QronikaPlus
მსჯავრდებული, რომელსაც 13 წლიანი პატიმრობა “ოცნების” აქტივისტებმა “გაუჩალიჩეს”

მსჯავრდებული, რომელსაც 13 წლიანი პატიმრობა “ოცნების” აქტივისტებმა “გაუჩალიჩეს”

2018-11-16 08:48:38

ახალგაზრდა ბიჭს გიორგი ნაროზაშვილს, განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამ ამბის ყველაზე საინტერესო მხარეა ის, რომ წლების განმავლობაში თავად ნაროზაშვილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ჩანს, პოლიტიკური ნიშნით მას, როგორც „ნაციონალების“ აქტივისტს, „ოცნების“ მხარდამჭერები ავიწროებდნენ, რაზეც, თავის დროზე, პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. რა მოხდა შემდეგ და რატომ იხდის სასჯელს ადამიანი, რომელიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი? ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი ნაროზაშვილის დედა _ მარიამ როშნიაშვილი ესაუბრა: ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიტიკური ნიშნით. რატომ ატერორებდნენ ახალგაზრდა ბიჭს „ოცნების“ მხარდამჭერები? ჩემს შვილს ბევრჯერ შემოუვარდნენ სახლში და საქმეს ურჩევდნენ. ეს ხდებოდა იმ შემთხვევამდე, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. სამჯერ მქონდა დარეკილი ერთ-ერთი მათგანის, მოსიაშვილის მამასთან, პირველი ორი შემთხვევა ვაპატიეთ, მამამისი მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა. მესამედ რომ მოვიდა, უკვე პოლიციაში განვაცხადეთ. პირველი შემთხვევის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ბიჭი „ნაციონალი“ იყო და ისინი კიდევ „ოცნების“ მხარეს იყვნენ. ჯერ გააფრთხილეს, რომ ნუ ხარ „ნაციონალების“ მხარეს და ჩვენთან იყავიო, რაზეც გიორგი არ დაეთანხმა. ან კიდევ როგორ უნდა ეთქვა უარი იმ ხალხზე, ვისთან ერთადაც მუშაობდა? პირიქით, 2012 წლის მერე უფრო გააქტიურდა. ჩემს შვილს იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, პოლიციის აკადემია. კასპში ცხოვრობდა და მაშინ სკოლაში მანდატურად მუშაობდა. ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, ერთი მოსწავლე არ დადიოდა და ისე მიუდგა ჩემი შვილი, რომ ერთი დღეც აღარ გაუცდენია. მერე გაათავისუფლეს, კომისია იყო და საღამოს გაპარსულ პირზე აქტი დაუწერეს. ეს გახდა საბაბი, დილით რატომ არ გაიპარსეო. შემდეგ სახანძროში დაიწყო მუშაობა და ისე მოხდა, რომ იქიდანაც გამოუშვეს, ესეც „ოცნების“ მოსვლის შემდეგ. რადგან სამსახურიდან უმიზეზოდ გაათავისუფლეს, საპროტესტო აქციებზე დადიოდა და ა. შ., რის გამოც დაიწყო კონფლიქტი გიორგისა და „ოცნების“ მხარდამჭერ ბიჭებს შორის. ჩემს შვილს მუქარის წერილები მოსდიოდა, ფეისბუქზეც რამდენჯერმე მოსწერეს. ეს მონაწერები შენახულია. ძალიან განერვიულებული იყო და სწორედ ამ პერიოდში დაუძახა იმ პიროვნებამ, ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა. ორლარიანი დაუგდო ძირს და უთხრა, _ ბიჭო, აიღე ეს და ლუდი მომიტანეო. ჩემმა შვილმა, _ ასე რატომ მეუბნებიო? _ ეწყინა. მეუბნებოდა, ის ორლარიანი უკან მივუგდეო და რომ გამოვბრუნდი, მაშინ მომეპარა უკან და ჩამარტყაო. გიორგი დაეცა და ჩემს შვილს ახლაც იარა აქვს მაგ შემთხვევის გამო. მერე პოლიციას შევატყობინეთ, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. უნდა აღვნიშნო, რომ არაერთხელ დავუკავშირდით პოლიციას, როგორც უკვე გითხარით, უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ უკვე სახლში მოდიოდნენ და თავს გვესხმოდნენ. მეორედ სახლში შემოცვივდნენ 2014 წელს. ერთხელ, როცა მოსიაშვილი მოვიდა, ჩემს შვილს უთხრა, _ გიო, წამომყევი, პაპაჩემს შენდობა ვუთხრათო. _ მე რა პაპაშენის ახლობელი ვარო ან შენ რა ჩემი ტოლი ხარ, როდის იყო, ასე ვსვამდიო? ამ საუბრის შემდეგ კი ის წავიდა, არაფერი მომხდარა. გავიდა ერთი კვირა და სიგარეტის საყიდლად გასულს დაესხნენ თავს, როგორც აღმოჩნდა, ჩასაფრებულები ყოფილან. იმ დღეს სამსახურში რომ მივდიოდი, შევამჩნიე, რომ ჩემი სახლის უკან იდგა იმ ბიჭის მანქანა. ვიფიქრე, მეზობელთანაა, რამე მოუტანა-მეთქი და აღარ მივაქციე ყურადღება. დიდ მანქანაზე იჯდა ხოლმე ის ბიჭი. მერე ჩემი მეუღლე ჩამოვიდა შუადღისას ჩემთან სამსახურში და მითხრა, _ ჩვენი სახლის წინ იმ მოსიაშვილის მანქანა იყო გაჩერებულიო. ვთხოვე, სახლში ასულიყო, რამე პრობლემა არ იყოს-მეთქი, ალბათ, გულმა მიგრძნო. ავიდა, არაფერი იყო, წამოწვა და ჩაეძინა. თურმე რამდენიმე მიაგზავნეს იმის გასაგებად, იყო თუ არა გიორგი სახლში. საღამო იყო, 4-5 საათი. სამსახურში ვიყავი, ჩემი მეუღლე სახლში იყო, ნასვამ მდგომარეობაში. ჩემს ბიჭს მოსთხოვეს, _ ბიჭო, ყავა დაგვალევინე და თუ შაქარი არ გაქვს, ამოგიტანთო. ამის შემდეგ გაუყვანიათ და უცემიათ. სახლში რომ მივედი, უკვე სასწრაფო იდგა და ჩემი ბიჭიც და ქმარიც დასისხლიანებულები იყვნენ. პირდაპირ სასწრაფოს გავყევი ტაქსით, სახლში აღარ შევსულვარ. ხუთგან ჰქონდა თავი გატეხილი გიორგის, ჩემს მეუღლეს ყური ჰქონდა ახეული და კბილები ჩამტვრეული. თურმე ჩემი შვილი იმაზე გამწარდა, რომ იმ ბიჭმა ჩემს მეუღლეს დააჭირა წიხლი და მაგრად ურტყა. სულ დალურჯებულები იყვნენ, სასტიკად იყვნენ ნაცემები, ჩემი ქმარი ორი კვირა ლოგინიდან ვერ ადგა. მერე სახლში რომ დავბრუნდი, სისხლის გუბეები იდგა, ახლაცაა კვალი, არ მომიშორებია. ნაკერები დაადეს ჩემს ბიჭსაც და ქმარსაც. ექსპერტიზა ჩატარდა, სურათებიც გადაუღეს, მაგრამ სად გაქრა ის საბუთები, არ ვიცი. რომ დაიჭირეს, ავდიოდი, ვეუბნებოდი, რა ხდება-მეთქი? თვრამეტი კაცი დაიკითხა იმათი, ჩვენი _ არც ერთი. მე ან ჩემი ქმარი ხომ მაინც უნდა დავეკითხეთ? ის ბიჭი, მოსიაშვილი რომ დაიჭირეს, მეორე დღესვე გამოუშვეს. თურმე ბიძაშვილი ეუბნებოდა, _ ბიჭო, შენ ვინ რას გიზამს, პოლიციაში სულ ჩვენები არიანო. გავლენიანი ხალხია. დანარჩენი ორნი კოტიაშვილები იყვნენ, ძმები, სახელები ნამდვილად არ ვიცი, ციხიდან ახალგამოსულები. პარალელურ ქუჩებზე ვცხოვრობთ. მოსიაშვილი, რომელიც გარდაიცვალა, როგორც უკვე ვთქვი, მანამდე რამდენჯერმე შემოგვივარდა სახლში. ერთხელ ჩემი შვილის გაყვანა უნდოდა, უნდა ეცემა, მაგრამ ვერ მოახერხა. მერე კიდევ მოვიდა და დაუძახა, გიორგიო, ჩემი ბიჭი გარეთ გავიდა. მალევე მოტრიალდა. რომ ვკითხე, ვინ იყვნენ-მეთქი, ბიჭები იყვნენო და ხმა არ გამცა. ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ბიჭი გავიდა, სიგარეტი უნდა ეყიდა და ამ დროს ის სამი ბიჭი ჩასაფრებული იყო. ჩემი ბიჭი დასისხლიანებული და ნაცემი შემოვიდა. მაშინაც მამამისმა დაგვირეკა და პოლიციაში არ გვიჩივლია. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ჩემს ბიჭს კარგი სამსახური უნდა დაეწყო თბილისში. მე მეუბნებოდა, _ დედა, თქვენი დარდი მაქვს, სახლში არ შემოგვივარდნენ, მოსყიდული არ ჰყავდეთ ვინმეო, კარი ჩაკეტეთ და ფრთხილად იყავითო. უნდა აღვნიშნო, რომ მანამდე ჩვენი სახლი დააყაჩაღეს, ჯერ კიდევ „ოცნების“ მოსვლამდე. 4 ნოემბერი იყო, წვიმიანი დღე, შემოგვიცვივდნენ, გვცემეს, ჩემი მეუღლე რკინის ბოძზე მიაბეს და ბარკლები დაუსერეს. ოთხნი იყვნენ, მე რომ ჩამარტყეს, გონება არ დავკარგე და ვუძალიანდებოდი, ვყვიროდი, მაგრამ პირი ამიკრეს, ხელ-ფეხი შემიკრეს და ძირს დამაგდეს. ერთმა ავტომატი ჩემ გვერდით დააგდო, დღესაც არ ვიცი, როგორ გავიხსენი ის თოკები და ოთახიდან ოთახში როგორ გავვარდი. კარი ღია დამხვდა და ფანჯარა უნდა გამემტვრია. სამჯერ მესროლეს და ძირს გავწექი. საათნახევარი მაინც იქნებოდნენ, ნიღბები ეკეთათ. ეჭვიც კი ვერავისზე მივიტანეთ, ვერავის დავადებ ხელს. ნიღაბი არ ჩამოვგლიჯე, ვიფიქრე, რომ ვიცნო, უარესი იქნება-მეთქი. რაც რამე ნახეს სახლში, ყველაფერი წაიღეს და მე ეს ჩემს შვილს დავუმალე. დამნაშავის მამა ოჯახს პატიებას სთხოვდა: იქნებ, მოკვდეს და დავისვენოთო... მოსიაშვილის მამა რომ მოვიდა, მუხლის ჩოქებზე დადგა და ისე თქვა, რამდენჯერღა უნდა შეგაწუხოთო. ჩემს შვილს ვფიცავ, თქვა, რომ ვნატრობთ, იქნებ, მოკვდეს და დავისვენოთო. ჩემს ცოლს შაქარი დამართა, მე ნერვები აღარ მაქვსო. მანქანაც ვუყიდეთ, სახლიც და კაცად მაინც ვერ ვაქციეთ, დადის ამ ნარკომანებთანო. მთელი კვირა საავადმყოფოში ეწვათ შვილი, გადასხმებს უკეთებდნენ. შემეცოდა, მაგისი ბიძაშვილებიც მოდიოდნენ, ძმაკაცებიც, გვეხვეწებოდნენ და არ გვიჩივლია. პოლიციამაც, _ ხომ ვიცით, რა და როგორ მოხდაო. საქმე მაინც აღიძრა. მაგ მოსიაშვილის ბიძაშვილები ერთი გამგებლის მოადგილე იყო, მეორეც გამგეობაში მუშაობდა. ის რომ მოვიდა და ჩემმა გიორგიმ ყველაფერი მოუყვა, თან ჰკითხა, კობა ძია, მე რომ გამეკეთებინა ასეთი რაღაცები, რას იზამდით და როგორ მოიქცეოდითო? იმან კიდევ _ მოდი, შვილო და მცემეო, თუ გინდა, სულ თავ-პირი დამამტვრიეო. მორწმუნე ქალი ვარ და ტყუილს არაფერს გეუბნებით. მეორე დილით შემხვდა ის კაცი და ბოდიში მომიხადა: ბოდიში, მედიკო, ბიძაჩემის ხათრით მოვედი, თორემ იმას ერთი წელია, არ ველაპარაკები, ეგ ხომ კაცი არ არისო. მერე კაციც გახდა და ყველაფერიც. მე წარმოშობით დუშეთიდან ვარ და ისინიც დუშეთიდან არიან. თუკი რამე დასჭირდებოდათ, მივდიოდი, ვმკურნალობდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბევრი პატივი მაქვს ნაცემი, მაგრამ ამ დროს უკვე აგვერია ყველაფერი. ფიზიკური დაპირისპირება მოსიაშვილსა და ნაროზაშვილს შორის, რა გახდა მოსიაშვილის გარდაცვალების მიზეზი? იმ დღეს, როცა ეს უბედურება დატრიალდა ჩემი შვილი ქუჩაში მოდიოდა და ბორდიურზე რომ არ ამხტარიყო, ის მოსიაშვილი უკვე მანქანას აჯახებდა. ამის შემდეგ კიდევ მოხდა მსგავსი ფაქტი ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი შვილი თბილისში აპირებდა წასვლას. ტალახიანი ქუჩებია და რომ უნდა ჩაეხვია, ისევ ის შემოხვდა მანქანით. მანქანის დაჯახება დააპირა და გიორგი ღობეზე აეკრა, ტელეფონიც ჩაუვარდა, დაიშალა ნაწილებად. კი აკრიფა, მაგრამ ტელეფონის უკანა მხარე ვეღარ აიღო, იქ დარჩა, თხრილში. ვეღარც წავიდა იმ დღისით თბილისში, განერვიულებული იყო, ძალიან გაისვარა, თან ახალი ბოტასები ეცვა. საღამოთი რომ ამოიარა სახლისკენ, იმის მანქანა დაუნახავს და გადაწყვიტა, მივალ და კაცურად ვეტყვი, კარგი, რა გინდაო, შემეშვი და გამანებე თავი, მაინცდამაინც რამე უნდა მოხდესო? რომ დაუძახია გიორგის, გამოსულა ის მოსიაშვილი, _ ბოდიში თქვენთან, შე ნაბ...აროო და დაურტყამს ეგრევე. ჩემი ბიჭი წაიქცა, მოხეული, დიდი ბიჭი იყო ის მოსიაშვილი. ამის შემდეგ რომ ადგა, გიორგიმ ოჯახში შესვლა გადაწყვიტა, დედამისსა და მამამისს ვეტყვი, რომ ან თავი დამანებოს, ან დააკავონო. როგორც კი შევიდა, ეგრევე გადმოუხტა, _ შენ აქ მოსვლა როგორ გაბედეო? დაუწყო ცემა. დაგორდნენ სახლის კიბეებზე, ორივე დასისხლიანებული და დაჭრილი იყო, ერთმანეთი დაჭრეს. ნივთმტკიცებად გადატეხილი დანა ამოიღეს. მერე სასამართლოზე თქვეს, რომ ანაბეჭდები არ იყო ამ დანაზე. ზუსტად არ ვიცით, არც ექსპერტიზის პასუხი არის. უბრალოდ, ივარაუდეს, რომ ეს მკვლელობის იარაღი იყო. შეიძლება, სულ ვიღაცამ მიიტანა და დააგდო. რატომ უნდა ჩაეთვალათ ეს მკვლელობის იარაღად? იქვე ეყარა ჯართი და შეიძლება, სულ სხვა ყოფილიყო. შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს, სამი კვირა იწვა ის მოსიაშვილი იქ. გიორგი მაშინვე დააკავეს. მასაც რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა და მკურნალობდნენ. თავი ისევ გატეხილი ჰქონდა. საღამო იყო, ჩემს ბიჭთან ერთად ვიყავი და ვიფიქრე, გადავალ და მოსიაშვილს ვნახავ-მეთქი. რომ გადავედი, იმის მამამ დამინახა, მოვიდა, ხელი გადამხვია მხარზე და მითხრა, _ მედიკო, რა ვქნა, აბაო, ხომ აგიხსენი, როგორიცაა და ღმერთის იმედით, კარგად არისო. მასთან ერთად სხვა კაციც იყო, იმანაც მომიბოდიშა. იქიდან რომ წამოვედი, მეორე დილით ისევ უნდა წავსულიყავი, ათი საათი იქნებოდა და მამამისს დავურეკე, როგორ არის-მეთქი. _ კარგადაა, მედიკო, არ გინდა გადმოსვლა, აღარ შეწუხდე, შენს საქმეს მიხედეო. მერე გადავედი ბაზარში, სულ ათი წუთი იქნებოდა გასული და რომ მოვბრუნდი, ეგრევე დაიძახეს, სასწრაფოთი წაიყვანეს თბილისშიო. მოსიაშვილი მსმელი ბიჭი იყო, სასმელი მოუთხოვია და რომ არ მისცეს, დრენაჟიც და წვეთოვანიც მოიგლიჯა, თან ყვიროდა, სასმელი მომიტანეთო. მერე თვითონ ექიმმა თქვა, მუშტისხელა ღვიძლი ჰქონდაო. თბილისში გადმოყვანიდან 3-4 დღეში გარდაიცვალა. დაუმსახურებელი 13-წლიანი სასჯელი?! ჩემი შვილი 