QronikaPlus
„მინდა, ვენდო სასამართლოს“

„მინდა, ვენდო სასამართლოს“

2018-03-11 08:33:52

სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობისა და მასში გაბატონებული კლანის აქტუალობა, ამჯერად, 38 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ დააყენა დღის წესრიგში. „მინდა, ვენდო სასამართლოს“ _ ეს არის ახალი კამპანია, რომელიც პირველ მარტს დაიწყო და რომლის მიზანიც ძირეული და რეალური რეფორმების განხორციელებაა. მათი განცხადებით დღეს სასამართლო შემდეგი გამოწვევების წინაშე დგას: • სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის არასათანადო პოლიტიკური ნება; • სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობა; • მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნის გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. კოალიცია კი აღნიშნული კამპანიით მოითხოვს: • პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; • სასამართლო სისტემა განთავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; • პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; • პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს, კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს. კამპანიას წინ უძღოდა მიმდინარე წლის 22 თებერვალს იუსტიციის საბჭოს მიერ 44 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, რომელთა შორის არიან: მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე (სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი), მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი (სერგო თეთრაძის საქმის განმხილველი), შორენა გუნცაძე („ბახალას“ მოსამართლე), მოსამართლე ნათია გუჯაბიძე („რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე) და სხვები. სწორედ ამ და სხვა მკაფიოდ გამოხატული კლანური, გაუმჭვირვალე თუ სუბიექტურად საქმის განხილვების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი ღონისძიებების გატარებას იწყებენ და რეალურ რეფორმას მოითხოვენ. „ქრონიკა+“ ესაუბრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელ ეკა ციმაკურიძეს, რომელმაც მკითხველისთვის ზედმიწევნით ახსნა, თუ რა არის კამპანიის მთავარი იდეა? სად დაუშვა სასამართლო სისტემამ შეცდომები? რა ძირეული რეფორმებია საჭირო? რა მიზეზებით არის კლანური მმართველობა გაბატონებული სასამართლო სისტემაში და ვინ აფარებს მას ხელს? _ რატომ, რა იდეით დაიწყეთ ეს კამპანია და რას ისახავს იგი მიზნად? _ ძალიან დიდი ხანია, რაც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ბოლო დროს ბევრი მოსამართლე დაინიშნა უვადოდ, პროცესი დღესაც შეუქცევადია. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ნდობა არ გააჩნია. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ ინიშნებიან ის მოსამართლეები, რომელთა მიერ განხილულ საქმეებზეც წარსულში ძალიან ბევრი კრიტიკა ისმოდა. ვიცით, რომ ხელისუფლებამ რეფორმების 3 ტალღა განახორციელა, თუმცა ამ უვადო დანიშვნების ფონზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ რეფორმები არ მუშაობს. აღმოჩნდა (და მაშინაც ვაკრიტიკებდით, როცა მესამე ტალღის რეფორმა განიხილებოდა პარლამენტში), გატარებული რეფორმები არ უზრუნველყოფს მოსამართლეების ობიექტურად შერჩევას. როგორც ამ რეფორმამდე ინიშნებოდნენ მოსამართლეები, იგივეა დღესაც (მაშინდელი პრობლემა ის გახლდათ, რომ მოსამართლეები სუბიექტურად ინიშნებოდნენ და დანიშვნის გადაწყვეტილებები არ ეფუძნებოდა დადგენილ კრიტერიუმებს. დღესაც ანალოგიურად ასეა. ფაქტობრივად, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს დანიშვნის ეს პროცესი), _ ოდიოზური ფიგურები ინიშნებიან თანამდებობებზე და ის ადამიანები წინაურდებიან სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე, რომლებიც უსამართლო მართლმსაჯულებასთან ასოცირდებიან, როგორც ადრე ხდებოდა. კანონი უნდა გაუმჯობესდეს, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი! დღეს აშკარაა, რომ სასამართლო სისტემას მართავს ადამიანთა ძლიერი ჯგუფი, რომელიც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეებისგან შედგება. მათ გავლენა აქვთ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე სასამართლო სისტემაში. რაც უნდა ბევრი კრიტიკა ისმოდეს საზოგადოებისგან, ეს ჯგუფი მაინც მოქმედებს, მათ არ აღელვებთ სასამართლო სისტემაში პროცესების ობიექტურად წარმართვა. ამ ფონზე მნიშვნელოვანი როლი აქვს მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად უგულებელყოფს საკუთარ ფუნქციას ამ პროცესებში. მისგან მუდმივად ვისმენთ, რომ ვერ ჩაერევიან სასამართლო სისტემაში. ეს ასეა, პოლიტიკური ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს სასამართლო ხელისუფლების მუშაობაში, მაგრამ მისი კომპეტენცია და ვალდებულებაა, სწორი რეფორმები გაატაროს სასამართლო სისტემაში! პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობა სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე ორი მიმართულებით იკვეთება: საკანონმდებლო რეფორმები ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც, ვხედავთ, რომ მათ, ფაქტობრივად, ჩააფლავეს და მეორე _ პარლამენტს აქვს კვოტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ის ნიშნავს 5 არამოსამართლე წევრს. აქაც ვხედავთ, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრები (ხუთი წევრიდან ოთხი მათგანი) მუდმივად მხარს უჭერს უკანონო გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საბჭოში არსებული მოსამართლე წევრები იღებენ. ამ არამოსამართლე წევრების გარეშე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ დანიშნავს მოსამართლეებს, თავმჯდომარეებს, ვერ მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების განხორციელებას უკავშირდება (მათ რომ არ ჰქონდეთ პარლამენტის მიერ დანიშნული 4 არამოსამართლე წევრის მუდმივი უაპელაციო მხარდაჭერა). დანიშნული მოსამართლეები კი, როგორც წესი, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს არ სვამენ, არ გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს, არც იმ საკითხებთან დაკავშირებით უჩნდებათ კითხვები, რაზედაც ასე ხმამაღლა და აქტიურად ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაში, ისინი, უბრალოდ, ხელით უდასტურებენ მოსამართლე წევრებს და კლანს მათ მიერ მისაღებ ძალიან ცუდ და არასწორ გადაწყვეტილებებს! ეს არის 2 მიმართულება, რაშიც გამოიხატება პოლიტიკური ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე. _ როგორ ინიშნებიან ამ კლანის წვერები? _ როცა პროცესებს ვესწრებით, ნათლად ჩანს, თუ როგორ მართავს სისტემას კლანი. მოსამართლეების დეტალურად შეფასების ძალიან ბევრი კრიტერიუმია დადგენილი, ძირითადი ორი კრიტერიუმი კი არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი (შემდეგ ჩაშლილია, თუ რას გულისხმობს ეს ორი ცნება და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, რომ თანამდებობაზე დაინიშნოს). მოსამართლეებს ფორმალურად აფასებენ, ისინი რამდენიმე ეტაპიან პროცესს გადიან, იწერება ქულები, მათ შორის იმაზე, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები; შემდეგ ეტაპზე კი საკითხი დგება კენჭისყრაზე, რა დროსაც აზრს კარგავს ყოველგვარი შეფასება და ფარული კენჭისყრით, უვადოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიშნებიან მოსამართლეები. ამ წესით დაინიშნენ მოსამართლეები უვადოდ, რომლებიც კლანის წევრებად მიიჩნევიან. დამკვირვებლებისთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ რატომ დაინიშნა ან პირიქით, არ დაინიშნა კონკრეტული პირი ამ თანამდებობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კანონმდებელმა გადაწყვიტა, დაეხურა შეფასების ქულათა ეს სისტემა და ისეთი წესი შემოიღო, რომელიც ფართო შესაძლებლობას უტოვებს კლანს, რომ თვითნებურად იმოქმედოს. _ რამდენი ხანია, რაც ეს კლანური მმართველობაა სასამართლო სისტემაში და ვისგან შედგება იგი? _ ყოველთვის ასე იყო, ჩვენ არასდროს გვქონდა დამოუკიდებელი სასამართლო, მით უფრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ის ყოველთვის პრობლემური გახლდათ. გვახსოვს პერიოდი, როცა საერთოდ დახურული იყო და სხდომებიც კი არ იმართებოდა, შესაბამისად, ზედმეტია საუბარი, რომ იქ ინსტიტუციურად მიიღებოდა გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იქაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას. დღეს განსხვავება ის არის, რომ ეს სხდომები ღიაა და პროცესის ნახვის შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა, შინაარსობრივად, სუბსტანციურად, არაფერი შეცვლილა, _ როგორც მუშაობდა კლანი მაშინ, ისე მუშაობს ახლაც. საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, რომ არაფორმალური მმართველობის პრობლემა გვაქვს! ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა. ეს კი, რა თქმა უნდა, აისახება სასამართლო სისტემაზეც, იუსტიციის საბჭოზეც და, საერთოდ, ყველა ინსტიტუციაზე. _ ე. ი. მათ პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ? _ პოლიტიკური, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასეთი პროცესები და ასეთი კრიზისი არ გვექნებოდა (არ ვსაუბრობთ ცალკეულ პრობლემებზე). სასამართლო სისტემაში კრიზისია, იგი ვერ მოხდებოდა ცუდი კანონმდებლობისა და პოლიტიკური ნების გარეშე, როცა მათ სწორედ ის ადამიანები დანიშნეს იუსტიციის საბჭოში, რომლებიც მორჩილად ხელს აუწევენ კლანის წევრებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას! _ რომელია აღნიშნული კლანის წევრების საზოგადოებისთვის ცნობილი და გახმაურებული საქმე? _ კლანის წევრებად მოიხსენიებიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე ხშირად სახელდებიან, გარედან ჩანან, თორემ ამას კიდევ უფრო დიდი ლუსტრაცია, გამოკვლევა სჭირდება. ვინმეს უსამართლობის განცდა რომ არ დარჩეს ან კლანის წევრობა არ მიეწეროს, ეს საკითხი აუცილებლად უნდა შევისწავლოთ. დღეს ეს პროცესი (მაგ.: მოსამართლე შავაძის განცხადებასთან დაკავშირებით მამისეიშვილის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით) დაწყებულია, რაც საფუძველი უნდა გახდეს, რომ კლანური მმართველობა სიღრმისეულად შევისწავლოთ და ყველა ის პირი გამოიკვეთოს, რომელიც ხელს უშლის მოსამართლეების დამოუკიდებელ მუშაობას. _ კონკრეტულად, რა როლი და გავლენა ჰქონდა თითოეულ მათგანს ამ პროცესში? _ ჩვენ ყველაზე ხშირად ვისაც ვასახელებთ, არის მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, მანამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო მრავალი წელი. რაც შეეხება მის მიერ წარმოებულ საქმეებს, წლების განმავლობაში მას საქმე, ფაქტობრივად, არ განუხილავს. ესეც სასამართლო სისტემის კლანის პრობლემაა, რომ მის წევრებს, როგორც წესი, არ ეწერებათ საქმეები, თითქოსდა, სხვა ადმინისტრაციული ფუნქციებით არიან დაკავებულები, ამიტომ საქმეებს არ განიხილავენ ხოლმე. შესაბამისად, მის სახელთან კონკრეტული, რომელიმე საქმე შეიძლება არ ასოცირდებოდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოსამართლის ფუქციას ის არ ასრულებს. არადა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ის გახლავთ. ამბობენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი (მაგალითად, ვინ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ) წინასწარ სწორედ მასთან თანხმდება. გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ისიც ერთ-ერთი ძირითადი გავლენიანი ფიგურაა სასამართლო ხელისუფლებაში. როგორც წინა, ისე ამ შემადგენლობის საბჭოს მოსამართლე წევრები ყველა შეგვიძლია ჩავთვალოთ კლანის წევრებად. _ რომელი ძირითადი ორგანიზაციები ხართ გაერთიანებული ამ ახალ კამპანიაში „საიასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გარდა? _ კამპანიას აწარმოებს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც ბევრ სხვა ორგანიზაციასთან ერთად აერთიანებს: EMC _ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“, „ღია საზოგადოება საქართველოს“, IDFI-ს, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“, ადამიანის უფლებათა ცენტრს, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“, ასევე, არიან პროფესიული გაერთიანებები, როგორიც არის „სიფა“, ამერიკის სავაჭრო პალატა და სხვ. _ 2 წლის წინათ თქვენ გქონდათ კამპანია „სამართალი ითხოვს“. რა იყო მაშინდელი კამპანიის მიზანი და რა ცვლილებებია წლევანდელ კამპანიაში? _ მაშინაც ძველი კამპანიის მოთხოვნები იყო ის, რომ რეალური რეფორმა გატარებულიყო, მოსამართლეების დანიშვნა მაშინაც აქტუალური იყო, ვინაიდან, მოგეხსენებათ, 2015-2016 წლებში მოსამართლეების მასობრივად დანიშვნის პროცესები მიმდინარეობდა. დღეს ჩვენს კამპანიას დაემატა ის, რომ კლანი უნდა დაიშალოს! იმდენად აშკარაა ეს კლანური მმართველობა, იმდენად აზრი არ აქვს სხვა ფორმალური და აკადემიური მეთოდებით ბრძოლას, რომ ჩვენ დავინახეთ ამ ყველაფრის უფრო ხმამაღლა, სხვა ფორმატში თქმის საჭიროება, ვიდრე არის მუშაობა ჯგუფებში, პარლამენტთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და ა. შ. ყველა ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კამპანიის მოთხოვნად რჩება, რომ რეალური რეფორმა განხორციელდეს (რადგან თუ კანონის დონეზე არ იქნა სასამართლოს დამოუკიდებლობა გარანტირებული, ერთ კლანს მეორე შეცვლის) და ამასთან, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ წარუმატებლობებზე, რაც ჰქონდა როგორც საკანონმდებლო პროცესში, ისე საბჭოს წევრების დანიშვნისას და მესამე _ კლანური მმართველობა დაიშალოს! _ გასულ კვირას კორუფციის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რომ საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა. სასამართლო სისტემაში რამდენად შეინიშნება კორუფცია? _ ის, რომ კლანური მმართველობა ასე აშკარაა, ის, რომ ადამიანები სუბიექტურად იღებენ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ეს არის კორუფციის ერთ-ერთი ფორმა. სულ უფრო მეტს საუბრობენ კორუფციაზე (კლასიკური გაგებით) ბიზნესსექტორში. ჩვენ ახლა ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ, თუმცა თვითონ ის აქტორები, რომელთაც ყველაზე ხშირი შეხება აქვთ სასამართლოსთან, ამბობენ, რომ ქრთამის აღების შემთხვევებიც ყოფილა. _ დაბოლოს, რომ შევაჯამოთ მთავარი პრობლემა და მისი თქვენეული გადაჭრის გზები, რა ღონისძიებებს მიმართავთ? _ ბევრი საკითხი გამოვკვეთეთ, მთავარი საკითხები, რასაც რეფორმა უნდა შეეხოს, არის მოსამართლეთა დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა (ის დღეს მთლიანად დამოკიდებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე), დისციპლინური პასუხისმგებლობა, სასამართლოებში თავმჯდომარეების დანიშვნა. ჩამოთვლილი საკითხები აქამდეც ყოფილა რეფორმის საგანი, თუმცა ვხედავთ, რომ რეფორმამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან ის არ არის სრულყოფილი ან მხოლოდ ფასადურია. რეალური ძვრებია საჭირო! ამ კამპანიის ფარგლებში დავგეგმავთ შეხვედრებს კონკრეტულ უწყებებთან და მაღალი თანამდებობის პირებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პროცესებზე, გვექნება ანგარიშების პრეზენტაციები, ასევე შევიმუშავეთ კონკრეტული კანონპროექტები და კლანის დაშლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. შეჩერებას არ ვგეგმავთ!

ნინო ტაბაღუა

გაზიარება