საქმე, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთხელ შეცვალა, ვის რა წვლილი აქვს სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე და რატომ ამახიჯებენ ფაქტებს?
რა შეეძლო გაეკეთებინა მურუსიძეს კანონისა და კონსტიტუციის მიხედვით და არ გააკეთა? რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა საუბარი მურუსიძის სიკეთეებზე და, რეალურად, რა დაადგინა სტრასბურგის ხელახალმა გამოძიებამ?!
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს გირგვლიანის საქმის ადვოკატი სტარსბურგის სასამართლოში _ დავით ჯანდიერი:
_ დავით, ბოლო დროს, მმართველი გუნდი ლევან მურუსიძეს დადებითად წარმოაჩენს „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით. ასევე ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში მოსაზრებები მოვისმინეთ, თითქოსდა თქვენი როლი ამ საქმეზე სტრასბურგში მინიმალური იყო, რამაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია. რა ხდება? რატომ გააქტიურდა ეს საკითხი დღეს და ვის ინტერესებში შედის „გირგვლიანის საქმის“ გადაწერა?
_ ბოლო პერიოდში ამ საკითხზე საჯაროდ გაკეთებულმა არასწორმა გამონათქვამებმა ეჭვები გააჩინა იმის შესახებ, რაც მიმაჩნდა, რომ ყველამ იცოდა. მერწმუნეთ, იძულებული გავხდი, ინგა გრიგოლიას ეთერში დამერეკა და ჩემს როლზე მესაუბრა „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში, რის შესახებაც, განაჩენის გამოტანიდან ამ დრომდე, 8 წლის განმავლობაში, არ მისაუბრია. უბრალოდ, ამის მტკიცების საჭიროებას ვერ ვხედავდი. 21-ე საუკუნეა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია, თუნდაც სტრასბურგში გამართული სხდომების ამსახველი ვიდეომასალა.
18 აპრილამდეც მოხდა არასწორი სატელევიზიო პოზიციონირება, რომლის დროსაც მე, როგორც ამ საქმის სტრასბურგში წარმმართველი ადვოკატი, საერთოდ ამოგდებული ვიყავი შინაარსიდან, თითქოს ჩემს მხრებზე, ყველა გაგებით არ გადაიარა ამ საქმემ სტრასბურგში. სამწუხაროდ, ბოდიში არავის მოუხდია, არც არავის აუხსნია, უხერხულობაც არ უგრძნიათ, ამ ყველაფრის მცდელობაც არ ყოფილა. 2019 წლის 16 აპრილის „იმედის“ ეთერის შემდეგ, დღეში რამდენჯერმე, ერთ-ერთი პარტიის აქტივისგან ჩემთვის გაუგებრად და აუხსნელად ვისმენდი ტელეეკრანიდან და სოციალური მედიიდან ყველაფერს „გირგვლიანის საქმესთან“ დაკავშირებით სტრასბურგში ჩემი ხსენების გვერდის ავლით. ინგას ეთერში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლმა კიდევ ერთხელ გაავრცელა არასწორი მესიჯი, რომელიც მიმაჩნია, რომ მიზნად ისახავდა საჯაროდ ჩემი როლის დაკნინებას „გირგვლიანის საქმეში“ და ამაზე დუმილი, უბრალოდ, ვერ შევძელი. როგორც სატელეფონო ჩართვის დროს ვთქვი, იძულებული გავხდი, პირდაპირ ეთერში დამერეკა.
მიმაჩნია, რომ ადამიანს არ უნდა დაუკარგო მისი ნაშრომი, არც სხვისი გაკეთებულის აღნიშვნა უნდა გაშინებდეს _ პირადად მე, მიუხედავად ჩვენ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა, რამდენიმე დღის წინ თეა წულუკიანთან, როგორც სტრასბურგის სასამართლოს სამდივნოს იმდროინდელ თანამშრომელთან მიმართებით, ამ საქმეში მის პოზიტიურ როლზეც ვთქვი ეთერში დიანა ტრაპაიძესთან. ასევეა შალვა შავგულიძე, რომელიც ქვეყნის შიგნით ამ საქმეს საწყისი ეტაპიდან იცავდა. არ იყო იოლი მაშინ ამ საქმის აღება. ისევე როგორც თავს უფლებას არ მივცემ შიდა ინსტანციებში შალვა შავგულიძის როლის დაკნინების, ასევე არ დავუშვებ ჩემი, როგორც ადვოკატის როლის გვერდის ავლას სტრასბურგში.
რაც შეეხება ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში ჩემს როლს, კომუნიკაციის ეტაპიდანვე _ ყველა პროცესუალური ქმედება, მათ შორის, საქმის დასაშვებობაც, არსებითი მხარეც (რომელზეც ერთდროულად იმსჯელა სასამართლომ), პროცესზე გამოსვლისა და პროცესის წარმართვის ჩათვლით, იყო ჩემ მიერ დაუღალავი შრომით, ინდივიდუალური და უდიდესი პასუხისმგებლობით განხორციელებული.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მიმაჩნია, „გირგვლიანის საქმე“ სტრასბურგში მოიგო ირინა ენუქიძემ, გურამ გირგვლიანმა, სანდროს მეგობრებმა და ათეულობით ადამიანმა, თუ არა მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ, შემიძლია გაბედულად ვთქვა ის, რაც სიმართლეა _ თუ ვინმეს შეუძლია თქვას, პირველ რიგში, მე მაქვს უფლება, _ სტრასბურგში მოვიგე „გირგვლიანის საქმე“. ჩემი ნაშრომი ჩემი ნაშრომია, სიტყვებიც, ფორმულირებაც, პრეცედენტული სამართლის ცოდნა და ანალიზი, რომელთა სწორად ჩამოყალიბებასა და გაწერაზე ღამეებს ვათენებდი, რაც მთავრობის შეპასუხებაში რეკორდულად მცირე დროში ავსახე, სწორედ ჩემი კომპეტენციის გამო გახდა აუცილებელი ჩემი ამ საქმეში ჩართვა; ისიც, რა სიტყვითაც სასამართლო სხდომაზე გამოვედი და პაექრობა/რეპლიკის სტადიაზეც, მას შემდეგ, რაც ინგლისურ ენაზე გამოვიდა სიტყვით იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, რომელიც მთავრობის ინტერესებს იცავდა.
ძალიან ვწუხვარ, რომ აუცილებელი გახდა ამაზე მესაუბრა. ეს რომ ასეა, გასაკვირი ვერც იქნება, რადგან სხვადასხვა სასამართლოში საქმის წარმოების სხვადასხვა წესია. ქვეყნის შიგნით შიდა კანონმდებლობის სათანადო ცოდნა და ქვეყნის გარეთ _ უპირატესად, საერთაშორისო სამართლის, რომლის სწავლასაც რამდენიმე წელი მოვანდომე სტრასბურგის უნივერსიტეტში. ამიტომ ყველას თავისი როლი ჰქონდა. მე ეს როლი, წილი და წვლილი კონვენციის ცოდნიდან გამომდინარე მქონდა სტრასბურგში.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დიდი წვლილი, რომელიც იმ დროს გიორგი თარგამაძემ იმედზე, გადაცემა „დროებაში“ ამ ამბის შესახებ ვრცელი სიუჟეტის გაშვებით შეასრულა. მურუსიძის დადებითად წარმოჩენა და ჩემი როლის სტრასბურგში დაკნინება გირგვლიანის საქმის გადაწერად მიმაჩნია. თუ სხვებს არ ერიდება არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერების, არასამართლიანი პოზიციონირების, ვწუხვარ, მაგრამ იძულებული გავხდი, სიმართლით მეპასუხა. ეს არ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც არაკეთილგანწყობის გამოხატვა ვინმეს მიმართ _ რაც ასევე არც მე დამიმსახურებია, მაგრამ ეს ჩემი, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ღირსების საკითხია. მას შემდეგ, რაც იყო მცდელობა, გაფერმკრთალებულიყო საჯაროდ ჩემი როლი „გირგვლიანის საქმეში“, ამ ყველაფერზე პასუხი ორი ან რამდენიმე ადამიანის შიდა საუბრით თუ ახსნით ვეღარ შემოიფარგლებოდა, რადგანაც საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ასევე საჯაროდ უნდა გაეცეს მართალი პასუხი. კიდევ ერთხელ ვამბობ: ძალიან ვწუხვარ. მეტ სიღრმეებში აღარ შევალ.
_ დღეს რა ვიცით სანდროს მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე? რა დაადგინა გამოძიებამ და ვის რა მიესაჯა 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ?
