ამ სტატიიდან გაიგებთ, რას ხლაფორთობენ სხვადასხვა რანგისა და სხვადასხვა უწყების მცხეთელი ჩინოვნიკები. რა ინტერესები ამოძრავებთ მათ და როგორ ხელეწიფებათ, სისხლი გაუშრონ ადამიანს, გაიგებთ, რა დომხალია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნებში და მთლიანად მუნიციპალიტეტში.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ „ქრონიკას+“-ს მომართა ჩინოვნიკების მიერ განაწამებმა ნათია სიხარულიძემ და მათი ოჯახის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მუნიციპალიტეტის „წყალობით“ საჯარო რეესტრი, აგერ უკვე, წლებია, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას არ ურეგისტრირებს ნათია სიხარულიძის დედას _ პენსიონერ ქალბატონს, თამარა სიხარულიძეს.
მთელი ეს დავიდარაბა ხდება მცხეთის რაიონში, სოფელ ჭილაანთკარში, რომელიც ადრე გალავნის სასოფლო საბჭოში შედიოდა. სწორედ ამ სოფელში 1913 წელს დაიბადა გიორგი ყველაშვილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა 1925 წელს აშენებული ერთსართულიანი სახლი და ორი მიწის ნაკვეთი _ 1300 კვ.მ. და 1500 კვ.მ. მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი ეს ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მისი მეუღლის _ ეთერ გოგლიძის ხელში გადავიდა. 2001 წელს ეთერ გოგლიძე გარდაიცვალა და ქონება მისმა ქალიშვილებმა _ თამარა სიხარულიძემ და ციცინო გოგლიძემ მიიღეს,. ციცინო გოგლიძის გარდაცვალების (2014 წ.) შემდეგ კი აღნიშნულ ქონებას მთლიანად თამარა სიხარულიძე ფლობდა.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტი სწორედ მის საკუთრებაში შეიჭრა და არც მეტი, არც ნაკლები _ 1941-45 წლებში,სამამულო ომში დაღუპულების მემორიალი ჩაუდგა! 2015 წლის 16 ოქტომბერს ხელშეკრულება გაუფორმა ინდმეწარმე კახაბერ სტეფნაძეს და 3907 ლარად ჭილაანთკარში ააშენებინა მემორიალი. ახლანდელი მერი იმ მემორიალს კი იხსენიებს „1941-1945 წლების ე.წ. სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალად“, მაგრამ მაშინდელი ამაყად აცხადებდა მას „1941-45 წლების სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალად“. როგორც დოკუმენტაციიდან ვარკვევთ, ამ მემორიალის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის იანვარში და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზურაბ აბესაძის ბრძანების საფუძველზე, კახაბერ სტეფნაძეს გადაურიცხეს კიდეც 3907 ლარი.
ეს ყველაფერი ხდება თამარა სიხარულიძის ბაღ-ვენახში!
ჯერ ერთი, რაღა დროს 1941-45 წლების მემორიალია? და თუ მაინცდამაინც მისი გახსნა გინდა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი მაინც უწოდე! მაგრამ რას იზამ, როცა „ქოცისთვის“ მამული ისევ საბჭოთა კავშირია! და თუ მაინცდამაინც ხსნი, სახელმწიფო მიწაზე ააშენე, მოქალაქის საკუთრებაში რაღას იჭრები? მერე რა, რომ მას ფაქტობრივად ფლობს და ჯერ დარეგისტრირებული არ აქვს საჯარო რეესტრში!
როგორც ნათია სიხარულიძე და მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებენ, მცხეთის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად უქმნის მოქალაქეებს პრობლემებს, რომ ქონება ვერ დაირეგისტრირონ. ნათია სიხარულიძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები, მათთან გარიგებული ადგილობრივი ინტრიგნების დახმარებით ცდილობენ, ხალხის ქონება სახელმწიფო ქონებად აქციონ და შემდეგ თავად დაეპატრონონ მას. ნათია სიხარულიძის განმარტებით, მათ ბაღში აშენებული მემორიალი არანაირად არ ჰგავდა მემორიალს და უფრო საქეიფო „ბესედკა“ იყო, რაშიც შეუძლებელია, არ დაეთანხმო, როგორც კი ფოტოებს დახედავ.
