საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ადამიანი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან ერთად, არავინ არის ვალდებული, თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას ასევე განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. უდანაშაულობის პრეზუმპციის მოთხოვნა გასათვალისწინებელია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელმა ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.
ექსპერტების შეფასებით ეს უფლება შელახულია ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული სპეცოპერაციის საქმეშიც, რომლის შედეგადაც პანკისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში დაჭრეს.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუბლის არეში დაჭრეს. იგი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში. სპეცოპერაციაც სწორედ ამ მიზნით ჩატარდა, _ ასე განმარტავენ საქმეს ძალოვან უწყებაში.
სუს-ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინისა და იარაღის მოძიებაში, მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. სწორედ ჩატაევთან კავშირში ედებოდა ბრალი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილსაც.
მაჩალიკაშვილის საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, ბევრი ეჭვი და ბევრი გაურკვეველი გარემოება. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ედავება სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპციაა, ასევე ის ძალისმიერი გზები, რომელიც გარდაცვლილის მიმართ იქნა დაკავების დროს გამოყენებული, რამაც გამოიწვია კიდეც მისი დაღუპვა.
უკვე თვეებია, მაჩალიკაშვილის ოჯახი სხვადასხვა ხერხით აპროტესტებს შვილის საეჭვო ვითარებაში მკვლელობის ფაქტს და სამართლიანობის აღდგენასა და სიმართლის დადგენას მოითხოვს, მშობლების სახელით კი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სუს-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უკვე რამდენიმე თვეა, ეს სარჩელი განხილვას ელოდება, ძვრები ცოტა ხნის წინ დაიწყო.
კონკრეტულად რას ედავება სუს-ს მაჩალიკაშვილის ოჯახი და რა მოლოდინები არსებობს ამ საქმეში, ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი _ თამთა მიქელაძე:
_ თქვენი სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ეხება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. კონკრეტულად რა პუნქტებსა და დარღვევებზეა საუბარი?
_ მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში მაჩალიკაშვილების ოჯახის მთავარ მოთხოვნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, 2017 წლის 26 დეკემბერს და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებული განცხადებების შედეგად, მათი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის დადგენა წარმოადგენს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსისა და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენასა და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.
თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა და ბრალდებულის სტატუსის მინიჭება ამ დრომდე არ განხორციელებულა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმპციას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და საზოგადოების თვალში მის დამნაშავედ წარმოჩენას და დეჰუმანიზებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის ვალდებულება ვრცელდება როგორც მოსამართლის, ისე საჯარო ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე და აღნიშნული პრინციპი შეიძლება დაირღვეს ორივეს მიერ გაკეთებული განცხადებით.
უდანაშაულობის პრეზუმპცია ავალდებულებს არა მხოლოდ იმას, რომ სასამართლომ ან საჯარო თანამდებობის პირმა ასეთი პირის მიმართ არ გამოიყენოს უშუალოდ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვა, არამედ იმასაც, რომ არც სხვა სიტყვებით გამოხატოს წინასწარი აზრი (მოსაზრება, თვალსაზრისი, შეფასება, კომენტარი) მის ბრალეულობასთან დაკავშირებით. მთავარია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან საჯარო თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადება ასეთ პირთან მიმართებით არ გამოხატავდეს მოსაზრებას, რომ ის დამნაშავეა იქამდე, ვიდრე ამ პირის დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ჩვენს საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, მედიისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე, რომელზეც გაჟღერდა სუს-ის მიერ წინასწარ მომზადებული წერილობითი განცხადება, არა მხოლოდ მოსაზრება გამოხატა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, არამედ გამოიყენა უშუალოდ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და მტკიცებით ფორმაში მიუთითა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ არ არსებობდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
სუს-ის აღნიშნული განცხადებები და შემდგომში სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ სუს-ის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც მისი მხრიდან უფლების მძიმე დარღვევის ფაქტებისა და უწყების მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის ინტერესს ისახავს მიზნად. ამ გზით უწყება ცდილობს, თემირლანის სიცოცხლის ღირებულება დააკნინოს და მისი რეპრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაცია მოახდინოს.
_ რა ეტაპზეა სარჩელი, როგორ მიდის განხილვის საქმე საქალაქო სასამართლოში?
_ 2018 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა საქმის არსებით განხილვაში გადაიზარდა, სასამართლომ ნაწილობრივ მოისმინა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, თუმცა პროცესისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის გამო მისი გაგრძელება ვერ მოხერხდა.
2019 წლის 15 იანვარს 11:00 საათზე გაგრძელდება საქმის მთავარი სხდომა, მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან, შემდეგ მოპასუხე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ახსნა-განმარტებას. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის 15 იანვარს გამართულ სხდომაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მთავარი სხდომის ყველა სტადიას (მხარეთა ახსნა-განმარტება, მხარეთა შეკითხვები, მტკიცებულებათა გამოკვლევა, პაექრობა, რეპლიკა) გავივლით და სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება მიიღოს.
_ რა მოლოდინები გაქვთ, რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით?
_ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახეზე იქნება მორალური ზიანის დაკისრების აუცილებელი ელემენტი სახელმწიფო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის დადგენის შემთხვევაშიც, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო შინაგანი რწმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაადგენს სახელმწიფო ვალდებულებას, აანაზღაუროს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებისთვის მიყენებული მორალური ზიანი.
აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა სასამართლო პრაქტიკისთვისაც და ვიმედოვნებთ, სასამართლო ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს გამოიყენებს და საქმეზე მაღალი პილიტიკური ინტერესის მიუხედავად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ როგორც ცნობილია, თქვენ სარჩელი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით შეიტანეთ. მათ მომართეს თქვენს ორგანიზაციას თუ ეს თქვენი ინიციატივით მოხდა?
_ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაჩალიკაშვილების ოჯახს სისტემურ სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს და ამ საქმესთან კავშირში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში, ოჯახის ინტერესების წარმოდგენის მიღმა, ჩვენ პარალელურად კიდევ 3 დავას ვაწარმოებთ.
საბოლოოდ, ჩვენი მიზანი აღნიშნული საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნაა და ყველა რელევანტური და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას ვცდილობთ ამ პროცესში. უდანაშაულობის პრეზუმპციის უხეში დარღვევა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა ამ საქმეზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების შელახვის მიზეზი გახდა. შესაბამისად, ოჯახთან ერთად სამოქალაქო დავის დაწყების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
_ ზოგადად რომ შეაფასოთ, რამდენად ხშირად ირღვევა ჩვენს ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმპცია და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?
_ ამ კუთხით კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის გაზიარება გაგვიჭირდება. რუტინულ სისხლის სამართლის საქმეებში მსგავსი დარღვევის პრაქტიკა არ გვხვდება. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკური სიმძიმის საქმეები ხდება, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის ფაქტები ფიქსირდება, მაგალითად, ვ. მაისაიას საქმეზე, ვაზაგაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადე
ანა ურუშაძე