QronikaPlus
ვინ ემუქრება ირაკლი გოგიას, მართა წვიჟბას და მშვიდობას საქართველოში?

ვინ ემუქრება ირაკლი გოგიას, მართა წვიჟბას და მშვიდობას საქართველოში?

2018-03-16 11:05:39

მუქარის მესიჯები „ახმეტელის“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მობილურ ტელეფონზე მიიღო. მუქარის ავტორი ირაკლი გოგიას მოუწოდებდა, თავი დაენებებინა აფხაზებთან ურთიერთობებისთვის. თეატრის დასი მიიჩნევს, რომ მათ სამხატვრო ხელმძღვანელს არ პატიობენ აფხაზებთან პირდაპირ კონტაქტს და სამშვიდობო ინიციატივებს. მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველ უწყებას, გამოიძიოს რა დგას სატელეფონო მუქარების უკან? მომხდართან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს საკუთარი ვერსიები ირაკლი გოგიას მეგობარმა მიაწოდა: ვინ და რატომ შეიძლებოდა დამუქრებოდა ირაკლი გოგიას ან მართა წვიჟბას? ვის უშლიდა ხელს მათი ან მათი კოლეგების თანამშრომლობა? როგორც ჩვენი კონფიდენციალური წყარო ამბობს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური დიდი ხანია, თვალყურს ადევნებს ენგურზე არსებული კონტრაბანდის _ „შავი ხვრელის“ არალეგალურ საქმიანობას, რომელიც კარგად სარგებლობს შექმნილი სტატუს კვოთი. ამ „შავი ხვრელის“ გამოყენებით ხდება არა მარტო იარაღის, ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა ტრანსპორტირება, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის არაოფიციალური, „ლევი“ საქონლის გასაღება. აქ თვეში ათეულობით მილიონის საქონელი მოძრაობს და ეს უკვე დიდი ეკონომიკური ჰუბია სხვადასხვა ქვეყნის დამნაშავეებისთვის. ამ დამნაშავე ჯგუფს მოკავშირეები ჰყავს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთისა და სხვა ხელისუფლებებში. „შავი ხვრელის“ წარმომადგენლები აგრეთვე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ე. წ. საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურას. როგორც ჩვენთვის კარგად ინფორმირებული წყარო ამბობს, „შავი ხვრელის“ წარმომადგენლები წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს აკეთებენ. ეს მაფია მთლიანად არალეგალურია. და მაინც, რატომ უნდა დამუქრებოდა ეს მაფია სამშვიდობო პროცესს? ეს კი უკვე საფრთხეს წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფისთვის. „შავი ხვრელის“ წევრებმა არაერთხელ სცადეს, ხელი შეეშალათ ირაკლი გოგიასთვის და მისი კოლეგებისთვის „თეთრ“ საქმეში. ბოლოს კი მათ მუქარასა და დაშინებას მიმართეს. ამას გარდა, დამნაშავე ჯგუფი აქტიურად იყენებდა შვეიცარიული რელიგიური ორგანიზაცია „ჰექს-ეპერის“ არაფორმალურ ხაზებს. ჩვენმა კოლეგებმა აღმოაჩინეს არალეგალური ფინანსირების ხაზი, რომელსაც „შავი ხვრელი“ იყენებდა ამ შვეიცარიული ორგანიზაციის საშუალებით _ ფულის ნაკადების გადაგზავნა ხდებოდა დე ფაქტო ხელისუფლების იმ წევრებისთვის, რომლებიც ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში არიან ჩაბმულები. თბილისიდან ლავრენტი გერაძის ხელით იგზავნებოდა ფული დე ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსნებთან და ამ არაოფიციალური ურთიერთობებით ხდებოდა „შავი ხვრელის“ დაჯგუფების წევრების მიერ სხვადასხვა კონტრაბანდული ოპერაციის წარმოება. ჩვენმა კოლეეგებმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება ამ არალეგალურ ხაზზე და მოუწოდეს როგორც თვითონ შვეიცარიელ შუამავლებს, ასევე საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეწყვეტილიყო ეს არალეგალური საქმიანობა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო. აღმოჩნდა, რომ „შავ ხვრელს“ მოკავშირეები ჰყავს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე ძალოვან სტრუქტრებში. ვინ მფარველობს ხელისუფლებიდან „შავი ხვრელის“ დაჯგუფების წევრებს? როგორც ჩვენი კვლევიდან გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებაში ამ ჯგუფის ძირითადი საყრდენი ძალაა დიმიტრი ქუმსიშვილი. ეკონომიკურ ოპერაციებს ის ევროქოც სერგი კაპანაძესთან ერთად კურირებს. ეს დაჯგუფება, ჯერ კიდევ, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და აქედან გამომდინარე, აქ დიდი ხნის კოჰაბიტაციაა „ნაციონალურ“ და „ოცნების“ მთავრობებს შორის და ფულიც ნაწილდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც არიან ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც არ არიან „შავი ხვრელის“ არალეგალური კონტრაბანდული საქმიანობის მომხრენი. თვითონ კვირიკაშვილის, კახა კალაძის, ქეთი ციხელაშვილისა და მათი მოკავშირეების გეგმა სწორედაც რომ სავაჭრო ურთიერთობების გარკვეულ ლეგალურ ფარგლებში მოქცევას ემხრობა. აქედან გამომდინარე, ქუმსიშვილისა და კაპანაძის კლანი ამ შემთხვევაში მოქმედებს როგორც არალეგალური ბიზნესდაჯგუფება და არა როგორც პოლიტიკური ჯგუფი. ამავე კონტრაბანდის წყალობით ხდება ის, რომ სიგარეტისა და სხვა მოხმარების საგნების ფასები ხელოვნურად და დემპინგურად ეცემა. ამ დემპინგს ბევრი ლეგალური კომპანია ემსხვერპლება. ძალიან ბევრი ეს საქონელი „შავი ხვრელის“ დაჯგუფების წყალობით გადმოდის საქართველოში. ვინ არის დე ფაქტო ხელისუფლებაში „შავი ხვრელის“ წარმომადგენელი? როდესაც ამ თემაზე საუბრობენ ხოლმე, საკმაოდ შაბლონურია ლაპარაკი ლაკერბაიას ფენომენზე. და ცხადია, ბატონი ლაკერბაიას ხელი ურევია ნებისმიერი ტიპის კონტრაბანდულ ოპერაციაში. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს დე ფაქტო ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, საქართველოს ყოველდღიურად ლანძღავენ პრესაში და, მეორე მხრივ, ამ კონტრაბანდული საქმიანობიდან ხეირობენ: ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩაბმული ამ ურთიერთობებში. აღნიშნულ საქმეში ჩაბმულები არიან არტურ გაგულია და მისი კოლეგები აფხაზური მხრიდან და „შავ ხვრელს“ კურირებენ. შუამავალი მათთან ურთიერთობაში ლავრენტი გერაძეა. სამაჩაბლოს მიმართულებით ჩვენს წყაროებს, ჯერჯერობით, ინფორმაცია დანამდვილებით არ გააჩნიათ. დანაშაულებრივი დაჯგუფების „შავი ხვრელის“ მთავარია მიზანია, რომ არალეგალური საქონლით ივაჭროს და ლეგალურ საქონელზე ფასები დააგდოს. ფასების დემპინგი ამ მაფიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. რედაქტორის მინაწერი: რაკი პრობლემა აქტუალურია და „ქრონიკა+“ სამეგრელოს რეგიონში არსებულ კონტრაბანდულ ჯგუფებზე „ტყის ძმების“ მეთაურ დათო შენგელიასა და სამეგრელოს გუბერნატორ ვახტანგ შონიას დაჯგუფებების არალეგალურ საქმიანობაზე ხშირად წერდა, გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ირაკლი გოგიას მეგობრის ვერსიის გამოქვეყნებაც. თუ მასალაში დასახელებულ პირებს კომენტარის სურვილი გაუჩნდებათ, ჩვენ მათ ამის საშუალებას გაზეთის მომდევნო ნომერში მივცემთ.

ვახტანგ ჩუგოშვილი

 

გაზიარება