QronikaPlus
რატომ არ უნდა ვენდოთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებს?!

რატომ არ უნდა ვენდოთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებს?!

2018-10-13 09:13:48

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მუდმივად სკანდალებშია გახვეული. როგორც წესი, სამხარაულის დასკვნებით „პრავდება“ ტენდერების შედეგები, გახმაურებულ საქმეებზე სახელისუფლებო ვერსიები, მაგრამ ამ დასკვნების არავის სჯერა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავმა, ზვიად ჯანყარაშვილმა, რომელიც ამავე სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს უფროსად საკუთარი მეჯვარე, გიორგი თვაური დანიშნა. მართალია, „ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით იყო მოსული და დეკლარირებულად ებრძოდა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბაჩანა ახალაიასაც, ამ ფაქტს ჯანყარაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, სწორედ ახალაიას კადრისთვის _ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსისთვის _ ჩაებარებინა ექსპერტიზის ბიურო. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ტენდერებზე სრული მონოპოლია სწორედ მისმა ნათესავებმა აიღეს. ყველაზე სოლიდური ტენდერები სუს-ის უფროს გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია „სერპანტინმა“ მოიგო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყველა ტენდერი სწორედ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნებით „გაპრავდა“, მათ შორის იყო სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალი, ე. წ. ავტობანი, რომლის ტენდერიც უკრაინულ კომპანიას მოაგებინეს და წინასწარ, ავანსის სახით, 30 მილიონი ლარი ჩაურიცხეს. ეს ის გზატკეცილია, რომლის მშენებლობის კანონიერებას ახლა მთავარი პროკურატურა იძიებს და ამჯერად დიმიტრი ქუმსიშვილს ბიუჯეტიდან მითვისებულ თანხას ედავება. იგივე წყარო გვეუბნება, რომ გიორგი თვაური ჯანყარაშვილისგან მემკვიდრეობით გადმოიბარა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელსაც ექსპერტიზის ბიუროს უფროსი ენათესავება. ქუმსიშვილი თვაურს იმდენად ენდობოდა, რომ მისი დანიშვნა ფინანსური პოლიციის უფროსადაც კი უნდოდა. შალვა თათუხაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით შეიკერა და სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა, რასაკვირველია, სიფრთხილის მიზნით, ექსპერტიზა არა თბილისში, არამედ რუსთავში ჩაატარეს. გულის უკმარისობა დასახელდა ნუცუბიძეზე გარდაცვლილი სპარტაკ პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზადაც. პავლიაშვილი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მისი დაკავება საპატრულო ეკიპაჟმა სცადა. როგორც წესი, პატრულს სამხრე კამერები ჩართული არ ჰქონდა, გარდაცვლილის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არა თბილისში, არამედ ისევ რუსთავში გააგზავნეს. ოფიციალურ მიზეზად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მიმდინარე რემონტი დასახელდა, თუმცა მეორე დღეს ადგილზე მისულ „ქრონიკა+“-ის ჯგუფს ბიუროში სარემონტო სამუშაოების კვალიც კი არ დაგვხვდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ დირექტორმა განგვიმარტა, რომ ბიუროში ლიფტი გაფუჭდა და გვამი რუსთავში ამიტომ წაიღეს. სამხარაულის ექსპერტიზის სადავო დასკვნა ფიგურირებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიების საქმეშიც. ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივია და დათო სარალიძის სიკვდილის გამომწვევ ფაქტებს აშკარად დამახინჯებული ფორმით გადმოსცემს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ექსვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით გაყალბდა. ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიების მეორე ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებიც დაკითხეს, მაგრამ, მოგვიანებით, ეს პროცესი შეჩერდა და ამ დრომდე არ ვიცით, გამოძიებამ რა გაარკვია. ბოლო სკანდალი, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა გახვეული, ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელსა და „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილსა და მის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ეხება, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები ფიგურირებენ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების კულუარებში განსაკუთრებით ნერვიულობენ, არსებობს თუ არა ზაზა ოქუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის აუდიო ჩანაწერები, ამიტომ თადარიგი ადრიანად, ორ ფრონტზე დაიჭირეს _ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გვამცნო, _ ლონდონში ჩატარებულმა ერთი ჩანაწერის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული და დაჭრილია, თუმცა მალევე ჩანაწერების სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ჩანაწერები ნამდვილია, ის და ზაზა ოქუაშვილი საუბრებს „ომეგას“ უცხოელი პარტნიორებისთვის დგამდნენ, რაც თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ საუბრები ავთენტური არ არის. ამ ფონზე სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა საერთოდ კომიკურად გამოიყურება. ამ დასკვნის თანახმად მთავარი პროკურატურა გვიმტკიცებს, რომ მედიით გავრცელებული ჩანაწერები ნამდვილი არ არის. რაც ყველაზე მთავარია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ეს დასკვნა ისე დაწერეს, ოქუაშვილის ხმის ნიმუში არც აუღიათ. უნდა ვენდოთ თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს? სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეს არის სახელმწიფოს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი დასკვნები ძალიან ხშირად განაპირობებს ადამიანთა ბედს, რამეთუ ის გვევლინება იმ მოთამაშის როლში, რომელსაც სასამართლო უპირობოდ უცხადებს ნდობას და ესა თუ ის გადაწყვეტილება გამოაქვს. ვნახოთ, თვითონ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო როგორ იცავს კანონს, როგორ ემსახურება სიმართლეს და რამდენად კომპეტენტურად და ობიექტურად შეიძლება ჩაითვალოს მისი დასკვნები?.. მაგალითისთვის ერთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ, თუ როგორ ახორციელებს ეს სახელმწიფო ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს. წლების განმავლობაში, დაწყებული 2016 წლიდან, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ხელშეკრულებას უტენდეროდ, ერთსა და იმავე კომპანიას, შპს „ეი-ბი-ემ-ს“ უფორმებს. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 4 000 000 ლარი შეადგინა და ყველა ეს ხელშეკრულება გაფორმებულია უტენდეროდ. გთხოვთ, იხილოთ ცხრილის სახით, თუ რა თანხებზე და როდის ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები: შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ „ეი-ბი-ემ“ 404917328 ხელშეკრულების თანხა ლარებში _ 276754 ლარი შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 17.09.2018 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა ლარებში _ 173167 ლარი შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 20.07.2018 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო კონტრაქტორი _ შპს „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა ლარებში _ 225 736 ლარი შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 31.05.2018 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ შპს „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა ლარებში _ 180 694 ლარი შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 23.03.2018 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ შპს „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა _ 214 474 შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 22.02.2018 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ შპს „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა _ 333 803 შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 10.05.2017 შემსყიდველი ორგანიზაცია _ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კონტრაქტორი _ შპს „ეი-ბი-ემ“ ხელშეკრულების თანხა _ 309 659 შესყიდვის მეთოდი _ უტენდეროდ ხელშეკრულების საგანი _ ფარმაცევტული საქონელი ხელშეკრულების დადების თარიღი _ 02.03.2017 ზემოთ მოტანილი მაგალითები მკაფიოდ ადასტურებს, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო წელიწადში რამდენჯერმე ყიდულობს მედიკამენტებს ერთი და იგივე კომპანიისგან. მიუხედავად იმისა, რომ მან საკმაოდ დიდი ხნით ადრე ზუსტად იცის, რომ ეს პრეპარატები დასჭირდება, შეგნებულად არ აცხადებს ტენდერს და პირდაპირი მოლაპარაკების გზით აფორმებს ხელშეკრულებებს. სახეზე გვაქვს რაპროფესიონალიზმი, დიდი კორუფციული რისკის ხელშეკრულებები და თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ალექსანდრე ხეთერელი _ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი (მან 2016 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი შესწირა), მაშინ პოლიტიკური კორუფცია აშკარაა. შესასყიდი საქონელი, ფარმაცევტული პროდუქტი ერთი და იმავე დასახელებისაა და წინასწარ ცნობილია, რაც არის შესასყიდი. ამ კონტრაქტებს აკონტროლებს სუს-ი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და მთელი მთავრობა, რადგან იგი მათი ოფიციალური ნებართვებითაა გაფორმებული. შესაბამისად, სამხარაულის ბიურო, რომელიც კორუფციაშია ჩართული, ძალიან ადვილი სამართავია და მთავრობის დაკვეთის შესრულებაზე უარს ვერ იტყვის. ერთი ასეთი დაკვეთა იყო ჩანაწერების ექსპერტიზა.

ელისო კილაძე

 

გაზიარება