QronikaPlus
“მერსედესის” ცენტრი საქართველოში და წილის “ახევის” სქემა – ჟურნალისტური გამოძიება

“მერსედესის” ცენტრი საქართველოში და წილის “ახევის” სქემა – ჟურნალისტური გამოძიება

2018-03-16 11:09:53

„ქრონიკა+“ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას შპს „აკას“ („მერსედესის“ წარმომადგენლობა საქართველოში) გარშემო და პირველად, ქართულ სივრცეში, დეტალურად აღწერს წილის „ახევის“ სქემას ერთ-ერთი პარტნიორისთვის _ დავით ძოწენიძისთვის. ლადო სანიკიძე, დავით ძოწენიძის ადვოკატი: _ პირველად ასეთი დადგენილება დაბეჭდილი სახით, სადაც შპს „აკას“ პარტნიორები არიან არა 5 კაცი დავით ძოწენიძის ჩათვლით, არამედ 4, ბუნებაში გაჩნდა 2000 წლის თებერვალში. როგორც ჩანს, მანამდე ეს არ არსებობდა. სარჩელი ისე შევიტანეთ, რომ კონკრეტულად არც კი ვიცოდით, რა ხდებოდა განთავისუფლების ბრძანებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლოს ამონაწერის გამოთხოვა მოვთხოვეთ სამეწარმეო რეესტრიდან. ჩვენ მიერ სარჩელის შეტანის საპასუხოდ მათ შესაგებელი შეიტანეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბატონი დავითი არ არის პარტნიორი და 1996 წლის 15 მარტის კრების ოქმი #2-ის თანახმად გავრიცხეთ პარტნიორთა შემადგენლობიდანო. სასამართლოს მაშინვე დავუყენეთ შუამდგომლობა, რომ სამეწარმეო რეესტრიდან მტკიცებულება გამოეთხოვა. საქმე ის არის, რომ ჩვენს შესაგებელზე კრების ოქმი მოგვეცა, სადაც დღის წესრიგად ძოწენიძის პარტნიორობიდან გარიცხვა ეწერა. ეს საბუთი სასამართლომ გამოითხოვა, ანუ კრების ოქმი #1, რომლის ასლიც, თავის დროზე, დავით ძოწენიძეს ნოტარიულად დაუმოწმებელი მისცეს. მოკლედ, ეს ერთიანი გადაკეთებული იყო ორიანად იმიტომ, რომ დღის წესრიგი გახლდათ მხოლოდ დირექტორობიდან განთავისუფლება და მეორე ნომერი ოქმი, რომელიც შესაგებელს დაურთეს, საერთოდ არ დევს საქმეში. ასევე ხსენებულ დოკუმენტაციას დართული სხვა გვერდები არ იყო გადაღებული და არც ნოტარიულად დამოწმებული ჩანდა. შესაბამისად, სასამართლოში ხელახლა დავწერეთ სარჩელი და ვუთხარით, რომ ან დედანი გამოეთხოვათ, ან ორივე გვერდი, რომ გადაეღოთ და ჩაგვეხედა, რა ხდებოდა შიგნით. _ რა გაარკვიეთ? _ რა და, ვითომდა, 1996 წლის 3 აპრილს, თითქოსდა, ნოტარიულად დაამოწმეს ის პარტნიორთა კრების #1 ოქმი, რომელზედაც დავით ძოწენიძე აწერს ხელს, რომ ჩავიბარეო. ასევე, 1996 წლის 3 აპრილს არის დამოწმებული დავით ძოწენიძის განცხადება, რომ გავდივარ და თქვენთან პრეტენზია არ მექნებაო. ამ დროს, მსგავსი არაფერი ყოფილა. 