QronikaPlus
„შკოდებით“ ყველგან დამყვებოდნენ და მითვალთვალებდნენ“

„შკოდებით“ ყველგან დამყვებოდნენ და მითვალთვალებდნენ“

2019-02-04 04:53:57

დავით ფერაძე ახალგაზრდა პედაგოგია, რომელიც სისტემას დიდი ხნის წინ დაუპირისპირდა და პედაგოგთა უფლებების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია _ „პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭო“ შექმნა. ამ აქტიურობისთვის ფერაძე დევნის ობიექტი გახდა _ ჯერ საჯარო სკოლიდან გაუშვეს, ახლახან კი, როგორც თვითონ ამბობს, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. დავით ფერაძეს უცხო ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია, თუმცა „ქრონიკა+“-თან საუბრისას დეტალურად ჰყვება, რატომ მიიღო სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩვენი გამოცემა ემიგრაციაში მყოფ ახალგაზრდა პედაგოგს სოციალური ქსელით დაუკავშირდა. _ დათო, რამდენიმე თვეა, ემიგრაციაში ხარ. ვიდრე საქართველოდან წახვიდოდი, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნე და, პრაქტიკულად, მიანიშნე, რომ პოლიტიკურად იდევნები. ადამიანის უფლებებისა და, კერძოდ, პედაგოგების ინტერესებისთვის წინა ხელისუფლების დროსაც იბრძოდი, მაგრამ მაშინ ქვეყანა არ დაგიტოვებია. ახლა რა გახდა მიზეზი, რომ სამშობლოდან წახვედი? კონკრეტულად, ვინმე გდევნიდა, გაგაფრთხილეს, რომ წასულიყავი, ანუ საფრთხე რეალური იყო? _ კი, რა თქმა უნდა, ასეა. წინა ხელისუფლების დროს და შემდეგაც, ასე თუ ისე, ზეწოლას ვუძლებდი, თან ვუძლებდი საკმაოდ დიდხანს. შეიძლება ითქვას, რომ ისინიც მიძლებდნენ... მუდმივი წნეხი, მრავალწლიანი დევნა და ყველა სამსახურისგან კარის ჩაკეტვა ადვილი ასატანი არაა, როდესაც ოჯახი გყავს სარჩენი. ავადსახსენებელი თამარ სანიკიძის მინისტრობისას სიცოცხლის ხელყოფის მუქარაც იყო და მცდელობაც, მერე უფრო ირიბად მოდიოდა ამგვარი მუქარები: ახლობელს აბარებდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რომ ოჯახი მყავს და ა. შ., მაგრამ ამას არ ვუშინდებოდი. ყოველი საკადრო ცვლილება იმედს მიჩენდა, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და რომელიმე მინისტრს ჭკუა ეყოფოდა იმის გასააზრებლად, რომ მათი მტერი არ ვიყავი და დიალოგს ვთავაზობდი. ისე, თუ საქმე საქმეზე მიდგება, „ნაციონალების“ რეჟიმის დროს სწორედ მე ვიყავი ერთადერთი პედაგოგი, რომელიც მათ პოლიტიკას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, „ქოცების“ მიერ „ნაცების“ ჩანაცვლებაშიც მივიღე მონაწილეობა. ახლა კარგად იკვეთება, რომ არც ძველ და არც ამ ხელისუფლებას განათლება, თუნდაც პრაგმატული მიზეზითაც, არ ადარდებს. სხვათა შორის, პრეზიდენტობის მერე სააკაშვილმა უმთავრეს შეცდომად სწორედ ეს დაასახელა, _ განათლება მეტად უნდა დაგვეფინანსებინა და ხელისუფლებას არ დავკარგავდითო. არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ მისმა ხელისუფლებამ მოაგვარა მასწავლებლების მრავალთვიანი „გაყინული“ ხელფასების პრობლემა და მეტიც, 30-ლარიანი საშუალო ხელფასიდან ამ ნიშნულმა, მოკლე ხანში, 300 ლარს მიაღწია. როდესაც შაშკინმა ხელფასების ზრდის ტემპს წერტილი დაუსვა, წერტილი მათ ხელისუფლებასაც დაესვა. ამ ხელისუფლებას განათლების ბედი საერთოდ არ ანაღვლებს. როდესაც მინისტრად ბატიაშვილი მოვიდა და რაღაც საკადრო „პირისმოხოცვა“ განახორციელა, მაშინაც ვიფიქრე, ამასაც დავაცლი-მეთქი, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემას არაფერი ეშველა და ჩემი დევნაც გაგრძელდა _ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება პირდაპირ ასრულებს სანიკიძისდროინდელ დირექტივას, რომ სიახლოვესაც არ გამიკაროს. როცა ფინანსურად გახრჩობენ, ცხოვრება საკმაოდ ძნელია! ბიუროკრატიამ ჩემ წინააღმდეგ მთელი ძალები აამოქმედა _ „შკოდებით“ ყველგან დამყვებოდნენ და მითვალთვალებდნენ, ნათესავებსაც მისწვდნენ და ჩემდამი სიმპათიის საჯაროდ გამოხატვაც კი აუკრძალეს; ჭორების გავრცელებაც დაიწყეს და ყველა საჯარო სკოლა გააფრთხილეს ან მიანიშნეს, ფერაძის მიღებით პრობლემებს შეგიქმნითო; ჩემი ავტორობით გამოცემულ წიგნებსაც შეუტიეს... უცხოეთისთვის ჩემი დევნა სულაც არ იყო ძნელი დასამტკიცებელი, მაგრამ ბევრი რამ მაჩერებდა. მავანნი ქირქილებდნენ, ვინ გდევნისო. პირადი გზავნილების გასაჯაროებას ვერიდები, თორემ აღარ იქირქილებდნენ. ათიათასობით კოლეგა პედაგოგი დღემდე მენდობა (მადლობა მათ ამისთვის) და იმ იმედით, რომ დღეს-ხვალ განათლების მჭედლები გამოიღვიძებდნენ, საქართველოში ვჩერდებოდი, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ მასწავლებლები ერთმანეთს დიდი სახალხო ერთობის შექმნაში ვერ ავყევით. მიუხედავად ამისა, ხან მარტო, ხან რამდენიმეს გვერდით დგომით, წარმატებულ ნაბიჯებსაც ვდგამდით. მარტოობა არ მაშინებს, მაგრამ არც ნოე ვარ, რომ გემი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ავაგო და არც „განწირულის სულისკვეთება“ მაქვს. ეგაა: როცა ყველაფერს უსასყიდლოდ აკეთებ, ენერგიას, დროსა და ფინანსებს ოჯახს კი არა, საერთო საქმეს სწირავ და ამ დროს ვიღაცები, მათ შორის, კოლეგებიც გწამებენ, პოლიტიკური ძალები საიდუმლოდ აფინანსებენო, ან „ნეტავ, ეს ფერაძე მოცლილი არ იყოსო“... ძნელია, ამას გულგრილად შეხვდე. მოცემულ ეტაპზე, ჩემი ერთი კარგი მეგობრის შემოთავაზებით, წასვლის სხვაგვარი ფორმა მოვიფიქრე. ერთგვარი პროექტია, რაც საინტერესო აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისითაც და იმ გაგებით, რომ ღვთის ნებით, საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობაც მომეცემა ხოლმე. პოლიტიკური თავშესაფარი კი ამის შესაძლებლობას არ მომცემდა, თუმცა ესეც არ იყო ადვილი, ამაზეც თითქმის ერთი თვე ვიფიქრე _ წასვლაზე უარის სათქმელად რაღაც მიზეზს ვეძებდი, მაგრამ... ბოლოს გადავწყვიტე. ახლა უცხოეთში ცხოვრების ადაპტაციას გავდივარ, თუ შევეგუე, შეიძლება დავრჩე. არც საქართველოსთან ვწყვეტ კონტაქტს. როდესაც საჭირო იქნება, ისევ გავჩნდები ეპიცენტრში და ვეცდები, ცოტათი მაინც შევუშალო ხელი ჩვენი ქვეყნის მომავლის დასამარებაში! წასვლის წინ ვთქვი, არ დავღლილვარ, მაგრამ მივდივარ, რომ არ დავიღალო-მეთქი. ეს ერთგვარი ტაიმ აუტია იმ განსხვავებით, რომ საზღვრებს იქითაც მთლად ჩუმად არ ვარ. მთლიანობაში, მაინც ვიმედოვნებ, რომ არ მომიწევს მრავალწლიანი ვოიაჟი. _ სანამ ემიგრაციაში წახვიდოდი, განათლების სამინისტროს, როგორც ვიცი, სასამართლო დავა მოუგე, ანუ გამოდის, რომ არავინ გდევნიდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძელი, თუმცა უკიდურესი ნაბიჯი მაინც გადადგი. რატომ? საერთოდ, რას ერჩოდი და ერჩი განათლების სისტემას? _ არა, არ მომიგია. პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იყო დამოკიდებული ეს სასამართლო და პირდაპირ ასრულებდა და ასრულებს სუს-ის დაკვეთებს. იმთავითვე, სანიკიძისა და სუს-ის მიზანი იყო, რომ სკოლიდან ჩემს გაშვებას უთუოდ სასამართლოში გავასაჩივრებდი და მერე ამ პროცესს გაწელავდნენ. ეს იცოდა სანიკიძემ. იცოდა კი არა, ეს მისი და სუს-ის გეგმა იყო და არის. ეს მეც ვიცოდი, მაგრამ როდესაც სასამართლოს მივმართე, ერთი მიზანი მქონდა და მაქვს: მივიდე სტრასბურგის სასამართლომდე, ამიტომ საქართველოში ჩემმა საქმემ ყველა ინსტანცია უნდა გაიაროს. პირველად, როდესაც სასამართლოს მივმართე, ჩემი საქმე ერთ-ერთ გაქნილ, თაღლით ვაიმოსამართლე ირაკლი კოპალიანს დააწერეს, რომელიც მანამდე სანიკიძის სამინისტროში ერთ-ერთ თანამდებობაზე მუშაობდა. საქმე მას იმიტომ მისცეს, რომ კარგად იცოდა სამინისტროში დაწერილი სცენარი და არაა გამორიცხული, თავადაც იყო ჩართული ამ პროცესში. ჩემმა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ, მისი აცილება მოითხოვა, მაგრამ უარი გვითხრეს. აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა ამ ჭანჭიკმა კოპალიანმა, ამიტომ გავასაჩივრეთ. სააპელაციო სასამართლოში. მასზე მეტ თაღლითსა და გარეწარ მოსამართლეს მისცეს საქმე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ განხილვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაეწელა, მაგრამ ძალიანაც ვერ გაწელა _ ზუსტად საარჩევნო კამპანიის დროს მოუწია დამამათავრებელი სხდომის დანიშვნა, რამაც ეს მოსამართლეც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, სუსი ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, რადგან ძნელად საპროგნოზო იყო, გაიმარჯვებდა თუ არა სახელისუფლებო კანდიდატი. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, მოსამართლე დანაშაულებრივი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გაბედავდა. იფიქრა, იფიქრა ამ თაღლითმა და გადაწყვეტილების გამოცხადება იმ დროისთვის გადადო, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც დასრულებული უნდა ყოფილიყო. არადა, პრობლემა არ იყო, გადაწყვეტილება დამამთავრებელ სხდომაზევე გამოცხადებულიყო. როგორც ჩანს, სუს-მა ურჩია, როცა არჩევნების შედეგები გაირკვევა, გადაწყვეტილება მერე გამოაცხადე, თორემ ვინიცობაა, ოპოზიციამ გაიმარჯვოს, უკანონობაზე პასუხს მოგთხოვენო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ბიუროკრატიული აპარატი დღემდე კვლავ ჩემ წინააღმდეგაა მობილიზებული, ბატიაშვილმაც არ შეცვალა მიდგომები, ის ვერც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და ვერც _ კაცობის! ასე რომ, ჩემი დავა სასამართლო გზით არ დასრულებულა, პირიქით, ახალ ფაზაში შევიდა... თუ ბატიაშვილის ორი წინამორბედი _ ჩხენკელი და ჯეჯელავა _ უუნარო აღმოჩნდა სამინისტროში მოკალათებული დამნაშავე დაჯგუფებების წინააღმდეგ, ბატიაშვილმა პირიქით, შეინარჩუნა ისინი და ახალი ძალით შეუდგა ტერორს; თუ წინამორბედები დევნიდნენ პროფესიონალებს, ბატიაშვილის სიხისტეს ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შევთავაზეთ დიალოგი. საპასუხოდ უარესი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ისიც, რომ ჩემ წინააღმდეგ სასამართლოზე უშუალო ზეწოლაშიც ჩაერთო. ყოველ შემთხვევაში, მისგან მწვანე შუქი აქვთ ანთებული მის დამქაშებს, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ მაინც არ გავურბივარ. მათგან ფინანსური მოხრჩობის საფრთხის გამო ვარ საზღვარგარეთ! განათლების სამინისტროში (ეს სამინისტრო კი არა, რაღაც უბედურებათა საკრებულოა) ისევ არიან დამნაშავე ექს-მინისტრ სანიკიძისდროინდელი ნაშთები, ანუ ის ადამიანები, რომლებიც მმართველ ძალად იქცნენ და რადგან ამდენ მინისტრთან გაუვიდათ თავიანთი სიბინძურეები, აღარც კი მალავენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ. თუ სანიკიძის დროს ამ დაჯგუფებას სანიკიძის პირველი „ვაზირი“ „ოდეერი“ ონოფრიშვილი შეფობდა, ახლა დავით ლომინაშვილია მის ადგილზე და მის ხელთაა ასიათასობით ადამიანის სამსახურებრივი ბედი. ზუგდიდის სკოლის დირექტორის მაგალითზე ისიც დავინახეთ, რომ სისტემის მუშაკთა სიცოცხლეც მათ ხელთაა. ხალხს ისიც სმენია, რომ 116-ე სკოლაში, სადაც ადრე ვმუშაობდი, ჩემი წამოსვლის შემდეგ მუდმივი დაძაბულობაა. ასეთ ვითარებაში სხვა სკოლაში სამინისტროს შესაძლოა, ხელმძღვანელიც კი შეეცვალა და ამ სკოლაში კი რა ხდება? _ მშობლები მატყობინებენ ხოლმე, რომ დირექტორის მხრიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეზე ბულინგი შეიმჩნეოდა, მაგრამ სამინისტრომ ეს ამბავი მიაფუჩეჩა; სკოლის თანამშრომლებისგან ვიცი, რომ მუდმივად ტერორსა და თვალთვალში არიან ე. წ. დირექტორის მხრიდან. ჩემი ინფორმაციით, სავარაუდოა ასევე ე. წ. დირექტორთან სასაჩუქრე პაკეტებით რეგულარული ვიზიტები. გაცამტვერებულია სკოლის ინფრასტრუქტურა. არადა, ამ დირექტორს, რომელმაც გააჩანაგა ყველაფერი, არ ხსნიან. აქაც კი ჩემი ფაქტორია _ სამინისტროში ჰგონიათ, რომ როგორც კი მას გაუშვებენ, მე ავრევ სიტუაციას და იძულებული იქნებიან, სკოლის სასურველი კანდიდატი წარადგინონ, რომელიც სკოლაში დამაბრუნებს. ამ სულელური მიზეზით, ასეულობით მოსწავლეს გაუნათლებლობისთვის სწირავენ, მაგრამ ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, _ სამინისტროს ეს არ უშველის. როგორც ვიცი, სკოლაში ბუნტისთვის ემზადებიან _ დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სასამართლომ ამ სკოლაში დამაბრუნოს. სამინისტროს უნდა გამარჯვებული და ტრიუმფით დაბრუნებული ფერაძე, რომელმაც ამჯერად შეიძლება დიდი ამბოხება წამოიწყოს? ეს არანორმალურები ასე უყურებენ ამ სიტუაციას. ვიღაც ბუჩქებიდან გამოვარდნილი ბატიაშვილების, ჯეჯელავებისა და მათნაირებისთვის მიუღებელი ვარ თუ არა, ნაკლებად მაღელვებს! თავად მათ იღელვონ, ჩემთვის მისაღებები არიან თუ არა! მე განათლებისა და ჩემი ქვეყნის მომავალი მაღელვებს, რასაც ეს წურბლები ანადგურებენ. _ ისე, ერთ-ერთი ბოლო კვლევით საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიოს განათლების სისტემების პირველ ოცეულშიც კი ვერ მოხვდა. რა არის ჩვენი განათლების მთავარი პრობლემა? _ Worldatlas-ის ამ კვლევას ვეთანხმები. კარგა ხანია, ვაცხადებ, რომ ჩვენ განათლება საერთოდ აღარ გვაქვს _ ის სანიკიძემ გაანადგურა, ჯეჯელავამ დამარხა და ესენი რისი მინისტრები არიან, ვერ გეტყვით. Worldatlas-მაც სწორედ იმ ქვეყნებს მიგვათვალა, სადაც განათლების სისტემა კრახშია ან კრახს ახლა განიცდის. ეს კვლევა იმ კრიტერიუმებს ეყრდნობა, რაზედაც ამდენი ხანია, ვსაუბრობ _ სისტემის ორგანიზებულობის ხარისხი, რაც ჩვენთან საერთოდ დეზორგანიზებულია; განათლების დაფინანსების ოდენობა, რაც საქართველოში სამარცხვინოზე სამარცხვინოა. Worldatlas-ის კვლევით, ჩვენი ქვეყნის მშპ-ს მხოლდ 2,7% ხმარდება განათლებას და ეს კრახი კი არა, არარსებობაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ოცდახუთეულში საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნებიც მოხვდნენ, რომელთა მშპ-სთან შედარებით, საქართველოს მშპ სასაცილოდ გამოიყურება. მაგალითად, ირანიც ამ ოცდახუთეულშია, მაგრამ ამ ქვეყნის ბიუჯეტი 480 მილიარდია და მისი მშპ-ს 2,3% განათლებას ხმარდება, ჩვენ კი სად ვართ?! ამ ფონზე, წელსაც უბადრუკად გამოიყურება განათლების ბიუჯეტი: განათლების დაფინანსება 2019 წელს მილიარდ 508 ათასი ლარის ფარგლებშია, 2018-ში კი მილიარდ 461 მილიონ 270 ათასი ლარი იყო, მაგრამ 2018-ში სპორტისა და კულტურის სამინისტრო ცალკე არსებობდა და სხვა დაფინანსება ჰქონდა. 2018 წელს 302 მლნ. 755 ათასი ლარი იყო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. სამინისტროების შერწყმის შემდეგ გაერთიანებულ სამინისტროში შტატები გაბერილია, თან დაფინანსება 302, 755.0 ლარით შემცირდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, სამინისტროების ოპტიმიზაციის მიზანი და არსიც სწორედ ისაა, რომ საბიუჯეტო თანხა დაზოგილიყოო, მაგრამ თუ საშტატო ერთეულების რაოდენობა არ შემცირდებოდა და მხოლოდ ის მოხდებოდა, რომ ორის ნაცვლად ერთი მინისტრი დარჩებოდა და შტატებს დაფინანსება არ მოაკლდებოდათ (პირიქით, ხელფასები გაიზარდა) პედაგოგების, მეცნიერებისა და სისტემის სხვა მუშაკთა ხარჯზე, ამგვარ ოპტიმიზაციას რა აზრი აქვს? ისიც უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტის მიხედვით სკოლამდელი და ზოგადი განათლებისკენ გადაისროლეს გარკვეული თანხა _ 47 მილიონამდე ლარი, მაგრამ ამ თანხით რა ცვლილებასა და წინსვლაზე ლაპარაკობენ? ზღაპარია: არანაირი წინსვლა, არანაირი უკეთესობა. ტერმინ „რეფორმის“ გარდა არაფერი ისმის. იმის უნარიც კი არ გააჩნიათ, რაღაც შეთხზან და თქვან, რას გულისხმობს რეფორმა, რა მიზნის მიღწევაა დასახული? ვხედავთ, როგორ იზრდება მასობრივი გაუნათლებლობა, მედია თუ კინო სააზროვნო დეფიციტის საუკეთესო ნიმუშად იქცა. ადამიანების მეტყველებაც კი ამას ავლენს. ახლგაზრდებში თანდათან ვლინდება, რომ სააზროვნო უნარები გაეყინათ _ არ შეუძლიათ, თუნდაც რთული თანწყობილი წინადადება გაიგონ; ვერ დაგისახელებენ ცნობილი ისტორიული პიროვნების ხუთეულს, ვერ გეტყვიან, რა არის ცენტრალური ნერვული სისტემა, რა არის ფლორა და ფაუნა, რა არის ეკვატორი, რომელი ქედი ჰყოფს საქართველოს ორ ნაწილად, ვინაა „ლურჯა ცხენების“ ავტორი, რამდენპირიანია ზმნა, რას ნიშნავს გრავიტაცია, რა არის წყლის ფორმულა და ა. შ. ამას არ ვამბობ სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებს ვგულისხმობ, რომლებიც მეორე და მესამე კურსზე არიან. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ტენდენცია ასეთია: ვისაც ეს არ ეხება, ვინც მოაზროვნეა და ინტელექტუალია, მას ძალიან დიდი სიმამაცე და გამძლეობა დასჭირდება, რომ საქართველოში იმოღვაწეოს ბოჰემურ საწყისებზე, ანუ ჩვენ ამ ინტელექტუალურ რესურსსაც ვკარგავთ. _ დათო, უსამართლობასთან ბრძოლაში კოლეგები გვერდით რატომ არ დაგიდგნენ? თუ პედაგოგები ხელისუფლების მძევლები არიან, სამსახურის დაკარგვის ეშინიათ და ამიტომ დუმან? _ ვერ გეტყვი, რომ ეს არ უნდათ. რომ შეძლოთ მათთან ფარულად კონტაქტი, ყველა გეტყვით, რომ მხარს მიჭერს, მცირე გამონაკლისის გარდა. რა თქმა უნდა, ერთი-ორი პროცენტი ყოველთვის იქნება კომფორმისტი. ზოგს მთავრობაში ჰყავს შვილი, ზოგს, უბრალოდ, კეკლუცობა უყვარს, ჯილდოებისკენ მიილტვის, ან ე. წ. კარიერული წინსვლის სინდრომს ჰყავს შეპყრობილი. უმრავლესობის მხარდაჭერას ვგრძნობ, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ ღიად ვერ ბედავენ საუბარს. არ მინდა, საკითხი ჩემი მხარდაჭერის კუთხით განვიხილოთ, ეს საქმისადმი მხარდაჭერაა და, ცხადია, თავად ჩემი კოლეგებისთვის ბრძოლა და ერთობაა საჭირო, მაგრამ ისინი ხელისუფლების მძევლები არიან. რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ: მასწავლებელი ძველ თუ ახალ ხელისუფლებას სჭირდებოდა და სჭირდება არჩევნებიდან არჩევნებამდე, როგორც საუკეთესოდ ოპტიმალური რაოდენობის სამთავრობო რესურსი და როგორც ის ელექტორატი, რომლის მეშვეობითაც სხვა ელექტორატზეც შეიძლება მანიპულირება და ზემოქმედება, მაგალითად, მშობლებზე. მათ ვეუბნები: უნდა დავძლიოთ შიში და ვერავინ შეგეხებათ. მასწავლებელი ის ძალაა, რომელიც წალეკავს ყველაფერს. ჯარისკაცს, პოლიციელს შეზღუდავ, მასწავლებლის შეზღუდვის კანონიერი მექანიზმი არ არსებობს. სანიკიძე კი ცდილობდა ამ მარყუჟის დაკანონებას, მაგრამ არ გავატანინეთ. დღეს ლეგიტიმურად რა შესაძლებლობაც აქვს მასწავლებელს, ეს რომ გამოიყენოს, მთავრობას გადააყენებს, მაგრამ, რად გინდათ? _ ყველაფერი მიწაში დამარხული ტალანტივითაა! ის, რომ ისინი შინაგანად მხარდამჭერები არიან, უამრავი მონაწერიდანაც ჩანს, ძალიან ბევრი წერილი ჰგავს ერთმანეთს, ერთ-ერთს ანონიმურად მოვიყვან: ერთი ძალიან კარგი და თბილი პედაგოგი, რომელიც დედაქალაქში მოღვაწეობს, მწერს: „ბატონო დათო, როგორ მინდოდა, თქვენთვის ამეხსნა ჩემი პასიურობის მიზეზი და ვერ მოვახერხე. თქვენ რომ ცუდად იყავით, იმ პერიოდში პრობლემები მქონდა, პირადი ტრაგედია შემემთხვა. ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში თქვენი მეუღლის პოსტი ვნახე, საავადმყოფოდან რომ გამოეწერეთ, იმ დღეს ჰქონდა დადებული. მახსოვს, კომენტარი დავწერე, რომლითაც ბოდიში მინდოდა მომეხადა თქვენთვის. კომენტარი კი მხოლოდ ეს სიტყვები იყო: „უფალმა დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ, ღმერთი იყოს თქვენთან, რადგან ჩვენ ვერ დაგიდექით გვერდით!“ საღამოს მირეკავენ ჩვენი რესურსცენტრიდან, უნდა შეგხვდეო, ჩვენ ადრე ვმეგობრობდით და მისი ოჯახის წევრს ვასწავლი, მეგონა, მასთან დაკავშირებით აინტერესებდა რამე, თუმცა მაინც ავფორიაქდი. მოვიდა და მომახსენა, სამინისტროდან რეკავენ, რატომ იქმნის პრობლემებსო და მთხოვა, აღარ დამეკომენტარებინა თქვენს პოსტებზე. გავცოფდი. ახლა ღიად უნდა დავუდგე მხარში-მეთქი. კომენტარების კონტროლამდე როგორ დაეშვით-მეთქი? ტირილი დაიწყო, მუხლებზე დავარდა და მთხოვა, არ გამამხილო, სამსახურს დამატოვებინებენო. რაღას იზამ, ამას რომ გთხოვენ? ამას გარდა, მოსწავლეს ვეცი პატივი და ჩემი ტრაგედიაც მაჩერებდა. საშინელი დღეები მქონდა... ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის...“ _ მახსოვს, თავის დროზე, მიანიშნებდით, რომ განათლების სამინისტროს სუს-ი აკონტროლებდა. სუს-ი წეღანაც ახსენეთ... _ დიახ, გითხარით, თუ ვინაა წამყვანი ძალა განათლების სამინისტროში. იმხელა კონგლომერატი, როგორიც განათლების სისტემაა, ცხადია, სუს-ის კონტროლის მიღმა ვერ დარჩება. კონტროლში არ ვხედავ დიდ პრობლემას, პრობლემა ის არის, რომ სუს-ი მართავს სისტემას. როდესაც სააკაშვილის დროს მანდატურის სამსახური შემოიღეს, ეს იყო წესრიგის დამცველის ნიღბით კუდ-ის უფრო ღრმად შეღწევის მცდელობა სკოლებში, რადგან დირექტორებს ბოლომდე არ ენდობოდნენ. აბსოლუტურად ყველა მანდატური გადიოდა და გადის სუს-ის ხელში, სანამ სამსახურში აიყვანენ. განათლების სისტემა, ტოტალური კონტორლის გარდა, ტოტალური შანტაჟის ქვეშაა! ის აბსოლუტურად პოლიტიზებულია, ოღონდ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც ძალაუფლებას ფლობს. _ დათო, ემიგრაციაში ყოფნას დიდხანს აპირებთ? _ საქართველოში მისვლა-მოსვლა მაქვს. შემდეგში სხვა ქვეყანაში ვგეგმავ გასვლას. ვერ გეტყვით, რამდენი ხნით მომიწევს, თუმცა, საბოლოოდ, დარჩენის გადაწყვეტილება არ მიმიღია. თუ ჩემი ქვეყანა პოლიტიკურად და ფინანსურად არსებობის შესაძლებლობას მომცემს, ალბათ, ამ ხეტიალს შევეშვები. თუ არადა, ვფიქრობ, ოჯახიც წამოვიყვანო. წარმოიდგინეთ, ჩვენთან განათლება აღარ არსებობს. თუ ამ მხრივ არ გამოსწორდა საქმე, სად ვასწავლო ჩემს შვილებს? ახლა დაწყებით ეტაპზე არა უშავს, კარგი პედაგოგიც ჰყავს, მაგრამ შემდეგში ეს ადამიანური რესურსიც რომ ამოიწურება? ხომ იცით, რომ სკოლისკენ, პედაგოგობისკენ გახედვაც არავის უნდა და თუ ვინმეს უნდა, ალბათ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს. ასეთ სიტუაციაში რა განათლებას მიიღებენ ჩემი შვილები? ვიღაც იტყვის, ყველა რომ წავიდეს, რა ვქნათო? კი ბატონო, არ წავიდეთ, მაგრამ მაშინ რაღაც უნდა ვქნათ. ერთობასა და ბრძოლაში შემოერთება გვინდა და მაშინ მედროვეები, თაღლითები, კორუმპირებულები ჩამოშორდებიან სისტემას და იქ ისინი მივლენ, ვინც საჭიროა. _ ისე, ხომ შეიძლება, ვინმემ თქვას, ფერაძემ საქართველო იმიტომ დატოვა, რომ სხვა ქვეყანაში უკეთესი სამუშაო ნახა და ამიტომ წავიდა, თორემ არავინ სდევნიდაო. ასეთ სკეპტიკოსებს რას ეტყვით? _ თქვან, რა პრობლემაა? ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხალხი ტოვებს ამ ქვეყანას და რაღა ფერაძისგანაა გასაკვირი? მე თავგანწირვასა და შიმშილს მთხოვ და შენ ჩირგვებში იმალები? ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, ალბათ, ასე მკვეთრადაც აღარ იტყვიან. ის პროექტი, რომლითაც წამოვედი და კიდევ სხვაგანაც წავალ, როგორც ვთქვი, გარკვეული ფინანსური მოხრჩობისგან გადამრჩენელია, მაგრამ უკეთესი სამსახურისთვის წასვლაშიც რა არის პრობლემა? თუკი შენი ქვეყანა, უფრო სწორად კი, ხელისუფლება ყველა გზას გიკეტავს, აბა, რა უნდა ქნა? რაღაც ღონეს ხომ უნდა მიმართო? ჭორების გავრცელება მაინც მოხერხდა და ისეთებისგანაც კი, რომ არ ველოდი. ასეთი რამეც თქვეს, რომ უცხოურმა სპეცსამსახურებმა დამიქირავეს განსაკუთრებული მისიისთვის. ჰოდა, ახლა უცხო ქვეყნებში უნდა გადავაყენო მინისტრები! აბა, რას არ გაიგებს კაცი?!

გიორგი აბაშიძე

 

გაზიარება