შპს „აიკონია კაპიტალის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახლავთ სერ ედვარდ ჩერი. კომპანია 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. იგი სრულად ფინანსდება ჰავაის შტატში მცხოვრებ შეერთებული შტატების ინდივიდუალური ინვესტორების კერძო თანხებით.
2014 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ მიწის ნაკვეთი შეიძინა ვაკე-საბურთალოს რაიონში, იპოდრომის პარკთან და მიწის ნაკვეთის მომზადება სამშენებლო პროექტისთვის დაიწყო. 2015 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადი წარადგინა მის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მიმდებარე შენობაში მცხოვრებ მეზობელთა მცირე ჯგუფმა თბილისის მერიაში აღნიშნული ბიზნესის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საჩივრების შეტანა დაიწყო. ყველა მათგანი, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, თავდაპირველად, მათი პრეტენზიების მიზეზი იყო ის, რომ მათ პირადი ტრანსპორტის პარკირების წერტილებს ართმევდნენ. არადა, ეს პარკირების წერტილები სხვის, ანუ კომპანიის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე მდებარეობდა.
შესაბამისად, თბილისის მერიამ დაადასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობით კომპანიას უფლება ჰქონდა, აეშენებინა საკუთარი ქონება და შესაბამისად გასცა მშენებლობის ნებართვები 2016 წლის 17 თებერვალსა და შემდეგ, კვლავ 2017 წლის 4 ივლისს. პარკირებასთან დაკავშირებით მეზობლების საჩივრები მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ყველა ინსტანციაში გააუქმა.
ამის შემდეგ რამდენიმე მოსახლემ 2016 წლის ივნისში სასამართლოს მიმართა.
მათმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა, 2016 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი ინდივიდუალური მეზობლის _ მერაბ კახიანის, ჯამბულ ბახტაძისა და გიორგი ჯიქიას სახელით. აღნიშნულ სარჩელში თბილისის მერია დასახელებული იყო, როგორც ძირითადი მოპასუხე. საჩივარში მოსახლეთა ადვოკატი მოითხოვდა, „აიკონია კაპიტალსის“ სამშენებლო გეგმების დროებით გაყინვასა და ასევე გაცემული კანონიერი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას შემდეგ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით:
1. „აიკონიას“ სამშენებლო პროექტი, რომელიც დამტკიცებული იყო თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ, არ გახლდათ დამაკმაყოფილებელი ტექნიკური თვალსაზრისით და ამიტომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს შეეძლო, მოსახლეთა შენობა დაეზიანებინა;
2. მშენებლობას შესაძლოა, პარკირების პრობლემები და საგზაო შეფერხებები გამოეწვია;
3. დაგეგმილი ასაშენებელი კორპუსი იყო შეუხედავი და დიდი, რაც აუცილებლად გამოიწვევდა მოსახლეთა პირადი საცხოვრებელი ადგილის საბაზრო გაყიდვის ღირებულების შემცირებას.
ამ და სხვა მოთხოვნების შედეგად სასამართლომ ამერიკულ კომპანიას მშენებლობა, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის მაისამდე გაუყინა.
2017 წლის აგვისტოში ზემოთ დასახელებულ მოსახლეთა მიერ თბილისის მერიაში კვლავ შევიდა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც, მოგვიანებით, მერიამ არ დააკმაყოფილა 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, როგორც უსაფუძვლო.
2017 წლის 24 ოქტომბერს ადვოკატმა უჩა ზაქაშვილმა კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა მერიისა და „აიკონიას“ წინააღმდეგ იდენტური არგუმენტებით, როგორც ეს მოცემული იყო 2016 წლის სარჩელში, სადაც ის მოითხოვდა, სასამართლოს მიერ მშენებლობის პროცესის შეჩერებას და სამშენებლო ნებართვის საბოლოოდ გაუქმებას.
ამ სარჩელის შეტანის შემდეგ მშენებლობის უფლება კვლავ შეუჩერეს კომპანიას.
სერ ედვარდ ჩერის მიერ ეს აღქმულ იქნა, რომ აღნიშნული ჯგუფი ცდილობდა უდანაშაულო ამერიკელი სტუმარი ინვესტორების ბიზნესის დახურვას, არადა, საქართველოში ისინი ჩამოვიდნენ ბიზნესის განსავითარებლად და საზოგადოებაში ასობით ადამიანისთვის სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. სერ ედვარდ ჩერის განცხადებით, ეს ჯგუფი მხოლოდ შიშსა და ეჭვს ბადებს სხვა ამერიკელების მიმართ, რომლებსაც სურთ ესტუმრონ საქართველოს ბიზნესის დასაწყებად და ინვესტიციის განსახორციელებლად ქვეყანაში და დაგვეხმარონ ხალხის დასაქმებაში.
და აი, აქ მივდივართ ყველაზე მთავართან! კერძოდ, რატომ შეიძლება გაეხვიეს საქართველო საერთაშორისო სკანდალში და რატომ შეიძლება მისცეს აშშ-ს სასამართლომ ამ პროცესს პოლიტიკური შეფასება?
საერთაშორისო სკანდალის დასაწყისი _ ვინ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი და მის უკან მდგარი გუნდი?!
ეს კითხვები „ქრონიკა+“-მა უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა:
1. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი არის ცინცაძის ქუჩა #58-ის მცხოვრები. აღნიშული კორპუსის რამდენიმე მოსახლე დაუპირისპირდა მეზობელ ტერიტორიაზე სამშენებლო მიზნებით შემოსულ ამერიკელ ინვესტორს და მერიის მიერ ნებადართული მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით შევიდა სასამართლოში. ამერიკულ მხარეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსახლეთა ნაწილის უკან დგას სწორედ აღნიშნული მოსამართლე, იგი შესაძლოა, გარკვეული გარანტორი იყოს პროცესის მოგების საკითხში.
2. არის თუ არა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამდივნოს პალატაში მომუშავე ია გოლეთიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მეუღლე?
3. მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის 2017 წლის დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი მეუღლე ია გოლეთიანი არის მოსამართლის თანაშემწე. თუ შეიძლება გაკეთდეს თქვენი მხრიდან შესაბამისი შეაფსება, _ არის თუ არა ეს ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტი?
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა _ ხათუნა ჩარკვიანმა _ შემდეგი პასუხი მოგვწერა:
„გაცნობებთ, რომ თქვენი თხოვნა და კითხვები უნდა იყოს მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმით, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირისადმი. განცხადება შეიძლება გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით
[email protected] ან ჩააბაროთ კანცელარიაში.
პატივისცემით
ხათუნა ჩარკვიანი“.
პრესისთვის საჯარო ინფორმაციისადმი პასუხისმგებელი პირი არის ხათუნა ჩარკვიანი. მაგრამ ვინაიდან ეს პასუხი მოგვწერა, მთელ რიგ ბიუროკრატიულ წიაღსვლებზე დროს ვერ დავკარგავდით, ვინაიდან ამაზე ჟურნალისტიკა არასოდეს კარგავს დროს. ამიტომ ამ საჯარო ფორმების შევსების გარეშეც გავარკვიეთ, რომ ია გოლეთიანი სააპელაციო სასამართლოში აღარ მუშაობს 2017 წლის 27 დეკემბრიდან. ის უზენაეს სასამართლოში გადავიდა.
„ქრონიკა+“ ამასთან დაკავშირებით გიორგი ზოიძეს _ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერს დაუკავშირდა:
„თქვენი მომართვის შემდეგ გიორგი შავლიაშვილთან დაკავშირებით, ჩვენს იურისტებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, საკითხი დგას ასე: იმ შემთხვევაში, თუ პირი ინიშნება მეუღლის მოსამართლეობის დროს, ნეპოტიზმის ნიშნები არის. მაგრამ აქ უნდა გაირკვეს _ როდის დაინიშნა ია გოლეთიანი უზენაეს სასამართლოში თანაშემწედ? თუ შავლიაშვილის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის დროს, ინტერესთა კონფლიქტზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ“.
ასე და ამრიგად, ცოლი და ქმარი ერთ სტრუქტურაში მუშაობენ 2018 წლიდან: ერთი _ მოსამართლედ, მეორე _ თანაშემწედ. სამართლებრივ შეფასებას, ამ ეტაპზე, თავად უმაღლესი სასამართლოდან ველოდებით.
ვინ არის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი?
2010 წლის 18 ივნისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
1994 წ. – მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექსპედიტორად, ინსპექტორად, სხდომის მდივნად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ;
2005 წ. (ივნისი) _ პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. იმავე წლის ივლისში კი დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება;
2006 წელს ხდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
***
ახლა კი კიდევ ერთ განცხადებას გაგაცნობთ. სწორედ ეს პროცესები უბიძგებს ამერიკელ ინვესტორს, რომ აშშ-ს იუსტიციის საბჭოს უმაღლეს კოლეგიას მიმართოს, ვინაიდან, მათი აზრით, საქმე ეხება პოლიტიკურ დევნას.
ცოტა ხნით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში ნინო გვენეტაძის არჩევამდე, _ სანამ უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევდნენ:
„უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესის გამო „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების ახალი ეტაპი დაიწყო.
მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მომავალ თავმჯდომარედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი უახლოესი გარემოცვის წევრს შეარჩევს.
უმრავლესობა პრეზიდენტზე იმის გამოც გაბრაზდა, რომ გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციების დაწყება „ქართულ ოცნებასთან“ შეუთანხმებლად დააანონსა.
ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღის მეორე ნახევარში უპასუხეს. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, განმარტავს, რომ აკადემიური წრეებიდან კონსულტაციების დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ იგნორირებას მოახდენს.
დაპირისპირების მორიგი ეტაპის გამო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მარგველაშვილის დასახელებულ კანდიდატურას ჩააგდებს.
ამ დაპირისპირებაში უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას პარალიზება ემუქრება. შემოდგომიდან მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი ერთადერთი იქნება, რომელმაც უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე უნდა იმუშაოს. უმაღლესი ინსტანციისთვის ამ პრობლემას დიდი ხარვეზი უწოდა თეა წულუკიანმა“.
სხვათა შორის, მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი პრემიების იმ სკანდალშიც არის გახვეული, რომელიც, თავის დროზე, ერთ-ერთმა პირველმა „ქრონიკა+“-მა გააჟღერა.
კერძოდ: „ერთი წლის წინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და 13 მოსამართლეზე 9 თვეში 1.140.208 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა, აქედან, 13 959 ლარი გიორგი შავლიაშვილმა აიღო!“
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
თამარ როსტიაშვილი