1996 წლის 3 აპრილს მართლა არიან ისინი მისულები ნოტარიუსთან და ეს ნოტარიუსი სწორედ სპორტკომიტეტის შენობაში იჯდა, სადაც მას კახი ასათიანმა გამოუყო ადგილი, ვინაიდან ახლობლის სტატუსით „პირად“ ნოტარიუსად გაიხადა. ეს ადამიანი მანამდე ნოტარიუსად არასოდეს იყო ნამუშევარი და მაშინაც, სულ რაღაც, სამი თვე იმუშავა _ 1996 წლის თებერვლიდან მაისამდე. არსებობს 1996 წლის 4 აპრილის დადგენილება საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის გატარების შესახებ, სადაც წინ დაიდო კრების ოქმი #1 და დაიწერა, რომ დირექტორი გახდა დავით მკალავიშვილი. დავით მკალავიშვილის ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში ჩაბარდა და გამოიცა ახალი დადგენილება საწარმოს შესახებ. დარწმუნებული ვარ, 1996 წლის 4 აპრილს ამის მეტი არაფერი მომხდარა. _ და რატომ ხართ დარწმუნებული? _ 1996 წლის 4 აპრილის შემდეგ, 1997-ის, 1998-ის, 1999-ის, 2000-ის, 2001-ისა და 2002-ის მდგომარეობით არ არსებობს შპს „აკას“ სახელით ჩატარებული პარტნიორთა კრება ანდა რაიმე გადაწყვეტილება, რაიმე წერილი თუნდაც ინფორმაცია, სადაც ეწერებოდა, რომ კრებას ესწრებოდა კიდევ ოთხი პირი დავით ძოწენიძის გარეშე. არ ატარებდნენ არანაირ კრებას, იმიტომ, რომ წესდებაში ეწერა, რომ 80%-ზე მეტი თუ არ ესწრებოდა კრებას, დავით ძოწენისთვის უნდა დაეძახათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. _ კარგით, სასამართლოზე რა ხდება? _ 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002 წლებში კრება არ გაქვს ჩატარებული? 2003-ში, 2004-ში, 2005-ში დივიდენდი არ გაქვს განაწილებული? პირველი დივიდენდის განაწილება მოდის 2007 წელზე 2006 წლის მონაცემებით. შემდეგ არსებობს უკვე ხელნაწერი, 1996 წლის 4 აპრილის დადგენილება, სადაც დავით ძოწენიძე არ არის და 1996 წლის იანვრიდან 1996 წლის 4 აპრილამდე უნდა არსებობდეს რაღაც სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებს, რომ დავით ძოწენიძე არ არის პარტნიორი, რაც არ არსებობს. არ არსებობს სასამართლოს დადგენილება საწარმოდან გარიცხვის შესახებ, არ არსებობს წილის შესაბამისი, კომპენსაციის მიცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჩატარდა სასამართლო, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი სამეწარმეო რეესტრში ცვლილებებზე და სასამართლოს არ მოეპოვება სამართლებრივი საფუძველი, აღედგინა ჩანაწერი. მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელი შემოიტანა, რომ ვითომდა სამართლებრივი საფუძველი იყო 1996 წლის 15 მარტის კრების ოქმი #2. ეს არის სამართლებრივი საფუძველიო. და მართლაც, რომ წერია 1996 წლის 4 აპრილის დადგენილება საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, იმას აწერია სამართლებრივი საფუძველი 1996 წლის 15 მარტის #2 კრების ოქმით. ანუ ამათ ეს კრების ოქმი #1 აიღეს და გადააკეთეს #2-ად (რომელიც დევს სამეწარმეო რეესტრში). 1996 წლის 4 აპრილის დადგენილებით საწარმოს ცვლილებები კი არ არის განხორციელებული, არამედ საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის დადგენილებაა ხელნაწერის სახით საქმეში, სადაც დაფიქსირებულია, რომ პარტნიორი არ არის დავით ძოწენიძე და პარტნიორები არიან დანარჩენი 4 შესაბამისი პროცენტებით. ე. ი. დავით ძოწენიძე ცვლილებების განხორციელების გარეშე გააქრეს საწარმოს პარტნიორთა რიგებიდან, ისე რომ ცვლილებები კი არ განახორციელეს, ეს