QronikaPlus
2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლე

2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლე

2018-10-31 07:40:07

სარალიძე უკვე კრებით სახელად იქცა და ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ შვილმოკლული მშობლების გაერთიანება შეძლო. სწორედ უსამართლობასთან ბრძოლისას გავიგეთ სისტემის მიერ გაუბედურებული არაერთი ოჯახის შესახებ. ამბავი, რომელზედაც დღეს გიამბობთ, 2012 წლის არჩევნების დროს მოხდა მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში 30 წლის იოსებ ლომიძე, როგორც მისი დედა გვიყვება, კომისიის თავმჯდომარის შვილის ნაცვლად შემოაკვდათ. „ქრონიკა+“-ს იოსებ ლომიძის დედა, ზინაიდა ნებიერიძე მომხდარისა და სამართლიანობის აღდგენისთვის 6-წლიანი დაუღალავი ბრძოლის შესახებ ესაუბრა... 2012 წლის არჩევნების მოსაგებად ყველაფერზე წამსვლელი „ქართული ოცნება“ ჩემი შვილი 2012 წელს არჩევნებზე მობილიზებულ ჯგუფს ემსხვერპლა. ვალერი გელაშვილისა და მის მომხრეებს შემოაკვდათ. შემთხვევით სხვის მაგივრად გაიყვანეს ჩემი შვილი. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ უდროო დროს, უდროო ადგილას აღმოჩნდა, თორემ ჩემი შვილი არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში და პარტიაში არ იყო, ამიტომაც მისი ინტერესი არ ჰქონდათ, სხვაში შეეშალათ. ხმა გააგდეს, თითქოს „ნაციონალებს“ საარჩევნო უბნის დარბევა უნდოდათ, სინამდვილეში, არავის ინტერესებში არ იყო ეს, რადგან ჩვენსა და მეზობელ უბანში „ოცნებამ“ გაიმარჯვა. „ოცნება“ პროვოკაციისთვის იყო მომზადებული, თავად უნდოდათ მოეწყოთ და შემდეგ „ნაციონალებისთვის“ დაებრალებინათ. ეგზიტპოლის შედეგები დავით საგანელიძეს რომ არ გამოეცხადებინა, არავინ იცის, რა მოხდებდა, კიდევ უფრო უარეს რამეს ჩაიდენდნენ. ქუჩაში გზის პირას, სადაც ჩემი შვილი იმყოფებოდა, რამდენიმე ოჯახი „ქართული ოცნების“ მომხრე იყო და თუ დასჭირდებოდა, სიგნალს მიიღებდა და მეტიც, საარჩევნო უბანს დაარბევდა, მერე კი „ნაციონალებს“ დააბრალებდა. საარჩევნო უბანშიც რა ხდებოდა, ძალიან კარგად ვიცი, მე მასწავლებლად ვმუშაობ, კომისიის წევრები მასწავლებლები იყვნენ და მათგან მქონდა ინფორმაცია. მათზეც იყო ზეწოლა და მუქარა. პიროვნება, რომელიც კომისიის წევრებს ემუქრებოდა, ზვიად გრიგალაშვილი იყო. ის ხაშურის დარბევის დროსაც ერთ-ერთი ორგანიზატორი ბრძანდებოდა. ახალგაზრდა ბიჭი უდროო დროს უდროო ადგილას, მკვლელობის გარემოება ჩემი შვილი იმ უბანში, სადაც ეს მკვლელობა მოხდა, იმიტომ იმყოფებოდა, რომ ის გაზის შეყვანაზე მუშაობდა. ჩვენთან სახლში გაზი უნდა შეეყვანათ და ჩემი მამამთილის სახლში ინახებოდა ინდივიდუალური მრიცხველები, მილები და ა. შ. ამ ყველაფრის საყარაულოდ რჩებოდა ჩემი შვილი. როგორც გავიგე, ის ბიჭებთან ქუჩაში მდგარა, დაღამებას ელოდებოდა, რომ მერე სახლში საყარაულოდ დარჩენილიყო. ერთ-ერთი პირისგან, ბოლოს ვინც ნახა ჩემი შვილი, გავიგეთ, რომ მან ბიჭებს უთხრა, _ დავხედავ და სახლში მივდივარო... მაგრამ ის სახლამდე ვერ მოვიდა. როგორც შემდეგ გამოიკვეთა, ბიჭების სანახავად წასული გაიყვანეს და სხვაში შეეშალათ. ჩემი შვილი იქ არ უნდა მისულიყო, სხვას ელოდნენ, როგორც აღმოჩნდა. ვისაც კი ვეკითხებოდით, ყველა გვეუბნებოდა, რომ ჩემი შვილი არ ჰყავდათ ნანახი, თუმცა ერთ-ერთმა ვიცი, ნახა, მაგრამ ეს ამბავი დამალა. წესით, მას უნდა სცოდნოდა, სად და ვინ გაიყვანა ჩემი შვილი, მკვლელობის დღეს ღამე მოვიდა და იკითხა, _ სახლში არ მოსულაო? ის ადამიანები, ვისთან ერთადაც იოსები იჯდა, დღემდე დაკითხულები არ არიან, უფრო სწორად, საქმის მასალებში მათი ჩვენებები არ დევს. ვისთან ერთადაც ჩემი შვილი იჯდა, იმ კაცს შვილის დაჭერით დაემუქრნენ, თუ ხმას ამოიღებ, შენს შვილს ნარკოტიკებს ჩავუდებთო. მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ არავის ხმა არ უნდა ამოეღო. მე სრულიად შემთხვევით მოსწავლეებისგან გავიგე, რომ ჩემი შვილი ბიჭებთან ერთად მჯდარა. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, _ ძაღლი გამომეკიდა და მე გამაცილა სახლში, შემდეგ კი ისევ უკან მიბრუნდაო. მთელი ღამე ვეძებდით, მე სოფელში ვეძებდი, ჩემი შვილი და მეზობელიც _ მიმდებარე ტერიტორიებზე. ვერსად რომ ვერ ვიპოვეთ, ნახირის ამორეკვის დრო იყო და ვიფიქრეთ, ამხანაგებთან ერთად იქნებ, მტკვრის პირას ჩავიდაო. დაახლოებით საღამოს 8-ის ნახევარზე ჩემმა მეორე შვილმა და მეზობელმა ნახა ის ტერიტორია და არაფერი შეუმჩნევიათ. ღამის სამ საათზეც კი არ იყო გვამი წყალში და დილით საიდან გაჩნდა?! ცხედარს ეგზჰუმაცია ჩავუტარეთ, რადგან 115-ე მუხლით აღძრეს საქმე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თვითონ წავიდა საბანაოდ და დაიხრჩოო. ეს ნამდვილად ასე რომ ყოფილიყო, ჩემი შვილი საღამოს არც მწყემსს უნახავს, არც მეთევზეს, არც ჩვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს, რომლებთანაც ერთად ვეძებდით. ფაქტობრივად, საარჩვნო უბანში იმ საღამოსვე იცოდნენ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. ხმა მალევე გავრცელდა. როგორც გავიგე, ბიულეტენების წაღების შემდეგ მომხდარი ამბის გასარკვევად ჩავიდნენ უბანში. ამ ყველაფრის მერე კი ამტკიცებენ, რომ ვითომ დილით მეთევზემ იპოვა. თუ დილით იპოვა, საღამოსვე საიდან გაიგეს მეზობელ უბანში, რომ იოსები გარდაცვლილი იყო? აღსანიშნავია, რომ მეთევზეს 112-ში არ დაურეკავს და არც გვამის წყლიდან ამოღებას დასწრებია. მეზობელი სოფლიდან გამვლელმა დარეკა. თუ მეთევზემ იპოვა, მაშინვე რატომ არ დარეკა პოლიციაში? გამომძიებელს ვკითხე, _ გვამი ტომარაში იყო თუ ისე იპოვეს-მეთქი? გამომძიებელმა თქვა, რომ მეთევზეს თავიდან ტომარა ეგონა, თუმცა გვამი აღმოჩნდაო. ამავე გამომძიებელმა მითხრა, რომ მეთევზემ დარეკაო, მაგრამ მას არ დაურეკავს. შემდეგ შემთხვევით გავიგე, ვინც დარეკა. იმან მითხრა, რომ მე დავრეკე