QronikaPlus
„სათამაშო ბიზნესი ბუნებით კრიმინალურია“

„სათამაშო ბიზნესი ბუნებით კრიმინალურია“

2018-12-12 07:44:09

საკანონმდებლო ორგანოში სათამაშო ბიზნესის ინტერესს ეწირება საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესი. „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ სასამართლოში უჩივის, რათა ამ უკანასკნელმა უარყოს საკუთარი განცხადება, რომ ეს ბიზნესი არის კრიმინალური, რადგან აქ ხდება ფულის გათეთრება, მოქალაქეთა თვითმკვლელობამდე მიყვანა, გაკოტრება და უკიდურესად გაღარიბება. ამ ყველაფერს, წინ უძღოდა ის, რომ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ მოითხოვა სამორინეების (კაზინოები) მსგავსად მოწევა დაშვებულიყო სათამაშო აპარატების სალონებსა (სლოტკლუბები) და ტოტალიზატორებში. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კი ამის წინააღმდეგია. 2018 წლის 14 აპრილს „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ ბერუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ ირაკლი კობახიძეს, ასოციაციის სახელით, შემდეგი ცნობით მიმართა: „ასოციაცია დაფუძნებულია საქართველოს სათამაშო ბაზარზე მოქმედი ისეთი მსხვილი კომპანიების მიერ, რომელიც ოპერირებს ყველაზე ცნობადი სასაქონლო ნიშნების ქვეშ, როგორიცაა: ევროპაბეთი, ლიდერბეთი, აჭარაბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი. აღნიშნული კორესპონდენციის მიზანია ასოციაციის პოზიციისა და თქვენდამი თხოვნის წარმოდგენა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 17 მაისს თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომელთა შორის არის ამ კანონის მეათე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამორინე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ჩანაწერში არის ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სამორინეს ნაცვლად უნდა იყოს მითითებული აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი (გარდა წამახალისებელი თამაშებისა). აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი გულისხმობს ისეთ სივრცეს, სადაც ერთობლივად, ან/და ცალ-ცალკე წარმოდგენილია და ფუნქციონირებს ისეთი აზარტული და მომგებიანი პროდუქტები, როგორებიცაა: აზარტული კლუბი, სამორინე, ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატების სალონი, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტების ოპერირება მიმდინარეობს ცალ-ცალკე სივრცეში, შიგადაშიგ _ შერეულად, ხოლო იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში _ ერთად. ყველა ოპერატორი კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს თავისუფლად მოქმედ და ერთმანეთის კონკურენტ აგენტს. საგულისხმოა, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან კანონის მოქმედი რედაქციით ამოქმედება გამოიწვევს სათამაშო ბიზნესის ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, კერძოდ _ ოპერატორი აგენტი, რომელსაც ყველა პროდუქტი თავმოყრილი აქვს ერთ სივრცეში, აღმოჩნდება, თითქმის, მონოპოლიურ გარემოში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტი _ გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე, რამდენადაც თამბაქოს მოხმარება აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში თითქმის აუცილებელი თანმდევი პროცესია“. „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე პასუხობს: _ რატომ გახდა საჭირო ამ სასამართლო პროცესის ჩანიშვნა? _ აპრილში „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება. კანონი კი ძალაში შევიდა ა. წ. პირველი მაისიდან, რომლითაც აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ერთ-ერთი გამონაკლისი გახლდათ სამორინეებში ანუ იგივე კაზინოებში მოწევის დაშვება. ამის წინააღმდეგი ჩვენ ვიყავით საპარლამენტო განხილვების დროს. იქ იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ლობირებდა იმ ინტერესს, რომ სამორინეებში მოწევა ყოფილიყო დაშვებული. და რატომ? მაშინდელი არგუმენტი იყო ასეთი, რომ კაზინოებში, ძირითადად, უცხოელები შედიან სათამაშოდ და იმ შემთხვევაში, თუკი მოწევა იქნება აკრძალული, ისინი წავლენ კვიპროსზე, სადაც კაზინოებში მოწევა დაშვებულია. ამბობდნენ, რომ ისინი დაკარგავდნენ კლიენტებს. ცხადია, ჩვენ ეს არგუმენტი არ გავიზიარეთ და კატეგორიულად ვითხოვდით, რომ არ დაგვეშვა ასეთი გამონაკლისი, რადგან ეს შემდეგ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სათამაშო ბიზნესს ან თამბაქოს ინდუსტრიას მოეთხოვა გამონაკლისების გაფართოება. და ასეც მოხდა. უკვე შუა აპრილში „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ წამოაყენა წინადადება და მოითხოვა ყველა აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილზე დაშვებულიყო მოწევა ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული არგუმენტებით. კერძოდ, თითქოს კანონი აზარალებდა სხვა ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც არ აქვთ სამორინე. ეს იყო ალოგიკური, რადგან ჯერ კანონი არ იყო ძალაში შესული და როგორ დააზარალებდა ვინმეს? ასეთი სახის რაიმე მტკიცებულებები მათ არც შემდგომ ეტაპზე წარუდგენიათ პარლამენტისთვის და ვერც წარმოადგენდნენ. _ რა არგუმენტები აქვთ მათ თქვენ წინააღმდეგ? _ ისინი ამბობენ, რომ სათამაშო აპარატების სალონებიდან (ანუ იგივე სლოტკლუბებიდან) თითქოს მოთამაშეები კაზინოში გარბიან სათამაშოდ იმიტომ, რომ იქ მოწევა დაშვებულია. სამორინეები, ძირითადად, კონცენტრირებულია თბილისსა და ბათუმში. სლოტკლუბი, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტში გახლავთ განლაგებული. ე. ი. რეგიონებიდან (თურმე იმიტომ, რომ კაზინოში მოწევა დაშვებულია) მოთამაშე მოდის თბილისში ან მიდის ბათუმში სპეციალურად იმ მიზნით, რომ ითამაშოს. ეს არის აბსურდი. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, აქ საქმე გვაქვს კონკრეტულ ინტერესჯგუფთან (ჩვენს ალიანსს ამის შესახებ ბევრჯერ გაუკეთებია განცხადება) _ იმ ჯგუფთან, რომელიც ჩართულია ამ ბიზნესში: მათ შორის, სახელისუფლებო შტოებიდან _ ისინი ლობირებენ ამ საკითხს. ისე იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი და ორგანიზებული, რომ მიუხედავად ჩვენი მწვავე განცხადებებისა და სიმართლის თქმისა, მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტმა, ფაქტობრივად, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ წინადადება, რეალურად, გაიზიარა და სლოტკლუბების ნაწილში (იმ ნაწილში, რომლის წლიური მოსაკრებელი შეადგენს 200 000 ლარს ან მეტს და, ამავდროულად, 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგას, აპირებს დაუშვას მოწევა). ასეთი გადაწყვეტილება თუ საბოლოოდ იქნება მიღებული, აუცილებლად დააზარალებს ასობით ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იძულებული გახდება, კვლავ არაადამიანური შრომის პირობებში შეერყეს ჯანმრთელობა და ადრეულ ასაკში განწირული გახდეს ინვალიდობისა ან ნაადრევი სიკვდილისთვის. ამიტომ ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და სწორედ ამიტომ ვიყავით წინა წელსაც წინააღმდეგი, რომ კაზინოებში დროებით დაეშვათ მოწევა. სათამაშო ბიზნესში მოწევის სრულად აკრძალვა დაიცავს კაზინოებში მომუშავე პირებს ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგებისგან და შესაბამისად არარსებული „კონკურენციის“ პირობაც არ დაირღვევა. _ თქვენ რა კომუნიკაცია გაქვთ საქართველოს პარლამენტთან? _ ჩვენ მაისში პარლამენტში მოვითხოვეთ, რომ სამორინეებშიც, რომელთა მიმართაც ადრე დათქმა იყო, რომ აქ დროებითი მოწევა დაიშვებოდა (პოლიტიკოსების გამოსვლებიც იყო ამასთან დაკავშირებით), აქაც აკრძალულიყო მოწევა. ეს წინადადება მაისში ჩვენც შევიტანეთ პარლამენტში, მაგრამ ის ჯერ არ დაკმაყოფილებულა. სამაგიეროდ, დაკმაყოფილდა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ზემოხსენებული წინადადება. ჩვენ, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, გავაკეთეთ განცხადება: სათამაშო ბიზნესი, თავისი ბუნებით არის კრიმინალური. რატომ არის კრიმინალური? ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი გვქონდა. აქ არის ძალიან დიდი შანსი ფულის გათეთრებისა და ეს ასეც ხდება. მეორე: საკუთარი მოთამაშეების გარკვეული ნაწილი მიჰყავს თვითმკვლელობამდე და მესამე: უკიდურეს სიღარიბეში აგდებს საკუთარი მომხმარებლის საკმაოდ დიდ ნაწილს. მოგეხსენებათ, ფულის გათეთრება არის კრიმინალი, თვითმკვლელობამდე მიყვანა არის კრიმინალი და ადამიანების დაყაჩაღება და უკიდურეს სიღარიბეში ჩაგდებაც არის კრიმინალი. ჩვენ, როგორც თავისუფალი სიტყვით მოსარგებლე ადამიანებმა და ორგანიზაციების ერთობამ, ვისარგებლეთ ამ უფლებით და განვაცხადეთ, რომ ჩვენ სათამაშო ბიზნესს ვაფასებთ, როგორც კრიმინალურ ბიზნესს. როგორც წესი, ამ ბიზნესში ტრეფიკინგის შემთხვევებთანაც გვაქვს ხოლმე საქმე. თამბაქოს ინდუსტრიაც თავისი ბუნებით კრიმინალურია, რადგან პირდაპირ კლავს მისი მომხმარებლების ნახევარს და ამაზე არავინ დაობს, მსგავსია სათამაშო ბიზნესიც, თუმცა ერთიც და მეორეც, ჯერჯერობით, ლეგალურია. ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს ინტერნეტმედია, ბეჭდური მედია, თუ სხვა, აქვეყნებდა შესაბამის მტკიცებულებებსა და მასალებს ამ ბიზნესთან მიმართებით. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასოციაციას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მოწევის დაშვება სურდა ნებისმიერ სათამაშო დაწესებულებაში და როდესაც ჩვენი ალიანსი დაუპირისპირდა და გამოააშკარავა ამ ბიზნესის სახე, მათ ჩვენ საწინააღმდეგოდ და ჩვენს ბლოკირებაზე ორიენტირებული ქმედებები განახორციელეს. პირველი, რაც გააკეს, იყოს ის, რომ მიმართეს სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: თითქოს მათი ასოციაცია დაზარალდა, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს ბიზნესი კრიმინალურია, რადგან იქ ფული თეთრდება და კლიენტების ნაწილი თვითმკვლელობამდე მიყჰავთ. ასოციაცია ითხოვს, რომ „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ მოიწვიოს პრესკონფერენცია და უარყოს ის წინადადებები, რაც ზოგადად ამ ბიზნესის ბუნების შესახებ გავავრცელეთ და ასევე გადავიხადოთ კომპენსაცია არარსებული სუბიექტისთვის მიყენებული ზიანისთვის. აბსურდია, როცა დანაშაულებრივი ქმედებების წყარო თვითონ გადანაშაულებს და პლუს კომპენსაციას ითხოვს. ამას არ ვიცი, რა შეიძლება დაერქვას გარდა აბსურდის თეატრისა. _ როგორ დაერღვა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციას“ უფლება? _ რა ზიანი და ზარალი მიადგა ჩვენი განცხადების შედეგად? ამის მტკიცებულება თვითონ ასოციაციამ ან მასში არსებულმა რომელიმე ბიზნესსუბიექტმა უნდა დადონ და თქვან, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადება რა შედეგით აისახა მათზე და იყო თუ არა იგი მიმართული კონკრეტულად მის ბიზნესზე? ეს მტკიცებულებები მათ უნდა წარმოადგინონ, რაც საქმეში არ არსებობს და ვერც იარსებებს. ვსარგებლობდით, ვსარგებლობთ და ვისარგებლებთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით, თავისუფალად გამოვხატოთ ჩვენი აზრები და შეხედულებები, რომელიც ეყრდნობოდა ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ფაქტების, ინფორმაციის, კვლევების, ანგარიშებისა თუ სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის შედეგებს, რომელთა შესაბამისად მივედით დასკვნამდე, რომ ეს ბიზნესი სერიოზულად ზრდის სხვადასხვა სახის კრიმინალურ ქმედებებს, მათ შორის იმათ, რაც ზემოთ აღვწერეთ და ჩვენს განცხადებაშიც დავაფიქსირეთ. აქედან გამომდინარე გავავრცელეთ ალიანსის ასეთი მოსაზრება და ვთქვით, რომ ასეთი ბიზნესის მხარდამჭერი ნებისმიერი ადამიანიც (პარლამენტის წევრი იქნება ის თუ სხვა), ფაქტობრივად, ამ ქმედებების თანაზიარები იქნებიან. სასამართლო პროცესი ჩვენი ალიანსის წინააღმდეგ, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ეს პროცესი იქნება საჯარო. მედიასაშუალებებით ჩვენი მოსახლეობა და გადაწყვეტილების მიმღები პირები კარგად დაინახავენ, რა სახის ბიზნესთან გვაქვს საქმე და რა სახის ბიზნესს უჭერს მხარს ზოგიერთი პოლიტიკოსი. მთელი არმიაა ხალხის, რომელიც მომართულია ამ პროცესში ჩასართავად და ჩვენ გვერდით დგას. სურთ, დაამტკიცონ და თქვან, როგორ გახადეს დამოკიდებული ამ უძლიერეს ქცევით ნარკოტიკზე მათი ოჯახის წევრები, როგორ მიიყვანა ამ ბიზნესმა თვითმკვლელობამდე მათი ოჯახის წევრები, როგორ გაკოტრდა უამრავი ოჯახი და უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა სწორედ ამ ბიზნესის გამო, პირის იდენტიფიცირების გარეშე თამაში ფულის გათეთრებასთან რომ პირდაპირ კავშირშია, ასევე ტრეფიკინგსა და ტერორიზმთან კავშირების მტკიცებულებები არსებობს და ექსპერტების მთელი ამალაა, რომელიც სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ადასტურებს სათამაშო ბიზნესის კრიმინალურ ხასიათს და მზად არის წარდგეს სასამართლოს წინაშე და წარმოადგინოს ყოველივე. ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ამ ბიზნესის დარეგულირების მცდელობა დაწიყო და სწორედ ახლა მოწევასთან დაკავშირებით ლიბერალური მიდგომა მრავალი კითხვის ნიშანს ბადებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი, რომლის თითოეულ წევრსაც მანდატს ქვეყნის მოსახლეობა ანიჭებს, მოქმედებს არა ამ მოსახლეობის, არამედ ცალკეული პირების ბიზნესინტერესების გათვალისწინებით. საზოგადოების მოთხოვნა, სათამაშო ბიზნესს, სამორინეებს, სლოტკლუბებსა და სხვა ამ ტიპის დაწესებულებებს შემზღუდველი რეგულაციები დაუწესდეს, ჯერჯერობით, უგულებელყოფილია, რადგან პირველი მოსმენით სლოტკლუბების ნაწილში მოწევის დაშვებას, სამწუხაროდ, 79 დეპუტატმა მისცა ხმა ერთის წინააღმდეგ. მივმართავთ პარლამენტს: დაფიქრდით, თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილით, სადაც სათამაშო ბიზნესის კუთვნილ შენობებში მოწევა უნდა დაიშვას, თქვენ არ ასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოების დაკვეთაა თამბაქოს ბოლისგან აბსოლუტურად სუფთა დახურული სივრცე. საზოგადოებამ ეს დაამტკიცა კანონის აღსრულების მიმართ საოცარი გულმოდგინებით. 95%-იანი აღსრულება შესაშურია ნებისმიერი კანონისთვის. თქვენ არ გაქვთ სტატისტიკა სამორინეების თითქოს მონოპოლური მდგომარეობის შედეგად სათამაშო ბიზნესის დაზარალების შესახებ, მაგრამ თქვენ გაქვთ სტატისტიკა, რამდენმა ადამიანმა მოიკლა თავი გემბლინგის შედეგად დაკარგული ქონების, გაღატაკების გამო. პარლამენტმა მკვლელი ბიზნესი უწოდა თამბაქოს ინდუსტრიას და ამიტომაც არ წავიდა მასთან დათმობაზე, როდესაც თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო. ნუთუ ასევე არ დაიცავთ ადამიანებს გემბლინგის შედეგად გამოწვეული სიღარიბის, დაავადების, უეცარი სიკვდილის ან თვითმკვლელობისგან? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და თამბაქოს კონტროლში კომპეტენტური ყველა საერთაშორისო ექსპერტი და ორგანიზაცია გაფრთხილებთ, რომ თქვენ მიერ ამ ცვლილებებით მიღწეული პრეცედენტი იქნება არასწორი გადაწყვეტილება და საფრთხის მომტანი. სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილების მიღების შემდეგ თქვენ ვერ შეაკავებთ ახალ-ახალი ცვლილებების მთხოვნელთა არმიას და, შესაბამისად, დასანგრევად წირავთ კანონს, რომელიც ხალხს ეკუთვნის“.

მარიამ ტიელიძე

 

გაზიარება