიკოლოს“ სააპელაციო სასამართლომ მერიასთან მორიგება შესთავაზა. ირაკლი ტურაბელიძის განცხადებით, მერია მეპატრონეებისგან კუთვნილი ქონების იჯარით აღებას მოითხოვს. მეპატრონეები მერიასთან მოლაპარაკებასა და ქონების იჯარით აღებას არ აპირებენ.
„მოგესალმებით! 1996 წლიდან ჩვენი ოჯახები არის კაფე-ბარ „სავანის“ კანონიერი მფლობელი. კაფე ყველა წესის, ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით შევიძინეთ მერიისგან, რისი დამადასტურებელი სრული დოკუმენტაციაც გვაქვს. უკვე 23 წელიწადზე მეტია, რაც სრული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ვემსახურებით ქალაქს და ვმართავთ ჩვენს ბიზნესს. მიუხედავად ყველა ხელისუფლების დაინტერესებისა, დღემდე არც ერთმა არ გაბედა, პირდაპირ და ღიად წასულიყო ჩვენი საკუთრების წართმევაზე. თუმცა დღეს _ XXI საუკუნეში, ქუთაისის მთავრობამ ჩაიდინა და დღემდე ცდილობს, ბოლომდე მიიყვანოს გაუგებარი დანაშაული.
საქმე ის გახლავთ, რომ 2012 წელს, ხაზს ვუსვამ _ ქურდულად _ აზომვითი ნახაზის, დოკუმენტების გაყალბების გზით, ქალაქის ცენტრალური ბაღი რეესტრში ისე დაარეგისტრირეს, რომ 1995 წლიდან გამოყოფილი ჩვენი კაფე საერთოდ გააქრეს, თუმცა დაიტანეს საპირფარეშო, როგორც უფრო მნიშვნელოვანი ობიექტი“, _ ეს მხოლოდ მცირე მონაკვეთია იმ განცხადებიდან, რომელსაც კაფე „სავანის“ მფლობელები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ტურაბელიძეები აცხადებენ, რომ წინა სასამართლო პროცესზე მერიის წარმომადგენელმა, ირაკლი გიორგაძემ, შეფასებისთვის სახელმძღვანელოდ წარმოადგინა 2018 წლის აქტი, ბაღში მდებარე საპირფარეშოს შეფასება, რომელიც იმდენად არარეალური იყო, რომ ნათელი გახდა მათი ნამდვილი მიზანი, გაუგონარ თანხად მიაქირავონ მათივე ქონება ან ისეთი სიტუაცია შეუქმნან, რომ საკუთარი ნებით დატოვონ კაფე. მეპატრონეები ფიქრობენ, რომ მერიის რეალური მიზანი ობიექტის წართმევა და მისი სასურველ პირზე გასხვისებაა.
მერიაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე-ბარ „სავანესთან“ დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა.
კერძოდ, ჯერ კიდევ, 2002 წელს შპს „ნიკოლოს“ დირექტორმა, აბესალომ ტურაბელიძემ, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ცენტრალურ ბაღში მდებარე 160 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ნიკოლოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა, კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის, ფართით 160 კვ.მ., მდებარე ქალაქ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში, რუსთაველის გამზირ #2ა-ში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და შპს „ნიკოლოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შპს „ნიკოლოს“ დირექტორმა აბესალომ ტურაბელიძემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის განჩინებით შპს „ნიკოლოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.
2018 წლის სექტემბერში შპს „ნიკოლოს“ დირექტორებმა, გიორგი და ნიკოლოზ ტურაბელიძეებმა, კვლავ მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში, მდებარე კაფე-ბარ „სავანეს“ ქვეშ არსებული 158,00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების გაუქმება და შპს „ნიკოლოს“ საკუთრებად აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნიკოლოს“ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ნიკოლოს“ დირექტორებმა.
ამჟამად დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში, მდებარე კაფე-ბარ „სავანეს“ ქვეშ არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სკვერის (რომელიც ქუთაისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში იმყოფება) განუყოფელ ნაწილს და მისი განკარგვა, მესამე პირებზე საკუთრებაში გადაცემა 2002-2004 წლებში და დღეს მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია.
(სასამართლოს გადაწყვეტილების ლინკი:
ჰტტპს://დრივე.გოოგლე.ცომ/ფილე/დ/17ნOIUდKლუ4ჟ0ჟ363XLსFბ6EზPიPღD5ნო/ვიეწ?ფბცლიდ=IწAღ27PO8LLდცსMრწ3Bღ8F3P9Aყტზ-FP77EცQმგზQჟბ7პNლღოს2OM32I6AMეს)
კაფე „სავანეს“ მეპატრონეები დანებებას არ აპირებენ. გვირილობის დღესასწაულზე, 2 მაისს, მათ მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერის იმედი აქვთ. აღნიშნული საქმით, სავარაუდოდ, პროკურატურაც დაინტერესდება.
შორენა ლაღაძე