QronikaPlus
კორუფცია და ნეპოტიზმი ახმეტის მუნიციპალიტეტში

კორუფცია და ნეპოტიზმი ახმეტის მუნიციპალიტეტში

2019-03-06 08:43:51

წინასაარჩევნო პერიოდი იმითაცაა გამორჩეული, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლებს, ოღონდ მათი გულები დაიპყრონ, ციდან ვარსკვლავების მოწყვეტასაც კი ჰპირდებიან. აქ უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ: უდიდესი ალბათობით თითოეულმა პოლიტიკოსმა იცის, რომ უხვად გაცემულ დაპირებებს ვერ შეასრულებს და იტყუება, მეტიც, იმავე უდიდესი ალბათობით, ამომრჩეველმაც იცის, რომ ატყუებენ, მაგრამ მაინც ატყუებინებს თავს. მაგალითად, 2017 წელს ახმეტის მერობის კანდიდატი, იოსებ ქარუმაშვილი, „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოდან“ ასეთ შეფასებებს აკეთებდა და გვპირდებოდა: „როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში, მრავალი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს: საგზაო ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის პრობლემა, დასარეგულირებელია სოციალური დახმარების დანიშვნის კრიტერიუმები, აქტუალურია დასაქმების საკითხები. წყალმომარაგების პრობლემა მართლაც უმთავრესია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, არსებული საკითხის მოგვარებაში აქტიურად ჩავრთოთ ადგილზე შექმნილი სათემო საბჭოები და შესაბამისი სპეციალისტების მოწვევით აღმოვფხვრათ სასმელი წყლისა და მელიორაციის პრობლემები“. ახმეტაში წყალი და საბავშო ბაგა-ბაღების პრობლემა, მნიშვნელოვან გადაუჭრელ საკითხთა რიცხვს განეკუთვნება. იოსებ ქარუმაშვილი კი უკვე მეორე წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და გამოწვევებზე საუბარს თავს არიდებს. მაგრამ პრობლემები ისევ და ისევ თვალში საცემი ხდება: გასულ კვირაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, ყვარელწყლის, დუმასტურისა და ხორხელის საბავშვო ბაღები დროებით დახურა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი კვების ბლოკში გამოვლენილი სხვადასხვა სახის დარღვევა გახდა. სააგენტოს ინფორმაციით, გეგმური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღების სამზარეულოებში კრიტიკული შეუსაბამობები იყო და არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებები 1200 ლარით დაჯარიმდნენ, ამასთანავე საბავშვო ბაღებს სტანდარტების შესაბამისი კვების ბლოკების მოწყობის ვადა მიმდინარე წლის მაისამდე მიეცათ. „ქრონიკა+“ ახმეტაში არსებულ პრობლემებზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს, შაქრო ტერტერაშვილს ესაუბრა: _ განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო დაპირებები, მერე კი დრო გადის და მის შესრულებაზე ხელისუფლება ნაკლებად ფიქრობს; არჩევნები ჩაივლის და საქმის კეთების სურვილი უქრებათ, იმიტომ, რომ, ძირითადად, არაფრის გამკეთებლები არიან. _ რა ხდება ამ მხრივ ახმეტაში? _ ზოგადად, საქართველოში მძიმე სიტუაციაა! ის, რაც ქვეყანაში ხდება, იგივე სიტუაციაა ახმეტაში, უარესი თუ არა. ჩვენი თვითმმართველობა ერთ-ერთ ჩამორჩენილ სერვისცენტრად იქცა. _ ეს რას ნიშნავს? _ თუ ვინმე მოქალაქე არ მიაკითხავს და რამეს არ მოითხოვს, ინიციატივა არ არსებობს. ხელისუფლების აზრით, ინიციატივა უნდა მოდიოდეს ან გაჭირვებული მოქალაქეებისგან, ან ცენტრალური ხელისუფლებისგან, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ მოსახლეობა გარკვეულ ინიციატივას იჩენს პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქაც არაადეკვატურია: ან სრულიად საპირისპირო რაღაცას აკეთებს, ან არასაკმარისად, ან კიდევ მავნებლობს რაღაც კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით. ეს მოცემულობაა ყველგან _ არ არსებობს თემა, სფერო, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება. _ რატომ ვერ სრულდება წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირებები? _ ჰკითხეთ ხელისუფლებას, იქნებ, გიპასუხოთ ვინმემ, რატომ ვერ ასრულებენ იმ გრძელი სიიდან ერთ დაპირებას მაინც. თორემ ამ ქვეყნაში თუ რამეს თავისი სახელი დაერქვა, ისევ „ნაციონალების“ მმართველობის დროს. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, სადაც ბიუჯეტის სეკვესტრი ნომერ პირველი მოხმარების პრობლემა იყო და ბიუჯეტი 10-ჯერ გავზარდეთ. _ რას იტყვით ახმეტის მნიშვნელოვნ პრობლემებზე? _ ახმეტაში იმ უამრავი პრობლემების კვალობაზე ყველაზე მავნებლური დარგის მიერ წყალმომარაგების პროექტის შეუსრულებლობაა. _ კერძოდ? _ კომპანია „დაგმა“ ახმეტა გადათხარა, 10 მილიონი ლარი წაიღო და მოსახლეობას წყალი მაინც არ აქვს, კომპანიას კი პასუხს ვერავინ სთხოვს, არადა, 2017 წელს წყალი უნდა ყოფილიყო და დღესაც არ არის. _ მიზეზი? თუ თანხა აქვთ, რატომ არ აკეთებენ? _ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მავნებლები არიან _ 10 მილიონი ლარი წყლის რეაბილიტაციისთვის დახარჯეს და ნაცვლად იმისა, რომ ახმეტას წყალი ჰქონდეს, დღეს გზები გადათხრილია და ისევ წყლის პრობლემა დგას. „დაგი“ იყო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი სამთავრობო ტელევიიზის გადაცემას სპონსორობდა. მან ბევრ მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ახმეტაში, უფლება მოიპოვა, წყალმომარაგების პროექტი შეესრულებინა. ჩამოვიდა, ქუჩები გადათხარა, ფული ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. მერე დიდი ბრძოლის, წნეხის შედეგად მივაღწიეთ, რომ გადათხრილი ქუჩები დაეკერებინათ მაინც, თუ ვერ დააგებდნენ. ასეთი მავნებლობა რომელიმე ქვეყანაში თუ ხდება, წარმოუდგენელია. ხელისუფლებამ, რომელიც 7 წლის განმავლობაშია ხელისუფლებაში, რამდენით გაზარდა პენსია? _ მაქსიმუმ, 5-10%-ით და ლარს მსყიდველუნარიანობა 100 და მეტი პროცენტითაც დააკარგვინა. შესაბამისად, არავის უკვირს, _ როცა ცენტრალური ხელისუფლება ასე იქცევა, სხვანაირად როგორ უნდა მოიქცეს ადგილობრივი ხელისუფლება?! 52 000 ლარს რისთვის ხარჯავენ, არ ვიცით. ამ დროს ბაღში სველი წერტილებისა და კვების ბლოკის მოწესრიგება არ შეგვიძლია, ქალაქის ცენტრალურ ბაღზე ვსაუბრობ. ახმეტის ცენტრში არის სარემონტო საბავშო ბაღი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გადასაჭრელად ბაღისთვის საჭიროა 20 ან 25000 ლარი. ეს ერთ-ერთი კონკრეტული პრობლემაა. ახმეტის საკრებულომ და ახმეტის მერმა ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინეს, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. რა წერია ბიუჯეტში?! _ რომ 52 000 ლარი გაწერილია ტურიზმის განვითარების ფონდისთვის. დავსვით კითხვა, _ ვინ არის ეს ტურიზმის განვითარების ფონდი?! პასუხი არ არის... _ რატომ? _ იმიტომ, რომ პასუხი არავინ იცის. კერძო საუბრებში პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანები ალალად გვეუბნებიან, _ აბა, მაშ გუბერნია ტყუილად გვეტყოდა, თუკი ასეთი ფონდი არ არსებობსო? ჩვენ ვსვამთ კითხვას, _ ვინ არის ეს ტურიზმის განვითარების ფონდი და 52 000 ლარის სანაცვლოდ რას მივიღებთ? ჩვენ, როგორც თვითმმართველმა ერთეულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტმა, ეს თანხა ბიუჯეტში გავწერეთ. როდის ჩარიცხავენ, არავინ იცის, რადგან ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და შესაძლოა, ის თანხაც გადარიცხულია. ანუ პასუხისმგებელმა პირებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ეს თანხა არსაით მიემართათ მაშინ, როცა ბავშვებს საბავშო ბაღში 25 000 ლარის პრობლემა ჰქონდათ. _ საკრებულომ მხარი დაუჭირა? _ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოში საკითხს მხარი არ დაუჭირა. ქმედითი საკრებულო ამ გადაწყვეტილებას თავისით ხომ არ მიიღებდა? ნათელია, რომ საკრებულო არათუ დამოუკიდებელია, არამედ დამოკიდებულია. საკრებულო, რომელიც ადგილობრივ პრობლემებზე უნდა ფიქრობდეს, რას აკეთებს? იმის ნაცვლად, რომ ბაღს ფული მისცეს ბავშვებისთვის ჯანმრთელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოს შესაქმნელად, ვიღაც გაურკვეველ სუბიექტს აძლევს თანხას, რომელიც სანაცვლოდ არაფერს გვპირდება. _ რეალურად, რისთვის იხარჯება ეს ფული? _ გუბერნატორმა თქვა, რომ ეს ფული უნდა დარიცხოთ ამ ფონდისთვის, რადგან ფონდის თანამშრომელმა პარიზში ეიფელის კოშკთან გადაიღოს ფოტო და ფეისბუქზე დადოს. _ ნეპოტიზმზე რას იტყვით ახმეტაში? _ ადრე თუ ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაც სპეციალისტი იყო მერის ნათესავი, ახლა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე არის ახმეტის პარლამენტის დეპუტატის დეიდაშვილი. საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი ყეინიშვილი ბატონ გელა სამხარაულის ალალი დეიდაშვილია. დეიდაშვილი ისე კი არა რომ მეოთხე თაობის იყვნენ, არამედ დების შვილები არიან და ერთ ოჯახში გაიზარდნენ. ქალბატონმა ყეინიშვილმა, თავის მხრივ, ჩემი და ბევრი ახმეტელის აზრით, მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, დამოუკიდებლად რომ იყაროს კენჭი, როგორც საკრებულოს წევრმა, ხუთ ხმას ვერ აიღებს. ამის გარდა, ვინმეს დაუხმარებლად საკრებულოში სამკაციან ჯგუფშიც არ აირჩევენ, მაგრამ დღეს საკრებულოს თავმჯდომარეა და მეტი ნეპოტიზმი რაღა გვინდა?! ეს აღარავის უკვირს, რადგან სამხარაულის მეორე ნათესავი ოჯახის წევრი ასევე თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე, სამხარაულის ცოლისძმაა. _ რამდენი ფრაქციაა ახმეტის საკრებულოში? _ 5 ფრაქციაა, ერთ-ერთი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ და თუ ვინმე მუშაობს ფრაქციებიდან არა მარტო ახმეტაში, არამედ კახეთშიც და მთელ საქართველოშიც, ეს ჩვენი პოლიტიკური პარტიის ფრაქციებია. _ ინიციატივები გაქვთ? _ რა თქმა უნდა, დაწყებული ბიუჯეტის ცვლილებით, გაგრძელებული ნებისმიერი ინფრასტრუქტურული მიმართულებით... _ ითვალისწინებენ თქვენს ინიციატივებს? _ თუ ძალიან ჩიხში არ შევიდნენ, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ არც ინიციატივა და არც შენიშვნა.

მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება