14 ივნისს, გვიან ღამით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილების უფროსი მურად ანთაძე 27 წლის მამაკაცმა ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როდესაც პოლიცია დენროლოგიურ პარკში ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა.
გარდაცვლილს ახალგაზრდა მამაკაცი _ ბესიკ ტაკიძე ზურგიდან მიეპარა და რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ეს არის ამ ამბის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების მოკლე შინაარსი. თუმცა ამავე ინფორმაციებში ასევე მითითებული იყო, რომ პირი, რომელიც პოლიციის განყოფილების უფროსს თავს დაესხა, წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი და იგი დაკავებულია.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
მომხდარში ადგილობრივების ერთი ნაწილი და უფლებადამცველები შს სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობისა და გენერალური ინსპეციის ბრალეულობას ხედავენ.
სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებსა და სიუჟეტებში ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი მსხვერპლის მიმართ პრეტენზიებს ამ ვითარებაშიც არ მალავს და მას ცალკეულ შემთხვევებში საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
როგორც ირკვევა, ამ შემთხვევას წინ უძღვის მეტად შემზარავი ფაქტი, რომელიც 2015 წელს მოხდა: 2018 წლის 18 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა P. S.-ის საარქივო მასალისთვის წამძღვარებული ტექსტი გვამცნობს: „2015 წელს ქობულეთში ყაჩაღობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს და დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ პოლიციელებმა ისინი ისე აწამეს, რომ ერთ-ერთი მათგანი დროებითი დაკავების იზოლატორში არც კი მიიღეს და მძიმე მდგომარეობით ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სამი წლის შემდეგაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს. დღეს ეს ადამიანი ბრალდებული აღარ არის, სასამართლოს სამივე ინსტანციაში საქმე მოიგო და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა, თუმცა ბოლომდე სამართალი მაინც ვერ იპოვა: პოლიციელები, რომლებიც მას ასე სასტიკად მოექცნენ, დღემდე დაუსჯელები და თავისუფლები არიან, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკს, რომ ისინი მომდევნო მსხვერპლსაც აწამებენ, სცემენ, სამუდამოდ დაასახიჩრებენ და ამისთვის მათ პასუხს არავინ მოსთხოვს“.
ჰტტპ://რუსტავი2.გე/კა/ვიდეო/30675?ვ=2.
სხვადასხვა არქივში ასევე მოიძებნება მასალები 2015 წელს ქობულეთში შიმშილობის აქციის შესახებ. მოშიმშილეებს შორის იყო უფლებადამცველი მერაბ ბლადაძეც. „ქრონიკა+“-თან ბლადაძე აცხადებს, რომ მას კარგად ახსოვს ის პერიპეტიები, რომელიც მაშინ განვითარდა და დაბეჯითებით ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინა ხელმძღვანელობის სინდისზეა:
„ჩვენ მოვითხოვდით იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ადამიანებზე კონკრეტული მორალური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობა განახორციელეს. ადამიანები, რომელთა მიმართაც ძალადობა განხორციელდა, სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, მაგრამ ამის მიუხედავად შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევაც კი არ ჩაატარა. ადამიანებს არჩადენილი დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. სწორედ ეს თავხედური და არაადამიანური საქციელი პოლიციელების მხრიდან იყო ჩვენი შიმშილობის, პროტესტისა და უკმაყოფილების მიზეზი“, _ აცხადებს ბლადაძე.
მუხაესტატეს მცხოვრებთა ერთი ნაწილის თქმით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პარალელურად არ წყდებოდა დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და 2015 წელს მომხდარი ფაქტის დროს დაზარალებულებსა და მათ ახლობლებს შორის. მეტიც: დაზარალებულებს, მათ ახლობლებსა და იმ ადამიანებს ავიწროებდნენ, რომლებიც ამ ფაქტის დროს დაზარალებულების მხარეს აღმოჩნდნენ ან უთანაგრძნობდნენ მათ.
გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები კი საპირისპიროს აცხადებენ. მათი განმარტებებით, გარდაცვლილი და სხვა პოლიციელები საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ, რაც სოფლის მოსახლეობის ცალკეული ნაწილისთვის მიუღებელი იყო.
„ამოიღოს პოლიციამ და გამოძიებამ შესაბამისი მასალები და სტატისტიკა და გაირკვევა, რომ მუხაესტატე არათუ საქართველოში, მსოფლიოში ყველაზე კრიმინალური სოფელია. არადა, მოსახლეობის დანაშაული მეტწილად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. საღამო ჟამს მეზობლები თუ სადმე, რომელიმე ოჯახში შეიკრიბებოდნენ, შემდეგ ამას აუცილებლად მოყვებოდა ერთ-ერთი მეზობლის დაჯარიმება. ასეთი ფაქტები განა თავისთავად არ მეტყველებს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე?“ _ აცხადებს ბლადაძე.
ბლადაძე მიიჩნევს, რომ ამ ფატალური შედეგის თავიდან აცილება შეიძლებოდა, შს ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილსა და გენერალურ ინსპექციას ფაქტზე სათანადო რეაგირება რომ მოეხდინათ და პოლიციელთა ქმედებები სამართლებრივ ჩარჩოში მოექციათ.
„რა თქმა უნდა, ადამიანის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს. აქ პრობლემა ის არის, რომ შსს-ს, თავის დროზე, სათანადო ღონისძიებებით შეეძლო ამ ყველაფრის თავიდან აცილება. შსს-ს შეეძლო ეხელმძღვანელა სასამართლოს დადგენილებებით და რეაგირება მოეხდინა პოლიციელების ქმედებებზე კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში. შესაბამისად, ახლა პასუხისმგებლობა, თუნდაც მორალური, უნდა გაიზიაროს ყოფილმა შს მინისტრმაც და გენერალური ინსპექციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ“, _ აცხადებს ბლადაძე.
მოკლედ, ადგილობრივების მტკიცებით, სწორედ 2015 წელს მომხდარი ფაქტი გახდა მურად ანთაძის მკვლელობის მოტივი. მუხაესტატელები არ გამორიცხავენ, რომ სამი წლის წინ, ბიძაშვილის დაპატიმრებისა და მასზე ძალადობის გამო, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მურად ანთაძეზე განაწყენებულმა ბესიკ ტაკიძემ პოლიციელის მკვლელობით იძია შური.
სავარაუდოდ, შსს ცალკეულ ფაქტებს სრულყოფილად გამოიძიებს და მკვლელობის მიზეზების შეფასებისას იმ პირების ბრალეულობასაც გაარკვევს, რომლებმაც, თავის დროზე, 2015 წელს მომხდარ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოახდინეს.
არმაზ მეტრეველი