QronikaPlus
მარიხუანა – შსს-ს კანონპროექტი და უფლებადამცველთა შეფასებები

მარიხუანა – შსს-ს კანონპროექტი და უფლებადამცველთა შეფასებები

2018-11-15 21:58:33

მარიხუანას მოპოვება-გავრცელებასთან მიმართებით ყველა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება აქვს. ჩვენს ქვეყანაში ეს გამოცდილება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაში გამოიწვია, არამედ საჯარო პირებსა და სახელმწიფო ორგანოებშიც გახდა იდეური დაპირისპირებების ბიძგი. ზოგიერთ პუნქტში საერთო აზრის ვერმოძებნისა და დაუზუსტებლობის გამო ამავე პუნქტების განხილვა გარკვეული პერიოდების ჩავარდნებს განსაზღვრავდა. სანქციები, ჯარიმები, დასჯის ფორმის შეუსაბამობა სამართლიან რეალობასთან _ ძირითადად, ამ საკვანძო საკითხებში ვერ ხდებოდა საერთო აზრამდე მისვლა. შს სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულირების კანონპროექტს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, სოფო ვერძეული აფასებს: _ ამ კანონპროექტის ფარგლებში რა საკითხები შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი და რა _ უარყოფითი? _ პირველ ყოვლისა, ვაცნობიერებთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც, ამ შემთხვევაში, აქვთ კანონპროექტის ინიციატორებს _ გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციონ მარიხუანას საკითხი მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ყველანაირი სანქცია მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში. ამის შემდეგ ღიად დარჩა სამართლებრივი სივრცე, რომელსაც სჭირდება ნათელი მოწესრიგება იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს დასჯადი და რა ტიპის ქმედება არ ითვალისწინებს დასჯას. ამიტომ ამ კანონპროექტის მიზანი ჩვენთვის არის ნათელი და მისაღები. ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის რეგულაციები ნამდვილად არის საჭირო მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ საკითხებს კანონპროექტთან მიმართებით, ვფიქრობ, საჯარო სივრცეში, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდვების დაწესება, რა თქმა უნდა, არის გამართლებული. იქ, სადაც შემოდის არასრულწლოვნების ინტერესი და ამაზე თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს გადაწყვეტილებაში, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესება არის ლეგიტიმური და კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. თუმცა არის რამდენიმე კონკრეტული საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც სამინისტროს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ. ვურჩიეთ ამ კონკრეტული პუნქტების დახვეწა კანონპროექტში. ეს ეხება, პირველ ყოვლისა, 21 წლამდე პირების საკითხების ახლებურად რეგულირებას კანონმდებლობაში. სრულიად გვესმის მიზანი, რომ სახელმწიფო და ინიციატორები, ამ შემთხვევაში, გამოხატავენ მიდგომას, რომ 21 წლამდე პირებისთვის განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის შემოტანა სურთ. ეს გასაგებია და მისაღები, თუმცა ჩვენ ვფიქრობდით და ვთავაზობდით ინიციატორებს, რომ, ამ შემთხვევაში, შებრუნებულიყო პასუხისმგებლობის საკითხი. 21 წლამდე პირისთვის პასუხისმგებლობის დაწესების ნაცვლად (თუკი ის მოიხმარდა მარიხუანას) პასუხისმგებლობა დამძიმებულიყო იმათთვის, ვინც 21 წლამდე ადამიანისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა მარიხუანას. ამით ჩვენ ერთგვაროვან ლოგიკაში მოვაქცევდით კანონმდებლობას. დღესაც ასეა. არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლისთვისაც პირები, კონკრეტულ ასაკამდე, პასუხს არ აგებენ. მაგრამ შეიძლება პასუხი აგოს სრულწლოვანმა პირმა, თუკი ის არასრულწლოვან პირს დაუშვებს გარკვეული სახის ქმედებაში ან რაღაც ტიპის გარკვეულ ნივთიერებაზე. ანუ პასუხისმგებლობა არის შებრუნებული. ის მკაცრია იმათთვის, ვისაც უკვე მიღწეული აქვს სრულწლოვანების ასაკისთვის და არა _ პირიქით. ახლა ჩვენ ვიღებთ ისეთ მდგომარეობას, სადაც 21 წლისა და უფრო მეტი ასაკის პირები, გარკვეული ქმედებებისთვის, არ ისჯებიან და ისჯებიან 21 წლამდე პირები. მიუხედავად იმისა, რომ მესმის დაცვის მიზანი, თუ ინტერესი, რაც შეიძლება ამ პროექტის ავტორებს ჰქონდეთ, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის საკითხის განსხვავებულად რეგულირება ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა თემებს. მეორე მნიშვნელოვანი კომენტარი, რაც კანონპროექტთან მიმართებით მქონდა, ეხება უფლებების შეზღუდვას _ თუკი, მაგალითად, სასამართლო მიიჩნევს საჭიროდ, რომ სამ წლამდე ვადით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის“ მიხედვით შეუზღუდოს გარკვეული უფლებები მოქალაქეებს. ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, როგორი მძიმეც უნდა იყოს ის, იმ ტიპის დამატებითი უფლებების ჩამორთმევის მექანიზმის გამოყენება, რაც, ზოგადად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არის დამახასიათებელი (და არა _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის) არ იყო მიზანშეწონილი. ზოგადად, ეს კანონი პრობლემურია, რაც უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მით უმეტეს, ამ პრობლემური კანონის გავრცელება სამართალდარღვევაზე, ვფიქრობდი, რომ არ იყო მიზანშეწონილი. _ ნარკოტესტირების საფუძვლებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? _ ნარკოტესტირების საფუძვლებთან დაკავშირებით ვფიქრობდი, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, ამ ეტაპზე, რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, პოლიციელმა, მარიხუანასთან დაკავშირებით ადამიანი ნარკოტესტირებაზე გადაიყვანოს. სამინისტროებს შევთავაზეთ, რომ უფრო მეტად ნათლად გაწეროს ეს პუნქტი იმიტომ, რომ თუ კერძო სივრცეში, პირად სივრცეში მოიხმარს ადამიანი მარიხუანას, საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, შემდგომში, საჯარო სივრცეშიც რომ გამოვიდეს ადამიანი ზემოქმედების ქვეშ, არ შეიძლება, ეს, რაიმე ფორმით, სანქცირების საფუძველი გახდეს. პირველ ვერსიაში არ იკითხებოდა საფუძვლები. პირიქით, შესაძლებელი იყო, ისეც წაგვეკითხა, რომ ქუჩაში გამოსვლის შემდეგ, თუკი პოლიციელი მიიჩნევდა, რომ პირი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო, შეეძლო, გადაეყვანა ნარკოტესტირებაზე. ამიტომ ერთ-ერთი პუნქტი ჩვენი შეთავაზებისა ამას ეხებოდა, რომ ეს ნათლად ყოფილიყო გაწერილი. სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მიზანი იყო ასეთი და ეს ნაწილი გასწორდებოდა. თუმცა უნდა ვნახოთ, საბოლოოდ, რა ვერსიას მიიღებს პარლამენტი. ერთადერთი საკითხი, რაც ბოლოს რჩება, არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკის სრულიად განსხვავებულ რეჟიმში რეგულირება, რაშიც, სიმართლე გითხრათ, სამართლებრივ ლოგიკას ვერ ვხედავ. მაგალითად, ავტოტრანსპორტის შემთხვევაში, თუკი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფისთვის მართვა სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება, რატომ არ არის ანალოგიური რეგულირება შემოთავაზებული ალკოჰოლთან დაკავშირებითაც? მე პირადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (არ აქვს მნიშვნელობა, ალკოჰოლი იქნება ის თუ - ნარკოტიკი) ერთნაირად სახიფათო შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის. თუ ამ ინიციატივას უსაფრთხოების მიზანი აქვს, რა თქმა უნდა, აჯობებდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შემთხვევები ერთნაირი რეგულირების ქვეშ ყოფილიყო _ იქნებოდა ეს სისხლის სამართალი თუ _ ადმინისტრაციული. ზოგადი შეფასების სახით, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ვუცხადებდი რეგულირების იდეას, ზოგადად, რაც ჰქონდა ამ საკანონმდებლო პაკეტს იმიტომ, რომ ამ საკითხს ეფექტიანი რეგულირება ნამდვილად სჭირდება. _ როგორ შეაფასებთ იმ მოსაზრების არსებობას, რომ, მარიხუანა სამოქალაქო ბრუნვაში შეიძლება ჩაეშვას? _ ეს კანონპროექტი ამ საკითხს არ არეგულირებს. ეს კანონი ამ ფორმითაც რომ მიიღოს პარლამენტმა, სამოქალაქო ბრუნვაში მარიხუანა ვერ ჩაეშვება. „კანაფის ექსპორტის კანონპროექტით“, რაც მეორე პაკეტი იყო, ისიც სამოქალაქო ბრუნვაში საქართველოს ტერიტორიაზე მარიხუანას არ ჩაუშვებდა. ჯერჯერობით, საერთოდ, არ ვიცით, მუშავდება თუ არა რაიმე ინიციატივა ამ მიმართულებით. არ მგონია, ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც კანაფის ექსპორტის საკითხი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, ამ მოკლე ვადებში რაიმე ინიციატივა, ამ მიმართულებით, იყოს. თუმცა ერთი რამ არის ფაქტი _ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ მარიხუანას მოხმარების კომპონენტი არის ლეგალიზებული (ანუ არ შეიძლება, მარიხუანას მომხმარებელ ადამიანს რაიმე სახის სანქცია დაეკისროს), შეზღუდული და რეგულირებული ფორმით მარიხუანას მოპოვებამდე ბევრი, სავარაუდოდ, დარჩენილი არ არის. ანუ თუკი კონსტიტუციური სტანდარტი ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ უნდა იყოს დასჯადი, ამას შეიძლება მოჰყვეს ნაბიჯი, რომ გარკვეული რეგულირების ფარგლებში და გარკვეულ სივრცეებში სახელმწიფომ (მაღალი შეზღუდვებისა და სტანდარტების პირობებში) ლეგალური მოპოვების (შეძენის) გზები დაუშვას. ამაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს და არ ვიცით, რა ფორმით იქნება შემოთავაზებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკაში, სავარაუდოდ, ჩაჯდებოდა, რომ არსებობდეს მარიხუანას მოპოვების ლეგალური გზები. რა თქმა უნდა, აქ შემოდის დამატებითი არგუმენტები _ თუკი მოხმარება ლეგალურია, მაშინ უფრო მეტი ზიანის მომტანი ხომ არ იქნება ის, რომ ადამიანებმა არალეგალურად, ანუ შავ ბაზარზე, დაიწყონ რაღაცების მოძიება, რაც უფრო მეტ რისკთან არის დაკავშირებული როგორც კრიმინალის მიმართულებით, ასევე _ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებითაც? ამ ორი არგუმენტის გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდულ და რეგულირების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიქმნას სივრცეები, სადაც ლეგალურად მოხდება მარიხუანას შეძენა/მოპოვება მათთვის, ვინც კონკრეტულ ასაკს აღწევს და კონკრეტულ პირობებს აკმაყოფილებს. _ სად ხედავთ იმ გზებს, რომლითაც ლეგალური გახდება (კონკრეტული შეზღუდვებისა და მონიტორინგის ქვეშ) მარიხუანას მოპოვება? _ ნამდვილად რთული სათქმელია. სხვადასხვა ქვეყანაში ამის სხვადასხვაგვარი გამოცდილება არსებობს. ბევრი არ არის ისეთი მაგალითი, როდესაც, რეკრეაციული მოხმარების მიზნით (მაგალითად, ევროპის ქვეყნებში) თავისუფალ ბრუნვაში იყოს მარიხუანა. არსებობს გარკვეული ტიპის გამოცდილებები _ ამერიკამ რამდენიმე შტატში გააკეთა ლეგალიზება რეკრეაციული, სამედიცინო მიზნებისთვის. შეიძლება ერთ-ერთი გამოცდილება ეს იყოს. ან კულტივაციის გზით უნდა მოხდეს, პირადი მოხმარების მიზნით, გარკვეული რაოდენობის მარიხუანას მოყვანის ლეგალიზება ან უნდა მოხდეს შეძენის გზით, რაც, სავარაუდოდ, „ქოფიშოპებს“ გულისხმობს ან შეიძლება იყოს სხვა გზებიც, რომელიც ახლა ნამდვილად არ ვიცი. ეს ორი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდია თუ ფორმებზე ვსაუბრობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს _ რა კონტექსტში, რა ფორმებით მოხდება ამის დაინიცირება. ჩემი მხრიდან, ძალიან რთულია იმის თქმა, რა იქნება უმჯობესი საქართველოსთვის. თუ იქნება ინიციატივა, შემდეგ სამართლებრივი მოსაზრებები გვექნება ამ საკითხის ირგვლივ. „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი, დავით სუბელიანი პასუხობს: _ შს სამინისტროს კანონპროექტი და დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი _ რა ძირითად მიზნებზეა თითოეული ორიენტირებული? _ ეს არის ორი სრულიად განსხვავებული კანონპროექტი. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი არის კანონპროექტი, რომელიც ათავისუფლებს ადამიანებს კრიმინალური პასუხისმგებლობისგან _ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. შს სამინისტროს კანონპროექტი არის კანონპროექტი იმის თაობაზე, როგორ შეიზღუდოს და როგორ დაისაჯოს ადამიანი, რომელიც მოიხმარს შესაბამის პროდუქტებს. კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენაზე, მინისტრის მოადგილეს ვკითხე და მან მითხრა, რომ ეს არის „მარწუხის მოჭერაზე“ ორიენტირებული კანონპროექტი. ჩემი მიზანი ამ არის ის, რომ კანონპროექტის მიღებით შემაკავებელი მექანიზმები შეიქმნას მომხმარებლისადმი. ეს იმისთვის, რომ მან მაქსიმალურად ნაკლები მოიხმაროს. ის კანონპროექტი ამბობს, რომ ადამიანი, უბრალოდ, არ არის დამნაშავე, თუკი ის მარიხუანას მოიხმარს. თუ ჩვენ შევქმნიდით იმ პირობას, რომ ადამიანები აღარ იქნებოდნენ დამნაშავეები და მათ მიმართ რეპრესიები შეწყდებოდა, გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა ამუშავებულიყო მექანიზმი (ესეც იყო შეტანილი), რომელიც განსაზღვრავდა სამკურნალო დანიშნულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის საჭიროებას _ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რომელიც არ გაგვაჩნია ქვეყანაში. კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, რომ ვუპასუხოთ ამ პრობლემას. კიდევ ის, რაც ქვეყანაში არ გაგვაჩნია, არის პირველადი პრევენცია _ იგულისხმება საგანმანათლებლო სივრცეებში ისეთი პროგრამების ინტეგრირება, რომელიც დამოკიდებულებაზე რისკებს ამცირებს და ადამიანებს აძლევს შესაბამის განათლებას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და ა. შ. ეს საერთოდ არ გაგვაჩნია. მკურნალობა ძალიან ფრაგმენტული და ცუდია. ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას რაც შეეხება, ის საერთოდ არ გვაქვს. ჩვენი პაკეტი იყო შემდეგი: ვქმნიდით საკანონმდებლო პაკეტებს იმისთვის, რათა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პრობლემები ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, დაძლიონ შიში, სტიგმა, გამოვიდნენ და პროფესიონალებთან მივიდნენ დახმარების მისაღებად _ თუ ეს მათ სჭირდებათ და თუ ეს მათ უნდათ. ეს იყო მთელი ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ გვჯერა (ყველანაირი გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს), რომ თუ მოვხსნით ლეგალურ ბარიერებს, კრიმინალიზაციასა და სტიგმას, ადამიანები დაიწყებენ საკუთარი პრობლემების შესახებ ექიმებთან და ფსიქოლოგებთან საუბრებს. ამ გზით შემცირდება ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევები და იმ ნაწილისთვის, ვინც მოიხმარს, იქნება ნაკლებ საზიანო, რადგან აღარ იქნება თვალხილული და სპეციალისტებს მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ. _ თქვენთვის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში რომელი პოზიცია მიგაჩნიათ გამართლებულად? _ დღეს ხდება შემდეგი: თუ ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს სატრანსპორტო საშუალებას, არღვევს კანონს, მაგრამ ეს არ მიიჩნევა სისხლის სამართლის დანაშაულად. გაერთიანებულ ემირატებში კრიმინალიზებულია საჭის მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში ეს ასე არ არის იმიტომ, რომ საჭიროდ არ მიჩნეულა. ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს. ავარიის შემთხვევა უკვე არის დამამძიმებელი გარემოება და შეიძლება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს. ეს მიდგომა მუშაობს. იქ, სადაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაა, თავში არავის არასდროს მოსვლია აზრად, რომ გაემკაცრებინათ (იქ, სადაც ადამიანები იღუპებიან). ამის ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის, რომ მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტში დააყენეს გამკაცრების ზომები, ეჭვიც არ შეგვპარვია, რომ ეს იყო პოლიტიკური სვლა, რათა ეჩვენებინათ, როგორ იბრძვიან ნარკომანიის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა მარიხუანას მომხმარებლების მიმართ ალკოჰოლის მომხმარებლებთან შედარებით. იმაზე აღარც არის ლაპარაკი, რომ არ არსებობს სტატისტიკა და მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანამ შექმნა ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული პრობლემები. ამის არანაირი გამოცდილება არსებობს, ერთი ანეკდოტური შემთხვევაც კი არ მოიძებნება. არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, ამის შესახებ არაფერი გვსმენია და დამტკიცებულა. ერთი მხრივ, პოლიტიკური კეკლუცობაა, ამომრჩეველს უთხრან, რომ არ შეეშინდათ და რომ მათ აქვთ მექანიზმები შესაბამისი პრობლემების მოსაგვარებლად. მეორე მხრივ, ეს არის ინსტრუმენტის მიცემა შს სამინისტროსათვის, რომ ჰქონდეთ ეფექტიანი მექანიზმები, გააგრძელონ რეპრესიები უკვე სხვა მოდალობაში მარიხუანას მომხმარებლების მიმართ: მაგალითად, დაიწყონ მძღოლების მაქსიმალური შეურაცხყოფა. აქ ძალიან ბევრი ტექნიკური კითხვა ჩნდება. ტესტი იმისა, რომელიც გაზომავს, კონკრეტული დროისთვის, რამდენია ადამიანში ნარკოტიკის შემცველობა, ისინიც კი ძალიან ძვირი ღირს, უბრალოდ, წარმოუდგენელიც კია, რომ ის ყველა პოლიციელს ედოს ჯიბეში და ქუჩაში ტესტავდნენ ადამიანებს. ძალიან დიდია პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ დადგინდეს, მართლა არის ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ თუ არა. ამას დაემატება კლინიკური შემოწმება, რომელიც არის შემდეგი: ადამიანი მოდის, შემოგხედავს, დაგაკვირდება და იტყვის, რომ დიახ, არის გარკვეული ნიშნები და ალბათობა იმისა, რომ ადამიანი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ქვეშ. ეს მექანიზმები არ არის ის მექანიზმები, რომელიც დადასტურებულად და დანამდვილებით ამტკიცებს, რომ ადამიანი ნარკოტიკული თრობის ქვეშაა. ეს მეთოდი გამოიყენება იმ კრიტიკული სიტუაციების სამართავად, როდესაც, მაგალითად, ვიღაცას უნდა ვუშველოთ და გვგონია, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არის და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ამ დროს გიწევს, რომ, გარეგნული დაკვირვების გათვალისწინებით, ივარაუდო _ შეიძლება, ადამიანს ეს სჭირს. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო, ამ ტიპის დაკვირვება საკმარისი არ არის. ამასთან ერთად, ალკოჰოლთან მიმართებით ეს ნაბიჯი დისკრიმინაციულიც კი არის და კითხვის ნიშნებს ბადებს. მთელი სულისკვეთება ის გახლავთ, რომ სახელმწიფო არ იყოს დაგეშილი ვიღაცების გამოსავლენად და, სულ მცირე, სირცხვილის დაფაზე გამოსაკრავად. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი პროექტი მუშავდება, და, შემდეგ უკვე, თაროზე უნდა შემოიდოს. მაგრამ სინამდვილეში, ამ პატარა კანონპროექტშიც კი, რომელსაც მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ქმნიან, იმდენი რაღაც აქვთ შეტანილი, რომ გასაგებია, ამათი ნარკოპოლიტიკა საითკენ იქნება მიმართული _ რაც შეიძლება მეტი მარწუხის მოჭერისკენ. ჩემთვის ეს მომენტია მნიშვნელოვანი. იქ კიდევ არის შემდეგი _ ახალგაზრდებში გავრცელება, აგიტაცია და ა. შ., ესეც ძალიან მკაცრად ისჯება. თუ სწორად მახსოვს, რვა წელს ითვალისწინებს. განმარტებითში ეწერათ აბსოლუტური ანეკდოტი _ ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, რომ 18 წლის ადამიანის გონება ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ძალიან დიდი სამეცნიერო მტკიცებულება გვაქვს, რომ 21 წლამდე ხდება ეს ყველაფერიო. ფაქტია _ კიდევ ერთხელ იპოვეს იმის საშუალება, რომ მარწუხი მოეჭირათ. კიდევ წერია, რომ 21 წლამდე ადამიანების თვალწინ არ შეიძლება მარიხუანას მოხმარება _ ესეც სასჯელს ითვალისწინებს. ამასთან, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნაც არ შეიძლება. ეს არის ძალიან პრობლემური ნაწილი იმიტომ, რომ ეს ფაქტი, როგორც უკვე ვთქვი, ნამდვილად ძნელი დასადგენია. ანუ ეს რას ნიშნავს _ ადამიანმა დილით მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ამ დროს ბავშვმა რომ გაიღვიძა, სახლიდან უნდა გაიქცეს? უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა, როდესაც ნარკოპოლიტიკაში ამხელა გამოწვევები გვაქვს და ამხელა პრობლემებია (სინამდვილეში, ბევრი ადამიანი ციხეშია და სასჯელი არის უსამართლო), ამ დროს მარწუხების მოჭერისთვის არ უნდა იხარჯებოდნენ.

მარიამ ტიელიძე

 

გაზიარება