4 წელია, რაც დაჭერილია. მას 108-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, დაუმძიმეს, თითქოს იგი განზრახ შევარდა და მოკლა მოსიაშვილი. აი, ეს მიკლავს გულს. მოსიაშვილებმა ადვოკატად თავისიანი კაცი აიყვანეს, პროკურორად ნამუშევარი და ისე მოაწყვეს, თითქოს ჩემი შვილი საძინებელში შეუვარდა. არადა, ჩემი შვილი მათ სახლში ნამყოფი არ არის. რა იცის იმან, სად იყო საძინებელი, მივიდა და ყელი გამოჭრა. თითქოს სამი ლიტრა სისხლი იყო დაღვრილი, ასე ილაპარაკა მოსიაშვილის მამამ სასამართლოში. იმდენიც არ იცოდა, რომ სამი ლიტრა თუ ჰქონდა დაღვრილი, ვერც იცოცხლებდა და ვერც ოპერაციას გაუკეთებდნენ. ექსპერტიზა რომ ჩატარდა, არც საწოლში და არც ოთახში სისხლის არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. ჩხუბი მოხდა ეზოში. ამას შეესწრო მხოლოდ ცოლი, დედ-მამა იქ არ ყოფილა, ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და მერე მივიდნენ. ოთხი დღეღა აკლდა ცხრა თვეს, ჯერ არ გვეგონა, რომ სასამართლო დამთავრებული იყო და გამოაცხადეს, რომ 13 წელი მიუსაჯეს. ჩემმა შვილმა რაც ჩაიდინა და იმისთვის, რაც ეკუთვნის, სასჯელი უნდა მოიხადოს, მაგრამ რამდენი ხალხი ჰყავს სხვებს მოკლული, ვინმესთვის 13 წელი მიუციათ? რატომ არ განიხილა, რატომ შემოდო კასპის პოლიციამ საქმე თაროზე? არაფერი გააკეთეს და ასე დავიღუპე. მე დაკითხვაზე არ დავუბარებივართ ამ შემთხვევის შემდეგ. ჩვენ ეს განაჩენი გავასაჩივრეთ, ადვოკატი ხომ უნდა გასცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ მან ზეპირად და სასამართლოზე გაგონილი ფრაზებით გამოიტანა დასკვნები და ისე დაწერა სააპელაციო საჩივარი. სასამართლოს ჩატარებიდან 8 თვის შემდეგ მისცეს განჩინება. სააპელაციომ ორი წელი მოაკლო, 11 წელი დარჩა. კასპის 99% ჩემს შვილს ამართლებს და ყველა იმას ამბობს, რომ კასპს მუწუკი მოაშორა. იმ შემთხვევამდე ემუქრებოდნენ. მანქანით გაიტაცეს, კლდეებში წაიყვანეს, მანქანა დაუმტვრიეს და გამოექცა, თორემ ალბათ მოკლავდნენ. ავიწროებდნენ და ამიტომ გადაწყვიტა ჩემმა შვილმა, რომ ახალ სამსახურში გადასულიყო. ეშინოდა, რამე ცუდი მოხდებოდა, თუმცა ვეღარ მოახერხა. შემდეგ ის ამბავიც მოხდა და ასე შეეწირა ჩემი შვილი. ნაროზაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა _ აქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას ციხეში? ჩემი შვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც აქამდე ვისაუბრე, იმ ფაქტების შემდეგ, ვგულისხმობ ცემასა და ფიზიკურ თავდასხმებს, მას განუვითარდა დაავადება. უეცრად კარგავს გონებას, ხან თავი აქვს ჩამორტყმული, ხან _ წარბი და ა. შ. ვერ ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაცია სათანადო ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე არ არის დასმული. ვარაუდობენ, რომ ეპილეფსიური შეტევებია ან თავში ჩარტყმის შედეგად რამეა დაზიანებული. კიდევ ერთხელ ვამბობ: რატომ დაიმსახურა ჩემმა შვილმა ასეთი სასჯელი _ ამდენ შეურაცხყოფას რომ ითმენდა, მაგიტომ?!

ნენე ინჯგია

 

გაზიარება