QronikaPlus
ვახტანგ გომელაურისა და სამშენებლო კომპანია „ინ-სის“ ფარული კავშირები

ვახტანგ გომელაურისა და სამშენებლო კომპანია „ინ-სის“ ფარული კავშირები

2018-10-31 07:03:00

საქართველოში რომ კორუფციას სამზღვარი არ აქვს, ამას „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, თუმცა გარდა იმისა, რომ თანამდებობის პირები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსხვილი ბიზნესმენებისგან კონტრიბუციას ითხოვენ, ჩვენს ქვეყანაში სხვა ტიპის კორუფციაც ყვავის, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო ტენდერებზეა „მიბმული“. ზოგადად, ტენდერებში „ლევი ფული“ ბლომად რომ კეთდება, ეს ახალი „ხილი“ ნამდვილად არ გახლავთ. დასამალი და სიახლე არც ის არის, რომ სახელმწიფო შესყიდვებში, როგორც წესი, ის კომპანიები მონაწილეობენ, რომელთა დამფუძნებლებიც მაღალჩონოსნებთან არიან ასოცირებულნი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ჩინოვნიკების ახლობლებსაც, ძმაკაცებსა და ოჯახის წევრებსაც აქვთ ბიზნესის კეთების უფლება და, ცხადია, მართალიც იქნება, მაგრამ აქ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კომპანიები, რომლის მეწილეებიც თუ დამფუძნებლებიც ამა თუ იმ თანამდებობის პირის გარემოცვას წარმოადგენს, მრავალბიუჯეტიან ტენდერებს ისე იგებს, რომ კონკურენტი არც ჰაყვს, ანუ ტენდერში მარტო თავად მონაწილეობს და მოიგებს, აბა, რა იქნება? როგორც ამ თემის მკვლევრები აღნიშნავენ, მსხვილბიუჯეტიანი გამარტივებული შესყიდვებით განსაკუთრებით ხშირად „ინფრასტრუქურის მშენებელთა ასოციაციაში“ გაერთიანებული შემდეგი კომპანიები სარგებლობენ: „ზიმო“, „ინ-სი“, „ანაგი“, „ელიტა ბურჯი“, „ფერი“, „დაგი“, „სამშენებლო კომპანია #1“, „კავკასუს როუდ პროჯექტი“, „სერვისი“, „თბილი სახლი“, „ტრანსმშენი“, „პალადა“, „წყალკანალრემმშენი“, „ენსისი“, „კომფორტმშენ XXI“, „ერისიმედი“, „ხომერიკი და კომპანია“, „Bauer Georgia Foundation Specialists“, „ალბატროსი“, „საქენერგორემონტი“, „დორო გრუპი“, „ჯეუ გრუპი“, „ბაზალტ ფაიბერსი“, „რებასი“, „L&L“, „GrG“, „BNG“, „ჯორჯიან ენერჯი“, „ნიუ ბილდინგ ენერჯი“, „კუბიკი“, „სპეცჰიდრომშენი“, „ელიტ მოტორსი“, „ნექსია თიეი“, „ალიანსი“ „არალი“. ამ ჩამოთვლილი კომპანიებიდან ამჯერად საზოგადების ყურადღების ცენტრში სამშენებლო კომპანია შპს „ინ-სი“ მოექცა, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე, კომპანიის ანოტაციაში ვკითხულობთ: „სამშენებლო კომპანია შპს „ინ-სი“ დაარსდა 2007 წლის 2 აპრილს. „ინ-სის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სამშენებლო სამუშაოები; ლითონკონსტრუქციების მოწყობა; შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები; ბაღებისა და პარკების მოწყობა, ელექტრო სამონტაჟო და სანტექნიკური სამუშაოები, გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, წყალკანალიზაციის სისტემების გაყვანა, სატრანსპორტო მომსახურება, გზების მოწყობა-მოპირკეთება, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დამზადება და მონტაჟი; მდფ-ის კარებების დამზადება და მონტაჟი, არქიტექტურა, დიზაინი, პროექტირება; შპს „ინ-სის“ მიერ განხორციელებული ყველა პროექტი დაგეგმილია და აშენებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შპს „ინ-სი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. 2007 წლიდან კომპანიის მიერ აშენდა ორმოცდაათამდე სამშენებლო ობიექტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 200 000 000 ლარს“. „ინ-სის“ მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სუს-ის ხელმძღვანელის, წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროს ვახტანგ გომელაურის ფეშენებელური სახლი ააშენა. მარტივი ლოგიკაა: ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის შეფი საკუთარი სახლის მშენებლობას შემთხვევით კომპანიას არ ანდობდა. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ინ-სის“ შესაძლოა, სწორედ გომელაური მფარველობს. ამ ეჭვს არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძეც იზიარებს, რომელიც „ქრონიკა+“-თან საუბრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ „ინ-სის“ მეწილე კახა აბულაძემ არათუ დააპროექტა გომელაურის სახლი, არამედ, დიდი ალბათობით, სახლი სწორედ შპს „ინ-სიმ“ ააშენა. ამ ფონზე, თავისთავად გასაკვირი არ არის, თუ რატომ იგებს, პრინციპში, კონკურენციის გარეშე უმსხვილეს ტენდერებს მაინცდამაინც „ინ-სი“. შესაბამისად, ამ კომპანიის საქმიანობაში, როგორც ქეთევან ენუქიძე ამბობს, კორუფციის რისკი დიდია. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია „შაბათის კურიერმა“ გაასაჯაროვა. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გომელაურს 2013 წელს თბილისში ორი ბინა ჰქონდა, დღეს კი ეს ჩამონათვალი ბევრად გაიზარდა. გომელაურის ერთ-ერთი სახლი ტაბახმელაში მდებარეობს, რომელიც გომელაურის მეუღლის, ნინო კუდუხაშვილის, სახელზეა გაფორმებული. ფეშენებელური სახლის გაგრძელებაა 858 კვ. მ. მიწის ნაკვეთიც, რომელიც სუს-ის უფროსმა შვილის, ანა გომელაურის, სახელზე გააფორმა. გომელაურის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთიც _ 2000 კვადრატული მეტრი მიწა, რაც ადგილობრივების თქმით, გომელაურს ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2000 კვადრატული მეტრი მიწა ტაბახმელაში ნიკა ომარაშვილს ეკუთვნის, რომელიც სუს-ის თანამშრომელია. ომარაშვილის დედა კი ამბობს, რომ მის შვილს არანაირი მიწა ტაბახმელაში არ აქვს და სახლის ასაშენებლად არც ფული აქვთ. ქეთევან ენუქიძე: _ კომპანია „ინ-სი“ თავიდან ბოლომდე განასახიერებს კომპანიის იმ ტიპს, რომელთანაც შეკითხვა არაერთი მიმართულებით შეიძლება გაჩნდეს. დავიწყოთ იმით, რომ კომპანია „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრია, მისი დირექტორი, ზვიად თოიძე კი ამ ასოციაციის ხელმძღვანელად გვევლინება. ასოციაცია იმითაც არის საინტერესო, რომ მისი წევრები საქართველოს ყველაზე მსხვილი კომპანიები, მათ შორის, „ელიტა ბურჯი“, „ჯეუ გრუპი“, „ენსისი“, „დაგი“, „ზიმო“ და სხვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის წევრ კომპანიებს ერთ ტენდერში მონაწილეობა ეკრძალებათ, ეს კომპანიები ხშრად გვევლინებიან კონკურენტებად. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასოციაციას ან ამხანაგობად არ განიხილავენ, ან, უბრალოდ, მისთვის ეს გარემოება არავითარ წინაღობას არ წარმოადგენს. _ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? _ რა და, _ მაგალითად, „ენსისი“ და „ენსი“, რომელთა ხელმძღვანელებიც ძმები არიან, ერთმანეთს კონკურენციას ერთსა და იმავე ტენდერში უპრობლემოდ უწევენ. ისე, უარესი ფაქტებიც ვიცი. _ მაგალითად? _ მაგალითად, ის, რომ „ინ-სის“ შესყიდვებიდან განსაკუთრებით საინტერესო ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კომპანიას ორი ხელშეკრულება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან აქვს გაფორმებული. _ რისთვის? _ 10 476 480-ლარიაინი ხელშეკრულება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისთვის, რომელიც 2017 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა. მიმდინარე წლის 22 მაისს კი 8 700 000-ლარიანი ხელშეკრულება ლეონიძის #3-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რეკონსტრუქციისთვის დაიდო. სხვათა შორის, ამ პროექტს ბოლო დროს საკმაოდ გახმაურებული ფაქტიც უკავშირდება. _ რომელი ფაქტი? _ რომელი და, _ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის ერთი დღის შექმნილი კომპანიისთვის სამინისტროს ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის დაკვეთა. უცნაურია, მაგრამ ამ ვითარებიდან ყოფილმა მინისტრმაც და მისმა მოადგილემაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაიძვრინეს თავი. არადა, ეს შესყიდვა აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც კი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ერთი ხელშეკრულება თბილისის მერიასთანაც აქვს დადებული მასწავლებელთა გადამზადების ცენტრში საყრდენი კედლების მოწყობისთვის. ეს 1 005 710-ლარიანი ხელშეკრულებაა და 2015 წლის 27 დეკემბრით თარიღდება. კომპანია ყველაზე აქტიურად ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობს და ამას ფაქტებიც მოწმობს: დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია _ 7574 083 ლარი (ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 15 თებერვალს). ასევე დავით აღმაშენებლის გამზირის სანიაღვრე ქსელებისა და კანალიზაციის მოწყობა _ 1 882 096 ლარი (ხელშეკრულების გაფორმების თარიღად მითითებულია 2016 წლის 21 მარტი). ასევე 2016 წელს, კერძოდ, 28 ივნისს, კომპანია „თბილისის განვითარების ფონდთან“ 1 687 883-ლარიან ხელშეკრულებას დებს და დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებული ქუჩებისა და შენობების კეთილმოწობის ვალდებულებას იღებს. ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი კომპანიასა და „თბილისის განვითარების ფონდს“ შორის ახალი, 3 009 880-ლარიანი კონტრაქტი იდება, რომელიც ზემოხსენებულ მისამართებზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. დავით აღმაშენებლის გამზირის გამწვანების სამუშაოებისთვის კი კომპანია 2016 წლის 3 მარტს 1 013 099 ლარს იღებს. საერთოდ, ამ ქუჩის რეაბილიტაციაში, საერთო ჯამში, 15 167 041 ლარია გადახდილი. _ ანუ ამ ქუჩის რეაბილიტაცია „თბილისის განვითარების ფონდს“ 15 მილიონზე მეტი დაუჯდა? _ არა. ეს მხოლოდ ამ კომპანიისთვის გადახდილი ფულია, რადგან აქვე სხვა კომპანიაც მუშაობდა. გავყვეთ ჩამონათვალს: ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო ქსელების რეკონსტრუქცია _ 9 388 480 ლარი (ხელშეკრულება 2017 წლის 15 ივნისსაა გაფორმებული). ამავე პროექტზე 2017 წლის 6 დეკემბერს, დამატებითი სამუშაოებისთვის, 686 472 ლარი გამოიყო... 2017 წელსვე, კერძოდ, 21 დეკემბერს, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 18 997 149 ლარი კიდევ გამოიყოფა. სხვათა შორის, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია ვადების დარღვევით მიმდინარეობდა. სანამ ეს პროექტი დასრულდებოდა, შპს „ჟეუ გრუპს“ მიღებული ჰქონდა ასფალტის საფრის მოწყობის გამარტივებული შესყიდვა, რაც კიდევ ერთი კურიოზი გახლდათ იქიდან გამომდინარე, რომ გამარტივებული შესყიდვა, როგორც წესი, დროის არქონითა და გარკვეული გადაუდებელი აუცილებლობითაა განპირობებული. ბოლო დროს ზემოხსენებული კომპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო მოექცა. ამ პროექტის საერთო ღირებულება 22 222 751 ლარია, ხელშეკრულება კი 2018 წლის 6 მარტით თარიღდება. სხვათა შორის, როდესაც ამ პროექტზე დაიწყეს ლაპარაკი, „შეაჩერე კორუფციამ“ მაშინვე იეჭვა, რომ ხელშეკრულებას აუცილებლად „ინ-სი“ დადებდა. _ ასეთ ეჭვი რატომ გაგიჩნდათ? _ ამის პროგნოზირება ძნელი არ იყო. _ მაინც, რატომ? _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს კომპანია ასოციაციის წევრებს შორისაც კი განსაკუთრებული მდგომარეობით გამოირჩევა და ამას ეს ფაქტებიც მოწმობს: 56 ტენდერიდან გამარჯვება მოპოვებული აქვს მხოლოდ 4 შემთხვევაში. აქედან სამში მარტო მონაწილეობდა. „ინ-სი“ მაღალი ფასების შეთავაზებით გამოირჩევა და ყველაფერ ამის სავარაუდო მიზეზიც სწორედ ეს არის. ამავე დროს, 2016-2017 წლებში კომპანიას, როგორც ვნახეთ, ძალიან ბევრი გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული და ფასის დარეგულირებაზე შეიძლება, ამიტომაც არ ზრუნავდა. ცნობისთვის: 2013 წელს კომპანიამ ვაკის პარკში შადრევნების კომპლექსის რეაბილიტაციის 1 488 000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, თუმცა მოსაგებიც არაფერი ჰქონდა, რადგან ტენდერში მარტო მონაწილეობდა. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიის დამფუძნებლის კიდევ ერთი კომპანიაა „ვაკის პარკი“. კომპანიამ 2015 წელს კიდევ ერთ ტენდერში „გაიმარჯვა“ _ თბილისში, დავით აღმაშენებლის #184-ში მდებარე შენობის (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაევალა და ამ ტენდერშიც მარტო მონაწილეობდა. ტენდერის ღირებულება 999 912 ლარი გახლავთ; 2015 წელსვე კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, უდაბნოს ადმინისტრაციული ერთეულის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სოფელ თოხლიაურში მდებარე სათავე ნაგებობიდან (არტეზიული ჭაბურღილები) მიმავალი წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერს იგებს. პროექტის ღირებულება 4 369 900 ლარია (მაღალი ფასი). 2016 წელს, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე #14-სა და #16-ში მდებარე შენობების ფასადების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებიც აღნიშნულ კომპანიას დაევალა (799 123 ლარი). კონკურენტი არც ამ შეთხვევაში ჰყავდა. მოკლედ, ასეთია „ინ-სის“ ტენდერებში გამარჯვების ისტორია. _ ქეთი, ყველაფერ იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ამბობთ, კომპანიას სერიოზული და გავლენიანი „კრიშა“ ჰყავს, არა? _ კომპანიის დამფუძნებლებისა და მათი სხვა ბიზნესების შესახებ ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ. _ კი ბატონო, გისმენთ. _ 2007 წელს კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ: ნოდარ რეხვიაშვილი, იოსებ ამბოკაძე და ირაკლი ტოგონიძე. სხვათა შორის, რეხვიაშვილმა თავისი წილი გელა კიკნაძეს დაუთმო. 2012 წლიდან კომპანიაში ჩნდება ირაკლი აბულაძე, 2014 წლის მარტიდან _ ზვიად თოიძე, კახაბერ აბულაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი. 2015 წლიდან კი კომპანიის აღმავლობა იწყება. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გამარტივებული შესყიდვებიც და ტენდერებიც. ირაკლი აბულაძის კომპანიებია: „ვასერ-ვააგე“ და „კენტ თაუერი“; ზვიად თოიძის _ შპს „ჯორჯიან ინვესთმენთ სოლუშენსი“, შპს „ვაკის-პარკი“ (სხვათა შორის, თოიძე და ჩიქოვანი 2016 წლიდან გვხვდებიან ამ კომპანიაში. 2015 წელს კი მათი კომპანია „ინ-სი“ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს); შპს „ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმი“. ნიკოლოზ ჩიქოვანის სახელი დაკავშირებულია კომპანიებთან „კენტ-თაუერი“, „ისანი 2001“. დღევანდელი მდგომარეობით, ჩიქოვანი „ინ-სის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „ვასერ-ვააგესა“ და „კენტ-თაუერთან“ კიდევ ერთი პირია დაკავშირებული _ კახაბერ აბულაძე, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო ფიგურაა. _ აბულაძე განსაკუთრებით საინტერესოდ რატომ გეჩვენებათ? _ იმიტომ მეჩვენება, რომ 2016 წლის 16-30 მარტის პერიოდში კახაბერ აბულაძე ზონალურ საბჭოში მოწვეული ექსპერტის პოზიციას იკავებდა. მოწვეული ექსპერტის პოზიციის დაკავებამდე კი კახაბერ აბულაძეს, როგორც არქიტექტორს, რამდენიმე განაცხადი აქვს შეტანილი, ანუ 2014-2015 წლებში, ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის მიზნით, მან 8 განცხადება შეიტანა. საინტერესოა საბჭოს მიერ მისი ბიზნესპარტნიორებისთვის დაკმაყოფილებული განცხადებებიც: 2015 წელს რაულ იაკობიძის („ვასერ-ვააგეს“ დირექტორი) განცხადებაზე გაცემულია თანხმობა. მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც ამ განცხადებით მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს, ეკუთვნის შპს „პარტნიორი 2“-ს. ამ კომპანიის 50% წილის მფლობელი კი მანუჩარ მახათაძეა. ეს უკანასკნელი, იმ დროისთვის, კახა აბულაძის ბიზნესპარტნიორია შპს „ვასერ ვააგეში“. 2017 წლის მონაცემებით, მახათაძე შპს „ქალაქპროექტის“ დირექტორია, რომელიც 100%-იან წილს ფლობს შპს MMG Architecture-ში. კახა აბულაძის სახელმა გაიჟღერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს, ვახტანგ გომელაურის სახლის მშენებლობის საქმეშიც. ის გახლავთ ამ პროექტის არქიტექტორი, ხოლო კულუარული ინფორმაციით, შპს „ინ-სი“ მხოლოდ პროექტის კი არა, სახლის მშენებლობაშიც ფიგურირებს. მართალია, ამ ინფორმაციის დადასტურება, ისევე როგორც უარყოფა, შესაბამისი გამოძიების გარეშე, არ შეგვიძლია, მაგრამ მართებულად არც ამ ინფორმაციის მიყურისძირება მიგვაჩნია _ თუ იმ პრივილეგიებს გავითვალისწინებთ, რომელიც კომპანიის მფლობელებს ბოლო წლების განმავლობაში აქვთ, გამორიცხული, შეიძლება, არც იყოს. საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. _ კერძოდ? _ 2016 წელს ზვიად თოიძემ პარტიას 50 000 ლარი შესწირა. დასაწყისში აღვნიშნე, რომ კომპანია მრავალმხრივაა საყურადღებო. ფაქტობრივად, შეგვიძლია თავი მოვუყაროთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს: მსხვილბიუჯეტიანი გამარტივებული შესყიდვები; ტენდერები მარტო მონაწილეობით; კომპანიის ხელმძღვანელების კავშირები. ბევრი კითხვა არსებობს, რომელზედაც პასუხი დღევანდელ ვითარებაში არ გვაქვს და ვერც გვექნება, თუმცა იმედია, დადგება დრო, როდესაც გავიგებთ, რა იმალება „ინ-სის“ წარმატების მიღმა.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება