„ქართული ოცნების“ მიმართ პროტესტის გრძნობა თავად „ოცნების“ წევრებსაც რომ აქვთ, ეს უცხო ნამდვილად არ არის. ამჯერად მოგიყვებით „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრზე, რომელსაც „ოცნების“ დეპუტატის ჩარევით კუთვნილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. აღსანიშნავია, რომ ოთარ ციგრიაშვილს მიწის ფართობის მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.
აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ოთარ ციგრიაშვილს ესაუბრა:
„ოცნების“ განაწყენებული დეპუტატის შურისძიება ოთარ ციგრიაშვილზე
2005 წელს თბილისში, ჩუღურეთში ოფიციალურად შევიძინე ნოტარიუსით დამტკიცებული 268 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შემდეგ ვაჩუქე ჩემს შვილს სანდრო ციგრიაშვილს. აღნიშნულ ნაკვეთზე ავაშენე სახლი და ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. ჩემ გვერდით მეზობელ გოჩა გოგინავას შემოღობილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ოფიციალურად საკუთრებაში არ ჰქონდა გაფორმებული. წლების მანძილზე ამ ნაკვეთის გაფორმებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან ეუბნებოდნენ, რომ უკანონოდ ჰქონდა დასაკუთრებული და სახელმწიფოსგან უნდა შეესყიდა. „ქართული ოცნების“ მოსვლისას ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, არ მომწონდა ის ძველი რეჟიმი. პარალელურად ვიყავი კოორდინატორი და მაქსიმალურად ვცდილობდი ამომრჩევლის მობილიზებას. თუმცა მივხვდი, რომ ბატონი ბიძინა ძალიან ცუდი კაცი გამოდგა, ხალხს რასაც შეგვპირდა, არაფერი შეასრულა. ვუყურებდი ამდენ უსამართლობას და ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ რასაც ქალბატონი ელისო კილაძე აცხადებს, ყველაფერი სინამდვილეა, მართლაც დიდი უსამართლობის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. სწორედ ამ მიზეზით აღარ დავუჭირე მხარი თბილისის მერის არჩევნებზე კახა კალაძეს, რის გამოც ჩვენი უბნის დეპუტატი რიმა ბერაძე ძალიან განაწყენდა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებზეც უარი ვუთხარი კოორდინატორობაზე და მხარდაჭერაზე, რის შემდეგაც ქალბატონი რიმა უხეშად ჩაერია ჩემს საქმეში, კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორ გოჩა გოგინავას თავისი მიწაც დაურეგისტრირეს და ჩემი მიწის ნაწილი _ 2 მ. 22მ.-ზე ჩამომაჭრეს. ეს ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდა. დარეგისტრირებამდე კი საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეესტრმა გოგინავას 43-ჯერ უთხრა უარი, რადგან გადაფარვა სწორედ ჩემს ნაკვეთზე გადმოდიოდა, _ ზედდებაო და ამ მიზეზით უარს ეუბნებოდნენ. ამის შემდეგ სასამართლოშიც კი უჩიოდა რეესტრს, _ მიწის ნაკვეთს არ მიმტკიცებსო. რიმას ჩარევის შედეგად ყველაფერი უცებ და მარტივად მოგვარდა. ქალბატონი რიმა ამბობს, რომ არ ვიცოდი, თუ თქვენი ნაკვეთი იყო, მე არ დავხმარებივარ, უბრალოდ, რეესტრში გავაგზავნე და, ალბათ, რეესტრმა გაუკეთა, როგორც წესი და რიგიაო. რეესტრმა 43-ჯერ უთხრა უარი და 44-ჯერ ქალბატონი რიმას ჩარევის შემდეგ დათანხმდა დაკანონებას? რეალურად, ჩემი კუთვნილი, გაფორმებული მიწის ნაკვეთიდან 37 კვ.მ. ჩამომაჭრეს და გოგინავას მიაკუთვნეს. სახლის ფართი საბუთებში 83 კვ.მ. მიწერია, ახალ ამონაწერში კი საერთოდ გამიქრეს სახლის ფართი. ფაქტობრივად, ამონაწერიდან ჩანს, რომ სახლიც კი წამართვეს. ჩემი სახლი ქალბატონმა რიმამ მიისაკუთრა, ბიძინა ივანიშვილმა, თუ თეა წულუკიანმა ეს ნამდვილად არ ჩანს. ერთი რამ ფაქტია, რომ ქალბატონმა რიმა ბერაძემ დამსაჯა და „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის გამო მიწის ნაკვეთი ჩამომართვა.
რა პრივილეგიებით ისარგებლა გოჩა გოგინავამ და რატომ არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას ზედამხედველობის სამსახური?
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: გოჩა გოგინავა, რომელსაც ჩემი მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 37 კვ.მ. გაუფორმეს, „ქართული ოცნების“ წევრია. მისი ძმისშვილი მე-6 უბნის უფროსია. მან, როგორც ჩანს, ისარგებლა თავისი მდგომარეობით და ამ ყველაფერს ქალბატონმა რიმამაც შეუწყო ხელი. აღვნიშნავ იმასაც, რომ გოჩა გოგინავას უკანონოდ ჰქონდა სახლი აშენებული, რასთან დაკავშირებითაც მე 3 მაისს ზედამხედველობის სამსახურს მივმართე. ისინი გამოცხადდნენ, თუმცა გოგინავამ ვერანაირი დოკუმენტი ვერ წარუდგინა, რის გამოც 10 000 ლარით დააჯარიმეს. ზედამხედველობის სამსახურის დასკვნითვე ჩემს კუთვნილ მიწაზეა გადმოსული მისი ავტოფარეხის კედელი. გოგინავას, ნაწილობრივ, ჩემს მიწაზე აქვს აშენებული ეს ავტოფარეხი. ზედამხედველობის სამსახურმა მითითება მისცა, რომ დაენგრია, რადგან შენობის გარკვეული ნაწილი ჩემს მიწაზე იყო აშენებული, თუმცა ქალბატონი რიმა იმდენად არის ჩართული ამ პროცესებში, რომ ზედამხედველობის სამსახურიც მისი გავლენის ქვეშ მოექცა. დაჯარიმებით კი დააჯარიმეს გოგინავა, თუმცა აღარ შეუმოწმებიათ, დაანგრიეს თუ არა ავტოფარეხი. ამის შემდეგ იურიდიული განყოფილების უფროს დევიძეს შევხვდი, რომელსაც საბუთები ვანახე, რის შემდეგაც მიპასუხა, რომ თქვენი ნაკვეთი ავზომე და ცდომილებაა, რადგან სახლი შუა ნაწილის ნაცვლად ნაპირზე გაქვთ აშენებულიო. ეს წარმოუდგენელი პასუხი იყო, _ ჩემს საკუთარ მიწაზე სახლს შუაში ავაშენებ თუ ნაპირზე ეს მთლიანად ჩემს ნებაზეა დამოკიდებული, ვისი რა საქმეა?!
ზეწოლა „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრზე
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრი აღარ ვიყავი, მუდმივად ზეწოლას ახორციელებდნენ. ახლაც მოდიან ჩემთან პატარა ასაკის ლაწირაკი ბიჭები და მეუბნებიან: „შენ „ნაციონალების“ დაბრუნებას ოცნებობო“.
შეურაცხყოფებებს მუდმივად მაყენებენ, თუმცა მე იმ პიროვნებებს არ ვიცნობ. ასევე ქალების მხრიდანაც მესმის მსგავსი ტექსტები, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევ. მირჩევნია, ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდნენ, რადგან ისინი რაღაცას მაინც აკეთებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანა წინ მიდიოდა, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კი მათხოვრებად იყვნენ რაიონებში. რომ დავდიოდით, მეხვეწობდნენ, რამე გვიყიდეო, ახლა რომ ვუყურებ, მილიონერები გახდნენ. მახსოვს ბიძინა ამბობდა, „ვერც ერთი თანამდებობის პირი ჩვეულებრივ ადამიანზე უკეთესად ვერ იცხოვრებსო“. მე მინდა, ბატონ ბიძინას შევახსენო, რომ ჩვენ უფრო გავღატაკდით და ამის ხარჯზე ისინი გამდიდრდნენ. დროა, მოიცილო ისინი, ვიდრე თავად მოგიცილეს. მე „ქართული ოცნების“ წევრებს ადამიანებად არ ვთვლი, ისინი ერის მოღალატეები არიან. კარგ ცხოვრებას გვპირდებოდა „ოცნება“ და საბოლოოდ უარესი მივიღეთ. ქუჩაში გასვლისაც კი გვეშინია, ისეა გაზრდილი კრიმინალი, ადამიანმა არც იცის, დაბრუნდება თუ არა სახლში ცოცხალი. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. თავად ხელისუფლებაშიც დიდი ქაოსია.
პროტესტის იმედზე დარჩენილი ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი
მინდა, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავაყენო საქმის კურსში, ასევე საელჩოსა და მასმედიის წარმომადგენლების მოწვევასაც ვგეგმავ. აუცილებლად გავაშუქებ ამ თემას და ვიტყვი, რომ ასეთი ყაჩაღობა მოხდა იუსტიციის სამინისტროში. თუ ვინ მოახდინა ეს ყაჩაღობა, ამ კითხვაზე პასუხი სამართალდამცველმა უწყებამ უნდა გასცეს. ხშირად დავდიოდი შვილმკვდარი მამების აქციაზე, იქ ადამიანები ღირსეულად ითხოვენ სამართლის აღდგენას. თუ ჩვენ ასე ერთმანეთს გვერდით არ დავუდექით, ხვალ სხვისი შვილი, ცოლი, ოჯახის წევრი აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში. ვაპირებ, შვილმკვდარ მამებს ამჯერად ჩემს თავს გადამხდარი უსამართლობის პროტესტით შევუერთდე. მივალ აქციაზე, დავიჭერ ქალბატონი თეა წულუკიანის სურათს წარწერით: „ქალბატონო თეა, რატომ წამართვა თქვენმა კანტორამ ჩემი კუთვნილი მიწა?!“ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუგდიდში სკოლის დირექტორი არჩევნების გამო ისე ანერვიულეს, ქალი გარდაიცვალა. „ქართული ოცნება“ ისე მოქმედებს, სრულიად შესაძლებელია, რომ მეც პარლამენტის წინ ჩემი პრინციპისა და სიმართლის დასაცავად ბენზინი გადავისხა და თავი დავიწვა. სამართლებრივად ვერ ვიბრძვი, სასამართლოც და პროკურატურაც „ჯიბეში უდევთ“ და აზრი არ აქვს. ვაპირებ, რომ შიმშილობა დავიწყო. ვფიქრობ, ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძისა და ჩემი მსგავსი ხალხის რაოდენობა გაიზრდება და კარვებით გადაიჭედება პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია. მე პირადად ბოლომდე ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის.
ნენე ინჯგია