QronikaPlus
თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა?

თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა?

2018-07-06 09:07:07

იუსტიციის მინისტრი შვებულებაშია და ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მის გადადგომას ითხოვს. 4 ივლისს იწურება მთავარი პროკურორის ვაკანსიაზე კანდიდატურების წარდგენის ვადა. მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრმა უნდა წარადგინოს. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კონკურსი ჩაიშლება, რადგან ირაკლი შოთაძის მოადგილე გოგაძემ განცხადება უკან გაიტანა, საბჭოში კი, ამ დროის მონაცემებით, რამდენიმე არასერიოზული კანდიდატურაა წარდგენილი. გადადგება თუ არ გადადგება თეა წულუკიანი? _ ეს კითხვა დღეს ყველაზე აქტუალურია. „ქრონიკა+“-ს თბილისის ყოფილი პროკურორი, ვალერი გრიგალაშვილი ესაუბრება: _ ბატონო ვალერი, გადადგება თუ არ გადადგება თეა წულუკიანი? _ ჩვენს ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებლობის ოცდარვაწლიან ისტორიას ითვლის, არასოდეს ჰყოლია იუსტიციის მინისტრად თანამდებობისთვის გარეგნულად და შინაგანდ შეუფერებელი ისეთი მინისტრი, როგორიც თეა წულუკიანი გახლავთ. იუსტიციის მინისტრს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს _ საშინაო და საგარეო, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წარმოადგინოს ქვეყანა და ქვეყნის შიგნით უზრუნველყოს სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება, ასევე განახორციელოს სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირება. ექვსი წელია, ქართველი ქალის სახეს უცხოეთში წარმოადგენს თეა წულუკიანი. წულუკიანმა ყველა რეფორმა ჩააგდო, მან სერიოზულად შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ის გადაიქცა ერთგვარ მუხრუჭად, რამაც საქართველოს სამართლებრივი სისტემა ღრმა კრიზისში შეიყვანა. იუსტიციის მინისტრი, რომელიც გარანტი უნდა ყოფილიყო კანონიერების დაცვისა, ხშირად თვითონ გვევლინებოდა არსებული კანონმდებლობის დამრღვევად, თანაც იმდენად აშკარად, რომ ყველასთვის ცხადი გახლდათ კანონისადმი მისი უპატივცემულობა და დაუსჯელობის შეგრძნება. თეა წულუკიანს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მრავალი დანაშაული, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, გათვალისწინებული სსკ 381-ე მუხლით; ასევე მისი ვითომ „იურისტობა“ და იურისტის დიპლომთან დაკავშირებული ისტორია ყველასთვის ცნობილია და აღნიშნული ფაქტი შეიცავს სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს; წულუკიანს არაერთჯერადად აქვს ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულები, რაც გათვალისწიებულია სსკ 332-ე და 333-ე მუხლებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მისი სატელევიზიო განცხადებების დიდი ნაწილი ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემცველია. _ შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ? _ ცალკე საკითხია თეა წულუკიანის მიერ კორუფციული დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ზოგიერთ მათგანს შევეხები: თეა წულუკიანი დანაშაულებრივ კავშირში შევიდა შევარდნაძის პერიოდის ერთ-ერთ თანამდებობის პირთან, რომლის დახმარებითაც მოახერხა სტრასბურგში მრავალ ასეულ ათას ევროდ შეფასებული ბინის შეძენა, სამაგიეროდ, ევროსასამართლოში, სადაც თვითონ წარმოადგენდა მხარეს, 2014 წლის 11 მარტს, მის სასარგებლოდ, გააგზავნა წერილი, რითიც გააყალბა პროკურატურის მიერ დადგენილი ფაქტები. ამ საქმეზე თეა წულუკიანმა მოახდინა ბინების ერთგვარი ბარტერული გაცვლა. სტრასბურგში მას შეუძინეს ბინა, რის შემდგომაც ამ ჩინოვნიკის ოჯახისთვის დააბრუნებინა ბინა, რომელიც, როგორც დაუსაბუთებელი ქონება, თვით ამ ჩინოვნიკს ჰქონდა ჩაბარებული სახელმწიფოსთვის. რამდენი ადამიანია, მართლა წართმეული ქონება რომ ვერ დაიბრუნა? თეა წულუკიანმა დანიშვნისთანავე წარმატებით გააგრძელა „ელიტურ კორუფციული“ საქმიანობა. ამ პერიოდში წულუკიანის საჯარო განცხადება, ლევან კალაძის გატაცებაში მონაწილე პირების უდანაშაულობის შესახებ სწორედ კორუფციულ გარიგებაში მის მონაწილეობას ადასტურებდა, ვინაიდან ამ განცხადების გაკეთების დროს წულუკიანმა დაივიწყა მორალი, ზნეობა, სამართალი. დაივიწყა ის ფაქტი, რომ დაზარალებული კალაძის ოჯახის წევრი, კახა კალაძე, მინიმუმ, მისი თანაგუნდელი იყო. დაივიწყა ისიც, რომ ამ პერიოდში ის ითავსებდა გენერალური პროკურორის ფუნქციას და საქმეზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს განაჩენი იყო დამდგარი, როგორც გენერალურ პროკურორს, არ ჰქონდა ასეთი სახის განცხადების გაკეთების უფლება, ეს განცხადება დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის შედეგი გახლდათ. იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოტივით ინტერესი ჰქონდა და ამ საქმეზე სამართლიანობის საკითხი სურდა გადაემოწმებინა, ამასაც თავისი სამართლებრივი ფორმა გააჩნია და შეეძლო, ქვემდგომი პროკურორისთვის დაევალებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოვლენის გამო წარმოების დაწყება. წულუკიანი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით შეეცადა კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმეში საქმის ძირის გამოთხრას და მსჯავრდებულთა განთავისუფლებას. წულუკიანს ახალი გაკეთებული ჰქონდა ეს დანაშაულებრივი საჯარო განცხადება, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ლიფტთან მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შემხვდა, რომელსაც ვუთხარი, რომ მინისტრს არ ჰქონდა ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება, რომ ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივი იყო. სავარაუდოდ, ასეთმა წინააღმდეგობამ აიძულა წულუკიანი, ხელი აეღო თავის დანაშაულებრივ განზრახვაზე. მაგრამ ამ ფაქტმა ეს ბოროტი ქალბატონი კიდევ უფრო გააბოროტა და პოლიტსაბჭოს მეშვეობით შურისძიებას შეეცადა, რის გამოც იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი. _ რა კავშირშია წულუკიანი კალაძის საქმესთან და რატომ უნდა ეზრუნა ლევან კალაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ და მსჯავრდებულ პირთა განთავისუფლებაზე? კახი კალაძის ძმის გამტაცებლები წინა ხელისუფლების დროს არ დააკავეს? _ ამ შეკითხვაზე რომ ვუპასუხო, წარსულის გახსენება მოგვიწევს: 2004 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, სამართლიანობის აღდგენის თხოვნით, ათასობით მოქალაქე მიმართავდა განცხადებით პროკურატურას. მრავალი მანამდე გაუხსნელი საქმე გახსნა ქ. თბილისის სამართალდამცველმა ორგანოებმა, უმოკლეს ვადაში პოლიციისა და პროკურატურის მუშაკების თავდაუზოგავი შრომის შედეგად არა მხოლოდ გაიხსნა და სასამართლოში წარიმართა მანამდე გაუხსნელი საქმეები, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში შეწყდა ან მინიმუმამდე დავიდა ადამიანის გატაცება, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა დანაშაული. ადამიანები რაიონებიდან ჩამოდიოდნენ და ითხოვდნენ, საქმე გამოსაძიებლად ქალაქის პროკურატურას წამოეღო. ტელეფონით დამირეკა და იგივე თხოვნა ჰქონდა იმ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ლევან კალაძის მამას, ბატონ კარლოს, რაზედაც თავდაპირველად უარი ვუთხარი, რადგან მისი შვილის საქმე გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა, თანაც ახალი მომხდარი იყო ის სამწუხარო ფაქტი, როდესაც ამ საქმეზე სვანეთში შუა საუკუნეებში გარდაცვლილი ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ის იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალგაზრდის ნეშტი. საქმის წამოღებას მთხოვდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გენერალი დავით კეკუა, რომელიც შემდგომში მეშვიდე საპყრობილეში გარდაიცვალა. თუმცა, ჩემი აზრით, მისი გარდაცვალების ფაქტზე კვალიფიციური გამოძიება თუ ჩატარდება, შესაძლოა დადგინდეს, რომ მას თავი არ მოუკლავს, არამედ მოკლეს, როგორც დიდი ინფორმაციის მატარებელი. კარლო კალაძე ჩემთან მიღებაზე იმყოფებოდა და საქმის წამოღებას მთხოვდა. ამჯერად კაცის ცრემლებს ვეღარ გავუძელი და შევპირდი, რომ საქმის წამოღების გარეშეც შეიძლებოდა მისი თხოვნის შესრულება, პოლიციას წერილობით დავალებას მივცემდი და ისინი გაააქტიურებდნენ სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის ეთიკის კოდექსისა და საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მე არ მქონდა უფლება სხვა დანაყოფის წარმოებაში მყოფ საქმეში ჩარევისა, დაზარალებულის თხოვნას ანგარიში გავუწიე და დავით კეკუას წერილობითი მიმართვა-დავალება გადავეცი. დავით კეკუასთან საუბრის შემდგომ დავრწმუნდი, რომ პოლიციას მართლა ჰქონდა ინფორმაცია არა მხოლოდ ლევან კალაძის გამტაცებლების, არამედ დანაშაულის შემკვეთების შესახებაც. პოლიციის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ისანი-სამგორის პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა იმ პერიოდში უცნობი მამაკაცის გვამის აღმოჩენის ფაქტზე არაღძრული რამდენიმე მასალა. ერთ-ერთი მასალის გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პოლიციის ინფორმაცია უტყუარი იყო, ვინაიდან გვამის აღწერილობა და ტანსაცმელი ამ ინფორმაციის უტყუარობაზე მიუთითებდა. ფაქტზე აღიძრა საქმე და გენერალურ პროკურატურას დნმ-ის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაეგზავნა. ასე ჩაეყარა საფუძველი იმ საქმის გახსნას, რომლის დანგრევასაც აპირებდა თეა წულუკიანი. სავარაუდოდ, შესაძლებელია, თეა წულუკიანზე ამ დანაშაულის შემკვეთები გავიდნენ და იგი კორუფციულ გარიგებაში ჩაითრიეს. _ მიხეილ სააკაშვილი წულუკიანს ბრალს სდებს ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში... _ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება, რომ წულუკიანი ცდილობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ისეთი გადწყვეტილების ლობირებას, სადაც ქართულ მხარეს დაადანაშაულებენ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში, ყურადსაღებია. თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, გამოძიება დიწყონ ნებისმიერი ადამიანის მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გაკეთებულ განცხადებაზე. როდესაც ასეთ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი აკეთებს, რა თქმა უნდა, გამოძიებით დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმებულიყო და გარკვეულიყო, წულუკიანის ქმედებაში ხომ არ არის ანგარებით ან სხვა მოტივით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული? სამარცხვინოა, როდესაც იუსტიციის მინისტრი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ტერმინებს და სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობას უწოდებს უბედურ შემთხვევას, სწორედ ასე მოიხსენია ეს საქმე „იმედის“ ეთერში. წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. მაგალითად, თუ იუსტიციის სახლიდან გამოვა და შემთხვევით ზედ დაეცემა სხვენში მუშების მიერ დაგროვებული ნაგავი, ეს უბედური შემთხვევა იქნება, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ ეს ნაგავი წინა ხელისუფლებამ ან კონკრეტულად ადეიშვილმა დატოვა სპეციალურად დივერსიის მოსაწყობად და გამიზნული იყო წულუკიანის თავზე დასაცემად, მაშინ დანაშაულებრივ ფაქტს ექნება ადგილი. რაც შეეხება წულუკიანის მინისტრობიდან გადადგომის საკითხს, ვინც არ უნდა მოითხოვოს მისი გადადგომა, მთელი საქართველო რომ ითხოვდეს, რა თქმა უნდა, წულუკიანი არ გადადგება. ვინაიდან მინისტრის პორტფელმა წულუკიანს მოუტანა სიმდიდრე და პირადი ბედნიერება, მინისტრის პორტფელის დაკარგვასთან ერთად წულუკიანმა შესაძლოა დაკარგოს ის, რასაც მიაღწია. ამიტომ ის ბოლომდე იბრძოლებს თანამდებობის, ანუ ბედნიერების შესანარჩუნებლად.

ელისო კილაძე

 

გაზიარება