ირაკლი მერკვილაძე ცნობილი ქუთაისელი ექიმია. ის ამჟამად ბრალდებულია და ქუთაისის მეორე საპყრობილეში იმ საქმისთვის იხდის სასჯელს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში იხილებოდა და რომელშიც მერკვილაძე უდანაშაულოა.
სისხლის სამართლის საქმის დეტალებს „ქრონიკა+“-ის დღევანდელ ნომერში შემოგთავაზებთ, პარალელურად კი ვიწყებთ ჟურნალისტურ გამოძიებას იმ ფინანსურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც შპს „ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის“ წინააღმდეგ საზოგადოების პარტნიორებმა ირაკლი მერკვილაძემ, დემურ შამუგიამ, როლანდ ჭრელაშვილმა, რუსუდან გოგლიჩიძემ, ლალი ხაჭაპურიძემ და ციცინო მორჩაძემ დაიწყეს.
სამოქალაქო დავა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მათ შორის, დავის საგანი იყო კლინიკის დირექტორის, დავით ხონელიძის ხელფასი, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, _ ჯერ 8000 ლარი, შემდეგ 10 000, ბოლოს კი 15 000 ლარი გახდა.
დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობდა და სამივე ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ დავით ხონელიძის მიერ თავისთვის ხელფასის გაზრდა რეალურად წარმოადგენდა დივიდენდების ფარულად მიღებას და უკანონო მოქმედებას.
2017 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში ხუთი სამოქალაქო საქმე იყო, რომელთაგან ორი უკვე გაერთიანდა მოსამართლე მანანა ნიკაჭაძის მიერ. ამ საქმეების განხილვისას მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა, ყველაფერი ეღონათ არაჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობებისა და დაუსრულებელი დავების შესაწყვეტად.
მოსამართლის ამ მოწოდების პასუხად პარტნიორებმა წერილით მიმართეს შპს ხონელიძის კლინიკის გენერალურ დირექტორ დავით ხონელიძეს.
ჯერ კიდევ 2012 წელს უკვე ცხადი იყო, რომ სამედიცინო დაწესებულების მიმართ სახელმწიფო რეგულაციების გაზრდა-გამკაცრებას და ახალ რეგულაციებს კლინიკის ძველი შენობა ვერ დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ ყველა პარტნიორმა გადაწყვიტა, თანაბარი ხარჯების გაღებით და შესაბამისად, თანაბარ წილებში შეეძინათ კლინიკის გვერდით აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთი, რათა მასზე თანამედროვე მოთხოვნების შესაფერისი სამედიცინო დაწესებულება აეშენებიათ და კლინიკას იქ გაეგრძელებინა საქმიანობა, რაზედაც კატეგორიული წინააღმდეგობა გამოთქვა მხოლოდ დავით ხონელიძემ, რადგან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა წილების თანაბრად გადანაწილება. შესაბამისად, დანარჩენი პარტნიორები იძულებული გახდნენ, სხვა იურიდიული პირი დაეფუძნებინათ და მშენებლობაც დაეწყოთ.
ყოფილი პარტნიორების მიერ დაწყებული მშენებლობის პარალელურად, ორი წლის შემდეგ, ამჯერად დავით ხონელიძემ იქვე მახლობლად დაიწყო ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა და იმის მაგიერ, რომ დასავლეთ საქართველოში ერთიანი ძლიერი სამედიცინო ცენტრი შექმნილიყო, ერთმანეთის მეზობლად ორი ერთნაირი პროფილის დაწესებულება გაჩნდა.
ამის შემდეგ, დავით ხონელიძის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან განთავისუფლდა შვიდი პარტნიორი. მაშინდელი შრომის კოდექსი მსგავსი აბსურდული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. განთავისუფლებულთა შორის იყო კლინიკის წამყვანი მეანგინეკოლოგი, ირაკლი მერკვილაძე, რომლის ყოველთვიური ხელფასი 7000 ლარზე მეტი იყო.
მას შემდეგ, რაც დავით ხონელიძემ პირადი და მტრული დამოკიდებულების გამო კლინიკიდან წამყვანი სპეციალისტები დაითხოვა, მეზობლად აშენებული სამშობიარო კლინიკის ფუნქციონირების საფრთხე დაინახა, მამის ყოფილ კოლეგებს სასამართლოში უჩივლა და ოთხსართულიანი შენობის მთელ ერთ გვერდზე განთავსებული 25-ზე მეტი ფანჯრის ღიობის გაუქმება მოთხოვა, რითაც, ფაქტობრივად, აუქმებდა სამედიცინო კლინიკას. მას შემდეგ, რაც სასამართლომ ხონელიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ამჯერად უკვე შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი გაასაჩივრა.
„ნებისმიერი მიუკერძოებელი პირისათვის ზემოაღნიშნულიც საკმარისი იქნებოდა იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად აბსურდულია პარტნიორებს შორის არსებულ დაპირისპირებაში ხონელიძის მხრიდან პარტნიორების დადანაშაულება. სასამართლოში შეტანილი სარჩელების მიუხედავად, პარტნიორები, რომელსაც მე წარმოვადგენ, ენდნენ მას და დაიწყეს დავით ხონელიძესთან მოლაპარაკება მათი წილების შეძენის შესახებ. მეტიც, იმდენად კეთილსინდისიერად მოიქცნენ, რომ დირექტორის ხელფასის 6250 ლარიდან 8000 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე ერთხმად დაეთანხმნენ, მან კი ეს ნდობა იმით დააფასა, რომ პარტნიორები გადააგდო და მოლაპარაკება ჩაშალა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წილთა ნასყიდობაზე მიცემული სიტყვის გატეხის ფაქტს იმით ამართლებს, როცა რამდენიმე ასეულ ათას ლარზეა საუბარი, ბიზნესის წესებიდან გამომდინარე, სიტყვის გატეხაზე საუბარი, თურმე, არასერიოზული ყოფილა“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან ადვოკატი ზაზა ხაჟალია.
დავით ხონელიძის მიერ წილების შესყიდვის მოლაპარაკების ჩაშლას მისი მხრიდან მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მოყვა, მან საკუთარი ხელფასი 8000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაზარდა და სცადა, ეს არაკეთილსინდისიერი ქმედება სასამართლოთი „გაეპრავებინა“, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უტყუარად არის დადგენილი, რომ 2012 წლის აპრილიდან გენერალურმა დირექტორმა კლინიკის ბიუჯეტიდან უკანონოდ, ყოველთვიურად მიიღო 2000 ლარი და მან ეს თანხა კლინიკას დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს.
სასამართლოს მიერ ასევე უკანონოდაა მიჩნეული გენერალური დირექტორის მიერ ხელფასის 15 000 ლარამდე გაზრდის ფაქტი და სასამართლო კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მიიჩნევს, რომ დირექტორი ფარულად იღებდა დივიდენდს.
კლინიკის ფინანსების დაზოგვისა და საკუთარი ოჯახისთვის შემოსავლების გაზრდის მორიგი ღონისძიება დავით ხონელიძის მხრიდან იყო სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა და მის თავმჯდომარედ საკუთარი შვილის, ლერი ხონელიძის (უმცროსი) დანიშვნა. სამეთვალყურეო საბჭოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი სამოქალაქო საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და დიდი ალბათობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ საკუთარი შვილის დანიშვნა, ასევე შეფასდება როგორც დივიდენდის ფარული მიღება.
საბოლოო ჯამში, კლინიკისთვის გენერალური დირექტორის მხრიდან უკანონო გადაწყვეტილებების მიღებით მიყენებული ზარალი ასე გამოიყურება: 2013 წლის 8 აპრილის პარტნიორთა კრების მიერ დირექტორისთვის დანიშნული 8000 ლარის ნაცვლად უკანონოდ გამოწერილი და აღებული 10 000-ლარიანი ხელფასის მიღებით საზოგადოებამ ყოველთვიურად იზარალა 2000 ლარი, რაც გასულ 56 თვეზე შეადგენს 112 000 ლარს. და ეს ზარალი ყოველთვიურად იზრდება
2015 წლის 6 მარტის პარტნიორთა კრებაზე დირექტორის ხელფასის 15 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით და ამ ოდენობით დავით ხონელიძის მიერ ხელფასის მიღებით 2015 წლის მარტისთვიდან 33 თვის განმავლობაში კლინიკამ იზარალა 165 000 ლარი. და ეს ზარალიც მზარდია ყოველთვიურად 5000 ლარით.
კლინიკისთვის აბსოლუტურად ზედმეტი რგოლის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით და საბჭოს სამ წევრზე 2014 წლის აგვისტოდან 18 თვის განმავლობაში ხელფასის სახით 8000 ლარის გაცემით, ხოლო 2016 წლის თებერვლიდან 22 თვის განმავლობაში საკუთარ შვილზე ხელფასის სახით 1250 ლარის გადახდით კლინიკის ბიუჯეტმა იზარალა 171 500 ლარი. გენერალურ დირექტორს საკუთარ მამაზე, დამსახურებულ ექიმ ლერი ხონელიძეზე, რომელსაც ამჟამად კლინიკაში არანაირი ფუნქცია არ აკისრია, ხელფასის სახით გაცემული აქვს 19 500 ლარი; კლინიკის ბიუჯეტიდან ასევე ანაზღაურებულია ადვოკატის ხარჯები იმ საქმეებზე, რომელზეც მოპასუხე პირადად დავით ხონელიძე იყო. იმის მიუხედავად, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია კლინიკის გენერალური დირექტორის მხრიდან კლინიკის კუთვნილი თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტები, პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს. პროკურორი ნათია კიკვაძე კლინიკის პარტნიორებს, ფაქტობრივად, არაფრისმთქმელი წერილით პასუხობს. არსებობს გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დავით ხონელიძეს, რომელიც ყოფილი პროკურორია, მისივე კოლეგა პროკურორები ხელს აფარებენ (ამ საკითხს „ქრონიკა+“ მომავალ პუბლიკაციებში დეტალურად დაუბრუნდება).
საბოლოო ჯამში, დავით ხონელიძის მიერ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე გაცემული 448 500 ლარიდან 30%-ის მფლობელი პარტნიორების წილი შეადგენს 134 550 ლარს. მორიგების ერთ-ერთ პირობად სწორედ ამ თანხის დაბრუნებაა დასახელებული.
პარტნიორები ასევე ითხოვენ 2018 წლიდან სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას, საზოგადოების დირექტორის ხელფასის განსაზღვრას 6250 ლარით, ასევე მათი სურვილია, კლინიკას დაუბრუნდეს სახელწოდება შპს „ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა“ და ასევე ყოველწლიურად განაწილდეს მოგება-დივიდენდი.
შპს „ხონელიძის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ხონელიძემ პარტნიორების წერილობით მიმართვას ასევე წერილობით უპასუხა:
„თქვენი მხრიდან კლინიკის დირექტორის სახელზე გამოგზავნილი წერილის ტონი, რბილად რომ ვთქვათ, მოლაპარაკებების ატმოსფეროსთვის შეუსაბამოა, რაზედაც გარკვევით მიუთითებთ კიდეც წერილის ბოლოს. როგორც დირექტორს მიმაჩნია, რომ ამ წერილის კონფრონტაციული ტონი და მასში დაყენებული ულტიმატუმები, ვფიქრობ, ხელს ვერ შეუწყობს ისედაც დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას, რისკენაც მიუხედავად შექმნილ სიტუაციაში რომელიმე მხარის ბრალეულობისა, ორივე მხრიდან ნაბიჯების გადადგმა დიდად წაადგებოდა ბიზნესის განვითარებასა და პარტნიორთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებას“, _ ნათქვამია დავით ხონელიძის საპასუხო წერილში.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა და მათ შორის სასამართლო დავა ისევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. მომდევნო პროცესი მიმდინარე წლის 30 აპრილს გაიმართება. პროცესს „ქრონიკა+“ მონიტორინგის მიზნით დაესწრება.
გაზეთის მომდევნო ნომერში მოგიყვებით, რა საჩივრები შევიდა შპს „ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის“ პარტნიორების ირაკლი მერკვილაძის, დემურ შამუგიას, ივანე ჩარგეიშვილის, როლანდ ჭრელაშვილის, რუსუდან გოგლიჩიძის, ლალი ხაჭაპურიძისა და ციცინო მორჩაძის მხრიდან ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში და რა უპასუხა საჩივრის ავტორებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ნათია კიკვაძემ.
ელისო კილაძე