პოლიციაშიო. დროში ძალიან არეულია ყველაფერი, ფაქტების მიმდინარეობას არ ემთხვევა. მასალებში წერია, რომ 09:15 წუთზე მივიდა, 10:15 წუთზე დარეკა და ერთი საათის შემდეგ მივიდა პოლიცია. მასალების ოქმზე კი ერთი ხელმოწერაა, ისიც გადაშლილია და სხვისი გვარი წერია, რომ არ გამჟღავნებულიყო, ვინ იყო. თან გვამის აღმოჩენის შემდეგ პოლიციას გზა არც გადაუკეტავს, მოძრაობა იყო, როგორც შემდეგ გავარკვიეთ. ჩანს, ძებნის შეწყვეტის შემდეგ ჩავიდნენ და მიიტანეს გვამი, მანამდე კი საეჭვო პირები ხიდზე დადიოდნენ. პოლიციის მანქანაც შევნიშნეთ. გვამის ამოცნობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებაა, მე მითხრეს, რომ გვამი ჩემმა მულის შვილმა ამოიცნო, ეს მოხდა გორში. ამ დროს ხაშურმა როგორ მიიღო დადგენილება?! ხაშურის მიერ მიღებულ დადგენილებაში ჩემი შვილის სახელი და გვარი ეწერა, საიდან იცოდნენ? ასევე ერთი საეჭვო გარემოებაა: შემთხვევის ადგილზე ჩემი მეუღლე და ნათესავები მივიდნენ, მეზობელმა ჩაიყვანა და მას დაემუქრნენ, _ რატომ მიიყვანე ისინი, რა გინდოდაო?! მათ სისხლის ლაქები ნახეს ხიდზე, ამის შემდეგ დავინტერესდი და მეც მივედი იმავე ადგილას. ხიდის მოაჯირზე სისხლის წვეთები ვნახე, ამისთვის გამოძიებას ყურადღება არ მიუქცევია, _ რაღა თქვენ დაინახეთ, არაფერი ყოფილა მანდო, _ ასე განგვიცხადეს. ძალიან მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ უნდა აღვნიშნო _ საცვალი, რომელიც ჩემს შვილს ეცვა, მას არ ეკუთვნოდა, მსგავსი არასდროს არ ჰქონია. როგორც ჩანს, გააშიშვლეს და ისე გაუსწორდნენ. შემდეგ კი სხვისი საცვალი ჩააცვეს და ინსცენირება მოახდინეს, ვითომ დაიხრჩო ან თავი მოიკლა. ქელეხად გადაქცეული ქორწილი ჩემი შვილი ეკლესიაში დადიოდა, მან ქვის თლა ისწავლა და რამდენიმე ეკლესიის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. სოფელში მოსავლის დაბინავების შემდეგ ეკლესიის გალავანი უნდა გაეკეთებინა და მამა ეუბნებოდა, _ პირველად შენ უნდა დაგწერო ჯვარი შენ მიერ აშენებულ გალავანშიო. ქორწილისთვის ვემზადებოდით და ქორწილი ქელეხად გადამიქციეს. ცოლის მოყვანას აპირებდა. ახლა მითხრას ვინმემ, ადამიანს, რომელიც საქორწილოდ ემზადებოდა, როგორ შეიძლებოდა, თვითმკვლელობა ეცადა?! მკვლელობის ოფიციალური ვერსია და დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხი საქმის მასალებს დამოუკიდებელი ექსპერტიზის შემდეგ გავეცანი. დამოუკიდებელმა ექპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ექსპერტიზა ჩაატარა. თავიდან ეგსჰუმაციაზე შეგნებულად მეუბნებოდნენ უარს. გვამის გახრწნის შემდეგ ხომ ვერაფერი დადგინდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ კისერში იყო გადამტვრეული. როცა მოასვენეს, მიცვალებულს თავი ვერ გავუსწორეთ. ნაპობი ჭრილობები ისეთ ადგილას ჰქონდა, წყალში რომ გადამხტარიყო, ასეთ დაზიანებას ვერანაირად მიიღებდა. ხიდზე სისხლის ლაქები და ნახელურები იყო. ფილტვებში