მოკლედ, მას შემდეგ, რაც თამარას ეს „ბესედკა“ ბაღში ჩაუდგეს, მან გადაწყვიტა, ქონება დაერეგისტრირებინა, _ 2016 წლის 29 ივნისს საჯარო რეესტრს მიმართა და იმ დღიდან იწყება მისი წამება, რომელიც დღემდე გრძელდება. ვინაიდან მან ნოტარიუს ირმა ფირცხალავას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა წარადგინა, რომ სწორედ ის იყო აღნიშნული ქონების კანონიერი მემკვიდრე, ფაქტია, ამ მიმართულებით ძნელი იქნებოდა მისთვის პრობლემების შექმნა და ამიტომაც მუნიციპალიტეტმა სხვა მხრივ დაიწყო მისთვის ხელის შეშლა _ ვითომცდა არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია, რომ ეს მიწები გიორგი ყველაშვილს ეკუთვნოდა. 4 ივლისს რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა _ საარქივო ცნობა 1971-77 წლების მიხედვით გაქვთ წარმოდგენილი, ეგ ვერ განიხილება. ან რეფორმის პერიოდის (1992-2007 წლები) წარმოგვიდგინეთ, ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რაც ამტკიცებს, რომ ეგ ქონება ყველაშვილს ეკუთვნოდაო. მოკლედ, რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 30-დღიანი ვადა მისცა. თამარა სიხარულიძემ ახლა სხვა საბუთები ამოიღლიავა და 12 ივლისს რეესტრში შეიტანა, მაგრამ რეესტრმა განაცხადა, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა და სარეგისტრაციო წარმოება არ განაახლა. თამარა ისევ ადგა და 21 ივლისს განმარტებითი წერილით მიადგა რეესტრს, რეესტრმა ისევ არ განაახლა წარმოება, _ შეჩერების საფუძველი არ აღმოფხვრილა, მოთხოვნილი დოკუმენტი არ წარმოგიდგენიათო. თამარა ისევ მიადგა რეესტრს 26 ივლისს, რეესტრმა 29 ივლისს ისევ იგივე გაუმეორა, _ რაც მოგთხოვეთ, ის დოკუმენტი არ მოგიტანიათო და უკვე 16 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოება უკვე შეწყვიტა კიდეც, ვინაიდან 30 დღის ვადაში არ იყო წარდგენილი საჭირო დოკუმენტაცია. მოკლედ, ერთი შეხედვით, რას ვხედავთ? საჯარო რეესტრი გარკვევით ითხოვს ერთი სახის დოკუმენტაციას, რომელიც თამარას არ მიაქვს და მიაქვს სხვა დოკუმენტები. რა ხდება? ჯიუტია თამარა და ისე იქცევა, როგორც იმ ანეკდოტშია, „მაიტა ნასოსი“? არა, ბატონებო, იმ პერიოდში არ ხორციელდებოდა პროექტი და მოქალაქე თვითონ იყო ვალდებული, ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოეძიებინა, თამარა მიდიოდა და მუნიციპალიტეტი არ აძლევდა! ეს მალევე გამოჩნდება, როცა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკვე თავად რეესტრი გამოითხოვს დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებიდან.
შეტანილ განცხადებაზე წარმოება შეწყვეტილი არც იყო, როცა ეს პროექტი დაიწყო და თამარა სიხარულიძემ, 5 აგვისტოს, ხელახლა მიმართა რეესტრს, რომ მისთვის მიწის ნაკვეთები სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაერეგისტრირებინათ.
რეესტრმა დაიწყო დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება _ მუნიციპალიტეტიდან, არქივიდან, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია ყველაშვილის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლამდე მდგომარეობით.
არქივმა რეესტრს უპასუხა, რომ მათთან დაცულ ჭილაანთკარის 1986-2001 წლების საკომლო წიგნში (რეკვიზიტები შეტანილია 2006 წელსო) ჩანაწერი გიორგი ყველაშვილზე და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა. ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნები და 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები არქივში დაცვაზე არ შემოსულაო.
როგორც ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ვკითხულობთ, გიორგი ყველაშვილი გარდაიცვალა 1988 წელს. ეს დასტურდება სამოქალაქო რეესტრის მიერ 2016 წელს გაცემული გარდაცვალების მოწმობის ასლით.
თუ კაცი 1988 წელს გარდაიცვალა, 1986 წლის საკომლო წიგნში რანაირად არ იყო? თუ მერე გამიზნულად არ ააორთქლა ვინმემ? (რეკვიზიტები შეტანილია 2006 წელსო). თუ მაგ სოფელში არ ირიცხებოდა, მაშინ რა უფლებით გასცეს სხვა სოფლის მკვიდრზე გარდაცვალების ცნობა? გალავნის ან ჭილაანთკარის თავმჯდომარე იქნები თუ რწმუნებული, ვინ გეკითხება, ხანდაკში და წოდორეთში ვინ კვდება და ვინ იბადება?
