QronikaPlus
ჯონი გიგანი 15 წლის წინ მომხდარი აფეთქების ხელახალ გამოძიებას ითხოვს!

ჯონი გიგანი 15 წლის წინ მომხდარი აფეთქების ხელახალ გამოძიებას ითხოვს!

2018-11-17 08:29:54

15 წლის წინ მომხდარმა აფეთქებამ მთელი საქართველო შეძრა _ 2003 წლის 8 მაისს დილით, სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, სასტუმრო „აჭარასთან“ ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევითობის წყალობით, ბიზნესმენის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი, რომელიც იმხანად 6-7 წლის იყო და ასევე სახალხო პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეორე შვილიშვილი, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის არასრულწლოვანი ვაჟი, ჯაკო ჩარკვიანი, ავტომანქანაში არ ისხდნენ, ანუ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც მძღოლმა ბავშვები სკოლაში დატოვა და უკან, დოლიძის ქუჩაზე ბრუნდებოდა, რათა ბიზნესმენი ოფისში წაეყვანა. სხვათა შორის, სხვა დღეებში ჯონი გიგანი შინიდან ქალიშვილსა და მამუკა ჩარკვიანის ვაჟთან ერთად გამოდიოდა ხოლმე, თუმცა იმ დღეს, შემთხვევითობის წყალობით, ეს განრიგი შეიცვალა _ ბიზნესმენმა სახლიდან გამოსვლა დააგვიანა, ამიტომ მძღოლმა ჯერ ბავშვები წაიყვანა სკოლაში და აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა უკან, დოლიძის ქუჩაზე ბრუნდებოდა. ერთი სიტყვით, ავტომანქანას ჩვეული მარშრუტით რომ ემოძრავა, აფეთქება ტრაგედიით დასრულდებოდა. აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილზე საბჭოთა უშიშროების სტაჟიანი თანამშრომელი, ალექსანდრე (საშა) მაისურაძე დააკავეს და ისიც გახდა ცნობილი, რომ მაისურაძე ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილთან იყო დაკავშირებული. ამასთან, ცნობილია, რომ მაისურაძე „ნორტოსტის“ მოვლენების დროს კრემლმა განაღმვით სამუშაოებზე გამოიძახა. ასევე არც ის არის დასამალი, რომ მაისურაძეს ურთიერთობა ჰქონდა სადამ ჰუსეინთან და მან საათიც აჩუქა _ ამის შესახებ თავად მაისურაძე საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში. ისე, აწ განსვენებული ოლიგარქი მაისურაძესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა სააკაშვილის სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა, გაირკვა, რომ საშა მაისურაძე ჰოლდინგის დაცვის უფროსი იყო. ნიშანდობლივია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საშა მაისურაძე ციხიდან გამოუშვეს. ბიზნესმენი ჯონი გიგანი ვარაუდობს, რომ საბჭოთა „კაგებეს“ თანამშრომლის ციხიდან გამოშვება პატარკაციშვილ-ჟვანიას ფინანსური გარიგების შედეგი იყო. მართალია, ჯონი გიგანი ეჭვობს, რომ აფეთქება და მისი ლიკვიდაცია პატარკაციშვილმა შეუკვეთა, მაგრამ აფეთქებიდან 15 წლის მერეც ეს ეჭვი გამოძიებას ოფიციალურად არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. ამიტომ ბიზნესმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს და აფეთქების ხელახალ გამოძიებას ითხოვს. რატომ დადგა ხელახალი გამოძიება დღის წესრიგში? როგორც ჯონი გიგანი „ქრონიკა+“-თან ამბობს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 10 წლის წინ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა და ბრალიც წაუყენა. „ქრონიკა+“ ბიზნესმენ ჯონი გიგანს ესაუბრა: _ ბატონო ჯონი, რატომ მიიჩნევთ, რომ თქვენი აფეთქებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალი პატარკაციშვილამდე მიდის? _ დიახ, ეს აფეთქება, ჩემი აზრით, პატარკაციშვილის შეკვეთა იყო და გეტყვით, ასე რატომაც ვფიქრობ: საფეხბურთო კლუბ „დინამოში“ 90-პროცენტიან წილს ვფლობდი. სწორედ აქ გადაიკვეთა ჩემი, პატარკაციშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ინტერესები. _ ეს როგორ? _ მაშინ „დინამოს“ წილების 10 პროცენტის მესაკუთრე შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო და სწორედ ამ 10-მა პროცენტმა გადაწყვიტა თბილისის „დინამოს“ სახელი და ქონებაც. _ ანუ? _ თბილისის „დინამოს“ სახელი ოდნავ შეუცვალეს და „დინამო თბილისი“ დაარქვეს. ამის შემდეგ, მახსოვს, თარგამაძემ გამოაცხადა, _ თბილისის „დინამო“ გავყიდეთო, ანუ თბილსის „დინამო“ ქონებით და ყველაფრით წაიღეს. _ კახა თარგამაძე და პატარკაციშვილი თქვენ წინააღმდეგ ერთად მოქმედებდნენ? _ დიახ, ასეა. _ ასეთი ეჭვი რატომ გაქვთ? _ 2001 წელს კახა თარგამაძემ, როგორც შს მინისტრმა, პატარკაციშვილთან ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც შს სამინისტროს 10-პროცენტიანი წილი და ხელახლა რეგისტრირებული „დინამო თბილისი“ პატარკაციშვილის საკუთრება გახდა. ბუნებრივია, საფეხბურთო კლუბის დასაბრუნებლად ბრძოლა დავიწყე, რასაც, დიდი ალბათობით, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა და ავტომანქანაც სწორედ ამის შემდეგ ამიფეთქეს. _ ანუ კახა თარგამაძესა და პატარკაციშვილს თქვენი შეეშინდათ და თავიდან მოცილება განიზრახეს? _ დიახ, შეეშინდათ, რომ წავიდოდი, უეფა-ში ვიჩივლებდი და 40 მილიონს მოვითხოვდი... _ კონკრეტული მტკიცებულება თუ გაქვთ, რომლითაც ნათელი ხდება, რომ აფეთქების უკან პატარკაციშვილი იდგა? _ აფეთქება საშა მაისურაძემ განახორციელა, რომელიც პატარკაციშვილთან მუშაობდა. სხვათა შორის, მაისურაძე ზურაბ ჟვანიამ გამოუშვა. არადა, ამ აფეთქების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მთელი ჩემი ოჯახი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და ჩემი მეუღე ბავშვს ფანჯარასთანაც არ უშვებდა, არ გესროლონო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, გამოძიებას ყველანაირი მტკიცებულება ჰქონდა. _ კერძოდ? _ კერძოდ ის, რომ შემთხვევის ადგილას და საშა მაისურაძის სახლში აღმოჩენილი „ტროტილი“, ასე ვთქვათ, ერთნაირი იყო. სხვათა შორის, პატარკაციშვილი ამტკიცებდა, მაისურაძეს არ ვიცნობო, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა სპეცრაზმი „იმედში“ შევარდა, აღმოჩნდა, რომ საშა მაისურაძე პატარკაციშვილის ჰოლდინგის დაცვის უფროსი იყო, ანუ არათუ იცნობდა, არამედ მისი მარჯვენა ხელი ყოფილა დაცვისა და მკვლელობის დარგში... ყველაფერი კი, როგორც გითხარით, „დინამოს“ გამო მოხდა _ შს მინისტრობის დროს კახა თარგამაძე „დინამოში“ უკანონოდ შევარდა. _ კახა თარგამაძემ „დინამო“ წაგართვათ? _ დიახ, „დინამოს“ 90 პროცენტი ჩემი იყო, კახა თარგამაძეს, პატარკაციშვილსა და ჟვანიას სწორედ ამიტომ გავეჩხირე ყელში. _ ანუ „დინამო“ არ გადაუფორმეთ? _ დიახ, არ გადავაფორმე და სწორედ ამიტომ მკლავდნენ! _ 2003 წლის მაისში, ანუ მაშინ, როცა აფეთქება მოხდა, პრეზიდენტი, ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძე იყო. ცნობილია, რომ შევარდნაძესა და თქვენს აწ განსვენებულ სიმამრს, სახალხო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. შესაბამისად, შეგეძლოთ, პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მიგემართათ და დაცვა თუ არა, მინიმუმ, მხარდაჭერა გეთხოვათ... _ საქართველოში რუსული უშიშროების ფლანგი მაშინაც ძალიან ძლიერი იყო და დღესაც ძლიერია... _ ეს რა შუაშია? _ შევარდნაძე არაფერს წარმოადგენდა და რამდენჯერმე თვითონაც ააფეთქეს. _ თქვენი აფეთების კონტექსტში რუსული უშიშროება რატომ ახსენეთ? _ პატარკაციშვილი, ჟვანია და საშა მაისურაძე საქართველოში რუსული „გეერუს“ პირდაპირი წარმომადგენლები იყვნენ! _ ეს საკმაოდ მძიმე ბრალდება და სკანდალური განცხადებაა! _ თუ გახსოვთ, პატარკაციშვილმა ერთხელ თქვა, ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენო. მაისურაძე „კაგებეს“ ოფიციალური პოლკოვნიკი გახლდათ და თუ მათ საქმეებს ჟვანია „აპრავებდა“, ე. ი., რა გამოდის? ისე, შევარდნაძე რომ გადააყენეს, თბილისში ჩამოსული ივანოვი პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან ჟვანიასთან ერთად მივიდა და აქედან გამომდინარე, მე, როგორც ადამიანს, მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ჟვანია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა... თავის დროზე ჟვანიამ ისეთი საგადასახადო კოდექსი მიიღო, რომ მთელი საქართველო მათხოვრად აქცია _ ბიზნესმენები და მეწარმეები ხარჯვით ნაწილში დაბეგრა. გარდა ამისა, შევარდნაძე უცხოეთში რომ დადიოდა და საქართველოსთვის ფულს შოულობდა, ამ ფულის დახარჯვა სამინისტროებს პარლამენტის რატიფიცირების გარეშე არ შეეძლო. ყველაფერი ეს ჟვანიამ, ჩემი აზრით, „გეერუს“ დავალებით გააკეთა, რადგან ქვეყანა გაღატაკებულიყო, დაეჩოქა და რუსეთის ფარქვეშ ყოფილიყო! _ არადა, დღემდე ახსოვს საზოგადოებას ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომელიც მან საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს თქვა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ _ ქართველებს კარგი ზღაპრები გვაქვს და გეთანხმებით, რომ ჟვანიამ რაღაც კარგიც გააკეთა, რადგან მხოლოდ ცუდი რომ ეკეთებინა, ხალხი არ ენდობოდა. ჩემი აზრით, მოჩვენებით კარგს იმიტომ აკეთებდა, რომ ხალხის ნდობა ჰქონოდა. სხვათა შორის, როცა საგადასახადო კოდექსს იღებდნენ, ჯანსუღს ვუთხარი, _ ქვეყნის დამაქცევარ კანონს ხმა არ მისცე-მეთქი. მეორე დღეს ჯანსუღი პარლამენტში გამოვიდა და ჩვეული იუმორით განაცხადა, _ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემმა სიძემ მითხრა, ხმა არ მისცე და არ ვაძლევო. მოკლედ, ამ საგადასახადო კოდექსით ბიზნესი „გაშავდა“. ბიზნესს იმიტომ აკეთებ, ფული იშოვო, ანუ გლეხურად რომ ავხსნა, ფულს ბრუნვა ჰქონდეს, ამ კანონით კი, ვთქვათ, ვიდრე სახლს ააშენებდი, 120 პროცენტი უნდა გადაგეხადა. ამასთან, იმ დროს დღგ-ს ყალბი ფაქტურები იყო დაბეჭდილი და თანხა, რომელსაც ბიზნესმენები ვიხდიდით, ბიუჯეტში არ მიდიოდა. ყველაფერი ეს საქართველოსთვის კატასტროფა იყო. იმავე პერიოდში ათასნაირი დაჯგუფება შეიქმნა და ყველას უკან პატარკაციშვილი და ჟვანია იდგნენ, მაგრამ ჟვანია ყველაფერს კარგად ფუთავდა. ზოგადად, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ყველა კრიმინალის უკან „კაგებე“ იდგა, საქართველოში კი „კაგებეს“ ფინანსური წარმომადგენელი პატარკაციშვილი იყო, რომელსაც სამასკაციანი ჯგუფი ჰყავდა. სხვათა შორის, პატარკაციშვილის რუსეთში