იპოთეკით დაზარალებულების შესახებ ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, ნამდვილი სკანდალია, მით უმეტეს, რომ საქმეში უმრავლესობის დეპუტატის გვარი ფიგურირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი ნანა ქადაგიშვილი ხელაღებით არ ამტკიცებს, მაგრამ საფუძვლიანად ეჭვობს, რომ ე. წ. მევახშეების ბიზნესს მფარველები ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ჰყავთ.
ეს ეჭვი ლოგიკურია, რადგან ირკვევა, რომ ჯერ ერთი, მევახშეები არც სახელმწიფო გადასახადებს იხდიან და, მეორეც, რაც უმთავრესია _ მევახშეთა უმეტესობა არსად მუშაობს, ზოგს საშუალო განათლებაც კი არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 1, 2 ან 3 კი არა, 200, 300 და ზოგჯერ 400 ერთეულის უძრავ ქონებასაც ფლობს.
მოკლედ, როგორ გაუსწრო მევახშეობის ბიზნესმა ნარკობიზნესს? _ „ქრონიკა+“ იპოთეკით დაზარალებულსა და მათი უფლებების დამცველს ესაუბრა.
ნანა ქადაგიშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი:
_ ე. წ. იპოთეკით დაზარალებულთა აქტიური მოძრაობა, დაახლოებით, 7-8 წლის წინათ დაიწყო. ზოგადად, ტერმინი „იპოთეკით დაზარალებულები“ პრობლემას სრულად არ მოიცავს, თუმცა საზოგადოებაში მაინც დამკვიდრდა. „თანადგომა და სამართლიანობა“, თავდაპირველად, საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, თუმცა ჩვენი პრობლემიდან გამომდინარე, სახელისუფლებო შტოებთან აქტიური კომუნიკაცია გვჭირდებოდა, რასაც საზოგადოებრივი მოძრაობა ვერ შეძლებდა.
_ ანუ თქვენი არასამთავრობო მას შემდეგ შეიქმნა, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა?
_ დიახ. პრობლემა მანამდეც არსებობდა, მაგრამ აქტიური გამოხატულება არ ჰქონდა. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ამ თემამ უფრო მეტად წამოიწია წინ.
_ რატომ?
_ იცით, რა ხდება? _ ადამიანებს თითქოს უფრო მეტის თქმის საშუალება მიეცათ. ის კი არადა, მერვე მოწვევის პარლამენტიც მეტად გახსნილი იყო და თვისობრივად თუ ხარისხობრივად ამ პარლამენტსაც აღემატებოდა და მაშინ ადამიანებისთვის პარლამენტის კარიც უფრო ღია იყო. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემ გარშემო მყოფები ასე ვფიქრობდით.
მოკლედ, პრობლემას საზოგადოებრივი მოძრაობა ვერ მოერეოდა, რომელიც ქაოსურად ხან მიტინგებს მართავდა და ხანაც _ ქუჩაში გამოდიოდა.
_ რას აპროტესტებდით?
_ იმ მძიმე ვითარებას ვაპროტესტებდით, რაშიც იპოთეკით დაზარალებულები აღმოჩნდნენ.
_ ქალბატონო ნანა, ობიექტურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს ადამიანები მძიმე ვითარებაში საკუთარი გადაწყვეტილების გამო აღმოჩნდნენ, ანუ მათ პრობლემა ბანკებთან კი არა, კერძო მევახშეებთან ჰქონდათ და აქვთ. ასე არაა?
_ დიახ, ეს კერძო სამართლის ურთიერთობაა.
_ ე. ი., ადამიანი ვალს რომ იღებს, უნდა დააბრუნოს კიდეც.
_ კი ბატონო, ამ ხალხმა გარისკა, როცა ვალი აიღო. შესაძლოა, ეს რისკი არასწორი ნაბიჯი იყო და, სხვათა შორის, საზოგადოებაც ხშირად ასე ფიქრობს _ თუ ვალი აიღე, უნდა გაისტუმროო, მაგრამ ეს ადამიანები ვინმესგან რამის ჩუქებას არც მაშინ ითხოვდნენ და არც დღეს ითხოვენ. ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა მხოლოდ თანადგომა და შემწეობაა!
_ იპოთეკით დაზარალებულები თანადგომასა და შემწეობას ვისგან ითხოვენ?
_ ხელისუფლებისგან.
_ უკაცრავად, ხელისუფლება რა შუაშია? მაგალითად, მე იპოთეკარი ვარ, გარკვეული თანხა გასესხეთ, თქვენ ვეღარ მიბრუნებთ და ხელისუფლება რატომ უნდა დაგეხმაროთ?
_ გასაგებია, მაგრამ 2007-2008 წლებში სამოქალაქო კოდექსში იმ ნორმების ცვლილება მოხდა, რომლითაც სასესხო ურთიერთობა რეგულირდებოდა, ანუ ამ ცვლილებებით, მოვალის მდგომარეობა ძალიან კაბალური გახდა და მას, მხოლოდ და მხოლოდ, მოვალეობები დარჩა. კრედიტორს კი აბსოლუტური უფლებამოსილება მიენიჭა.
_ ერთი ვერსიით, სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანის წინაპირობა ის გახდა, რომ კერძო მევახშეებს გავლენიანი ლობისტები ჰყავდათ. ამ ვერსიას ადასტურებთ, ქალბატონო ნანა?
_ შესაძლოა...
2009, 2010 და 2011 წლებში წინა პლანზე ძალიან წამოიწია აუქციონზე ბინების შეძენის თემამ _ ეს სერიოზული ბიზნესი გახლდათ, რომელმაც თითქმის ნარკობიზნესიც კი ჩაანაცვლა! ადამიანების ის კასტა, რომელსაც სერიოზული ფული ჰქონდა, ბინების მასობრივ შეძენაზე იყო გადართული. ყველაფერმა ამან ხალხის გარკვეული ფენა გააღარიბა. ხელისუფლებასაც იმიტომ მივმართავდით და მივმართავთ, რომ კანონში ცვლილება შესულიყო, რაც ბალანსს აღადგენდა.
_ კანონში შესულ ცვლილებას, როგორც იტყვიან, უკუქცევითი ძალა ხომ არ ექნება? შესაბამისად, მოვალე მაინც ვალდებული იქნება, რომ კანონში შეტანილ ცვლილებებამდე აღებული ვალი გაისტუმროს.
_ დიახ, კანონში შესულ ცვლილებებს უკუქცევითი ძალა არ ექნება, მაგრამ ეს ცვლილებები რომ მიეღოთ, იპოთეკით დაზარალებულთა ახალ-ახალი ტალღა არ მოგვემატებოდა.
მოკლედ, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ხუთი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. ამ თემაზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ, მაგრამ ამბიციად არ ჩამითვალოთ და „თანადგომა და სამართალი“ ის არასამთავრობოა, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს სტაბილურად დგამს.
_ ამ ხუთი წლის განმავლობაში, მაინც, რა ნაბიჯები გადადგით, რითაც იპოთეკარებს დაეხმარეთ?
_ დიდი ბრძოლის შედეგად, კონსტიტუციის შესაძლებლობის ფარგლებში _ ქუჩის აქციებით, მიტინგებით თუ შეხვედრებით _ მოვახერხეთ, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლება გააუქმა _ ამ კანონპროექტის ავტორი მე გახლავართ.
_ არადა, საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით „ოცნება“ იწონებს თავს.
_ „ოცნება“ კი იწონებს თავს, მაგრამ ეს ჩვენი ორგანიზაციის შრომაა _ დიახ, ამ კანონის ინიციატორი „თანადგომა და სამართლიანობაა“, მე კი, როგორც გითხარით, ავტორი ვარ. საპოლიციო წესით გამოსახლების აკრძალვა 2015 წლის დეკემბერში ამოქმედდა და იპოთეკით დაზარალებულთა საქმეში ეს ერთადერთი ნათელი წერტილია. მართალია, ამ კანონმა მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა, მაგრამ ხალხს ვერ უშველა.
_ „მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება“ რას ნიშნავს?
_ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ხელის ერთი მოსმით და ხისტი მიდგომით ადამიანებს ძალიან მოკლე ვადაში ქუჩაში ვეღარ ყრიან. დღეს გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მხოლოდ აღსრულების პოლიციას შეუძლია, თანაც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, _ ამის გარეშე არავის აღარ აქვს უფლება, რომ ადამიანი თავისი საცხოვრისიდან გამოიყვანოს.
სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ორი-სამი წელი გადის. ეს ის დროა, როცა ადამიანს შეუძლია, თუნდაც გონზე მოვიდეს ან მორალურად და ფსიქოლოგიურად შეეგუოს, რომ შესაძლოა, საცხოვრებელი დაკარგოს. ამას გარდა, ეს ორი-სამი წელი იმისთვისაც საკმარისია, რომ ადამიანმა ბრძოლა დაიწყოს, გარკვეული თანხა იშოვოს ან, სულაც, მოვალეს მოურიგდეს.
_ ქალბატონო ნანა, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მევახშეები რა ტიპის ადამიანები არიან, ანუ გასაპროცენტებელ ფულს როგორ შოულობენ?
_ იმ წყაროს ხელაღებით დასახელება, მევახშეები ფულს როგორ შოულობენ, ძალიან რთულია.
_ გეთანხმებით, მაგრამ ამ კუთხით თქვენ რა ვერსია გაქვთ?
_ რა თქმა უნდა, მაქვს.
_ კერძოდ?
_ უმარტივეს მაგალითს გეტყვით: არსებობენ ძალიან რიგითი, ჩვეულებრივი ადამიანები, საშუალო ფენის წარმომადგენლები, რომლებსაც პირად საკუთრებაში 300, 400 და უფრო მეტი ერთეული უძრავი ქონება აქვთ.
იმ ფონზე, როცა მოქალაქე არსად მუშაობს და განათლების დეფიციტიც აქვს, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, _ როგორ შეძლო ამდენი ქონების მოპოვება? სხვათა შორის, ეს უძრავი ქონება, როგორც წესი, ე. წ. წარმატებულ უბნებში მდებარეობს.
_ თქვენი აზრით, უმუშევარი მოქალაქეები ამდენ ქონებას როგორ აგროვებენ?
_ კითხვაზე პასუხი თავისთავად არსებობს.
_ ერთი სიტყვით, პასუხი ისაა, რომ კერძო მევახშეებს გავლენიანი მფარველები ხელისუფლებაში ჰყავთ?
_ დიახ, ძალიან მაღალი ეშელონებიდან ვიღაც-ვიღაცები მფარველობენ.
_ ეს „ძალიან მაღალი“ ეშელონები, ვთქვათ, რომელიმე სამინისტროა თუ პარლამენტი?
_ მევახშეების მფარველები პარლამენტშიც არიან!
_ ე. ი., მევახშეებს „ოცნების“ დეპუტატები „კრიშავენ“?
_ მათი თანხებია.
_ კონკრეტული დეპუტატის გვარის დასახელება შეგიძლიათ, რომელიც მევახშეობის ბიზნესს მფარველობს?
_ დიახ, პირდაპირ გეტყვით: მაქვს ინფორმაცია, რომ მევახშეების მფარველი ერთ-ერთი დეპუტატი ისკო დასენია! სხვათა შორის, ეს გვარი საჯაროდ სხვა დროსაც დავასახელე.
_ ამბობენ, რომ ისკო დასენი ივანიშვილთან არის დაახლოებული.
_ მერე რა?! ვისთანაც უნდა, იმასთან იყოს დაახლოებული!
იცით, სამწუხარო რა არის?
_ რა?
_ საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლები აღარ გვყვანან!
_ მევახშეობის ბიზნესის „დაკრიშვის“ სქემა, თქვენი მონაცემებით, როგორია, ქალბატონო ნანა? ვთქვათ, მე ვარ დეპუტატი და მევახშეებს გასაპროცენტებლად ფულს ვაძლევ?
_ დიახ, რა თქმა უნდა. დეპუტატი მევახშეს, ასე ვთქვათ, ამუშავებს.
_ ამ საქმიდან მევახშის პროცენტი რამდენია?
_ მაგდენი არ ვიცი.
_ ამ სქემის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას და სხვა ძალოვან უწყებებს თუ მიმართეთ?
_ დიახ, წერილების დასტა გვაქვს.
_ ამ წერილებში რას წერთ?
_ მე არც პროკურორი ვარ, არც _ გამომძიებელი და არც _ მოსამართლე. შესაბამისად, მართლმსაჯულებას ვერ აღვასრულებ. მე, უბრალოდ, იმას ვაჟღერებ, რასაც დაზარალებული მოქალაქეები მეუბნებიან.
_ თქვენს საჩივრებში ისკო დასენი ნახსენებია?
_ არა, თუმცა გარკვეული მინიშნება არსებობს.
_ ის სქემა, რომლითაც მევახშეები მუშაობენ, დანაშაულებრივია?
_ დიახ, დანაშაულებრივია, აბა, რა არის?!
კი ბატონო, სასეხო ურთიერთობა კერძო ურთიერთობის საგანია და შეიძლება, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ სახელმწიფომ საკანონმდებლო ნორმები უნდა გააჯანსაღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით, კრედიტორსა და მოვალეს თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ.
ამას გარდა, დღეს იპოთეკით დაზარალებულები მხოლოდ იპოთეკით დაზარალებულები კი არა, უკვე უსახლკაროებიც არიან! უსახლკაროობა კი არ მგონია, ქვეყნისთვის პატარა პრობლემა იყოს!
უსახლკარო მოქალაქეები სახელმწიფოსთვის ბევრად დიდი თავის ტკივილია. ამიტომ სახელმწიფოსთვის უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ადამიანებს ხელი შეუწყოს და საკუთარ სახლებში დაამაგროს.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის თავშესაფარი არ არსებობს.
_ მოკლედ, ქალბატონო ნანა, თქვენი შეფასებით, ხელისუფლებამ კერძო მევახშეობა საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოაქციოს. სწორად გავიგე?
_ აუცილებლად.
_ კერძო მევახშეები ინდმეწარმეები უნდა გახდნენ?
_ დიახ. მევახშეობა ხომ ჩვეულებრივი საქმიანობაა.
_ ამ საქმიანობისთვის მევახშე სახელმწიფო გადასახადებს იხდის?
_ მალავენ.
_ რას ჰქვია, მალავენ?
_ ამ თემაზე შეხვედრები, ჯერ კიდევ, ხადურთან მქონდა, როცა ის ფინანსთა მინისტრი იყო. ორი ათასი გამსესხებლის სია მივუტანე და მაშინ ამ კუთხით რაღაც ღონისძიებები გატარდა _ ბევრი დაისაჯა.
_ დაიჭირეს?
_ ზოგს სახელმწიფოსთვის გადასახადი 50 ათასზე მეტი ჰქონდა დამალული და მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ზოგადად, არსებობს ზღვარი, თუ როდის უნდა აღიძრას სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეები. მოკლედ, ბევრ გამსესხებელს ქონება დაუყადაღდა. გადასახადებიც გადაახდევინეს.
ეს თემაც ჩვენ გავაღვიძეთ, რადგან სახელმწიფო გამსესხებლებს არაფერს ედავებოდა და გადასახადები, პრაქტიკულად, დაკარგული იყო!
ასევე ვთხოვდით, რომ დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს იაფი სესხი გამსესხებლებისგან ამოღებული თანხიდან მიეცა, მაგრამ ეს არ მოხდა.
სხვათა შორის, პრემიერ ბახტაძის დროს ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც შემოვიდა, იმას ითვალისწინებს, რომ გამსესხებელი აუცილებლად გამსესხებლად დარეგისტრირდეს და დარეგისტრირებაში აუცილებლად 10 ათასი გადაიხადოს, მაგრამ ეს რეგულაცია გამსესხებელს ძალიან აშფოთებს _ არ უნდა, სახელმწიფოს 10 ათასი გადაუხადოს. ამიტომ ახალი ხვრელი მოიგონეს.
_ და ეს ახალი ხვრელი რა არის?
_ გამსესხებლად აღარავინ რეგისტრირდება და, შესაბამისად, იპოთეკური სესხებიც აღარ გაიცემა. სამაგიეროდ, მევახშე ადამიანს ეუბნება, _ თუ პრობლემა გაქვს და სესხი გინდა, მაშინ შენი სახლი გადმომიფორმე და ნასყიდობა გავაფორმოთ, ოღონდ პროცენტიც უნდა მიხადოო, თუმცა ის, რომ მსესხებელმა გამსესხებელს პროცენტი უნდა გადაუხადოს, ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ ჩანს.
_ ამ ხელშეკრულებით ხომ არსებობს საშიშროება, რომ მსესხებელმა მევახშეს პროცენტი პატიოსნად გადაუხადოს, მაგრამ რადგან მისი საკუთრება უკვე გამსესხებელზეა გადაფორმებული, მაინც დაკარგოს?
_ რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება არსებობს. ამიტომ კიდევ უფრო დიდი განუკითხაობა მივიღეთ.
ახლანდელი რეგულაციებით მხოლოდ ორი მიმართულება გაჯანსაღდა: ერთი ის, რომ ბანკებს ზედა ზღვარი დაუწესდათ და მეორე _ ადრე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ნულოვანი აუქციონით იყიდებოდა, მაგრამ ამით გამსესხებელი არ კმაყოფილდებოდა და ვალი რომ გაესწორებინა, სხვა ქონების დაყადაღებასაც ითხოვდა. ახლა შეზღუდვა დაწესდა _ კონკრეტული გირავნობის საგნის გარდა, მისი გაყიდვის შემთხვევაში, ვალი დაიფარება თუ არა, ყურადღება სხვა ქონებას აღარ მიექცევა!
_ ქალბატონო ნანა, თქვენ, როგორც იპოთეკით დაზარალებულთა უფლებადამცველმა, კიდევ ერთხელ განმარტეთ, ხელისუფლებისგან, კონკრეტულად, რას ითხოვთ?
_ ხელისუფლებისგან სამი ძირითადი მიმართულებით ვითხოვთ მუშაობას: საკანონმდებლო ნორმების გაჯანსაღებას, რათა მოვალესა და კრედიტორს თანაბარი უფლება-მოვალეობები ჰქონდეთ.
ასევე აუცილებლად უნდა განხორციელდეს სოციალური პროექტები, მაგალითად, აშენდეს თავშესაფრები _ არიან ადამიანები, რომლებსაც უპროცენტო სესხის გადახდის თავიც არ აქვთ, ამიტომ ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.
_ თქვენი მოთხოვნების შესრულებაზე „ოცნება“ უარს რატომ ამბობს?
_ უარს არ ამბობს.
_ აბა?
_ მთელი შვიდი წელი დაპირებებით გვკვებავს, _ კი ბატონო, ამ მოთხოვნებს გავიზიარებთო.
სხვათა შორის, ეს გზა ევროპის ყველა ქვეყანამ გაიარა, მათ შორის, ჩვენნაირმა ღარიბმა ქვეყნებმა და პირველი, რაც იქ გააკეთეს, ის იყო, რომ გამოსახლებები შეაჩერეს.
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ტკივილი ნულოვანი აუქციონია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ნულოვან აუქციონზე მოქალაქის ქონება არარად იქცევა და თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან:
თბილისში კერძო სახლი, რომელიც 200 ათას დოლარად იყო შეფასებული, იპოთეკით გახლდათ დატვირთული. მოვალემ ვალდებულება სათანადოდ და ჯეროვნად ვერ შეასრულა და იპოთეკარმა სააღსრულებო წარმოების დაწყება გადაწყვიტა.
გამსესხებელი 22 ათას დოლარს ითხოვდა. მოკლედ, ეს 200 ათასად შეფასებული სახლი აუქციონზე გაიტანეს. პირველ აუქციონზე არ გაიყიდა, ვერც მეორეზე _ როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. მესამე აუქციონი კი, ჩვენი კანონმდებლობით, ნულოვანია, ანუ ქონება არარად არის ღირებული. მოკლედ, ვაჭრობის ბოლო დღეს ეს 200 ათასად შეფასებული სახლი 3 ათას დოლარად გაიყიდა, ანუ გამოვიდა, რომ უბედურმა ოჯახმა 200-ათასიანი ქონება დაკარგა, მევახშემ 22 ათასი, რასაც ითხოვდა, ვერ აიღო და იცით, ეს ქონება ვინ იყიდა?
_ ვინ?
_ ეგვიპტის მოქალაქემ.
ნულოვანი აუქციონი ევროპის ქვეყნებში არ არის.
სხვათა შორის, კანონის ამ მუხლის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მაქვს შეტანილი, მაგრამ განხილვა ჭიანურდება.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული პრობლემები, როგორ გგონიათ, მოგვარდება?
_ დიახ, გონიერი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება უნდა მოვიდეს.
***
„ხელისუფლებას იპოთეკით დაზარალებულები ფეხზე კი არა, იმის დაბლა ვკიდივართ!“ _ ასე დაიწყო „ქრონიკა+“-თან საუბარი დალი გოგიჩაშვილმა, რომელიც იპოთეკით დაზარალებულთაგან ერთ-ერთია. როგორც ქალბატონი დალი ამბობს, კერძო მევახშისგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო ბინა დაკარგა და დღეს უკიდურეს პირობებში ცხოვრობს _ ღამეს თავისი ყოფილი საკუთრების გვერდით, ვაგონში ათევს, თუმცა ვალი მაინც ვერ დააბრუნა. სხვათა შორის, ინტერვიუს დროს ქალბატონ დალის მევახშემ დაურეკა და კიდევ ერთხელ მოსთხოვა, რომ ვაგონი გაუფორმებელ მიწაზე გადაეტანა:
_ ქალბატონო დალი, რომელი რაიონიდან ხართ?
_ გლდანიდან.
_ თქვენი მაჟორიტარი ვინ არის?
_ კობა კობალაძე.
_ კობალაძისთვის თქვენი პრობლემების შესახებ არ მოგიყოლიათ?
_ მივედი, მოვუყევი და იცით, რა მიპასუხა?
_ რა?
_ რა ვქნა მე, ჩემი ბინა ჩავდო და შენი გამოვიხსნაო?! მაშინ ასეთი გართულებული მდგომარეობა, ჯერ კიდევ, არ მქონდა _ თანხა ცოტა იყო, ახლა კი თანდათან მოემატა. ჰოდა, კობალაძეს ვთხოვე, _ ბატონო კობა, იქნებ, დამეხმაროთ, რომ სესხი რომელიმე ბანკიდან ავიღო და როგორმე დავფარავ-მეთქი. მომიგო, _ ერთი ბინა მაქვს, ოთხი შვილი მყავს და არა, სად შემიძლიაო.
_ სესხი კერძო მევახშისგან რატომ აიღეთ?
_ კერძო მევახშისგან იმიტომ ვისესხე, რომ ბანკმა სესხზე უარი მითხრა.
_ ფული რისთვის ისესხეთ?
_ საქონლის ბიზნესი დავიწყეთ, ანუ ძროხები ვიყიდეთ, ქათმებიც გვყავდა... საქონელი მარნეულიდან ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ბრუცელოზით დაავადებული აღმოჩნდა და, მოკლედ, ბიზნესი ჩაგვივარდა.
_ კერძო მევახშისგან სესხი როდის აიღეთ?
_ 7 წლის წინ.
_ ანუ ხელისუფლებაში უკვე „ოცნება“ იყო?
_ დიახ.
_ ბანკმა სესხის მოცემაზე უარი რატომ გითხრათ?
_ სამსახური და ბიზნესი უნდა გქონდესო.
_ კერძო მევახშისგან რამდენი ისესხეთ?
_ 14 ათასი დოლარი.
_ მევახშე თქვენგან ახლა ამ თანხის გადახდას ითხოვს?
_ არა, 28 ათასისას.
გიორგი აბაშიძე