_ რეალურად, მოხდა შემდეგი: 2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით, საღამოს 11:00 საათისთვის, თბილისში, კაფე „შარდენში“ შეიკრიბა მეგობართა ჯგუფი: შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია-მერაბიშვილი, შსს-ს კუდ-ის უფროსი დათა ახალაია, მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე, სამინისტროს პრესცენტრის უფროსი და მინისტრის პრესსპიკერი გურამ დონაძე, თაკო სალაყაიას მეგობარი ანა კალანდაძე და თათია მაისურაძე.
ამავე ბარში, მოგვიანებით, მივიდნენ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე. კაფეში შესვლისთანავე სანდრო გირგვლიანმა თათია მაისურაძე შენიშნა, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და რომელსაც ბარში მისვლამდე ტელეფონით ესაუბრა. მიუახლოვდა მას და, სუფრის სხვა წევრების თანდასწრებით, მკვეთრი ჟესტებით დაუწყო საუბარი, რადგან ბარში მისვლამდე სატელეფონო საუბრისას, თათია მაისურაძემ დაუმალა და არ გაუმხილა, რომ „შარდენ ბარში“ იმყოფებოდა.
გირგვლიანისა და მაისურაძის შელაპარაკება ამავე ბარში მყოფმა სანდროს მეგობარმა, ზაალ ქურციკაშვილმა შეამჩნია, რომელმაც მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, სანდრო შს მინისტრის მეუღლის სუფრას გამოარიდა. მოგვიანებით, თათია მაისურაძე სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან გადაჯდა, სადაც დაძაბული საუბარი გაგრძელდა. ერთ მომენტში სანდრო გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მინისტრის მეუღლის სუფრასთან მსხდომი ერთ-ერთი თანამდებობის პირი. დათა ახალაიას დავალებით, სანდრო გირგვლიანთან ანგარიშსწორების მიზნით, „შარდენ ბარის“, თავისუფლების მოედნის, ლესელიძის ქუჩის მიმართულებით და მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგდნენ კუდის თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე, დავით ქოქიაშვილი, ვალერიან მეტრეველი, იოსებ ხასაია და სხვები. მელნიკოვის მინიშნებით ალანიამ, თანმხლებ პირებთან – ქოქიაშვილთან და ღაჭავასთან ერთად, სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩაისვეს ავტომანქანაში და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს. აქ მათ შემოუერთდა ბიბილურიძე და აფციაური.
გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძლიერ ყინვაში გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს. წამების მიზნით, სანდროს სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს მრავალი ჭრილობა და უმწეო მდგომარეობაში უკაცრიელ ადგილზე მიატოვეს. მეორე დღეს, 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, სანდროს წელს ზემოთ შიშველი გვამი თოვლში აღმოაჩინეს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებლის დახმარებით, ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს. გვამის გაკვეთის მიხედვით, მსხვერპლს ყელზე მჭრელი ნივთით მიყენებული ჰქონდა 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა. მიყენებული სამი ჭრილობიდან ერთ-ერთი მათგანი 0.5 სმ დიამეტრის იყო და ხახამდე აღწევდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჭრილობები მჭრელი, წვეტიანი და ტარიანი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო მიყენებული. მარცხენა მხარზე, ასევე მარცხენა წინა მხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლსა და წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ, ასევე აღმოჩენილ იქნა მრავალრიცხოვანი ჭრილობა. ექსპერტების თქმით, სანდროს ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა უმნიშვნელო იყო. სიკვდილი კი ხახის არეში მიყენებულმა ორმა ჭრილობამ _ ასფიქსიამ გამოიწვია, როდესაც ხახის ჭრილობიდან სისხლი სასუნთქ მილში გადაიღვარა. რაც შეეხება სანდროს მეგობარ ბუხაიძეს, გამტაცებლებმა ძლიერ ნაცემი და შიშველ მდგომარეობაში მყოფი სასაფლაოზე დატოვეს, რომელმაც უახლოეს ბენზინგასამართ სადგურს მიაგნო, საიდანაც პოლიციას დაუკავშირდა.
