11 იანვარს რესტორან „ქართულ სახლში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა კორპორაციული საღამო გამართეს, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და უჩა მამაცაშვილის სიძე, იურა ნოზაძე, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი და სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდნენ.
კორპორაციულ საღამოზე ხელჩართული ჩხუბი ფულისა და წილების განაწილების თემას მოყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღალჩინოსნებმა ცეცხლსასროლი იარაღიც კი ამოიღეს, ბოლოს კი საქმის გარჩევამ „კანონიერ ქურდებთან“ გადაინაცვლა.
აღნიშნულ ინციდენტზე ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა, მაგრამ ჩხუბის მონაწილე მაღალჩინოსნები თვალს მოარიდეს და ისინი შვებულებაში გაუშვეს. მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილიც, რომელსაც პირდაპირ უთხრეს, რომ თუ შენს სიტუაციას ვერ მოაგვარებ, სამსახურში აღარ დაბრუნდეო. როგორც ჩანს, მუკნიაშვილმა იქ, „ზემოთ“ მოაგვარა და სამსახურსაც დაუბრუნდა.
„ქრონიკა+“ ამჯერად შეეცდება, ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ახლო წარსულიდან რამდენიმე ფაქტი შეახსენოს:
2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან დიდი ოდენობით (რამდენიმე მილიონის) გაფლანგვაში მხილებული ზურაბ კოპაძე დაინიშნა. კოპაძემ გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და ექსპრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ნათესავის, ზვიად ჯანყარაშვილის მეგობარი, ირაკლი მუკნიაშვილი დანიშნა.
კოპაძე და მუკნიაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის მფარველობით და ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობდნენ. თანამდებობებზე დანიშვნის დღიდან აქტიურად დაიწყეს ყველაზე შემოსავლიანი და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესის ტერორი და თანხების გამოძალვა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზურაბ კოპაძემ და ირაკლი მუკნიაშვილმა, პირველ რიგში, რეგიონებში ხელმძღვანელები შეცვალეს და ნდობით აღჭურვილი, სანდო პირები დანიშნეს, რომლებიც დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაში წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ. იგივე წყარო ამბობს, რომ ამავე პერიოდში მათ სამინისტროსა და ბიუჯეტის სახსრები არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის გახარჯეს. ჭიათურა _ რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ახალციხის რეგიონში თბილისიდან რამდენიმე თვით ჩაიყვანეს თანამშრომლები ჭიათურაში მარგანეცის უკანონო მომპოვებლებთან, ხოლო ახალციხეში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მომპოვებლებთან საბრძოლველად. სინამდვილეში კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადაც ხე-ტყის მოპოვებაა, ე. წ. პოსტები აღადგინეს, რათა ხე-ტყის გადაზიდვა ეკონტროლებინათ და მეწარმეებისთვის თანხები გამოეძალათ. რეგიონებში მივლინებულ თანამშრომლებზე სამივლინებო თანხებიც იწერებოდა. ამ ე. წ. სპეცოპერაციაში გამოიყენეს სამინისტროს ბალანსზე არსებული სპეცავტომობილები ულიმიტო საწვავით, უკანონოდ დაიხარჯა დაახლოებით მილიონ ლარამდე საბიუჯეტო თანხა, ე. წ. სპეცმივლინების რეზულტატი არავის უნახავს, შედეგი დადგა მხოლოდ ერთი: დალაგდა კოპაძე-მუკნიაშვილის პირადი ინტერესები, რითაც მეწარმეებზე გავლენები გააძლიერეს და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს იმ პირობით, რომ ასეთ მეწარმეებს მოპოვებისა და გატანის საშუალება და ნებართვები მისცეს, რაც საბოლოოდ გაუმჟღავნდათ _ ტანდემი ამხილეს კიდეც კორუფციულ საქმიანობაში.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ეხებოდა ჭიათურელ მეწარმეს, გვარად ხარაძეს, რომელსაც ნახევარ მილიონამდე ლარი გამოსძალეს და ნება დართეს, ვაგონებით უკანონოდ გაეტანა მარგანეცი. ხარაძემ ჭიათურიდან მარგანეცის გატანა დაიწყო, მაგრამ ის სხვა ძალოვანმა უწყებამ დააკავა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, რადგან ხარაძემ პოლიციის თანამშრომლებს მუკნიაშვილის მიერ გაგზავნილი მესიჯი წარუდგინა, სადაც საუბარი იყო, რომ ნებას რთავდა მეწარმეს, ვაგონებით გაეტანა მარგანეცი. ჯანყარაშვილის ჩარევის შემდეგ ხარაძე გაათავისუფლეს, არც გამოძიება დაწყბულა, მაგრამ საქმე იმდენად სკანდალური იყო, კოპაძე სამინისტროს ჩამოაშორეს და კერძო სექტორში გადაიყვანეს, ხოლო ირაკლი მუკნიაშვილი ჯერ დააქვეითეს, შემდეგ საერთოდ გაუშვეს სამსახურიდან. მაგრამ უცნაური ისაა, რომ, თავის დროზე, ე. წ. კახელების კარტელის მფარველობაში მყოფი და სამსახურიდან გაშვებული მუკნიაშვილი, ამჯერად, მფარველობაში აიყვანა უჩა მამაცაშვილის სიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იურა ნოზაძემ. მუკნიაშვილი ამჯერად სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დააბრუნეს გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსად.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, 2014 წელს ირაკლი მუკნიაშვილი იმდენად თავხედობდა, რომ მისთვის არასასურველ თანამშრომლებს, ვინც მის უკანონო ბრძანებებს არ ემორჩილებოდა, სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. კერძოდ, მან სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომელი აიძულა, სამსახურიდან წასულიყო. აღნიშნულმა პირმა განცხადებაშიც კი დაწერა, რომ არ ეთანხმებოდა ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი მართვის მეთოდებს და გარკვევას ითხოვდა, მაგრამ დღემდე მისთვის არავის არაფერი უკითხავს, თუ რა პრობლემები იყო სამსახურში. მეორე თანამშრომელი, დავით ლომიძე, რომელიც ასევე პროტესტს გამოთქვამდა მუკნიაშვილის უკანონო ბრძანებებზე, ისე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სამსახურიდან წასვლაზე განცხადება საერთოდ არ დაუწერია, _ დოკუმენტი გააყალბეს.
ირაკლი მუკნიაშვილის ბრძანებით იმერეთის რეგიონიდან, ფაქტობრივად, თანამშრომელი, ფიქრია მერაბიშვილი გაიტაცეს, რომელსაც სამინისტროში ანონიმური წერილის გაგზავნას აბრალებდნენ. ფიქრია მერაბიშვილი სამსახურიდან ჯერ უკანონოდ გაათავისუფლეს, რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ კი სამსახურში აღადგინეს, მაგრამ მისი გატაცების ფაქტზე გამოძიება მესამე წელია, გრძელდება. ამ დრომდე გამოძიება მტკიცებულებების შეკრებითაა დაკავებული.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მობრუნების მერე ირაკლი მუკნიაშვილმა კვლავ განაგრძო კორუფციული საქმიანობა. მართალია, წიაღისეულის ლიცენზირების კონტროლი და ზედამხედველობა ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და არა მისი უწყების, მაგრამ მისი დავალებით, იმ მიზნით, რომ გავლენის ქვეშ ჰყავდეს და ფულს სძალავდეს ნაცნობ მომპოვებელ ფირმებს ჭიათურაში, იმერეთის სამსახურის თანამშრომლები კვლავ ამოწმებენ მიწისქვეშა წიაღისეულის მარგანეცის მოპოვების სალიზენციო საკითხებს, ასევე სისტემატურად ამოწმებენ ქვიშის (ხრეშის) მომპოვებელ მეწარმეებს, დღემდე არც მარგანეცის მოპოვებისა და არც ხე-ტყის უკანონო ჭრის კუთხით არაფერი შეცვლილა, სხვადასხვა რეგიონში გარემოსდაცვითი საგუშაგოების გამოვლის შემდეგ უკანონო ხე-ტყის საკითხებთან დაკავშირებული ყველა სისხლის სამართლის საქმე თაროებზეა შემოდებული, რომ მუკნიაშვილისა და მისი მფარველი პირების ვინაობა არ ამოტივტივდეს.
„ქრონიკა+“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯაროდ მიმართავს: რატომ დააბრუნეთ თანამდებობაზე სამსახურიდან კორუფციული გარიგების ბრალდებით გაშვებული ირაკლი მუკნიაშვილი?!
ელისო კილაძე