მოღვაწეობის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. _ ეს რამე მესიჯია, ანუ პატარკაციშვილი მხოლოდ „დინამოს“ გამო არ ცდილობდა თქვენ მოცილებას? _ მიუღებელი პოლიტიკურად ვიყავი _ მე რუსეთი კი არა, ევროპა და ნატო მინდა! სხვათა შორის, ყველა სოლიდური ბიზნესის მქონე ადამიანი, რომელსაც ვერ მართავდნენ, მათთვის მიუღებელი იყო. სწორედ ეს გახლდათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბიზნესს ვეღარ ვაკეთებდი. _ წეღან თქვით, რომ საშა მაისურაძე ჟვანიამ გამოუშვა ციხიდან. არადა, როგორც ვიცი, მაისურაძე ნინო ბურჯანაძემ მაშინ შეიწყალა, როცა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. _ მაისურაძე გაამართლეს! _ ბატონო ჯონი, თქვენს აფეთქებას შესაძლოა, ხანდაზმულობა ჰქონდეს. არ გერჩიათ, ამ საქმის გამოძიება მაშინ მოგეთხოვათ, როცა პატარკაციშვილი ცოცხალი იყო? _ პატარკაციშვილის სიცოცხლეშივე მოვითხოვდი გამოძიებას, მაგრამ როცა გარდაიცვალა, ჩავთვალე, რომ ოჯახის წევრებმა შესაძლოა, არაფერი იცოდნენ. აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის ქალებს არც ახლა ვთხოვ, მაგრამ არის მორალური მხარეც, თან ახლა პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის 10 წლის წინანდელი საქმე გახსნეს და ამიტომ მეც მოვითხოვ, რომ ჩემი აფეთქების საქმე ხელახლა გამოიძიონ! ჩემი ოჯახის პირდაპირი ამფეთქებელი ჟვანია არაა, მაგრამ ჟვანია ჩემთვის ორჯერ დამნაშავეა, რადგან ჩემი ოჯახის ამფეთქებელი მკვლელი გარეთ გამოუშვა! ჟვანია მაფია იყო და სახელმწიფოსთან საერთო არაფერი ჰქონდა! პატარკაციშვილმა ჟვანიას მილიონები მისცა, რომ საშა მაისურაძე გამოეშვა. მაშინ საქართველო მაფიოზური ქვეყანა იყო და ამ მაფიის „გლავარი“ ჟვანია გახლდათ _ ყველანაირ ფულს იღებდა. პატარკაციშვილი, შეიძლება, შეშინებულის პოზიციიდან მოქმედებდა, ჟვანია კი ყველაფერს გათვლილად აკეთებდა და კორუფციის ბუდე იყო! თუ ძველ საქმეებს ხსნიან და იძიებენ, მაშინ ჟვანიას მოქმედებებიც გამოსაძიებელია. გერმანია ფიქრობს, რომ შევარდნაძემ სიკეთე გაუკეთა და ამიტომ ლეგენდარული მე-9 ბლოკისთვის თანხას აძლევდა, მაგრამ ეს მილიონები, იცით, სად მიდიოდა? _ არა, მე არ ვიცი. თქვენ იცით, სად მიდიოდა? _ გამოიძიონ, ეს ფული ვის მიჰქონდა და ჟვანიასთან მივლენ, რომელიც საბოტაჟით იყო დაკავებული. გინდათ, გითხრათ, ეს ფული სად წავიდა? _ დიახ, მითხარით. _ რუსეთის „გეერუმ“ წაიღო. ეს რეალობაა და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ! სხვათა შორის, მაშინ გაზს რუსეთი გვაწვდიდა, ფულს ვერ ვუხდიდით, მაგრამ არ გვითიშავდა და იცით, რატომ? _ ვთქვათ, ერთი კუბი გაზი 10 ლარი ღირს. საზღვარზე მრიცხველმა დააფიქსირა, რა რაოდენობის გაზი შემოვიდა. ხალხისგან ამოღებული ფულის 50 პროცენტი, როგორც „შავი ფული“ რუსეთში მიდიოდა, 50 კი _ ჟვანიასთან. ამასთან, სახელმწიფო რუსეთს დავალიანებას ოფიციალურადაც უხდიდა. ეს მხოლოდ კორუფცია კი არა, პოლიტიკაც იყო, რომ რუსეთის წინაშე დაჩოქილი ვყოფილიყავით! ჟვანია ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ რუსეთს ემსახურებოდა! P. s. სხვათა შორის, პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამბების მერე პატარკაციშვილი მზად იყო, რომ მისი და საშა მაისურაძის თავისუფლებაში 20 მილიონი გადაეხადა. პატარკაციშვილისთვის საშა მაისურაძე იმდენად ძვირფასი გახლდათ, რომ მზად იყო, მისი თავისუფლება 20 მილიონად ეყიდა. ლოგიკური და ლეგიტიმურია კითხვა: რატომ უღირდა პატარკაციშვილს ამხელა თანხად მაისურაძე, ანუ რა ისეთ ინფორმაციას ფლობდა მაისურაძე, რომ ოლიგარქი მის თავისუფლებაში 20 მილიონს იხდიდა? ჯერჯერობით უცნობია, ბიზნესმენ ჯონი გიგანის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურა 2003 წლის მაისში მომხდარი აფეთქების გამოძიებას ხელახლა დაიწყებს თუ არა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გიგანის ბრალდებებს პატარკაციშვილის ოჯახი არ პასუხობს, თავად ალექსანდრე მაისურაძის ადვოკატი კი ბიზნესმენის ბრალდებებს არ იზიარებს. ამ თემაზე მუშაობის დროს „ქრონიკა+“-მა ორ მნიშვნელოვან ნიუსს მიაგნო. აქედან ერთი „რადიო თავისუფლების“ საიტზეა განთავსებული და მასში ნათქვამია: „პოლიციის ინფორმაციით, ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაკავებულია მეორე პირიც, რომლის ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე პოლიცია ამჟამად სამუშაოებს ატარებს. ჯონი გიგანის ჯიპი, რომელშიც მისი მძღოლი და დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, დღეს, დილის ათ საათზე, თბილისში, სპორტის სასახლესთან აფეთქდა. მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს, რის შემდეგაც ჯიპი მთლიანად დაიწვა. ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერება ავტომანქანის სალონის უკანა სავარძლის ქვეშ აფეთქდა. შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტი შესაძლებელია, პირად მოტივებს ან გიგანის ბიზნესს უკავშირდებოდეს“. სხვათა შორის, საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე მაისურაძეს სახლში, საბრძოლო არსენალთან ერთად, კობა ნარჩემაშვილის სახლისა და მათ შორის, საძინებლის სქემა ჰქონდა. ალექსანდრე მაისურაძის სახელი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგაც ამოტივტივდა. კერძოდ, ნიკა გვარამიამ, რომელიც მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დაცვის ფირმებს შეიარაღებული ფორმირების შექმნა სურდათ. 2007 წლის 16 ნოემბერს გვარამიამ განაცხადა: „დაცვის ორ ფირმას, რომელიც კავშირში არის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ჰქონდა განზრახული“. გვარამიას თქმით, გიორგი ბერიძე ორივე დაცვის ფირმის – „საერთაშორისო დაცვის საზოგადოებისა“ და „პროფესიული დაცვის ლიგის“ დირექტორი, 13 ნოემბერს დააკავეს. „მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“, _ აცხადებს გვარამია. მისივე ინფორმაციით, „ბერიძემ თავის თანამშრომელ ზურაბ მეტრეველს დაავალა „უკანონო შეიარაღებული ფორმირების“ შესაქმნელად მოეძებნა ფიზიკურად კარგად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. ზურაბ მეტრეველი ასევე დაკავებულია და მისი ოფისის ჩხრეკისას ამოღებულია „დიდი ოდენობით იარაღი“, _ აცხადებს გენპროკურორის მოადგილე. პროკურატურამ ასევე გაავრცელა მეტრეველის ჩვენების ამსახველი ვიდეომასალა. გვარამიას განცხადებით, ამ პროცესს კოორდინაციას უწევდა პატარკაციშვილის „მარჯვენა ხელი“ და ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი საშა მაისურაძე, რომელიც გამოძიების მიერ ეჭვმიტანილად არის ცნობილი“, _ იუწყებოდა 2007 წლის ნოემბრის ბოლოს ინტერნეტპორტალი „civil.ge“. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, მაშინდელი კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ასევე დაასახელა იმ ადამიანის ვინაობაც, ვინც მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებდა. სანამ არჩილ კბილაშვილი მთავარი პროკურორის სავარძელს ოფიციალურად დაიკავებდა, ჟურნალისტმა მას ჯონი გიგანის აფეთქების შესახებ ჰკითხა: „_ 2003 წელს ბიზნესმენი ჯონი გიგანი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. მართალია, ამ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და თითქოს დამნაშავეებიც დაისაჯნენ, მაგრამ როგორც ვიცი, გამოძიება აფეთქების რეალური მიზეზით არ დაინტერესებულა. ამ და მსგავსი საქმეების, ასე ვთქვათ, განახლება შეიძლება? _ თუკი საქმე ხანდაზმულია, ალბათ, არა, მაგრამ მთავარი პროკურატურის პირველადი მოვალეობაა, რომ რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, ციხის ბუნტისა და სხვა მსგავსი საქმეების შესწავლა დაიწყოს“. რამდენიმე წელია, კბილაშვილი საგამოძიებო უწყებას აღარ ხელმძღვანელობს და მას შემდეგ არაერთი მთავარი პროკურორი გამოვიცვალეთ, თუმცა ახლა მაინც ექნება თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ 15 წლის წინანდელი დანაშაული გამოიძიოს და დაადგინოს, იდგა თუ არა ბიზნესმენ გიგანის ავტომანქანის აფეთქების უკან ბადრი პატარკაციშვილი, საკითხავია. დღევანდელ კონიუნქტურასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს თუ გავითვალისწინებთ, ამის მოლოდინი ნაკლებია, თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ეჭვს, რომ 15 წლის წინ მომხდარი აფეთქება არასათანადოდ გამოიძიეს და ამ საქმით გარკვეული პირები იყვნენ დაინტერესებულნი, კიდევ ერთი გარემოება ამყარებს: ბიზნსემენის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმე პირდაპირ უზენაესმა სასამართლომ განიხილა, რის გამოც გიგანს საშუალება აღარ მიეცა, რომ საქმე სხვა ინსტანციაში გაესაჩივრებინა. ქალაქის მაშინდელმა პროკურორმა ვალერი გრიგალაშვილმა მაშინვე განაცხადა და ახლაც იგვე გაიმეორა „კურიერის“ ეთერში, რომ პროკურატურამ ზეწოლას გაუძლო და მაისურაძეს ბრალი წაუყენა, ხოლო სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო, შესაძლოა, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და, როგორც მაისურაძის ადვოკატმა განაცხადა, გიგანის აფეთქებასთან მაისურაძის პირდაპირი მტკიცებულებები ვერ დაადგინა. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ და ამას ვალერი გრიგალაშვილიც ადასტურებს, საქმე პირდაპირ უზენაესმა სასამართლომ განიხილა და ბიზნესმენს გასაჩივრების უფლება აღარ მიეცა. 2003 წლის აფეთქებაზე კომენტარს ბიზნესმენ ჯონი გიგანის მეუღლე, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანიც აკეთებს და ამბობს, რომ ობიექტური გამოძიების პირობებში, კვალი მხოლოდ პატრაკაციშვილამდე კი არა, სხვებამდეც მივა. „ჯონი გიგანის მანქანის აფეთქების საქმე გამოიძიონ, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა და ნახავთ, კვალი ვისთანაც მივა. კვალი არ მიდის მხოლოდ პატარკაციშვილამდე. არის ეს ოჯახიც და ასევე ისინიც, ვისთანაც გაიყოფოდა თბილისის „დინამოს“ ფული. ეს ადამიანები ცოცხლები არიან, რუსეთში ცხოვრობენ და მათმა ნაწილმა საქართველოში თავისი დესანტი უკვე შემოუშვა“, _ აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

გიორგი აბაშიძე

 

გაზიარება