შსს გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ახდენდა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფის სამართალწარმოების მიკერძოებულ, არასრულყოფილ, უსამართლო და არაობიექტურ გამოძიებას, რაც ხორციელდებოდა მაშინდელი მინისტრისა და კუდის უფროსის, დათა ახალაიას ხელმძღვანელობით, ასევე ადგილი ჰქონდა სასჯელის არასათანადო აღსრულებისათვის მსჯავრდებული პირებისთვის უკანონო შეღავათების დაწესებას და სასჯელისგან მათ ვადამდე განთავისუფლებას.
განახლებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანის გვამის აღმოჩენიდან მე-2-მე-3 დღეს, თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ, ვანო მერაბიშვილს პირადად მოახსენა თბილისის კრიმინალური სამსახურების მიერ დადგენილი, ჩადენილი დანაშაულის გარემოებები. ბაღათურია მერაბიშვილისგან თანხმობას ითხოვდა კუდის იმ მოხელეების დაკავებაზე, თუმცა მათ შორის გამართული რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, თანხმობა ვერ მიიღო. დანაშაულის ჩადენიდან ასევე 2-3 დღეში პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ თავისთან მიიწვია შს მინისტრი და მოსთხოვა დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების, მათ შორის, დათა ახალაიას პასუხისგებაში მიცემა.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზევე ვანო მერაბიშვილისთვის ცნობილი იყო დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებები, მან 37 დღის განმავლობაში საქმის „გამოძიება“ წარმართა მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო დანაყოფის მეშვეობით. დადგენილებაში, მერაბიშვილის ბრალდების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი, მითითებულია, რომ ვ. სანოძის, თ. მერაბიშვილის, დ. ახალაიას, ვ. მელნიკოვის, გ. დონაძის, თ. მაისურაძის, ა. კალანდაძის „დაკითხვა“ განხორციელდა ვ. სანოძის სამუშაო კაბინეტში ყველა ზემოთ დასახელებული პირის ერთობლივი მონაწილეობით და თამარ მერაბიშვილის მითითებებისა და კორექტირებების ფონზე, დასაკითხ პირთა პოზიციებისა და მათ მიერ გამოთქმული ფრაზების ურთიერთშეჯერებით, რასაც უსიტყვოდ აფიქსირებდა გამომძიებელი და რომელსაც ზედამხედველობდა იქვე მყოფი საგამოძიებო განყოფილების უფროსის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა ზ. ქურციკაშვილი, მისი ჩვენება აღარ არსებობს გამოძიების მასალებში, ასევე არ მომხდარა მისი შემდგომი დაკითხვა პროკურატურაში გამოძიების ეტაპზე. გამოძიების დასაწყისში სატელეფონო საოპერატორო ქსელებიდან მოპოვებულ იქნა 10-მდე აბონენტის დეტალური ამონაწერი, საიდანაც ორის (ს. გირგვლიანისა და გ. ალანიას) გარდა ყველა სხვა დანარჩენი საქმიდან ამოღებულია; საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა, სისხლის სამართლის საქმე, 2006 წლის 5 მარტს, თბილისის იმჟამინდელ პროკურორ გ. ღვინიაშვილს, მისივე მოთხოვნით, სათანადო მიმართვით დაუტოვა საკუთარ კაბინეტში, შემდგომ აღნიშნული მიმართვის ტექსტი ასევე შეიცვალა სხვა მიმართვის წერილით, ვინაიდან საქმეს გ. ღვინიაშვილისთვის გადაცემის დროს თან ერთვოდა 3 ლაზერული დისკი: „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ ანძების მონაცემები, ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ასახული იყო დამნაშავეთა მოძრაობა ოქროყანის მიმართულებით და _ უკან. დისკი მოიცავდა ჩანაწერს ღამის 02:00 საათიდან _ 03:00 საათამდე.
საქმეში არსებული მიმართვა აღარ მოიცავს მითითებას ამ დანართებზე და საქმეზე დართული ჩანაწერი ამჟამად არის მხოლოდ 34 წამი. ორგანიზატორობის არგათქმის სანაცვლოდ მსჯავრდებულებს შესთავაზეს ფინანსური საზღაურის გადახდა 100-100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, ასევე მათი ოჯახების უზრუნველყოფა და მთელი რიგი პრივილეგიებით სარგებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. კერძოდ, გამოძიების საწყის ეტაპზევე ვანო მერაბიშვილი შეხვდა ბრალდებულებს და მათ შეჰპირდა, რომ „მის გასაკეთებელს თავადვე გააკეთებდა და მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ“, რაც მან განახორციელა კიდეც. 2006 წლის 3 მაისს ბრალდებულებს ფიქტიურად შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება დანაშაულში მონაწილე მათზე მაღალი თანამდებობის პირის ვითომ და განთქმის შემთხვევაში პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ და ამ შეთავაზების დოკუმენტი მოათავსეს მათი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში.
გამოძიების გაყალბების მიზნით შედგა „საიდუმლო“ წერილები, რომლებზეც წვდომა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სტრასბურგში სამართალწარმოების ეტაპზე. გამოვლინდა, რომ დათა ახალაიას 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული „საიდუმლო“ წერილით #16/27 (ს) ვანო მერაბიშვილისადმი, თავის მხრივ, მერაბიშვილის ასევე 2006 წლის 24 თებერვლით დათარიღებული „საიდუმლო“ წერილით #16/12(2)-2 იმჟამინდელი გენერალურ პროკურორ ზ. ადეიშვილისადმი, ახალაია ანგარიშს აბარებს მერაბიშვილს, თითქოსდა ამ უკანასკნელის დავალების შესრულების მიმდინარეობაზე, რაც შეეხებოდა გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების დადგენისთვის მის მიერ ვითომ და გატარებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. მერაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში ახალაია „ასკვნის“, რომ მის ხელთ არსებული ოპერატიული მონაცემებით, გირგვლიანისა და ბუხაიძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდნენ მხოლოდ: გ. ალანია, მ. ბიბილურიძე, ა. აფციაური და ალ. ღაჭავა. შესაბამისად, მერაბიშვილმა დათა ახალაიას წერილი ვითომდა გაუგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურორ ზ. ადეიშვილს, რომელმაც შემდგომ პროკურატურას დაუქვემდებარა გამოძიება. გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული „საიდუმლო“ წერილები შედგენილია არა მათზე მითითებულ დროს, არამედ შესრულდა მოგვიანებით, გამოძიების ინსცენირების გეგმის ფარგლებში და წარმოადგენს ყალბ დოკუმენტებს არარსებული რეკვიზიტებით. ამდენად, საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა თავად დანაშაულის ორგანიზატორი დათა ახალაია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით, სასჯელის მოხდის მიზნით, გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური 2006 წლის 18 ივლისს მოთავსებულ იქნენ თბილისში, #10 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათთვის წინასწარი შეპირების თანახმად, დაწესებულებაში მოთავსებამდე, საგანგებოდ გარემონტდა დამოუკიდებელი საცხოვრებელი ფართი (ყოფილი მედცენტრი), დაწესებულების დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირების მიზნით შემოიღობა გარე პერიმეტრი, მოეწყო ცალკე სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა სათავსები, შეიტანეს ახალი ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დამონტაჟდა ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროს ხაზები. ამ პატიმრებზე არ ვრცელდებოდა ციხის შინაგანაწესით დადგენილი მსჯავრდებულთა ქცევის წესები, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ მთელ ტერიტორიაზე, შედიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში, შეუზღუდავად სარგებლობდნენ მობილური ტელეფონებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი დროით და რაოდენობით, იღებდნენ სტუმრებს, რომლებიც, ძირითადად, იყვნენ: ძალოვანი სამინისტროების მოხელეები, უმასპინძლდებოდნენ მათ ალკოჰოლური სასმელით, სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით; გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე პერიოდულად გაჰყავდათ #10 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სხვადასხვა ვადით და გადაადგილდებოდნენ პირადი სარგებლობის ავტომანქანებით, მათ შორის: ბებიის, ბიძაშვილის სამძიმარზე, მაღაზიებში და სხვა, როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. დადასტურებულია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს ცნობილი მოვლენების დროს _ 2008 წლის 11 აგვისტოს: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე გაყვანილ იქნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების განზრახვით, თუმცა დ. ახალაია იძულებული გახდა, 25 აგვისტოს ისინი უკანვე დაებრუნებუნა, ვინაიდან პრეზიდენტის შეწყალება დროებით გადაიდო. მოგვიანებით, 2008 წლის 24 ნოემბერს: გ. ალანია, ა. ღაჭავა, ა. აფციაური და მ. ბიბილურიძე მართლაც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა.