წყალი არ ჰქონია. პირველი ექსპერტიზის დასკვნა რომ გამაცნეს, ჩემთვის არ მოუციათ, დახიეს. დაზარალებულად არ მცნობდნენ და, შესაბამისად, საქმის მასალებსაც არ მაცნობდნენ. ექსპერტიზის პირველივე დასკვნაში ეწერა: ნაპობი ჭრილობები თავზე, სიცოცხლეშივე ბლაგვი საგნის ჩარტყმა თავში, ტრავმული სისხლჩაქცევა და ტვინის შეშუპება, პლევრა გაგლეჯილი, ფილტვები შეშუპებული და კეროვანი ემფიზემა. მოგრძო და ზურგის ტვინის საზღვარზე ჰემატომა. დასკვნაში წერია ისიც, რომ ღვიძლის ნახეთქი ჭრილობა და ტვინის შეშუპება მძიმე დაზიანებას წარმოადგენს, სიცოცხლისთვის საშიშს. თუ სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებას წარმოადგენდა, რატომ ეწერა, რომ ამით არ გარდაცვლილა? გარდაცვალების მიზაზად ზემო სასუნთქ გზებში მოხვედრილი სითხე სახელდება, ფილტვებში წყალი არ ჰქონია და როგორ დაიხრჩო? როგორც ჩანს, გვამი მდინარეში ჩააგდეს და წყალი პირის ღრუში მოხვდა, ესენი კი სიკვდილის მიზეზად პირში მოხვედრილ წყალს ასახელებენ. ეს ხომ აბსურდია! ნიკოლაიშვილის დასკვნა კი ასეთია: სიცოცხლეშივე ბლაგვი საგნის ჩარტყმით ცხვირი აქვს გატეხილი და კისრის მალები დამტვრეული. ეს არ არის მკვლელობა?! ისე დავასაფლავე ჩემი შვილი, პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენელი არ მოსულა, მე გავედი პროკურატურაში და დავწერე განცხადება, რომ საქმის შესახებ ინფორმაცია მიმეღო. დაზარალებულად 2016 წლის სექტემბერში მცნეს. ამას 4 წელი განზრახ აჭიანურებდნენ. ადვოკატი ავიყვანე და მხოლოდ ამის შემდეგ გავეცანი საქმის მასალებს. ადვოკატმა განცხადებები ყველა ზემდგომ ინსტანციაში გააგზავნა და პასუხი ყველგან ერთი და იგივეა, რომ ჩემი განცხადება საქმეს დაერთო, რომელიც ამჟამად გორშია. მე ვისი დაკითხვაც მოვითხოვე, ამაზე პროკურორმა ასეთი პასუხი გამცა: დაასახელე, ვინ მოკლა შენი შვილი და დავკითხავო, თუ არა დაიჯერე, რომ შენი შვილი დაიხრჩოო. ვინც ახლაა პროკურორი, ის მეუბნება: მართალია, სცემეს, რომ შემოაკვდათ, შეეშინდათ და მერე ჩააგდეს, ალბათ, წყალშიო. 2012 წლის არჩევნებზე კომისიის თავმჯდომარეს ემუქრებოდნენ... გარდაცვლილი იოსებ ლომიძე მის შვილში აერიათ 2012 წლის არჩევნებზე კომისიის თავმჯდომარე ჯონდო ლომიძეზე ზეწოლას ახდენდნენ და მან იცის, ვინც. მას შვილის დაჭერით ემუქრებოდნენ, თუ საქმეს არ გააკეთებდა. ჯონდო ლომიძის შვილი კი 2013 წელს დაიჭირეს, ის ახალციხის გახმაურებული საქმის ფიგურანტი იყო, ბორჯომის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, თუმცა გაამართლეს. ჩემი აზრით, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მამამისს სიმართლე არ ეთქვა 2012-ში შანტაჟთან დაკავშირებით. თან ახალციხის პროკურორი, რომელიც ამ საქმის დროს იკავებდა თანამდებობას, გაათავისუფლეს და გორში გადმოიყვანეს. ამიტომაც დავეჭვდი. ისევ იმ პიროვნებას დაავალეს ჩემი შვილის საქმის ძიება. გორში რომ ჩავედი, კომისიის თავმჯდომარისა და მისი შვილის დაკითხვა მოვითხოვე, თუმცა უარი მივიღე. როგორც ჩანს, ჯონდო ლომიძის დუმილის სანაცვლოდ გაუშვეს მისი შვილი. საქმეში ვალერი გელაშვილი ფიგურირებს _ კონკრეტული ფაქტები როდესაც ჩემი შვილი ახალი დაკრძალული იყო, ვალერი გელაშვილმა ადვოკატ კახა კოჟორიძის მამა გამომიგზავნა იმის გასარკვევად, თუ რა ვიცოდი მომხდარის შესახებ. ამის შემდეგ კი სასურველი ჩვენებები უნდა მიეღოთ იმ ადამიანებისგან, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობდა. მეზობელი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გელაშვილი შემოვიდა, ათვალიერებდა, არეულობაა აქო. სინამდვილეში, არეულობა არ იყო. ისიც თქვეს, რომ სპეცრაზმი იყო. მე ახლა ვუჩივი ვალერი გელაშვილს და მათ მომხრეებს, მათ შემოაკვდათ ჩემი შვილი. ჩემს ადოკატს სამჯერ დაურბიეს ოფისი, ვალერი გელაშვილი მას 25 000 ლარს შეჰპირდა. რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა, არ ვიცი, საქმის ბოლომდე მიყვანა არ სურდა, როგორც ჩანს. შემთხვევით სატელეფონო ზარიდან გავიგეთ, რომ ჩემი შვილი სახლში აპირებდა მისვლას და მისული არ იყო. მოსაძებნად ჯერ ჩემი გოგონა წავიდა, იმ მომენტში ერთი მნიშვნელოვანი გარემოებისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, თუმცა შემდეგ ეს გავაცნობიერე: სკოლასთან მანქანა გაჩერდა. ვიღაცები ისხდნენ, ვიფიქრე, _ ჩემი შვილიც იქ ხომ არ ზის-მეთქი? თუმცა იქ არ ყოფილა. ის მანქანა კი მთელი დღის განმავლობაში საეჭვოდ იდგა უბნის რწმუნებულის სახლის წინ და სანამ ძებნა არ შევწყვიტეთ, მანამ იქ იდგა. დაახლოებით ღამის 4-ის ნახევრამდე ვეძებდით, გარკვეული პერიოდის შემდეგ გელაშვილსა და მძღოლს შევხვდი და მას ვკითხე, იმ საღამოს თქვენ იყავით-მეთქი? და მიპასუხა: კი, მე ვიყავი, ჩემი ცოლ-შვილი ძლივს გადავმალე, დარბევა უნდოდათ, გატაცებას გეგმავდნენო. გელაშვილისა და მისი მძღოლის დაკითხვა მოვითხოვე, ჩანაწერი ვნახე საქმის მასალებში, სადაც გელაშვილი ამბობს, რომ იმ დღეს არ ყოფილა, თუმცა მეც დავინახე ის და სხვებმაც ნახეს. დაუღალავი ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად ყველა ინსტანციაში ვიჩივლე, პრეზიდენტს, ფიქრია ჩიხრაძეს, უჩა ნანუაშვილს შევხვდი. ეკა ბესელიასთან, მის მოადგილესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გავგზავნე წერილი, თუმცა უშედეგოდ. პრეზიდენტსაც კი შევხვდი არჩევნების დროს და გაკვირვებულმა თავის დაცვას უთხრა, _ გესმის, რას ამბობს ეს ქალბატონიო? კვირიკაშვილსაც კი შევხვდი ხაშურში, გელაშვილი, რომ წარადგინა მაშინ, ვუთხარი, რომ 4 წლის განმავლობაში პროკურატურისგან ერთი და იგივე პასუხს ვიღებდი, რაზეც მიპასუხა, _ თქვენ მატერიალური და მორალური ზიანი არ მიგიღიათ, ამიტომ დაზარალებულად ვერ გცნობთო. ამის შემდეგ კბილაშვილს შევხვდი, მან მომისმინა და საოლქო პროკურორს ჩემთან შეხვედრა დაავალა, რის შემდეგაც გადაწყებოდა, ვის დაქვემდებარებაში იქნებოდა საქმე. ხაშურის პოლიციაში რომ მივედი, მითხრეს, საქმე მათთან არ იყო. მაშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო, რომელსაც ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი, მან მითხრა, რომ ასეთი ისტორია ჩემს სიცოცხლეში არ გამიგიაო. მე ვუთხარი, რომ იცოდნენ, ვინც მოკლა ჩემი შვილი და საქმის ჩაფარცხვას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ხმალაძემ მთავარ პროკურორს მისწერა, პასუხად კი პარლამენტს აცნობეს, რომ საქმეს ქარელის პოლიცია იძიებდა. ამის შემდეგ, როგორც გაირკვა, საქმის ნომერი იყო მითითებული, რომელშიც 115-ე მუხლით აღძრული საქმე იყო ჩემთვის უცნობ სეირან ნოზაძეზე. იგივე ნომრით გააგრძელეს ჩემი შვილის მკვლელობის საქმე და ხაშურის პოლიციაში გადაიტანეს. შეიძლება სეირან ნოზაძე მართლა დაიხრჩო ან თავი მოიკლა, მაგრამ ჩემი შვილის საქმესთან რა შუაში იყო? აქედან გამომდინარე, თუ მკვლელობა ქარელში მოხდა, ხცისში როგორ დაიხრჩო ჩემი შვილი?! მთავარი კი ის არის, რომ ვინც ამ საქმეს ხაშურში იძიებდა, ისინი გორში გადაიყვანეს და ეს საქმე კვლავ მათ ხელშია. მოჯადოებული წრე შეიქმნა. ხაშურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე სამართლიანობის აღდგენის მცდელობას შეეწირენ?! 2013 წლის დეკემბერში ხაშურის პოლიციის უფროსთან მივედი და ვკითხე, რა ეტაპზე იყო საქმე. მან მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ პირველად გაიგო. ეს პიროვნება იყო ნუგზარ ლომიძე, რომელიც ამ საქმით დაინტერდა. დეტალურად ავუხსენი ყველაფერი. ის შემპირდა, რომ თავიდან დაიწყებდა საქმის გამოძიებას და ამ პროცესში სხვა გამომძიებელს ჩართავდა. მას კი პროკურორმა უთხრა, _ შენ ვინ გეკითხება, მე ვისაც დავავალებ, ის იქნება გამომძიებელიო. ლომიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩემს საქმეზე გორსა და თბილისში დაიბარეს, ყველანაირად ვეცდები, რომ საქმე შიდა ქართლს ავაცილო და მთავარმა პროკურატურამ დაიქვემდებაროსო. მე კი ვუთხარი, რომ ოთხშაბათს პროკურორის მოადგილეს შევხვდებოდი. მართლაც ვიყავი შეხვედრაზე და რომ გამოვედი, მითხრეს, ნუგზარ ლომიძე თავის მოადგილესთან ერთად ავარიაში მოყვა და ორივე გარდაიცვალაო. ეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ავარია მიზანმიმართულად მოხდა, ვიღაცას არ აწყობდა ის ფაქტი, რომ პოლიციის უფროსი სიმართლის დადგენას ცდილობდა. მტკიცებულებები, რომლითაც მკვლელის ზუსტი ვინაობა შეიძლება დადგინდეს, არსებობს და სასამართლოში ინახება სატელეფონო ჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო მასალების შესწავლა მოვითხოვე, რომელიც ხაშურის სასამართლოში იყო. ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ჩანაწერებში ჩანს ის პიროვნება, ვინც ჩემს შვილს კლავს. აქ არის სატელეფონო ზარები, როგორ ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ასევე არსებობს კომისიის ერთ-ერთი წევრის ჩანაწერი, რომელმაც თავის შვილს დაურეკა და უთხრა, რომ უბანში რაღაც სახიფათო ხდებოდა და ამიტომ სახლში სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო. რაც შეეხება ვიდეომასალას, ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ ვიღაც მწვანე მანქანაში მყოფი იღებდა ფოტოებს და მას აქვს ფოტომასალები, როგორ სცემდნენ ჩემს შვილს. შესაბამისად, ამ ფოტოებიდან შესაძლებელია დადგენა, ზუსტად ვინ მოკლა ჩემი შვილი. საქმეში ივანიშვილის ხელიც ურევია? დაახლოებით, 2015-2016 წლები იყო, როცა გამომძიებელმა მითხრა, _ იქნებ, თქვენმა შვილმა თქვენი ტელეფონით ისარგებლა, რის შემდეგაც ვიღაცის სანახავად წავიდაო? იმ დროს ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდნენ ამას. შემდეგ გავიაზრე, რომ ჩემი ნომერი დაფიქსირებული,ა დაახლოებით, 12 მოსწავლეზე, ადრე მათ ბანის ნომრები დაურიგეს. იმ დროს კლასის ხელმძღვანელი ვიყავი და ყველა ნომერი ჩემს სახელზე იყო რეგისტრირებული. როგორც გაირკვა, კომისიის წევრმა თავის შვილს დაურეკა, რომ სახლში ასულიყო და სწორედ ეს ნომერი იყო ჩემს სახელზე დარეგისტრირებული. ჩემი შვილის სიკვდილის შემდეგ ამ გოგონამ მაგთის ოფისში წაყოლა მთხოვა, რათა ის ნომერი აღმედგინა, რომელიც, თითქოსდა, დაეკარგა. განცხადება დავწერე და ნომერიც აღუდგინეს. ნომრის ამონაწერი ვითხოვე და უარი მითხრეს იმ მიზეზით, რომ 2012 წლამდე ზარების დეტალიზაცია შეზღუდული იყო. ე. ი. უნდოდათ, რომ ის რაღაცები წაეშალათ, რაც არ აწყობდათ. გელაშვილი ამას ისე ვერ გააკეთებდა, ბიძინა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები რომ არ უმაგრებდნენ ზურგს. შვილმოკლულ დედას უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ ახლა ყველა თავს იკავებს. მინდოდა. მეორე ადვოკატი მყოლოდა, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. რამდენჯერმე სახლი დამირბიეს. გვემუქრებოდნენ. _ ხმა არ ამოიღოთო! ერთი ასეთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც სახლში სკოლიდან შესვენებაზე დედის მოსაკითხად მივედი, მან მითხრა, რომ ვიღაც იყო მისული, რომელმაც მთელი სახლი მოიარა და ბოლოს კარი უხეშად მიუჯახუნა. ვინაობა არ უთქვამს და არც არაფერი უკითხავს. მეორეჯერ ვინც მოვიდა, მაშინ მეც სახლში ვიყავი. ის პიროვნება ვიცი, ვინც არის, მას გელაშვილი დაჰყავდა ხოლმე ხაშურში, გამგეობაში ემსახურებოდა. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისაც კი მეშინოდა, რადგან იქ გელაშვილის ხალხი შევნიშნე. თბილისში, რომ მოვდივარ, ვამბობ, ქუთაისში მივდივარ-მეთქი. მუდმივი შიშის ქვეშ მიწევს ცხოვრება, ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ სამართალი ვიპოვო და მკვლელები სათანადოდ დაისაჯონ, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ბრძოლა უშედეგოა. ყველა ერთმანეთს მფარველობს. მკვლელებსა და რეალობას ყველა ხელს აფარებს.

ნენე ინჯგია

 

გაზიარება