ისტორია, რომელიც ილია დალაქიშვილმა „ქრონიკა+“-ს მოუყვა, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაგრძელდა.
ექვსი წელია, სამართლიანობის აღდგენას ელოდება, მაგრამ კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მეტიც, „ოცნების“ პირობებში სახელმწიფო ტენდერების მოგების მთავარი პირობა სამუშაო გამოცდილებაა, რაც ვერანაირად ექნება მეწარმეს, თუ წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ იყავი. სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა ილია დალაქიშვილი იძულებული, რუსული კომპანიის ფილიალი გაეხსნა, რადგან გაარკვია, რომ რუსულ კომპანიებთან „ოცნების“ ხელისუფლებას პრეტენზიები და საკანონმდებლო შეზღუდვები არ გააჩნდა.
„ქრონიკა+“ ილია დალაქიშვილს ესაუბრება:
_ რუსეთში ვსწავლობდი, ოჯახით იქ ვცხოვრობდი, 1997 წელს საქართველოში ჩამოვედი და ნავთობის ბიზნესში საქმიანობა დავიწყე; 2003 წლამდე ნავთობის ბიზნესში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გახლდით. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რასაც მაშინდელი ხელისუფლება აკეთებდა, მე და ჩემი პარტნიორი დაგვიბარეს, მათი პირობები გვითხრეს, ამ დროს მთავარ პროკურატურაში ჯერ ოქრუაშვილის პერიოდი იყო, შემდეგ კი _ ადეიშვილის. ჩემი მხრივ მაქსიმალურად შევეცადე, ის პირობა შემესრულებინა, რაც დამავალეს...
_ კონკრეტულად?
_ კონკრეტულად უძრავი ქონების გადაფორმება და ბიუჯეტში, ეროვნულ ბანკში პროკურატურის სპეცანგარიშზე თანხების შეტანა.
_ თუ საიდუმლო არ არის, რამდენი შეიტანეთ?
_ 2 მილიონზე შევთანხმდით, აქედან უნდა ყოფილიყო მილიონ 700 ათასის ქონება და 300 ათასი ლარი სპეცანგარიშზე შევიტანე. მილიონ 700 ათასი ლარი „პირიმზის“ შენობის მეხუთე-მეექვსე სართულში ჩამითვალეს, რომელიც ჩემი საკუთრება იყო...
ლაურა ღაჭავას აყიდინეს მთლიანი აქციონერებისგან ექვსივე სართული... პირობა იყო, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო მუშაობა და პრეტენზია არავის უნდა ჰქონოდა. გვეგონა, ასეც იქნებოდა, მაგრამ შემდგომში ხელახლა დაგვიბარეს, იგივე თანხები გაჟღერდა. მაშინ, 2004 წელს, ფინანსური პოლიციის უფროსი კეზერაშვილი იყო. ვატყობდი, რომ ხან სააკაშვილის ჯგუფი მიბარებდა და თანხა უნდა მიმეტანა, ხან ჟვანიას ჯგუფი მიბარებდა და მერე იმ ჯგუფისთვის უნდა მიმეტანა თანხა. მერე მიბარებდნენ, დაადე ხელი, რომ ისინი ფულს გთხოვდნენო და იყო ერთი ამბავი 2004 წლის ბოლომდე. ამიტომ ავდექი და ქვეყნიდან წავედი. 2004 წლის 12 ნოემბერს წავედი. კეზერაშვილმა სამი დღე მომცა. პირობა იყო, ჟვანიას გუნდისთვის ხელი დამედო, რომ ჩემგან თანხას ითხოვდნენ. კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ მე შეხვედრა მქონდა კანცელარიაში ჟვანიას მისაღებში ტყეშელაშვილთან და პაპუაშვილთან, მეტსახელად „სინგაპურას“ ეძახდნენ, რომელიც მერე დაიღუპა. ამ ინტრიგებში რომ არ მოვყოლილიყავი, დავიხურე ქუდი და ქვეყნიდან წავედი. ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მეგონა, გადაიარა ამ უბედურებამ და ჭექა-ქუხილმა გადაიღო. 2005 წლის გაზაფხულზე ჩამოვედი. ისევ ანალოგიურად დამიბარა კეზერაშვილმა. მანამდე რამდენჯერმე მქონდა გამოგზავნილი რუსეთიდან ნავთობპროდუქტები ტრანზიტზე საქართველოს გავლით და მაგ ბიზნესზე დამიძახა კეზერაშვილმა. მიმითითა ჯგუფი, რომელთანაც უნდა მეთანამშრომლა და უნდა გამომეგზავნა.
_ რომელი ჯგუფი იყო?
_ „რომპეტროლის“ ჯგუფი იყო, რომელთანაც უნდა მეთანამშრომლა. მივლინებით ვიყავი წასული 2005 წლის ნოემბერში, ანალოგიურად დაიწყეს მოძრაობები, როგორც ხდებოდა: ვაგონები გააჩერეს, 21 ვაგონი ნავთობი მქონდა გამოგზავნილი. სასწრაფოდ მომიხდა ჩამოსვლა და 2005 წლის 30 დეკემბერს სპეცოპერაცია განახორციელეს ვანო მერაბიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, ჩემი და ჩემი პარტნიორის დაკავება უნდოდათ, ვერ დამაკავეს, სახლიდან გაქცევა და საზღვარზე გადასვლა მოვასწარი. მამაჩემი და ჩემი პარტნიორის მამა დააკავეს. მეორე-მესამე დღესვე დამიკავშირდა გამომძიებელი ანზორ ხვადაგიანი. პირობა იყო, ჩამოვსულიყავი, თუ მინდოდა, რომ მამაჩემი და პარტნიორის მამა გაეთავისუფლებინათ. სერიოზულად არ მივიღე, ვიფიქრე, 60 და 72 წლის კაცებს მძევლად როგორ დატოვებენ, პატიოსანი კაცები არიან, ყაჩაღები ხომ არა-მეთქი და არ ჩამოვედი. მამაჩემს 4 წელი მიუსაჯეს. წელიწად-ნახევარი გამოძიება მიდიოდა, საქმე აღძრული იყო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე (193-ე მუხლი იყო 2-დან 3 წლამდე). რამდენიმე ბაზა გვქონდა ლილოში, ერთ-ერთი ბაზის დარაჯის ჩვენებით დააკავეს მამაჩემი და ჩემი პარტნიორის მამა, თითქოს უკანონოდ ვყიდდით ნავთობს, ნავთობის გამოხდას ვაწარმოებდით. მამაჩემს რომ 4 წელი მიუსაჯეს, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. ჩამოვედი და დამაკავეს, 5 მილიონი უნდა გადამეხადა. 5 მილიონის გადახდის არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა და 3 წელი მომისაჯეს. ამის მერე ციხეში ვიგებ, რომ ჩემს ქონებას ჩემი ხელმოწერით ყიდიან. „გეზის“ ტერიტორია რომ არის ვაზიანში, 101 ჰექტარი მიწა გვქონდა მე და ჩემს პარტნიორს გაფორმებული, საკუთრებაში იყო. ჩემი და ჩემი პარტნიორის ხელმოწერით 9 მილიონ დოლარად ებრაელებს მიჰყიდეს, ვინმე დენიელ ამორიოსთან მოხდა გარიგება. ნოტარიუსი თამარ კალანდარიშვილი იყო, კომპანიის დირექტორმა მოუწერა ხელი და ეს მიწა გადაუფორმეს. 4-მილიონ-ნახევარი თანხის ქეშად გადაცემა დაფიქსირდა. ამ დროს მე ორთაჭალაში ციხეში ვზივარ. ამაზე ერთი ამბავი ატყდა, შემდგომში ადვოკატ ზურაბ თოდუას მინდობილობა მივეცი, მან პრეზიდენტის სახელზე განცხადება დაწერა, მამაჩემი რუსთავის პირველ კოლონიაში იჯდა, დაახლოებით ორ კვირაში ადვოკატისგან ვიგებ, რომ მამაჩემს საქმე აღუძრეს, 50 ლარი აღმოუჩინეს საკანში და 3 წელს უმატებდნენ. ამის შემდეგ დეტექტივი-გამომძიებელი შემოდის, გვარი არ მახსოვს და მეუბნება, რომ უნდა გამოძიებასთან ითანამშრომლოო. რა იყო სათანამშრომლო და ბოლოს როგორც გაირკვა, საჩივარი უნდა გამეტანა, მე და ჩემს პარტნიორს ანგარიშზე 300-300 ათას ლარს დაგვისვამდნენ და ასე უნდა დამთავრებულიყო ეს ისტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაშენს მივუსჯითო. არ მინდოდა, მამაჩემისთვის დაემატებინათ სასჯელი და 4 წელი 7 წელი გამხდარიყო, მაინც დაუმატეს 10 თვე იმ პირობით, რომ იმასაც მოუხსნიდნენ, თუმცა არ მოუხსნეს. დავწერე, რომ არ მქონდა პრეტენზია და 300-300 ათასი ლარი ანგარიშზე დაგვისვეს. ამ დროს ჩემი საქმე სტრასბურგმა მიიღო, ნომერი მიანიჭა, მე არ მიღიარებია არაფერი, ძიება მიმდინარეობდა, სტრასბურგში საქმე იყო გაგზავნილი, 2010 წლის მაისში გავთავისუფლდი. ციხის საავადმყოფოს მაშინდელმა უფროსმა ალექსანდრე მუხაძემ ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც, სხვათა შორის, მეხმარებოდა, იქ ორი წელი ვიცხოვრე და ჩემთვის ცუდი არ გაუკეთებია, ბიზნესმენებს არ ეხებოდნენ, თუმცა ბევრი ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა და ეს საიდუმლო არ არის. მუხაძემ მეგობრული რჩევა მომცა, რომ სტრასბურგიდან სარჩელი გამომეტანა, თუ მინდოდა, რომ საქართველოში მეცხოვრა. დავავალე ჩემს ადვოკატს და სარჩელი გამოიტანა, ამ დროს უკვე 14 თვე იყო გასული განთავისუფლებიდან. მეორედ 2011 წლის 13 სექტემბერს დამიჭირეს, სპეცოპერაცია ჩატარდა და სამთვიანი მომისაჯეს, ოთხმა პიროვნებამ დამადო ხელი, რომ 2010 წელს ციხიდან ბათუმის ნავთობტერმინალიდან ნავთობის ქურდობას ვხელმძღვანელობდი. 2010-2011 წლებში ეს პიროვნებები ხელს მადებდნენ, რომ ნავთობს ვიპარავდით და დალაქიშვილი ხელმძღვანელობდა ციხიდანო. ჯერ საპროცესო გარიგება შემომთავაზეს, უარი ვუთხარი და სამი თვის მერე, 2012 წლის 27-28 მაისს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. დაახლოებით 7 მუხლი შემიკრიბა მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა, 67 წელი გამოვიდა. ვინაიდან არაძალადობრივი იყო ყველა, მხოლოდ ეკონომიკური მუხლები იყო, 30 წელი დამიტოვა. 2012 წლის ბოლოს პარლამენტის კომისიაში განცხადება შევიტანეთ, განიხილეს და პოლიტპატიმრის სტატუსი მომენიჭა. 2013 წლის 13 იანვარს გავთავისუფლდი, მას მერე პროკურატურაში დავდივარ, მიდის გამოძიება, დაახლოებით 18 კაცია დაკითხული, ფიქტობრივად, ჩამორთმეული ქონება გადმომეცა, რომელიც მანამდე იყო გაყიდული, სანამ მომისჯიდნენ და გამამტყუნებდნენ, ნაწილი გაიყიდა და ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ის, რაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, მმართველობაში გადმომეცა და დღემდე ვიხდი იჯარას იმ იმედით, რომ გამოძიება დასრულდება და საკუთრებაში გადმომეცემა.