2014 წლის 20 ოქტომბერს გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე მას თანამდებობის 2 წლით დაკავება აეკრძალა; ოლეგ მელნიკოვს _ მიესაჯა პატიმრობა 3 წლით და 6 თვით და ერთი წლით ჩამოერთვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება. ოლეგ მელნიკოვი განახლებული სამართალწარმოების ფარგლებში მოყვა, თუ როგორ დაავალა კუდის ყოფილ უფროს დათა ახალაიას შს ყოფილი მინისტრის მეუღლემ თაკო სალაყაიამ სანდრო გირგვლიანის მოშორება, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას. მელნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბის შემდეგ მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად, როდესაც მანქანა ჯერ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე. მელნიკოვის თქმით, იგი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში – მიხეილ სააკაშვილს. ამ დროს მათ შეიმუშავეს გეგმა, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ, რათა ამით საზოგადოების პროტესტი გაენეიტრალებინათ. მელნიკოვის თქმით, მას დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა, რომელსაც ხელი მოაწერა და დაადასტურა სასამართლოზე. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ანაზღაურება ერიცხებოდა.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, იგი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნის გამო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ 2014 წლის 22 ოქტომბერს და ამ ეპიზოდში 4,5 წელი მიესაჯა. რაც შეეხება დათა ახალაიას, 2018 წლის 29 ოქტომბერს მას სანდრო გირგვლიანის საქმეზე 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ახალი გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დათა ახალაიამ, ვანო მერაბიშვილთან ერთად, სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იმგვარად დაგეგმა და წარმართა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ კუდის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს, მათ მიეცემოდათ სათანადო გასამრჯელო, ხოლო დათა ახალაია და სხვები უკანონოდ აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან. დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, თითქოს დათა ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ახალაია გირგვლიანი-ბუხაიძის ეპიზოდებზე დამნაშავედ ცნო _ მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე, ასევე მოხელის მიერ ყალბი ცნობის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, პირადი მოტივით. ის საქართველოში არ იმყოფება.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შსს-ს თანამშრომლების შეწყალებით გამოიხატა. მას სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საჯარო სამსახურში მუშაობა კი _ ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით აეკრძალა. ბრალდების მიხედვით, მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში პრეზიდენტი სააკაშვილი დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ შეიწყალებდა კუდის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დათანხმდებოდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არ გათქვამდნენ დანაშაულის შემკვეთებსა და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
_ დავით, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მან „სანდრო გირგვლიანის“ საქმეზე ხარვეზები დაინახა და აღიარებს, რომ მოკლული ახალგაზრდის ოჯახის უფლებები ირღვეოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. როგორ აფასებთ მის ამ განცხადებას? რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა მურუსიძემ?
_ პირველ რიგში, უნდა ვთქვათ ამ დანაშაულის ხასიათზე _ დანაშაულში ვგულისხმობ არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტს, არამედ შემდგომში სახელმწიფოს რეაქციას, რაც ამ საქმის მიჩქმალვასთან მიმართებით გააკეთა. ეს იყო ცალსახად სისტემური დანაშაული, რომელშიც მონაწილეობდა ხელისუფლების ყველა შტო და რომელშიც ჩართული იყო, ფაქტობრივად, ყველა მაღალი თანამდებობის მქონე პირი. რა თქმა უნდა, მურუსიძე არ იყო ერთადერთი მოსამართლე ამ საქმეში, რადგან პირველ ინსტანციაში სხვა მოსამართლე გახლდათ, აპელაციაში _ სხვა და უზენაეს სასამართლოში, მურუსიძის გარდა, კიდევ ორი ადამიანი იყო, რომელიც მიღებულ განაჩენს ხელს აწერდა. პრობლემა მურუსიძესთან მიმართებით არის შემდეგი: ის ცდილობს, საკუთარი თავის პოზიციონირება მოახდინოს, როგორც სასამართლოს ლიდერის და საზოგადოებას ესაუბროს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობასა და ა. შ. ამიტომ აუცილებელია, მას მუდმივად ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის, როგორც კი ამ თემებზე საჯაროდ დაიწყებს პოზიციონირებას, ყოველთვის შეახსენებენ, როგორც მოსამართლეს, იმ პრობლემურ განაჩენებს, რომელზედაც ხელი მოაწერა.
2006 წლის 2 თებერვალს, სანდროს გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრის მეუღლე გარეული იყვნენ ამ საქმეში. გამოძიება მიმდინარეობდა 2006 წლის 26 იავნრიდან _ 5 მარტამდე პერიოდში. ამიტომ ყველა ის საპროცესო მოქმედება, რომელიც, თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა, არ შეესაბამებოდა სიცოცხლის უფლების პატივისცემას და პროკურატურის ნაწილში, რაც თქვა სტრასბურგის სასამართლომ _ საგამოძიებო ორგანოების მუდმივი უარი, დაზარალებულს მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, ბუხაიძის დაკითხვისას სიტყვების პერიფრაზირება გამომძიებლების მიერ, ბუხაიძის მიერ მელნიკოვის ამოცნობის უგულებელყოფა, სატელეფონო საუბრებისა და კერძოდ იმ ნომრის ავტორის ვინაობის დაუდგენლობა, რომლებთანაც ოთხივე მსაჯავრდებულს კავშირი ჰქონდა დანაშაულის ღამეს, პროკურატურამ არ დაადგინა ჭრილობის მიყენებასთან დაკავშირებული გარემოებები. გარდა ამისა, პროკურატურამ არ უზრუნველყო გირგვლიანის საქმეზე ოთხივე ბრალდებულის ცალ-ცალკე საკნებში მოთავსება, რამაც ბუნებრივია, მათ შესაძლებლობა მისცა, ერთმანეთის დაცვითი პოზიციები შეეთანხმებინათ. ყველაზე მთავარი ორგანო კი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი, ეს რგოლი, რა თქმა უნდა, იყო სასამართლო. სამივე ინსტანციაში სასამართლო კონტროლი არ იყო ეფექტიანი და ამ დასკვნამდე მისასვლელად ევროპული სასამართლო დაეყრდნო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა. სასამართლომ მთავარ ნაკლად მიიჩნია საქმის განხილვის ეტაპებზე შიდა სასამართლოების სისტემატური უარი, მიეცათ განმცხადებლისთვის საკმარისი დრო და საშუალებები საქმის მასალების შესასწავლად, რითაც ქალბატონ ირინა ენუქიძესა და ადვოკატს წაერთვათ შესაძლებლობა, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად და ეფექტიანად მიეღოთ მონაწილეობა პროცესში. ასეთი რთული სისხლის სამართლის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სწორედ ეს გარემოება აღმოჩნდა განსაკუთრებით შემაშფოთებელი ევროპული სასამართლოსთვის. სტრასბურგის სასამართლო არ აკონკრეტებს, რომელ სასამართლოსთან მიმართებით, რადგან სამივე ინსტანციასთან იყო ეს პრობლემა და ეს არის მურუსიძესთან დაკავშირებული პრობლემა. მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა, 14 მტკიცებულებას გასცნობოდა, რომელიც საქმის ხერხემალს წარმოადგენდა. ეს მტკიცებულებები ორიგინალის სახით სასამართლოს სხდომაზე არასოდეს გამოქვეყნებულა და არც შეჯიბრებითობის პრიცნიპის დაცვით გამოკვლეულა. ქართულმა სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ეს 14 მტკიცებულება. ახლა რატომ იყო ეს მტკიცებულებები ასეთი მნიშვნელოვანი?! _ ამ 14 მტკიცებულებაში იყო ის მტკიცებულება, რომელიც უკავშირდებოდა მოწმეების დაკითხვის ვიდეოჩანაწერებს. ასევე იმ ღამეს, როდესაც ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და სანდრო მეგობართან ერთად გაიტაცეს ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიის მიმართულებით, სწორედ ამ გზაზე იყო ბადრი პატარკაციშვილის სახლი, სადაც სათვალთვალო კამერა გახლდათ დამონტაჟებული, რომელიც ასახავდა ავტომობილების გადაადგილებას ოქროყანის სასაფლაოს მიმართულებით... გამოძიებამ ერთსაათიანი მონაკვეთი ამოიღო, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ საქმის მასალებში მხოლოდ ე. წ. სქრინშოტები ჩაიდო. საერთოდ არავის და, ბუნებრივია, პირველ რიგში, არც ქალბატონ ირინა ენუქიძეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, უწყვეტი სახით ენახა ეს ჩანაწერი, თუ რა ავტომობილები და ვისი ავტომობილები გადაადგილდებოდა ოქროყანის სასაფლაოს მიმართულებით და ხომ არ იყო აღბეჭდილი ასევე სხვა პირე