საბუთი დაბეჭდილი და სასამართლოს კანცელარიიდან გამოსული არის 2000 წლის თებერვალს. დავით ძოწენიძის ხელმოწერა ვერ მიიტანეს, მაგრამ როდესაც ჩვენ გოჩა ლელაძე სასამართლოში დავკითხეთ და ვუთხარით, რომ 1996 წლის 15 მარტს პარტნიორთა კრებაზე, თითქოს შენ იყავი და დავით ძოწენიძის წინააღმდეგ ჩვენება მიეცი და უნდა დაასაბუთო, რომ ნამდვილად იყავი და რა ჰქონდა ამის საწინააღმდეგოდ, რატომ დაუჭირე მხარი გარიცხვას, რა გააფუჭა ძოწენიძემ ისეთიო? ლელაძე საერთოდ გაგიჟდა, _ მაგ დროს საქართველოში საერთოდ არ ვიყავი _ 1996 წლიდან მოყოლებულიო. წესდებაზე ხელმოწერა რომ ვაჩვენეთ, სადაც 4 კაცი აწერდა ხელს, გვიპასუხა, რომ ამაზე კახი ასათიანმა მომაწერინა ხელი 1999 წლის ბოლოს თუ 2000-ის დასაწყისში, საქართველოში რომ ჩამოვედი პირველადო. ე. ი., კახი ასათიანს და მის ქალიშვილებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ მოეწერათ ხელი ასეთ დოკუმენტზე, გოჩა ლელაძე საქართველოში ჩამოვიდა და იმასაც მოაწერინეს ხელი, დავით ძოწენიძე კი პარტნიორობიდან ამოგდებულია. ანუ პირველად ასეთი დადგენილება დაბეჭდილი სახით, სადაც შპს „აკას“ პარტნიორები არიან არა 5 კაცი, არამედ 4, ბუნებაში გაჩნდა 2000 წლის თებერვალში, როგორც ჩანს, მანამდე ეს არ არსებობდა. _ 2002 წელს კახი ასათიანი მოკლეს, მერე რა ხდება? _ და ამის შემდეგ ვერ შედგა ის ურთიერთობები. მიდიოდა გამოძიება, ოღონდ სამართალდამცველებს საქმე გაეხსნათ და ყველას დააბრალებდნენ მკვლელობას, ამიტომ ბატონი დავითი 2-3 წელი წავიდა საერთოდ და შორიდან ადევნებდა თვალყურს, რომ მისთვის რამე სისულელე არ დაებრალებინათ. თანაც იმ დროს, უკვე 2005 წელს, ტრანსპორტის დარგში მუშაობდა, მინისტრის მოადგილე იყო და, შესაბამისად, ვინაიდან შპს „აკა“ ტრანსპორტთან დაკავშირებული საწარმოა, მაინცდამაინც, არ ჰქონდა აქტიურობის უფლება. 2006 წლიდან მოყოლებული მცდელობაა, რომ შევიკრიბოთ პარტნიორები, რა გავაკეთოთ, უკვე ახალი ცხოვრება დაიწყო, დენი მოვიდა, გაზი მოვიდა, ფული ამოძრავდა, გაჩნდა ახალი მანქანები. მთავრობის წევრებმაც დაიწყეს მანქანების ყიდვა და მოსახლეობამაც. 2007-შიც ვერ მოხერხდა ეს შეკრება და მერე მოხდა წერილობითი მიმართვა. იქიდან პასუხი იყო, პარტნიორი აღარ ხარო. სასამართლო დავაში გადავიდნენ. როგორც კი იმათ შეპასუხება შემოიტანეს, რომ 1996 წლის 15 მარტის #2 კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გავრიცხეთო, იმ წუთშივე გავამზადეთ სასარჩელი და ამ კრების ბათილობა მოვითხოვეთ. სასამართლომ სამეწარმეო საქმე რომ გამოითხოვა, კარგად რომ გადავქექეთ თავიდან ბოლომდე, სამეწარმეო საქმეში ეს დოკუმენტი არ აღმოჩნდა. სასამართლოში ნოტარიულად დამოწმებული მისი ეგზემპლარიც ვერ წარმოადგინა. ჩვენი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მეორე ნაწილს კი უარი ეთქვა. ეს ოქმი სასამართლომ შეაფასა, როგორც არარსებული და უკანონო. ეს გადაწყვეტილება შპს „აკამ“ ჯერ აპელაციაში გაასაჩივრა, შემდეგ _ უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მეორე განჩინებითაც დატოვა პირველი ინსტანციის პირობა ძალაში. აი, ასეთი აბსურდული იყო მათი სააპელაციო მოთხოვნა. ესე იგი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დავით ძოწენიძის წილი აღადგინა, ის გაუქმდესო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ იმიტომ არ ვაუქმებ ამ მუხლს, რომ ეს ოქმი ბუნებაში არც არსებობს და არ წარმოშობს სამეწარმეო რეესტრში ცვლილების შეტანის საფუძველს, ეს დარჩეს კანონიერ ძალაშიო. და ეს შევიდა ძალაში უკვე 2012 წლის 28 თებერვალს. 2012 წელს ქვეყანაში არჩევნებია, მე ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსი ვარ. ერთადერთი ტელევიზია არის „მაესტრო“, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციურ ამბებს ავრცელებს. იქ უკვე სამჯერ მქონდა საქმის გარჩევა ზაფხულში. ვიღაცებმა რომ გაიგეს, ლადო სანიკიძე არის იურიდიული განყოფილების უფროსი საარჩევნო შტაბშიო და 24 საათი „მაესტროში“ სხედან, ამის გარდა სხვა ტელევიზია არ არის და მაკა ასათიანმა, მოგეხსენებათ, ვისიც იყო ის ფული, ვითომ თვითონ ჩადო 4 მილიონი დოლარი ან შპს „აკას“ ფული იყო, ან თვითონ ბიძინასი. მაკა ასათიანმა შპს „მაესტროში“ 2011 წელს წილი შეიძინა. „რუსთავი 2“-ის ან მაშინდელი ნებისმიერი სხვა ტელევიზიის პარტნიორი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა სასამართლოში დარეკავდა და იტყოდა, რომ მაკას მოეგო სასამართლო. ამ დოკუმენტებით სასამართლოს წავაგებდი, მაკა ასათიანი 2010-ში ან 2009-ში რომ ყოფილიყო „რუსთავი 2“-ის პარტნიორი, მაგრამ არ იყო „ნაციონალების“ წარმომადგენელი და ახლა რატომ უნდა წამეგო? 2012 წლის 28 თებერვალია, როდესაც გავიგეთ, რომ პროცესი მოვიგეთ და ხვალ მიიტანდა გადაწყვეტილებას 20%-ის მფლობელი დავით ძოწენიძე. მაგრამ წინა რიცხვით დოკუმენტი შექმნეს, თითქოს 2012 წლის 15 თებერვალს პარტნიორთა კრება მოიწვიეს და იმსჯელეს, რომ 2011 წლის მოგება არ გაანაწილონ, მაგრამ სად უნდა წაიღონ, არ უთქვამთ. წესდება შეცვალეს, რომ 51%-ზე მეტს ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება. სანამ მოიფიქრეს, თუ რა ექნათ, ამასობაში დრო გავიდა და საჯარო რეესტრში 2012 წლის 23 მარტს წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც წერია, რომ დივიდენდი არ გავანაწილოთ და წესდება შევცვალოთ. მაგრამ თუ ეს ნოტარიუსმა 23 მარტს დაამოწმა, მაშინ უკვე ამ დროს ბატონი დავითიც მოწილე იყო. და თუ პარტნიორი იყო, სად არის მისი ხელმოწერა? შესაბამისად, საჯარო რეესტრმა არ გაუტარა ეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაში ჩვენი სარჩელის გარეშე. აი, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება რომ გაასაჩივრეს, იქ ჩაგვრთეს მესამე პირად და იქიდან გავიგეთ, რომ დოკუმენტი გააყალბეს, _ 2011 წლის დივიდენდი არ უნდა გაენაწილებინათ და წესდება შეეცვალათ. (გაგრძელება შემდეგ ნომერში)

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება