QronikaPlus
გაგრძელდება თუ არა „აიკონია კაპიტალსთან“ დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალი?!

გაგრძელდება თუ არა „აიკონია კაპიტალსთან“ დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალი?!

2019-02-03 06:44:05

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შპს „აიკონია კაპიტალსის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ სეთ ჩარი. კომპანია საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს. იგი სრულად ფინანსდება ჰავაის შტატში მცხოვრები შეერთებული შტატების ინდივიდუალური ინვესტორების კერძო თანხებით. 2014 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ ვაკე-საბურთალოს რაიონში, იპოდრომის პარკთან, მიწის ნაკვეთი შეიძინა და მისი სამშენებლო პროექტისათვის მომზადება დაიწყო. მიმდებარე შენობაში მცხოვრებ მეზობელთა მცირე ჯგუფის პროტესტის შემდეგ, 2016 წელს, საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. კერძოდ, მომჩივანი მეზობლების წარმომადგენელმა, ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი ინდივიდუალური მეზობლის _ მერაბ კახიანის, ჯამბულ ბახტაძისა და გიორგი ჯიქიას სახელით. სარჩელში მოსახლეები ითხოვდნენ „აიკონია კაპიტალსის“ მშენებლობის დროებით შეჩერებას შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: 1. „აიკონიის“ სამშენებლო პროექტი, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა დაამტკიცა, ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს შეეძლო, მოსახლეთა შენობა დაეზიანებინა; 2. მშენებლობას შესაძლოა, გამოეწვია პარკირების პრობლემები და საგზაო შეფერხებები; 3. დაგეგმილი ასაშენებელი კორპუსი იყო ულამაზო, დიდი და აუცილებლად შეამცირებდა მოსახლეთა პირადი საცხოვრებელი ადგილის საბაზრო გაყიდვის ღირებულებას. ამ და სხვა მოთხოვნების შედეგად, სასამართლომ ამერიკულ კომპანიას მშენებლობა, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის მაისამდე შეუჩერა . 2017 წლის აგვისტოში ზემოთ დასახელებულმა მოსახლეებმა თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს, რომელიც, მოგვიანებით, მერიამ, 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, არ დააკმაყოფილა, როგორც უსაფუძვლო. 2017 წლის 24 ოქტომბერს ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა მერიისა და „აიკონიას“ წინააღმდეგ იგივე არგუმენტებით. კომპანიას მშენებლობის უფლება კვლავ შეუჩერეს. სეთ ჩერიმ ეს ქმედებები აღიქვა აღნიშნული ჯგუფის მცდელობად, ბიზნესი დაეხურათ უდანაშაულო ამერიკელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დასაწყებად და ასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად ჩამოვიდნენ. სეთ ჩერის განცხადებით, ეს ჯგუფი მხოლოდ შიშსა და ეჭვს აღუძრავს სხვა ამერიკელებს, რომლებსაც სურთ, საქართველოს ესტუმრონ ბიზნესის დასაწყებად და ინვესტიციის განსახორციელებლად, რითაც ქვეყანაში ხალხი დასაქმდება. „ქრონიკა+“ უკვე წერდა, თუ რატომ შეიძლება გაეხვიოს საქართველო საერთაშორისო სკანდალში და რატომ შეიძლება აშშ-ს სასამართლომ პროცესი პოლიტიკურად შეაფასოს. და, აი, რატომ! 