(მოგვიანებით, ამავე არქივში ყველაშვილის გარდაცვალების სხვა თარიღი „ამოხტება“. ამაზე ქვემოთ).
ან რას ნიშნავს, არქივში დაცვაზე არ შესულა 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები? რატომ აჩერებს მთელ ამ დოკუმენტაციას თავისთან? იოლად რომ მიუწვდებოდეს ხელი?
შემოსავლების სამსახურმა უფრო საინტერესო პასუხი გასცა რეესტრს: ჩვენს არქივში ჭილაანთკარის მიწის გადასახადის გადამხდელთა 2002 წლის სია გვაქვს და იქ გიორგი ყველაშვილი გადამხდელად არ ფიქსირდებაო. მოდი და ტუფლებიდან ნუ ამოხტები _ კაცი 1988 წელს მოკვდა და 2002 წელს გადასახადებს საიქიოდან გამოგიგზავნიდათ?
მცხეთის მუნიციპალიტეტი კი საერთოდ არ გზავნიდა პასუხს რეესტრში. მუნიციპალიტეტი სხვანაირად ამოქმედდა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 12 სექტემბერს საჯარო რეესტრს იმ 96 კვ.მ. მიწის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართა, რომელზედაც მუნიციპალიტეტმა „საქეიფო ბესედკა“ ჩაუდგა თამარა სიხარულიძეს.
ანუ მას შემდეგ, რაც სიხარულიძემ საკუთარი ქონების საჯარო რეესტრში დაკანონება მოითხოვა, მხოლოდ მერე დაიწყო მუნიციპალიტეტმაც ზრუნვა, რომ ეს 96 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებად ექცია. ანუ რა გამოდის? როცა იქ ის „ბესედკა“ ჩადგა, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა! მიუხედავად იმისა, ის მიწა თამარასი იყო თუ ჟოზეფინასი.
რეესტრმა 14 სექტემბერს წარმოება შეაჩერა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მოახსენა, რომ მიწა, რომლის დარეგისტრირებასაც ითხოვდნენ, იმ ფართში შედიოდა, რომლის დაკანონებას უკვე ითხოვდა სხვა _ კერძოდ, თამარა სიხარულიძე. რეესტრმა განმარტა, რომ კანონის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომელიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, რეგისტრირდება ის, რომელიც უფრო ადრე წარდგა სარეგისტრაციოდ. წარმოება 18 ოქტომბერს განახლდა, მაგრამ ისევ შეუჩერა რეესტრმა. მანამდე მცხეთის მუნიციპალიტეტმა, როგორც იქნა, პასუხი მიუგდო რეესტრს, მაგრამ ისეთი პასუხი, რომ რეესტრი იძულებული გახდა, ვინაიდან თამარა სიხარულიძეს არ უდგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება, დოკუმენტაცია გადაეგზავნა ისევ მცხეთის მუნიციპალიტეტში, აღიარების კომისიაში. ეს ეხებოდა 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. 13 ოქტომბერს მცხეთის გამგეობა რეესტრში გზავნის სრულ ბოდვას, ვერ გაიგებ, ქართულადაა ნაწერი, არამეულად თუ შუმერულად. აღიარების კომისია რეესტრს განუმარტავს, რა არის თვითნებურად დაკავებუკლი მიწა, პირდაპირ ტექსტს უკოპირებს კანონიდან და ბოლოს აწერს: „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა“.
აი, რა უნდა გაიგო ამ დოკუმენტიდან? თვითნებურად აქვთ დაკავებული მიწა? კი მაგრამ, რანაირადაა თვითნებურად დაკავებული, როდესაც საქმეში იდო 70 წლების საარქივო ცნობაც და 1970 წლის 17 აგვისტოს სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ცნობა, სადაც ვკითხულობთ, რომ მცხეთის რაიაღმასკომში წარსადგენად ცნობა ეძლევა გიორგი მიხეილის ძე ყველაშვილს მასზედ, რომ იგი ცხოვრობს გალავნის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფელ ჭილაანთკარში და საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად, მას 0,28 ჰა საკარმიდამო ნაკვეთი უკავია.
თუ ეს მიწა იმ 70-იან წლებში გიორგი ყველაშვილის იყო, მერე კარაქაშვილის გახდა და იმ ცხონებულმა მიითვისა თვითნებურად? თუ მიითვისა, დაიპყრო და ოკუპანტია და სად ჯანდაბაში წერია ეს ყველაფერი? სადაა არგუმენტაცია, თუ რატომ არიან მოკლებული შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ განმცხადებლის მოთხოვნა? ეგეთი ხოში აქვთ? თუ დილიხორი?
2016 წლის 19 ოქტომბერს რეესტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის 13 ოქტომბერს გაგზავნილ აბდაუბდა პასუხზე დაყრდნობით, თამარა სიხარულიძეს უარი უთხრა 1500 კვ.მ. მიწის რეგისტრაციაზე. მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. უკვე 2017 წლის 7 თებერვალს საჯარო რეესტრს მისწერა და გადაწყვეტილება გაუგზავნა, რომელიც საერთოდ შოკში ჩაგაგდებთ!!! ამ დოკუმენტში წერია, რომ აღიარების კომისიამ სიხარულის განცხადება 2016 წლის 18 ნომებრის სხდომაზე განიხილაო. კი მაგრამ, კომისიის სხდომა თუ 18 ნოემბერს იყო, საჯარო რეესტრს ვისი გადაწყვეტილება გადაუგზანა გამგებლის მოადგილე ნუგზარ ხუხუნაიშვილმა? ხალხოო, ქალს ამ კომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით 19 ოქტომბერს უარი სთხლიშეს და მერე წერენ, სხდომა 18 ნოემბერს გვქონდაო. მცხეთაში ჯერ ნოემბერი დგება და მერე მოსდევს ოქტომბერი? ხუხუნაიშვილის ლოგიკით, ყურძენს რომ დაწურავ, მაჭარი კი არ ღვინდება, ქვევრიდან უკან მტევნებად ხტება!
სწორედ ეს ნუგზარ ხუხუნაიშვილი გახლდათ იმ აღიარების კომისიის თავმჯდომარე. იმ დოკუმენტშიც ისევ კანონის მუხლების რახარუხია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს თამარას მოთხოვნასთან. ამ ყველაფერს კიდევ რა უჭირს! ამ ხუხუნაიშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ისეთი რამ წერია, მთელი ეგ კომისია მაგ გადაწყვეტილებაში ტოლმასავით უნდა გაახვიო და კალაძის მიერ ანძაზე გაფართოებული გამოსაქანებლიდან გამოჰქნიო. დოკუმენტის თავში წერია ჭილაანთკარი, დოკუმენტის ბოლოში კი წერენ: „...მიიღო გადაწყვეტილება თამარ სიხარულიძის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარე თვითნებურად დაკავებული 1500 კვ.მ. მიწის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“. ხალხო, ეს ქალი თამარა სიხარულიძეა თუ მეფე თამარი ყოვლისა მპყრობელი? ჭილაანთკარში თვითნებურად დაიპყრო, ცხვარიჭამიაში თვითნებურად დაიპყრო, მცხეთის მუნიციპალიტეტმა ერთი კარგად გაგვირკვიოს, ქალბატონმა თამარამ, ეგებ, ცხინვალი და სოხუმიც დაიპყრო და გვიმალავს?
მეორე ნაკვეთზე, საერთოდ, პასუხი არ აღირსეს და რა გასაკვირია, რომ თამარა სიხარულიძე ადგა და თავის ნაკვეთში ის ჩადგმული „ბესედკა“ რომ დაუნგრია მუნიციპალიტეტს?
თამარა და ნათია სიხარულიძეებმა დაანგრიეს მემორიალი, რის შემდეგაც კულისებიდან გამოდის ამ მიწების ხელში ჩაგდებით დაინტერესებული პირი, მათი მეზობელი ჯემალ ჩოხელი, რომელსაც, როგორც ნათია სიხარულიძე ამბობს, ძალიან კარგი კავშირები აქვს მუნიციპალიტეტთან და სწორედ მას უნდა ამ მიწების ხელში ჩაგდება. იცის, რომ ასე პირდაპირ ვერ ჩაიგდებს, ამიტომ ჩინოვნიკებთან შეთანხმებით ისე მოქმედებს, რომ ეს მიწები სახელმწიფოს დარჩეს და შემდეგ კი სწორედ იმ ჩინოვნიკების წყალობით თვითონ შეიძინოს ერთ ლარად. სწორედ ამიტომ აფერხებენ საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას. ნათია სიხარულიძის განმარტებით, მთელ სოფელს ანალოგიური პრობლემები აქვს, არ ურეგისტრირებენ ნაკვეთებს, რადგან კარგად იციან, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებას ვერანაირად ვეღარ დაეპატრონებიან.
სიხარულიძეების მეზობელმა, ჯემალ ჩოხელმა ქვეყანა შეძრა, მიმართა პოლიციას, გამგეობას, არიქა, სიხარულიძეებმა შინმოუსვლელთა ობელისკი დაანგრიესო. 2018 წლის 15 თებერვალს უკვე გუბერნატორს მისწერა, არც პოლიცია არაფერს აკეთებს, არც _ მერიაო. გუბერნატორმა ზაუტაშვილმაც ხელად უსტარი აფრინა მერთან, სასწრაფოდ შეისწავლეთ, რა ხდება და დაეხმარეთ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებშიო.
ახალი მერი რეაგირებას არ ჩქარობდა. როგორც ნათია სიხარულიძე და მისი ადვოკატი განმარტავენ, მთელი დოკუმენტაცია წინამორბედებმა გააყალბეს და დღევანდელი არც მერი არის შუაში, არც სოფლის რწმუნებული. „ახალ მერს და ახალ გამგებელს გაყალბებული საბუთები დახვდათ და ასე აქვთ ხელები გაშლილი, რა ვქნათ ჩვენო?“ _ განმარტავს ნათია სიხარულიძე.
მერია არ რეაგირებდა, ჩოხელი არ ჩერდებოდა და როგორც ნათია სიხარულიძე ამბობს, ყველგან მათ დაჭერას ითხოვდა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, პარალელურად ნათია სიხარულიძეს სუსში იბარებდნენ და სთხოვდნენ, უარი ეთქვა იმ 96 კვ.მ. მიწაზე, სანაცვლოდ კი ჰპირდებოდნენ, რომ საქმეს გამოიძიებდნენ და გამყალბებლებს დაიჭერდნენ. სახელმწიფო ეშმაკურად ცდილობდა მოქალაქის ჩიხში შეყვანას, _ თუკი იგი თავად აღიარებდა, რომ ის 96 კვ.მ. მიწა მას არ ეკუთვნოდა, გამოდიოდა, რომ მან მართლაც სხვისი საკუთრება ხელყო. გარდა ამისა, ამ უარით ეჭვქვეშ დგებოდა, იყო თუ არა დანარჩენი მიწის მესაკუთრე. როგორც ადვოკატი განმარტავს, ნათია სიხარულიძისთვის ჩამწერის გატანებაც შეუთავაზებიათ, _ აღიარების კომისიაში რომ დაგიბარებენ, ჩართე ეს ჩამწერი და ჩაიწერე, რას გეუბნებიანო. ნათია სიხარულიძემ უარი თქვა. 2018 წლის 8 მაისს ისევ მიმართეს საჯარო რეესტრს თავისი ნაკვეთების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაიწყო იგივე _ რეესტრმა გამოითხოვა ინფორმაცია უწყებებიდან. წარმოებები იმდენჯერ შეწყდა, იმდენჯერ გადავადდა და იმდენჯერ განახლდა, მრიცხველი რომ ჩაგერთო, გადაგეწვებოდა. პარალელურად, ისევ დატრიალდა მუნიციპალიტეტი და ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ მოითხოვა 96 კვ.მ. მიწის სახელმწიფო ქონებად რეგისტრაცია და 2018 წლის 23 მაისს მიწის ეს ნაფლეთი ხელიდან გამოგლიჯა მოხუც ქალს! და ეს მოხდა, იცით, რის საფუძველზე? თვითონ ამ ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების საფუძველზე!!! რომ იტყვიან, აგანგალა-განგალა! ეს სააგენტო თვითონ გამოსცემს ბრძანებებს, ისაკუთრებს მიწებს და მერე თავისივე ბრძანების საფუძველზე რეესტრში ირეგისტრირებს! ჩვენი მთავრობა რუსეთთან არის „ჩმორი“, თორემ საკუთარ მოქალაქეებს მიწასაც ართმევს და თუ ჭკვიანად არ არიან, მიწაშიც დებს. პარალელურად, არც ჩოხელი მჯდარა უქმად, 2018 წლის 18 მაისს დიდი წერილით მიმართა მცხეთის მერს და აცნობა, თუ რა „უმოწყალოდ დაანგრია“ თამარა სიხარულიძემ შინმოუსვლელთა ობელისკი და რა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა ჭილაანთკარის მცხოვრებლებს.
ჩოხელი მერს სწერს: „სოფელ ჭილაანთკარის მცხოვრებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ თამარ სიხარულიძე აპირებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რომლის ფლობაც არ უდასტურდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თამარ სიხარულიძეს არც საკუთრებაში, არც მფლობელობაში არ გააჩნია მიწის ნაკვეთი ჭილაანთკარში და მთელი სოფლის მოსახლეობა მოვითხოვთ, რომ მოქალაქე თამარ სიხარულიძეს არ გადაეცეს საკუთრებაში სოფელ ჭილაანთკარის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რადგან თამარ სიხარულიძე არ ფლობს სოფელ ჭილაანთკარის ტერიტორიაზე არანაირ მიწის ნაკვეთს“.
მთელი სოფლის სახელით კი ლაპარაკობს, მაგრამ ხელს მარტო თვითონ აწერს „დანოსს“. არადა, საქმეში დევს სამი მეზობლის _ მარინე ყველაშვილის, გივი ქავთარაძისა და მარინა ბაზალელის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება , სადაც ისინი პირიქით, ადასტურებენ, რომ აღნიშნული ნაკვეთები ყოველთვის გიორგი ყველაშვილის საკუთრება იყო და რომ ამ ქონების მემკვიდრე და ფაქტობრივი მფლობელი სწორედ თამარა სიხარულიძეა და რომ მათ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმაზე, რომ ეს ქონება დაირეგისტრიროს თამარა სიხარულიძემ.
2018 წლის 29 მაისს კი ჩოხელმა საჯარო რეესტრშიც კი შეიტანა წერილი, _ თამარ სიხარულიძე უკანონოდ ითხოვს მიწების დარეგისტრირებას, მაგის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებასაც მოიცავს, სადაც ობელისკი იდგა, მაგან დაანგრია და არ დაურეგისტრიროთო.
და რა ხდებოდა რეესტრში? მუნიციპალიტეტის მერიაც, შემოსავლების სამსახურიც და არქივიც იგივე ინფორმაციას აწვდიდნენ და ისევ ხელს იბანდნენ, ჩვენთან არაფერი არისო. რეესტრი ითხოვდა და ითხოვდა ინფორმაციას დუშეთის არქივიდან. ბოლოს ისე გამხეცდა, ლამის ადამ და ევას დროიდან მოითხოვა ჩანაწერები. არქივმა კეთილი ინება და 22 ივნისს პასუხი აღირსა რეესტრს. ახლა გაირკვა, რომ თურმე თამარა სიხარულიძე სულაც არ ყოფილა ოვსთა მეფის ასულ ბორდოხანის გოგო _ მეფე ყოვლისა მპყრობელი თამარი და, უბრალოდ, ეთერ გოგლიძის მემკვიდრე ყოფილა.
როგორც არქივის პასუხიდან ირკვევა, ჭილაანთკარის 1961-63 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილია მიხეილ ყველაშვილი, კომლის შემადგენლობაში მასთან ერთად ირიცხება მისი ვაჟი _ გიორგი ყველაშვილი. კომლს საკუთრებაში ერიცხება 1925 წელს აგებული სახლი და მიწა _ სულ 0,25 ჰა. იგივე სურათია 1964-66 წლების საკომლო წიგნშიც, უბრალოდ, აქ მიწის ფართობად უკვე 0,28 ჰა წერია.
1967-1970 წლების საკომლო წიგნში კი კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად უკვე გიორგი ყველაშვილი წერია. საკუთრებაში _ 1925 წელს აგებული სახლი და 0,28 ჰა მიწა.
1971-1977 წლებისა და 1980-82 წლების ქონების მეპატრონეთა წინგში კომლის უფროსად ჩაწერილია კვლავ გიორგი ყველაშვილი, ბოლო წიგნში მითითებულიცაა _ გარდაიცვალა.
ამ ყველაფრის შემდეგ დოკუმენტს თან ერთვის სკანდალური შენიშვნა!
„სოფელ ჭილაანთკარის 1971-1973 წწ. და 1973-1975 წწ. 1976-1979 წწ. 1980-1982 წწ. 1983-1985 წწ. 1986-2001 (რეკვიზიტები შეტანილია 2006 წ.) დათარიღებულ საკომლო და 1985 წ. 1986-1990 წწ. (რეკვიზიტები შეტანილია 2003 წ.) 1989 წ. 1992 წ. 1996 წ. და 2005 წ. ქონების მეპატრონეთა წიგნებში ჩანაწერი გიორგი მიხეილის ძე ყველაშვილის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წ. საკომლო წიგნი, 2006-2007 წწ. ბინის მეპატრონეების წიგნები და 1992-2007 წწ. მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის სიები არქივში დაცვაზე არ შემოსულა“.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ არა იმას, რომ მუნიციპალიტეტის თავგასული ჩინოვნიკები თვითნებურად ცვლიან მონაცემებს საკომლო წიგნებში! ძველ საკომლო წიგნებში ადამიანი წერია, იმავე წლების იმ საკომლო წიგნებში კი სადაც რეკვიზიტები შეტანილია 2003 და 2006 წლებში, აღარც ადამიანია, აღარც _ მისი ქონება! ბოლო მთელი ამ წლების დოკუმენტაცია კი ჯერაც არაა გადაცემული არქივს და რაც იქ ხელების ფათური იქნება, თავად განსაჯეთ.
საგულისხმო დეტალი: სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული მოწმობით, ყველაშვილი 1988 წელსაა გარდაცვლილი, აქ კი, საკომლო წიგნებიდან ირკვევა, რომ 1980-82 წლებშია გარდაცვლილი! რას ნიშნავს ეს, თუ არა იმას, რომ სრული დომხალია არქივებში და ამ მღვრიე წყალში კარგად ხელაობენ ჩინოვნიკები.
დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს. მას შემდეგ, რაც არქივმა ეს დოკუმენტაცია გასცა, რეესტრმა 27 ივნისს თამარ სიხარულიძეს განუმარტა, რეფორმამდე გიორგი ყველაშვილის სახელზე 1500 კვ.მ. მიწის ფართი ფიქსირდება, რომლის რეგისტრაციაც შესაძლებელი გახდება, თუ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო იდენტურობას დაადასტურებს, ანუ იტყვის, რომ ეგ სწორედ ის ფართია, რომლის ნახაზიც თქვენ წარმოგვიდგინეთო. გარდა ამისა, რეესტრი წერს, რომ თამარ სიხარულიძე ითხოვს იმაზე მეტი ფართის რეგისტრაციას (1300 კვ.მ. და 1500 კვ.მ.), ვიდრე ფიქსირდება საარქივო ჩანაწერებში და ითხოვს კორექტირებული აზომვითი ნახაზების წარდგენას.
ახლა რა ხდება? მას მერე, რაც არქივიდან ამოვიდა ცნობა, რომ ამ გიორგი ყველაშვილს ჰქონდა ქონება, უკვე შეუძლებელი ხდებოდა ის, რაც მუნიციპალიტეტს ნებავდა, მაგრამ ახლა უკვე რეესტრმა აურია! არქივის მიერ რეესტრისთვის მიწოდებულ დოკუმენტებში გარკვევით წერია, რომ ყველაშვილს 0,28 ჰა მიწა ერიცხებოდა და არა _ 1500 კვ.მ. მიწა! 0,28 ჰა მიწა კი ზუსტად 1500 კვ.მ.-ს და 1300 კვ.მ.-ს ჯამია! მცხეთაში, ეტყობა, სხვა მათემატიკაა. სადაც ჯერ ნოემბერი დგება და მერე ოქტომბერი, ეს რაღა გასაკვირია. რეესტრმა 5 ივლისს მერიას იდენტურობის დასადგენად მიმართა. ამ დროისთვის ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომლს 1500 კვ.მ. ერიცხებოდა. როგორც ჩანს, ვიღაცებს ძალიან არ მოეწონათ რეესტრის ეს ხელგაშლილობა და რეესტრმაც „პლასტინკა“ გადაატრიალა. 30 ნოემბერს მერიას მისწერა, _ აღარ განიხილოთ ჩვენი წერილიო და იმავე ცნობაზე დაყრდნობით, რომელშიც კომლს 2800 კვ.მ. ერიცხება და რეესტრი, რატომღაც, 1500-ად კითხულობდა, ახლა უკვე წერენ, რომ რეფორმამდელი პერიოდის ბოლო მდგომარეობით, რომელსაც ჩვენ სარეგისტრაციო დოკუმენტად ვიყენებთ, 1980-82 წლების ქონების მეპატრონეთა წიგნში (სადაც რეკვიზიტები 2002 წელს აქვთ შეტანილი) ყველაშვილს 1925 წელს აგებული სახლი და სულ 0,02 მიწა ერიცხება, მათ შორის, ნაგებობის ქვეშ 0,01. ეს თქვენს წარმოდგენილ ნახაზებს არ ემთხვევა ან თქვენი უფლების დამდგენი რაიმე დოკუმენტი წარმოადგინეთ, რომ ეგ მიწა თქვენია, თუ არა, წარმოებას შევწყვეტთო. ახლა თავად განსაჯეთ! იგივე რეესტრი, ზუსტად იგივე საარქივო ცნობაზე დაყრდნობით გაიძახდა, _ თქვენ 1500 კვ.მ. მიწა გერიცხებათ და 2800-ს ითხოვთო. ბოლოს კი უმტკიცებს, რომ 200 კვ.მ. გაქვთო. 2019 წლის 3 იანვარს რეესტრმა წარმოება შეწყვიტა 1500 კვ.მ.-ის დარეგისტრირებაზე _ საჭირო დოკუმენტები დროულად ვერ წარმოადგინეთო. მეორე ნაკვეთზე კი დოკუმენტაცია ისევ აღიარების კომისიას გადაუგზავნა მცხეთის მუნიციპალიტეტში.
მერი, რომელიც აქამდე ინერტული იყო, აქტიურდება _ 25 ივნისს ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა, _ აი, ეგ 96 კვადრატი, ზედ არსებული მშენებარე ნაგებობით, სახელმწიფო საკუთრებად რომ დარეგისტრირდა, მცხეთის მუნიციპალიტეტს გადმოგვეცით, მაგაზე შინმოუსვლელთა ობელისკია განთავსებული და სკვერის მოწყობა გვინდაო. ასევე „მშენებარე ნაგებობად“ ამოდის დღემდე ეს შენობა საჯარო რეესტრშიც, რომლის აშენებაშიც 2016 წლის იანვარში გადაიხადეს ფული და რომელიც უკვე დაანგრია თამარა სიხარულიძემ. ახლა კი უკვე სასამართლოში უჩივიან თამარა და ნათია სიხარულიძეებს _ ზიანი აგვინაზღაურეთო. კი მაგრამ, თუ მშენებარეა, ე. ი. არც ვინმეს დაუნგრევია და რაღას ითხოვენ?
ორი დღის შემდეგ კი, 27 ივნისს, მერმა პროკურორთან აფრინა წერილი, არიქა, ჩვენ რომ სახელმწიფო მიწაზე მემორიალი ავაშენეთ, როგორც თებერვალში ჯ. ჩოხელმა გვაცნობა, თამარა და ნათია სიხარულიძეებს დაუნგრევიათო. ჩვენ გადავამოწმეთ და განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა. აუდიტორული კვლევაც ჩავატარეთ და მერიაზე მიყენებულმა ზიანმა 3907 ლარი შეადგინაო. მერი პროკურორს სთხოვდა სიხარულიძეების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
მერი კი წერს, რომ ეგ ობელისკი თუ საქეიფო ფანჩატური სახელმწიფო მიწაზე ააშენეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეგ ობელისკი 2015 წლის დეკემბერში აშენდა, 2016 წლის იანვარში მის ამშენებელს _ კახა სტეფნაძეს ფულიც გადაუხადეს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბრძანება 2016 წლის 29 აგვისტოს გამოსცა ამ მიწის სახელმწიფოს საკუთრებად ქცევაზე, საჯარო რეესტრს 2016 წლის 12 სექტემბერს მიმართა და მხოლოდ 2018 წლის 23 მაისს მოახერხა მისი დასაკუთრება და როცა აშენებენ, რანიარად იყო სახელმწიფო საკუთრება?
მერმა კი მოითხოვა პროკურორისგან ზომების გატარება, მაგრამ, როგორც ჩანს და ფაქტია, პროკურორმა დედა-შვილი არ დაიჭირა „ბესედკის დანგრევიზა“ და მერიამ, როგორც უკვე ვთქვით, სასამართლოს მიმართა, თამარა და ნათია სიხარულიძეებს უჩივის და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს!
თამარა და ნათია სიხარულიძეები კი მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიისგან კატეგორიულად ითხოვენ, მუნიციპალიტეტმა როგორც გააყალბა დოკუმენტაცია, კეთილი ინებოს და ამ აღიარებითმა კომისიამ აღიაროს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები სწორედ თამარა სიხარულიძის საკუთრებაა, რომ მათ შეძლონ მემკვიდრეობით მიღებული ამ ქონების რეესტრში დარეგისტრირება.
რეზო შატაკიშვილი