QronikaPlus
რიტუალური მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

რიტუალური მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?!

2018-11-17 11:24:03

2017 წლის 18 თებერვალს 21 წლის ანა იოსებიძე მის საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა გოგონას ოჯახი უკვე ერთ წელიწადზე მეტია, ცდილობს დაადგინოს, რა გახდა ანას გარდაცვალების რეალური მიზეზი? პოლიცია საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, გარდაცვლილის დედა კი დარწმუნებულია, რომ საქმე რიტუალურ მკვლელობას ეხება, რომელშიც მისი სიძე მონაწილეობდა. საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება _ ეზოში არ არსებობს სისხლის კვალი, ცხედარი მანქანებს შორის იყო ჩამალული და გარდაცვლილს სიცოცხლის დროს მიღებული დაზიანებები აღენიშნება. „ქრონიკა+“-ს ანა იოსებიძის დედა ნინო ოქიტაშვილი ესაუბრა: იძულებით ქორწინება?! ჩემი შვილი 7 წელი იცნობდა ამ ძმებს. 14 წლიდან მეგობრობდა მათთან. ჯერ თავიდან მისი მეუღლის ძმა, თორნიკე კახნიაძე გაიცნო, შემდეგ კი მისი მომავალი ქმარი. ისინი ჩვენთან ოჯახში მოდიოდნენ, მათ ანი ძმებს ეძახდა, ჩვენც პატივს ვცემდით, რითაც შეგვეძლო. სავარაუდოდ, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ანიც ხშირად მიდიოდა მათთან. საჭვო არაფერი შემინიშნავს, მაგრამ შემდეგ დრო რომ გავიდა და გადაწყვიტა, ცოლად გაჰყოლოდა, მე წინააღმდეგი ვიყავი. ვუთხარი, _ ჯერ ერთი, მათხოვრები არიან, მეორე ის, რომ ძმას ეძახდი და შენი შესაფერისები არ არიან-მეთქი. ანის ქმარი შეუხედავი ბიჭია, არ მინდოდა, მას გაჰყოლოდა. არ დამიჯერა. მითხრა, რომ ასე იყო საჭირო. არ ვიცი, რა მოხდა, რით დააშანტაჟეს ან რა გაუკეთეს, მაგრამ თორნიკეს მაინც გაჰყვა. მე არაფრით მინდოდა ეს ქორწინება. უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, რომ ჩემი შვილის ქმრის, ლაშას პირველი ცოლი და ჩემი შვილი დაქალები იყვნენ. ჯერ ის გოგო წაიყვანეს, გააუბედურეს. პირველი ცოლის ბებიაც გეტყვით, რა დამართეს მის შვილიშვილს. ანიმაც იცოდა, რა გაუკეთეს და მაგიტომ მოკლეს ჩემი შვილი. პირველმა ცოლმა თავის დედას უთხრა, რომ თავს არტყმევინებდნენ, ფულის მოტანას აიძულებდნენ. ის ქალი საბერძნეთიდან ჩამოვიდა და თავისი შვილი სახლში წაიყვანა, ჩამოაშორა ამ ოჯახს. თუმცა ის გოგო ისევ დაბრუნდა საქართველოში. რაღაც დროის შემდეგ კი ანი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ის გოგო მოკლეს. დავინტერესდი, საიდან გაიგო, რადგან არც ტელევიზორში გაშუქებულა ეს ამბავი და არც არსად. შემდეგ ანიმ თავისივე ნათქვამი შეცვალა და ასე თქვა, თითქოს იმ გოგოს დანით გამოეკიდა თავისი ქმარი და ამ დროს მანქანამ დაარტყაო. ეჭვი მაქვს, რომ მანქანამ კი არ დაარტყა, თავად მოკლეს. ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ ანიც მოკლეს. ანი ჩვენ არაფერს გვიყვებოდა და არ ვიცოდით რას უკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვამბობ: როდესაც ანიმ ცოლად გაყოლა დააპირა, სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ მან თქვა, რომ იძულებული იყო, გაჰყოლოდა. გვითხრა, თავის თავს თვითონ მიხედავდა. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა კი ვხვდები, რატომ თქვა, რომ იძულებული იყო. როგორც ჩანს, ჩემი შვილი დააშინეს. ფსიქოლოგიური ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან ანა ბედნიერი პატარძალი არ ყოფილა, მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მეგონა, რომ, უბრალოდ, შეუყვარდა, სხვანაირად ვერ ვხსნიდი. ცხოვრება ძალიან უჭირდათ. ერთი ბინა ბანკში ჰქონდათ ჩადებული და გაყიდეს. სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ისიც არ ვიცი, მაინცდამაინც მე-11 სართულზე რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება. შეიძლება, ეს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ოჯახის წევრებიდან არცრთი არ მუშაობდა, მხოლოდ _ დედამთილი. ანი სულ ფულის საშოვნელად დარბოდა, აღარ იცოდა, საიდან მოეტანა. მეუბნებოდა, ესენი ჭაობიდან უნდა ამოვიყვანოო და სამაგიეროდ კი ეს გაუკეთეს. შეშინებული ჰყავდათ. ანი იმასაც მიმალავდა, რომ აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ. ეს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე. ჩემს შვილს ფინანსურად ყოველთვის ვეხმარებოდი, რამდენადაც ამის საშუალება მქონდა. მეც მარტოხელა ქალი ვარ, ანის გაზრდაში ჩემი ძმა მეხმარებოდა. თუმცა ვცდილობდი, ანის არაფერი დაკლებოდა. ჩემმა შვილმა და მისმა ქმარმა წელიწადი და 2 თვე იცხოვრეს ერთად. ვხედავდი, რომ ანი მასთან ბედნიერი არ იყო და ვთხოვე, მათგან წამოსულიყო. ანის შევპირდი, რომ ჩვენს ოჯახში მას არაფერი მოაკლდებოდა. ბიძამ წყნეთის სახლი ანის აჩუქა. ჩვენთან რომ მოდიოდა, წასვლა აღარ უნდოდა ხოლმე. ამბობდა, დავიღალეო, მაგრამ როგორც კი დაურეკავდნენ, ეგრევე მიდიოდა, _ გავიგო, ერთი, რა უნდათო. როგორც ახლა ვხვდები. აშინებდნენ და სახლში დაბრუნებას აიძულებდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ანის ყველა ბანკიდან და მიკროსაფინანსოდან სესხი ჰქონდა გამოტანილი, ლომბარდშიც კი ჰქონდა ოქრო ჩაბარებული. ანი არ მუშაობდა, ის ძალიან კარგად ხატავდა, 14 წლიდან უკრავდა. არ ვიცი, რა დამართეს, თავიანთ ჭკუაზე გადაიყვანეს, არ იყო ის ასეთი ბავშვი. ჩემთან არაფერს ამბობდა, თურმე იმ მიტანილი ფულებით იხანგრძლივებდა სიცოცხლეს ჩემი საცოდავი შვილი. მას მეგობრებისთვის კი უთქვამს, დავიღალე უნდა დავშორდე ჩემს ქმარსო. როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ ჩხუბი. საბედისწერო დღე მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ანი წყნეთში ამოვიდა და 700 ლარი მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ამდენი არ მქონდა, 300 ლარი მივეცი. სწორედ იმ დღის შემდეგ რაც ფული მთხოვა, მისმა ქმარმა ლაშამ დამირეკა. მითხრა, რომ ანი ცუდად იყო, მე ვერ ჩავედი, წნევები მქონდა, ავად ვიყავი და ვთხოვე, თავად მოსულიყვნენ. ლაშამ ტაქსით მომაკითხა და გლდანში ღამის 4-ის ნახევარი იყო, რომ მივედით. ანი კრუნჩხვებში იყო ჩავარდნილი, სინამდვილეში რაღაც დაალევინეს, ხელ-ფეხი სულ სველი ჰქონდა. მათ უნდოდათ დამეჯერებინა, რომ ჩემი შვილი გაგიჟდა და გადახტომას აპირებდა. მე ზუსტად ვიცი, რომ ანი სრულიად ჯანმრთელი იყო, მოტოციკლსაც კი ატარებდა. თავისი ქმარი კი ისეთი მშიშარა და უბედურია, მანქანასაც ვერ მართავს. როდესაც ანისთან დავინახე, რომ ბრილიანტის საყურეები, რომელიც სულ ეკეთა, აღარ ჰქონდა, ვკითხე, _ სად წაიღე-მეთქი? მან კი მანიშნა, გავჩუმებულიყავი. არ უნდოდა, მის ქმარს ან ოჯახის წევრებს ჩემი ეს შეკითხვა გაეგოთ, ძალიან დაშინებული იყო. ის ღამე იქ დავრჩი, მეორე დღეს დილით 10 საათზე წავედი სახლში, როგორც კი ჩავედი, მაშინვე დამირეკეს, მალე ჩამოდი, ანი ისევ ცუდად გახდაო. მერე სასწრაფოს გამოუძახეს და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. იქ გასინჯეს და თქვეს სერიოზული არაფერიაო, მაგრამ ფსიქიატრთან მიყვანა გვირჩიეს. კლინიკაშიც ძალიან საეჭვო სიტუაცია იყო. ანი ძალიან ცუდად იყო, როცა მიიყვანეს, მაგრამ არც სისხლის ანალიზი გაუკეთეს და არც სხვა სახის გამოკვლევები ჩაუტარეს, ბოლოს კი გვითხრეს, _ ისეთი არაფერი სჭირს წაიყვანეთო. შეიძლება, იქაც ჩაწყობილი ჰქონდათ ყველაფერი. საავადმყოფოდან ფორმა 100 მეორე დღეს უნდა გამოგვეტანა. ჩემი სიძე მივიდა და ალბათ რაც უნდოდა, ის ჩააწერინა, ბავშვს სიკვდილისთვის ამზადებდა. ამის შემდეგ ანიმ მითხრა, რომ სახლში წავსულიყავი და არ მენერვიულა, თავად კი იქ უნდა დარჩენილიყო. ახლა რომ ვფქირობ, ვხვდები, მან იცოდა, რა ელოდა. ჩემს სიძეს ძმაკაცი ჰყავდა რამაზ ხმალაძე, მან გამაცილა და სანამ მიკროავტობუსში არ ჩავჯექი, იქამდე არ წასულა. მელოდებოდა, როდის წავიდოდი. ანის ისეთი დაზიანებები ჰქონდა, ვფიქრობ, ჩემი წასვლის შემდეგ სხვაგან წაიყვანეს და იქ აწამეს. ანის ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ მე მეორე დღეს უნდა ჩავსულიყავი. იმ დღეს წყნეთში ვიყავი დედაოსთან მისული. ვიფიქრე, ტანსაცმელს შევალოცინებ-მეთქი, მეორე დედაოსთანაც მივედი, იმან რაღაც წამლები მოადუღა. ეს ყველაფერი და მირონიც წამოვიღე. მეორე დღეს დილით რომ დავურეკე და ვკითხე, ანი სად იყო, მითხრეს, რომ ეძინა და ჩამოსვლა არ მეჩქარა. დროის გაყვანა უნდოდათ. სამის ნახევარი იქნებოდა, ანის სახლში რომ მივედი. ჩემი სიძის მეგობარმა რამაზმა მითხრა, ყავას დაგალევინებო, ჩვენ სამზარეულოში ვიყავით. ყავის დალევის შემდეგ სულ გავითიშე, დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი გაბრუებული. შემდეგ დედამთილმა მითხრა, _ წამოდი, ანი განახო როგორ სძინავს პირგაღებულს ბუნებრივი ძილითო. ეს ფრაზა სამჯერ მაინც გამიმეორა. როდესაც ვკითხე, თუ რამდენი ხანი ეძინა, მითხრეს, პირველი საათიდან სძინავსო, არადა, დილით მითხრეს, რომ უკვე ეძინა, ეს კიდევ საეჭვოა. შიგნით არ მიშვებდნენ, _ არ შეაწუხო, ძილში უნდა გამოვიდესო. დიდი ხნის განმავლობაში მისაღებ ოთახში ვიყავი, ისინი ყურადღებას არ მაქცევდნენ, ეტყობა, ამ დროს ფიქრობდნენ, როგორ მოეშორებინათ გვამი და შემდეგ ეთქვათ ჩემთვის, რომ თითქოს ანი გადახტა. ჩემი შვილი როდესაც ჩემთან იყო, არასდროს ლაპარაკობდა თვითმკვლელობაზე და მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. ამასობაში ანის დედამთილმა მითხრა, _ წამოდი რამეს გაჭმევო. სულ ხელები უკანკალებდა. ვკითხე, რა სჭირდა და მიპასუხა, რომ არაფერი სჭირდა და ყველაფერი რიგზე იყო. იმ მომენტში კი ჩემი სიძე მესიჯობდა. მისაღებში კვლავ მარტო ვიყავი. მამამთილი შემოვიდა, დაიყვირა: „ვაიმეო!“ და მუხლები მომეკვეთა. მივხვდი, რომ რაღაც უბედურება მოხდა. როდესაც პატრული ამოვიდა სახლში არავინ იყო. მათ იკითხეს, გოგო საიდან გადახტაო? მე ქვემოთ ლიფტით, დაახლოებით, სამ წუთში ჩავედი და ვნახე, რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველაფერი ლენტებით შეკრეს. ბავშვი სულ მთელი იყო, სისხლის კვალი არსად ჩანდა. გაციებულიც იყო და ახალ მიცვალებულს არ ჰგავდა. საეჭვო გარემოებები მომხდარი ფაქტის ირგვლივ იმ მომენტში ბევრ რამეს ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ახლა მახსენდება მნიშვნელოვანი ფაქტები. მკვლელობის დღეს, დილით რომ მივედი ანის სანახავად, ხატებთან სანთლები დანთებული ჰქონდათ. ანისთვის მირონის წასმა რომ დავაპირე, დედამთილმა მითხრა, უკვე წავუსვიო. ხალხის თვალის ასახვევად აქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, ვითომ მორწმუნეები არიან. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვტიროდი და ვამბობდი, ბავშვი მეთერთმეტედან გადავარდა და არაფერი დაზიანება არ აქვს-მეთქი, ყველა მეუბნებოდა ,შენი შვილი მოკლულიაო. პანაშვიდის მეორე დღის შემდეგ ჩემს ძმასთან საუბრისას აღვიდგინე ყველა ფაქტი და მივხვდი, რომ ჩემი შვილი მკვდარი დამანახეს. ის ყავაც მაგიტომ დამალევინეს, რომელშიც, ჩემი აზრით, რაღაც წამალი ჰქონდათ გარეული, რამაც გამაბრუა. პანაშვიდზე ავტობუსებით ქალები მოვიდნენ, მათხოვრებივით ეცვათ, მე მათ არ ვიცნობდი. არაამქვეყნიურ ქალებს ჰგავდნენ და ყველა თავზე მადებდა ხელს მოსამძიმრების ნიშნად. როგორც ჩანს, ეს მათი რიტუალური წესია. ჩემი შვილის მკვლელობა მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, 18 თებერვალს დაამთხვიეს და ეს ფაქტი კიდევ ერთ ეჭვს იწვევს. ისინი სასაფლაოზე რაღაც რიტუალებს ატარებენ, რომელიღაც კერპს სცემენ თაყვანს. ეს მთავრობამ იცის და ამ ფაქტის გახმაურება არ უნდათ, რომ საქართველოში ასეთი ამბები ხდება. ამ ბოლო დროს რამდენი ადამიანი დაიკარგა, ზოგს ტელევიზორიდან ვიგებთ და რასაც ვერ ვიგებთ, ეგ კიდევ სხვაა. საინტერესოა, ვინ აფარებს ხელს? ანის ქმრის ოჯახი არც კი ჩამოსულა, დაბლა რომ გვამი ენახათ ან პანაშვიდი გადაეხადათ. ჩვენ გვითხრეს, ხომ წაიღებთ გვამს სახლშიო. მე რომ დაბლა ჩავედი, ხალხმა მითხრა, რომ 40 წუთზე მეტია, გვამი აქ არის, არ ვიცოდით, ვინ იყოო. გვამს წინდებიც გახდილი ჰქონდა წელზე კი ქამარი ეკეთა. კიდევ ერთი ფაქტია, რომ ქმრის სვიტრი ეცვა. არასდროს იცვამდა ანი მისი ქმრის ტანსაცმელს, როგორც ჩანს, მიცვალებულს წამების შემდეგ ჩააცვეს. მე გვამი უნდა მენახა, შესაძლოა, ის უკვე გაკვეთილიც კი იყო, მაგრამ ექსპერტიზამ ამის საშუალება არ მომცა. შემდეგ გაირკვა, რომ ორგანიზმში მხოლოდ 100 გრამი სისხლი იყო ჩაქცეული და 3 ლიტრი სისხლი კი არსად ჩანს. ასევე მინდა გითხრათ ჩემი შვილის დედამთილის შესახებაც, ის ბელა გერმანაშვილია, მუშაობს ფსიქოლოგად საბავშვო ბაღში. როგორ მუშაობს ორი გოგოს მკვლელი ფსიქოლოგად და ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული?! დაახლოებით ჩემი შვილის მკვლელობიდან ორი კვირის შემდეგ დავურეკე და ვკითხე _ როგორ მოკალით ჩემი შვილი, სადაც მე დამალევინეთ რაღაც წამალი და გამთიშეთ, ვინ იცის, ჩემს შვილს რა გაუკეთეთ-მეთქი! _ აბა, რა ეგონაო! _ ასეთი პასუხი გამცა. იმასაც გეტყვით, რომ არანაირი კონფლიქტი ჩემს შვილს დედამთილთან არ ჰქონია. ანი ამბობდა, რომ დედამთილს არ მოსწონდა. მას მხოლოდ იყენებდნენ. ჩემი შვილი ფულსაც აძლევდა მათ, რძლად კი არა, თვალის ასახვევად წაიყვანეს, რომ შემდეგ ასეთი რამ გაეკეთებინათ. დედამთილმა თქვა, რომ ვიღაც ბავშვს დაუნახავს, ნარნარად მოფრინავდაო, თან დაამატა, რომ ეს ზებუნებრივი ძალის ზემოქმედების შედეგი იყოო. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს ამ ქალის სახე. რა წერია დადგენილებაში და რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი? დადგენილებაში მითითებული მონაცემების მიხედვით 2017 წლის 18 თებერვალს თბილისის გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის 4ა კორპუსის მე-11 სართულიდან გადმოვარდა ამავე მისამართზე მცხოვრები ანა იოსებიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. თვითმხილველი ამ ამბავს არ ჰყოლია და დანამდვილებით რატომ წერენ ასე?! პროკურორმა დათო ჩხარტიშვილმა გვანახა დადგენილების ეს ჩანაწერი. მასაც გაუჩნდა ეჭვი იმაზე, ნამდვილად გადმოვარდა თუ არა ანა მე-11 სართულიდან? შემდგომში ეს პროკურორი ამ საქმეზე აღარ დაგვხვდა. ამავე პროკურორმა გვკითხა, 1% მაინც თუ იყო იმის შანსი, რომ გადმოვარდნილიყოო? მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო სიმართლე და გვამი დადებული იყო გამიზნულად. როგორც ჩანს, ვიღაცები ჰყავთ საქმეში გამოყენებული, ისიც სათავისოდ. ერთი მეზობელი წერს: გავიგე, ანა როგორ გადავარდაო, მაგრამ ეს სრული სიცრუეა ამ ამბავს არავინ შესწრებია. გვამი უკვე ჩამოტანილი იყო და გამოძიება ისე მიჰყავთ, რომ მხოლოდ ანის გარშემო ტრიალებენ. მე ვთხოვე, სხვებიც დაეკითხათ, მაგრამ არ დაკითხეს. მათ სურთ, რომ ეს საქმე მიჩქმალონ. სკოლაშიც მივიდნენ, აინტერესებდათ, როგორი ბავშვი იყო, ყველგან დადებითი პასუხი მიიღეს. მე თავად არ მიცდია გამოძიება, რომ ვიღაც ამელაპარაკებინა. ვიფიქრე, ექსპერტიზა გამოიძიებდა ამ ამბავს ობიექტურად. ბავშვს ხელზე სიგარეტისგან დიდი ნახვრეტი ჰქონდა, მაგრამ ამაზე ექსპერტს არაფერი უთქვამს. 4-ზე იყო გვამი ჩამოტანილი, ექსპერტიზის პროცედურები 9 საათზე დაიწყო. გამოდის, რომ ისინი სპეციალურად ამთხვევენ საათს. გახვრეტილი ხელიდან ხორცი ჩანდა, მაგრამ სისხლი _ არა. ათივე ფრჩხილი დაზიანებული ჰქონდა. მაია ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დაცემის წერტილი არ არსებობს და არც ტრაექტორია ემთხვევა. მთავარ დასკვნაში კი არ წერია, რომ არ არსებობს დაცემის წერტილი, ისინი მხოლოდ მიზეზებს ამბობენ. დასკვნაში წერია ისიც, რომ თავში ბლაგვი საგნით 3-ჯერ აქვს დარტყმა მიყენებული. თავის ქალის ახდის შემდეგაც ჩანს, რომ სისხლჩაქცევებია. თავი რომ ასფალტზე დაერტყა, ის როგორღა გაისინჯებოდა? გამომძიებლები საქმის მიჩქმალვას ცდილობენ?! ეჭვები რომ გაჩნდა, მას შემდეგ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეორე სამმართველოში დავდიოდი, სადაც არანორმალური ხალხი ზის, მათ შორის, საქმის გამომძიებლები _ ბიძიშვილი და მუმლაძე. მათ კარგად იცოდნენ, რა და როგორ მოხდა. ყველას ამ საქმის მიჩქმალვა უნდოდა. ალბათ ამ სექტას მფარველი ჰყავს. ორი ადვოკატი ავიყვანეთ, მაგრამ ისინიც შეაშინეს, ტელევიზიაში მისვლას გვიკრძალავდნენ. ექსპერტიზის დასკვნა 45 დღეში რომ უნდა ყოფილიყო, 3 თვეში გააკეთეს. ყველაფერს შეგნებულად დროში წელავდნენ. თავიდან ზაზა კვირკველია იყო პროკურორი, მერე ისიც აღარ იყო ,ხელი აღარ მოჰკიდა ამ საქმეს. მას შემდეგ, რაც შოთაძე გადააყენეს, ჩემი ძმა იმ პირველმა ადვოკატებმა დაიბარეს და უთხრეს, _ განცხადება დავწეროთ და ბიძიშვილი საქმეს ავაცილოთო. ბიძიშვილმა მერე თავისით აიცილა საქმე, მას შემდეგ ხუთი გამომძიებელი დანიშნეს კიდევ. იმ გამომძიებლებმაც ვერაფერი გააკეთეს. ახალმა პროკურორმა თითქოს მოინდომა საქმის გამოძიება, თითქოს ახლიდან დაიძრა ეს საქმე, ჩემს ძმას უთხრეს, რომ 2 დღეში დაურეკავდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ უკან დაიხიეს და თვითმკვლელობის ვერსიას დაუბრუნდნენ. ოჯახის ერთადერთი იმედი მიშას დაბრუნებაა გამოძიებაში ამ მთავრობის იმედი აღარ მაქვს. ერთადერთი იმას ვლოცულობ, რომ ის გიჟი მიშა მაინც მოვიდეს და რაღაც გავაკეთოთ. ჩემი შვილის მკვლელებს, როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული მფარველი ჰყავთ.

ნენე ინჯგია

 

გაზიარება