2013 წლის იანვარში გამოვედი. რაღაც მინდოდა გამეკეთებინა. ჩემი ძირითადი ბიზნესი დაკავებული იყო, 4 კომპანიას ჰქონდა ბაზარი ათვისებული და აზრი არ ჰქონდა საწვავში ბედის ცდას. ჯგუფი გავაკეთე, სამშენებლო ტექნიკა შევიძინე, კრედიტი ავიღე და სამშენებლო კონტრაქტების მოძიება დავიწყე. რამდენიმე გავაკეთე, თუმცა ყოველ ნაბიჯზე ხელი მეშლებოდა, გამოცდილება უნდა მქონოდა, სახელმწიფო აუქციონზე ტენდერებში რომ შევსულიყავი. 5-6-წლიან გამოცდილებას მთხოვდნენ, რაც ჩემს ახალ კომპანიას არ ჰქონდა.
_ ანუ თუ „ნაცების“ დროს ტენდერებს არიგებდი და გამოცდილება არ გქონდა, „ქართული ოცნების“ პირობებში, 2013 წელს, ტენდერში მონაწილეობას ვერც მიიღებდი და ვერც მოიგებდი.
_ დიახ, ასეა. წელიწად-ნახევარი ვიწვალე, 2015 წელს რუსეთში ჩემს მეგობარსა და ბიზნესპარტნიორ ვიტალი კასანოვს ჩავაკითხე, რომელიც 32 წლის იყო. მას ვთხოვე, რომ თუ საშუალება ჰქონდა, სამშენებლო კომპანიასთან დავეკავშირებინე. საქართველოში ინფორმაცია მოვიძიე და ვნახე, რომ რუსულ კომპანიებთან არანაირი წინაღობა არ იყო და რამდენიმე რუსული კომპანია ტენდერებში მონაწილეობდა. შესყიდვების სააგენტოში ვიკითხე, ხომ არ ექნებოდა რაიმე წინააღმდეგობა და მიპასუხეს, _ არაო. ამის მერე ჩავაკითხე, მინდოდა, მათ ფილიალი გაეხსნათ და ფილიალის ხელმძღვანელი მე ვყოფილიყავი. ისეთი კომპანია მომიძებნა, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ოლიმპიადაზე სოჭში მუშაობა და საკმაო გამოცდილება ჰქონდა. ამ კომპანიის ხელმძღვანელობის ძირითადი ინტერესი იყო, საქართველოში გადმოექაჩათ ინვესტიცია, იქიდან აქეთ გადმოექაჩათ თანხები მშენებლობაში და სამშენებლო პროექტებში განეხორციელებინათ ტრანზაქციები. წარმომადგენლობა გავხსენით, მონაწილეობა დავიწყე. კომპანიის გახსნიდან სამ თვეში ეს ჩემი მეგობარი ვიტალი კასანოვი ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ფაქტობრივად, მარტო დავრჩი. ოჯახთან და ვინც მასთან ერთად იყო საქმეში, მათთან კავშირი მქონდა, მაგრამ ის პროექტები და ის თანხა, რაც აქეთ უნდა გადმოგვექაჩა, იქ ნაშოვნი ფული აქ მშენებლობაში ჩაედო, ფაქტობრივად, გადაიდო.
ამის შემდეგ ჩემით დავიწყე ტენდერში მონაწილეობის მიღება, დაახლოებით, 200 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერში მაქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გავიმარჯვე და ყველა დოკუმენტს აკმაყოფილებდა, თუმცა ყოველგვარი ახსნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიბლოკებოდით, პირდაპირ, თავხედურად, ჯარიმებზე გვიშვებდნენ მაშინ, როცა მესამე-მეოთხე ეტაპზე ვიყავით გადასულები. ჯამში გადახდილი მაქვს ჯარიმა 270 ათასი ლარი. დაახლოებით 160 ტენდერში გვაქვს მონაწილეობა მიღებული თანხით _ 204 მილიონ 570 ათას 292 ლარში, აქედან 31-ზე გაფორმდა ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანხაა _ 16 მილიონ 117 ათას 593 ლარი. ფაქტობრივი შესრულება გამოგვივიდა 15 მილიონ 112 ათას 520 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გვაქვს 2 მილიონ 355 ათას 652 ათასი ლარი. აი, ეს მონაცემებია დღემდე. რაც შეეხება მოგებას, ჯერჯერობით, კომპანიას არანაირი მოგება არ აქვს, ზარალზეა გასული, ვინმეს ან ეცადა თანხის გადარიცხვა, ან სურვილი ჰქონოდა, დივიდენდების სახით გამოეტანა, ეგეთი რამ არ ყოფილა.
_ მათ შორის რამდენად სწორია ბრალდება, რომ ამ ტენდერებიდან თანხა მიდიოდა რუსეთში, სამხრეთ ოსეთში და შეგიძლიათ თუ არა ამის დოკუმენტურად დადასტურება, რომ არანაირი ფული გადახდილი არ გაქვთ?
_ ეს ბრალდება სრული სიცრუეა, შეგვიძლია ბანკის დამოწმებული ამონაწერები წარვადგინოთ, ყველა ბანკის, სადაც ანგარიში გვაქვს გახსნილი, შემიძლია ამონაწერები გავაკეთო, სადაც ნათლად ჩანს, თანხის ბრუნვა სად არის გადარიცხული და რისთვის არის გადარიცხული. არც ერთი თეთრი ჩვენი კომპანიიდან რუსეთში გადარიცხული არ არის, არც ერთი თეთრი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოგონილი სიცრუე და ჭორი.
_ კონკრეტული მაგალითი გვითხარით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გებრძვიან.
_ ერთ-ერთ ტენდერში გავიმარჯვეთ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, შევედით და თანხა დავაკელით, დაახლოებით 10 პროცენტზე მეტი, 2 მილიონ 100 ათას ლარად გავიმარჯვეთ, ორმილიონ-ნახევრიანი იყო, თუ არ მეშლება. შესაბამისი დოკუმენტაცია წარვადგინეთ, ხელშეკრულება გაგვიფორმეს და მუშაობა დავიწყეთ. კახა ასკურავა საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“,პრესკონფერენცია ჩაატარა ასეთი ინფორმაციით, რომ არარსებულმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერშიო. მას დავუკავშირდი და ავუხსენი, რომ კომპანია რეალური იყო და არასწორი ინფორმაცია ჰქონდა გაჟღერებული, რაზედაც ვიკამათეთ. მეუბნებოდა, რომ ეს კომპანია გაუქმებულიაო. მერე დოკუმენტაცია წარვუდგინე, რეესტრის ამონაწერით ადვოკატთან ერთად ჩავედი ოზურგეთში, მან შემდგომში განცხადება გააკეთა, რომ სხვა კომპანია ეგონა, რომელიც 5 წლის გაუქმებული იყო და ბოდიში მოიხადა, პრესკონფერენცია ჩაატარა და თავისივე განცხადება ჟურნალისტებთან უარყო.
რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ჟურნალისტი მირეკავს და მეუბნება, რომ „ლადნიკპროდუქტს“ საქმიანობაში არ უწერია მშენებლობა და როგორ ხდება, რომ 30 მილიონის ტენდერი გაქვს აღებულიო? რაზედაც ვუპასუხე, რომ შესაძლებელი იყო, საქმიანობაში არ ყოფილიყო მითითებული და კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა, მაგალითად, ეწეროს მიმართულება და იქვე ეწეროს: „ყველა სხვა საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული“. არ მიპასუხია. რასაც დამავალებენ, ყველაფერს გავაკეთებო.
რაჟდენ კუპრაშვილი _ ადვოკატი:
_ ათი დღის წინ პრესკონფერენცია ჩავატარეთ, სადაც ტელევიზიებს შევთავაზეთ, მოსულიყვნენ, მოესმინათ ჩვენთვის და მათი მხრიდან ჟურნალისტურ გამოძიებას ხელს შევუწყობდით, მეტიც, მინდობილობებს მივცემდით, რომ მათ წვდომა ჰქონოდათ საგადასახადო დოკუმენტაციებთან, ამავდროულად, წვდომა ჰქონოდათ საბანკო ანგარიშებთან, რომ სიმართლე დაედგინათ და ეს ყველაფერი სიცრუე იყო. ასევე მოვითხოვეთ კიდევ ერთი გადაცემა იმისთვის, რომ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა მომხდარიყო. მე სხვადასხვა ჟურნალისტს, ტელევიზიებს დავუკავშირდი, მათ შორის, „რუსთავი 2“-ს. ტელეკომპანია „იბერიამ“ აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემაში მიიწვიეს კომპანიის წარმომადგენლები. ამის შემდგომ ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართავთ ტელეკომპანიებს, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს რეაგირება, ამას კანონიც ავალდებულებს მათ, ცალმხრივად არ უნდა გაუშვან ინფორმაცია, ვინაიდან რეაგირება არ აქვთ და შესაბამისად არის ინფორმაცია გასული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იძულებული ვართ, ჩვენი ინტერესები დავიცვათ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. გადაცემაში მონაწილე პირებს (მათ შორის, ერთ-ერთი არის ქალბატონი თაკო ჩარკვიანი) სრული ინფორმაცია მივაწოდეთ, იმედი გვქონდა, რომ ის ამ გადაცემის გასვლის შემდეგ რეალობით დაინტერესდებოდა, რადგან ამ ადამიანმა ძალიან ხმაურიანი განცხადებები გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, მან უაპელაციოდ მიიღო ის განცხადებები, რაც მას მიაწოდეს და დაუნდობელი იყო, თითქოს ჩვენი კომპანია აფინანსებდა რუსულ ჯარებს და შემდეგ ეს რუსული ჯარები გვიკეთებდა ოკუპაციას. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე და წარმოუდგენელი ცილისწამება. იმედი მქონდა, რომ თაკო ჩარკვიანი აუცილებლად გამოეხმაურებოდა და სწორ ნაბიჯს გადადგამდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება, ადამიანს ცილი დასწამო ასეთი მძიმე ბრალდებით. თუმცა მისი მხრიდან ანალოგიურად არანაირი რეაგირება არ არის. ჩვენ მას ხმა მივაწვდინეთ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვთხოვეთ, ადეკვატური შეფასება გაეკეთებინა და თუკი რაიმე დამატებითი სახის ინფორმაციის მიღება სურდა, მზად ვიყავით ამისთვის, თუმცა მისგან ასეთი მესიჯი გახლდათ, რომ ის არჩევნებში იყო ჩართული და ახლა ამ საკითხისთვის არ ეცალა. გვინდა, პოზიცია დავაფიქსიროთ, რომ პირველ რიგში ამ კომპანიის მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულნი, ჩვენთვის ის ფასეულობები, რაც ძირითადად ყველას აქვს და ამ ფასეულობებს ძალიან ცუდად შეეხენ გადაცემაში მონაწილე პირები, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც შეიძლება სისხლის სამართლის მუხლითაც დაისაჯოს და დაისჯება კიდეც, თუკი დადგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებსა და, ამავდროულად, ჯარს აფინანსებ. ეს პატარა ბავშვმაც იცის, თუ რას ნიშნავს. ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეაგირება, პირველ რიგში, განცხადების გამკეთებლებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა და მოუწევთ. თუკი ამას ნებით და ცივილიზებულად არ გააკეთებენ, ჩვენ მათ სასამართლოს ძალით ვაიძულებთ, სიმართლე გააჟღერონ. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის, მარტივად შევდივართ საიტზე spa.ge. კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდს ვწერთ და რა ტენდერებშია მონაწილე პირი, საიდან დაბლოკეს, საიდან გამოაგდეს, რომელი გაასაჩივრა და რა სამართლებრივ გზებს მიმართა, თქვენ ამას ნახავთ. რატომ ვამახვილებთ ახლა ამაზე ყურადღებას: სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს სასათბურე პირობები და მეტიც, ძალიან იოლად ვიგებთ ამ ტენდერებს. ეს სიცრუეა. თქვენ ნახავთ, რომ კომპანიას, რომელსაც ერთპროცენტიანი საგარანტიოთი 270 ათასი წაართვეს ჯარიმაში და ყველა გასაჩივრებული გვაქვს, შესყიდვების სააგენტოში ვიგებდით, ბრუნდებოდა შემსყიდველთან. პროცედურა მდგომარეობს შემდეგში: როცა გაგდებენ, დისკვალიფიკაციას გაძლევენ, შესყიდვების სააგენტოში ასაჩივრებ, იქ მოიგებ პროცესს, დაუბრუნებს შესყიდვების სააგენტო, რომ ეს კომპანია არასწორად გააძევეთ ტენდერიდან და საკითხი განიხილეთო და ისევ იღებენ იგივე გადაწყვეტილებას. მათ იცოდნენ, რომ მერე შესყიდვების სააგენტოში ვეღარ ვბრუნდებოდით და სასამართლოსთვის უნდა მიგვემართა. თქვენ იცით, რომ სასამართლოში დღეს საქმის განხილვას ხუთი წელი უნდებიან. ასეთი საქმეები გვაქვს აღძრული, დაახლოებით, 15 საქმე, როგორც ეს ყველაფერი იმ საიტზე ჩანს. ამ საქმეებში წაგებული გვაქვს მარტო 270 ათასი ჯარიმის სახით. წარმოგიდგენიათ, ტენდერში მონაწილეობ, ერთი, რომ ხარჯს წევ და, ამავდროულად, იქით გაჯარიმებენ. აი, ასეთ პირობებში ვიყავით და პირიქით, თუ განცხადება გაკეთდებოდა და ჩვენი უფლებების დაცვისთვის იმ გადაწყვეტილებების გადახედვას მოუწოდებდნენ, ეს უფრო ადეკვატური იქნებოდა, ვიდრე ის, რომ დაგვადანაშაულოთ იმაში, თითქოს, უტენდეროდ რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები ან სხვა დაკვეთა მივიღეთ სახელმწიფოსგან. ეს არის ერთადერთი კომპანია, ჩვენ არ გვაინტერესებს აბსოლუტურად ის პოლიტიკური პროცესები, რაც მიმდინარეობს, ვის რა სურს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ბიზნესმენები, მარტივად ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, ბიზნესს ვაკეთებთ, ბიზნესში დასაქმებული გვყავს ხალხი, ჩვენს ინტერესებში შედის, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და უფრო გაიზარდოს ბიზნესი. ეს არის ერთი საკითხი, მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ ბიზნესს მტრის დაფინანსებაში ადანაშაულებ. საქართველო არც ისეთი ბაზარია, თუნდაც სამშენებლო კომპანიისთვის, ჩვენ შეგვიძლია სამი კონტრაქტი წარმოგიდგინოთ, რომელზედაც ეს ეხებოდა სამშენებლო ბიზნესგეგმას, ამხანაგობებთან ვაწარმოებთ და მშენებლობები შეჩერებულია, რეპუტაცია შეგველახა, ამით ჩვენი ბიზნესი და ჩვენს ბიზნესში მომუშავე ადამიანები დაზარალდნენ.