2019 წლის 11 იანვარს „ქრონიკა+“-მა კიდევ ერთხელ გადაუგზავნა კითხვები ამჯერად არა უზენაეს სასამართლოს, არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ქეთი ლაცაბიძეს. გთავაზობთ იუსტიციის საბჭოსთვის გადაგზავნილ კითხვებს: „1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გახლავთ ცინცაძის ქუჩა #58-ის მცხოვრები. აღნიშული კორპუსის რამდენიმე მოსახლემ გააპროტესტა მეზობელ ტერიტორიაზე სამშენებლო მიზნებით შემოსული ამერიკელი ინვესტორის პროექტი და მერიის მიერ ნებადართული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში შევიდა. ამერიკულ მხარეს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ვინაიდან მოსახლეთა ნაწილის უკან სწორედ აღნიშნული მოსამართლე დგას, იგი შესაძლოა, გარკვეული გარანტორი იყოს პროცესის მოგების საკითხში; 2. არის თუ არა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამდივნოს პალატაში მომუშავე ია გოლეთიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მეუღლე? 3. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის 2017 წლის დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლე, ია გოლეთიანი, არის მოსამართლის თანაშემწე. თუ შეიძლება, შეაფასეთ, _ არის თუ არა ეს ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი? 4. გიორგი შავლიაშვილს აქვს თუ არა ოფიციალურ დეკლარაციაში ყველა ის ქონება მითითებული, რასაც საკუთარ და მეუღლის სახელზე ფლობს? აქვე დავძენთ, რომ იუსტიციის საბჭოს ეს კითხვები იმიტომ გადავუგზავნეთ, რომ: ა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) დროს ცენტრალიზებულ ნომენკლატურულ ერთეულებს მიმოწერა რომ ჰქონოდათ, აშკარად შეშურდებოდათ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის თანამშრომლის, ხათუნა ჩარკვიანის პასუხი ამ კითხვებზე (წინა პუბლიკაციაში დავბეჭდეთ და აქ აღარ შეგაწყენთ თავს); ბ. იუსტიციის საბჭო საქმის კურსში ჩავაყენეთ, რაც მას ჩვენ გარეშეც უნდა სცოდნოდა. ახლა კი ყურადღებით! _ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მიღებული პასუხი: „მოგესალმებით. თქვენს წერილში დასმულ პირველ და მეოთხე კითხვის საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი სასამართლო საქმეს განიხილავს კანონის შესაბამისად და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. დეკლარაციების შევსების მონიტორიგს საჯარო სამსახურის ბიურო აწარმოებს და არა _ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს. პატივისცემით, ქეთევან ლაცაბიძე, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი“. უკომენტაროდ! თუმცა მადლობა ქეთის პასუხის ოპერატიულად მოწოდებისთვის. როგორც შეგპირდათ, „ქრონიკა+“ გთავაზობთ მეორე მხარის, ანუ მომჩივანი მეზობლების წარმომადგენლის, ადვოკატისა და ექსპერტის სამშენებლო საკითხებში, უჩა ზაქაშვილის ინტერვიუს. ბ-ნი უჩა გაჩერებული მშენებლობის გარდა დედაქალაქის „ვერმიღებული“ გენგეგმის საკმაოდ პრობლემურ საკითხებზეც გაგვესაუბრა. უჩა ზაქაშვილი: _ ბატონო უჩა, ორ მნიშვნელოვან თემაზე მინდა გაგესაუბროთ: საკითხი შეეხება ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას, რომელიც 2-3 მეზობლის პრეტენზიის გამო შეჩერდა და საქმის განხილვა სასამართლოში გადავიდა. მოსახლეთა წარმომადგენლად თქვენ გამოდიოდით და გამოდიხართ. აქვე დავძენ, რომ ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც ორიოდე მოსახლე სარჩელით შევიდა სასამართლოში და უკვე მესამე წელია, ეს საქმე დავის საგანია. თქვენ, როგორც ადვოკატი, წარმოადგენთ ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლებს. მაინტერესებს, ახლა რა ეტაპზეა ხსენებული პროცესი? – მანდ ძალიან გრძელი თავგადასავალი იყო, უბრალოდ, მოკლედ გეტყვით: პირველ ნებართვაში, რომელიც 2016 წელს გაიცა, არ იყო გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოების საკითხები და იმდროინდელმა მერმა ნარმანიამ, 2017 წლის 3 მაისს თავისსავე ბრძანებაში აღიარა, რომ ნებართვა გაიცა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლად, ამიტომ თვითონვე გააუქმა თავისივე გაცემული ნებართვა. – კი მაგრამ, ეს ხომ გამოასწორა ამერიკულმა მხარემ? – დიახ, შემდგომ ისევ მიიღო ნებართვა. ძალიან უცნაური შემთხვევა იყო და ჩვენ უკვე ახალი ნებართვა გავასაჩივრეთ სასამართლოში. მისი მოქმედება შეჩერებულია და ძირითადი პროცესები პირველ ინსტანციაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგი არ გვაქვს, თუმცა უზრუნველყოფის სახით მშენებლობა შეჩერებულია და სასამართლომ შეჩერების საკითხი ძალაში დატოვა, ანუ დავის დასრულებამდე ყველა ინსტანციაში მშენებლობა შეჩერდება. თუ ისე მოხდა, რომ, საბოლოო ჯამში, მოსახლეობამ გაიმარჯვა, მაშინ იქ მშენებლობა ვეღარ განხორციელდება. თუ ინვესტორმა გაიმარჯვა, მაშინ _ პირიქით. ჯერჯერობით ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვაქვს. – კონკრეტული პრეტენზიები რა არის, რიმელიც მშენებლობის აკრძალვას დაედო საფუძვლად? – სკვერი უნდა იყოს. მოდავე მოსახლეობისთვის ეს ტერიტორია იმიტომ არის საინტერესო, რომ აქ წინა ინვესტორმა (ვისგანაც იყიდეს ეს სახლები) პარკინგებში ჩასასვლელები გაითვალისწინა. თუმცა წინა ინვესტორმა, როდესაც სახლები ჩააბარა, მიწა ცალკე გაყიდა. სამწუხაროდ, ეს ინვესტორი ახლა ცოცხალი აღარ არის და ხალხს მშენებლობის წინააღმდეგ უწევს დავა, თორემ უფრო ადვილი იქნებოდა, თუკი ის ადამიანი გამოიკვეთებოდა, როგორც ბრალეული პირი და დავა დაიწყებოდა იმ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებაზე. ამ ხალხს უნდა, რომ პარკინგზე შესასვლელი ჰქონდეს. არანაირ სკვერზე იქ ლაპარაკი არ არის. კარგია, თუ ეს მოხდება, ვინაიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. – ანუ პარკინგზეა აქ საუბარი? – აქ უფრო ყოფით საკითხებზეა დავა. როდესაც კორპუსის ქვეშ პარკინგი გაქვს, მაგრამ ჩასასვლელი სხვის წითელ ხაზზეა, ცოტა გაურკვეველია, ხომ?! აქედან გამომდინარე, გამწვანებისა და მაღალი ეკოლოგიის გამო არ ვდაობთ, ვდაობთ საკუთარ პარკინგზე ჩასასვლელისთვის. – უფრო სხვა ინტერესები ხომ არ იკვეთება? – მაინც, რა? – თუნდაც ის, რომ რამდენიმე პირი თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს. აქ არ არის არც სკვერსა და არც პარკინგზე საუბარი. აქ საუბარია საკმაოდ სოლიდურ თანხაზე, ასევე ფართებზე ვაჭრობენ. სწორედ ეს რომ ვერ მიიღეს, იმიტომ აიფარეს ხალხი შირმად? – არ ვიცი, რაზე საუბრობთ. და მე პირადად მოაწილეობა რამე მსგავსი ტიპის მოლაპარაკებაში მიღებული არ მაქვს. ჩემი მოვალეობა იყო, შემეტანა სარჩელი და პროცესუალურად სწორედ წარმემართა პროცესი. დანარჩენი, რა ქნეს და როგორ `მიხედეს~, ჩემი საქმე არ არის. – მაშინ აქვე გკითხავთ მოსამართლე გიორგი შავლიაშვილზე, რომელიც მომჩივანი კორპუსის მოსახლეა. – მე მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს წარმოვადგენ. – ცინცაძის ქუჩის მოსახლეებში ერთ-ერთი არის გიორგი შავლიაშვილი, უზენაესი სასამართლოს საკმაოდ ცნობილი მოსამართლე. როგორც ამბობენ, აღნიშნული მოსახლეობის უკან ეს მოსამართლე დგას და ისინი ამას არც მალავენ. თქვენ თუ იცნობთ მას? – დიახ, ვიცნობ, ჩვენ თსუ-ში კოლეგები ვართ. სხვა არანაირი კავშირი არ მაქვს და არც იმას ვეთანხმები, რომ მოსახლეების უკან ის დგას. შეიძლება იგივე კოპრუსში ცხოვრობს, მაგრამ რომლის მოსახლეებიც მშენებლობას აპროტესტებენ. _ ცოლი აქტიურობს ძალიანო, რომელიც მომჩივნების გვერდით დგას და ასევე სასამართლოში მუშაობს. _ და მათ თუ სურთ, რომ კორპუსის მაგივრად იყოს სკვერი ან პარკინგი, ეს ჩვენს სასამართლო პროცესებთან რა კავშირშია?! _ ბატონო უჩა, რამდენიმე წლის წინ თქვენ იყავით ყოფილი მაღალჩინოსანი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე. – 2014 წლამდე ცოტა ხანი გეგი ნიჟარაძის მოადგილე ვიყავი. მაკონტროლებელი ორგანოს მოადგილე გახლდით 2014 წლამდე და საერთოდ, ეს სამსახური სხვა ფუნქციებს ასრულებს. პირიქით, უკანონო მშენებლობას აკონტროლებს. ნარმანიას პერიოდში კერძო სექტორში გადავედი და უკანონო მშენებლობებზე დავებს ვაწარმოებდი. _ გენგეგმის საკითხებზე გადავიდეთ: ინფორმაცია თუ გაქვთ, როდის აპირებენ მიღებას? _ სამართლებრივად იმ გეგმით შეზღუდვების დაწესება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, საერთოდ არ შეიძლება. ეს ნონსენსია, რაც ახლა ხდება ქალაქში, იმიტომ რომ გენგეგმას მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელობა, რაც ის ნორმატიული დოკუმენტი გახდება. _ ანუ მას შემდეგ, რაც საკრებულო დაამტკიცებს? _ დიახ. დღეის მდგომარეობით მერია, მათ შორის, თბილისის მთავრობა, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის ტერიტორიებზე, სადაც ახალი გენგეგმით ანუ იმ გეგმით, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, გარკვეული შეზღუდვები უნდა გავრცელდეს. _ მაგრამ ჯერ არ გავრცელებულა? _ საქმეც ეგ არის, რომ ამის მიუხედავად სამშენებლო განვითარებას ზღუდავს. სწორედ მანკიერი შედეგი არის სამშენებლო სფეროში შემცირებული ინვესტიციები. ეს არა მხოლოდ კერძო პირებს ეხება, არამედ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზეც ნეგატიურად აისახება. _ და მაინც, ხომ არ იცით, როდის მივიღებთ კონკრეტულ პასუხს გენგეგმასთან დაკავშირებით? _ სამწუხარო რეალობაა შექმნილი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ე. წ. მორატორიუმი აბსოლუტურად არაფერს ემყარება, ანუ სამართლებრივად რაიმე აქტით არ არის გამყარებული, შესაბამისად, უვადოა და შეუძლებელია იმის შეფასება, სადამდე გასტანს. ამ გენგეგმის მიღებას, ჯერ კიდევ, ზაფხულში გეგმავდნენ. შემდგომში თარიღი სექტემბრამდე გადაიწია. ახლა არ ვიცი, სადამდეა გადაწეული და აქედან გამომდინარე, პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, სამართლებრივი სივრციდან გადის. _ ე. ი. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ემყარება არანაირ სამართლებრივ ნორმას? შესაბამისად, შეზღუდვა უკანონოა და, საბოლოო ჯამში, ბიზნესი ამის გამო ზიანდება, მოგვიანებით შეუძლიათ, მერიას ზიანის ანაზღაურება მოსთხოვონ? – კი ბატონო, შეუძლიათ. უბრალოდ, ესეც უნდა დასაბუთდეს. თანაც, სამართლებრივი დავა დიდ ხარჯებს უკავშირდება. და აქედან გამომდინარე, ეს არ არის კარგი გამოსავალი, უკიდურესი შემთხვევაა. ძველ გენგეგმებსაც ჰქონდა ხოლმე ასეთი პრობლემები, თუმცა ისინი უკვე მიღების შემდეგ ქმნიდნენ პრობლემებს, როდესაც მოულოდნელად აღმოვაჩენდით, რომ ჩვენი მიწის ნაკვეთი შეზღუდულ სამშენებლო ზონაში იყო ისე, რომ მანამდე არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა. გენგეგმებს დიდი მინუსები ჰქონდა, თუმცა ამ ახალ, ჯერ არმიღებულ გენგეგმასაც გარკვეული პრობლემები აქვს. პირადად მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალი გენგეგმის ავტორები დიდად არ არიან ჩართული პროცესში, რომ ადგილზე, რეალური განაშენიანებები შეისწავლონ. ისინი მშრალად იღებენ გადაწყვეტილებას. სადღაც დაინახავენ ბუჩქს და სარეკრეაციო ზონას ადებენ, რაც ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. მაგალითად, კოჯორში, გენგეგმის ავტორებმა გარკვეული ტერიტორია მეწყერსაშიშ, ე.წ. გეოსაშიშ ზონაში მოაქციეს და ყოველგვარი მშენებლობა აკრძალეს, იმის მიუხედავად, რომ როდესაც იქ ადამიანებმა ნაკვეთი შეიძინეს, არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, ხოლო გარემოს დაცვის სააგენტომ, ვისი უშუალო კომპეტენციაც არის გეოსაშიში უბნების განსაზღვრა, 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბერში დასკვნები გასცა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია არც ახლა და არც მომავალში არ მიეკუთვნება არანაირ საშიშ ზონას. ეს ფაქტები ამყარებს ზემოთ გამოთქმულ ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილება ზედაპირულად არის მიღებული. მინიმუმ ლოგიკური იქნებოდა, ამ საკითხზე მერიასა და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს ერთმანეთთან კონსულტაციები გაევლო და ურთიერთსაწინააღმდეგო არ ემტკიცებინა. _ სხვა კონკრეტული მაგალითიც რომ მოგვიყვანოთ, მკითხველს საკითხში ორიენტირება რომ გაუადვილდეს. _ მაგალითად, დიღმის ერთ-ერთ კვარტალში, სადაც მხოლოდ კორპუსებია განაშენიანებული, ახალი გენგეგმით დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მენაშენეებს მარტო კერძო სახლის აშენების უფლება ექნებათ. ანუ ახალი გენგეგმის კონცეფცია არის ის, რომ კორპუსებს შორის, თუკი მიწის ნაკვეთი შეგრჩა, მხოლოდ ინდივიდუალური საყოფაცხოვრებო სახლის აშენება შეგიძლია. _ ცუდია კორპუსების მშენებლობა რომ იზღუდება? _ საქმე ის არ არის, ცუდია თუ კარგი! უბრალოდ, 10-სართულიან კორპუსებში კერძო სახლის აშენების იდეა საერთოდ რატომ უნდა გაგიჩნდეს? გენგეგმამ ან ერთგვაროვან განაშენიანებას უნდა შეუწყოს ხელი, ან საერთოდ უნდა შეიზღუდოს ზოგიერთ ადგილში მშენებლობები. ასეთმა არათანმიმდევრულმა დამოკიდებულებამ დროში გაწელა დედაქალაქის გენგეგმის ამოქმედება და მთელ რიგ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ანუ თბილისის ფაქტობრივი განაშენიანება და გენგეგმა ძალიან ბევრ ადგილში ერთმანეთს აცდენილია. სწორედ ამის გამო ვერ მიიღეს იგი. „ქრონიკა+“ აგრძელებს აღნიშნულ თემებზე მუშაობას, მით უმეტეს, რომ ორივე ზემოთ მოყვანილი საკითხი აქტუალურია როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობებისთვის .

თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება