მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა. როგორც ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, გიორგანაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაცვის მხარის არგუმენტებზე, პრაქტიკულად, არ უმსჯელია. აქედან გამომდინარე, ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გიორგი გიორგანაშვილს გაამართლებს.
„სასამართლოს სააპელაციო საჩივრით გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით მივმართეთ. განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალმხრივად და არაჯეროვნად აქვს ნამსჯელი წარმოდგენილ არგუმენტებზე, დაცვის მხარის არგუმენტებზე კი, პრაქტიკულად, ყურადღება არ აქვს გამახვილებული და მათზე არ უმსჯელია. ასევე იგივე მოცემულობა გვაქვს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენისთვის. ჩვენ ყოველივე აღვწერეთ სააპელაციო საჩივარში. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არსებულ გამამტყუნებელ განაჩენს გააუქმებს და მის ნაცვლად გამამართლებელ განაჩენს დააყენებს“, _ განაცხადა გიორგი მახარაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ 23 იანვარს მიიღო.
„ბახალას“ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბუტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად გიორგი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ მათთან ეთანამშრომლა და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).
ამ თემაზე „ქრონიკა+“ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატს, გიორგი მახარაძეს ესაუბრება:
_ უპირველესად, სააპელაციო სასამართლოს იმიტომ მივმართეთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ამ დროს არ არსებობს მტკიცებულებების იმგვარი ერთობლიობა, რომელიც მსგავსი განაჩენის დასაყენებლად საკმარისი იქნებოდა.
მეორე მიზეზია თვითონ განაჩენი, რომელშიც მოსამართლეს ცალმხრივად აქვს ნამსჯელი მხოლოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე და, სამაგიეროდ, ძალიან მწირი მსჯელობა იკითხება დაცვის მხარის წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის საფუძველზეც ჩვენ გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ვითხოვდით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მოყვანილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მას განმარტავს, როგორც ბრალდების მხარის სასიკეთო არგუმენტს, უხეშად რომ შევაფასოთ. თუმცა აღნიშნული განმარტება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და, რეალურად, ეს ამონარიდი უფრო დაცვის მხარის სასარგებლო იყო, ვიდრე ბრალდებისა და თავად სასამართლოსი, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ბრალდების მხარეს ჰგავდა, ვიდრე რეალურ სასამართლო უწყებას.
ამ ყველა გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენ საქმე გავასაჩივრეთ, გუშინ სასამართლოს მივმართეთ და პროცესის ჩანიშვნას დაველოდებით.
_ გიორგი გიორგანაშვილის საქმის არსი რაში მდგომარეობს?
_ პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, რაც, რეალურად, მორიგი „ჩადების საქმეა“, სადაც საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაღა დარჩა.
სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენი კვლავ მოწმობს იმ პრაქტიკების გაგრძელების ტენდენციას, როდესაც ორი პოლიციელის ჩვენებით შეიძლება ადამიანი რვა წლით ციხეში წავიდეს.
_ სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტებზე სათანადოდ რატომ არ იმსჯელა?
_ ეს ცოტა უცნაური და ჩვენთვისაც გაურკვეველი ამბავია. როგორც გითხარით, არგუმენტად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან მოყვანილი აქვთ, რომ სასამართლო ვალდებული არ არის, ყველა მტკიცებულებასა და არგუმენტზე იმსჯელოსო. მაგრამ თუ კარგად წავიკითხავთ, იმ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არგუმენტების მრავალფეროვნება უნდა არსებობდეს.
ამ მრავალფეროვნებაში, ცხადია, ორივე მხარის არგუმენტები და მათზე ჯეროვანი მსჯელობა მოიაზრება. ამ დროს, სასამართლოს განაჩენში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ გამოტოვებული აქვს და მასზე ყურადღებას არ ამახვილებს.
შესაბამისად, წარმოდგენილი გადაწყვეტილება ამის გამოც გავასაჩივრეთ.
_ ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა ერთობლიობა რატომ არ ჰქონდა, რაც მსგავსი განაჩენისთვის საკმარისი იქნებოდა?
_ იქ მხოლოდ ორი მოწმის, უშუალოდ პოლიციელის ჩვენებაა. თუმცა კანონი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებებს, რომლებიც ობიექტურ პირობებში კონკრეტული პირის ბრალეულობაში დაარწმუნებდა.
რა თქმა უნდა, ორი პოლიციელის ჩვენება ასეთი არგუმენტი არ არის. ანუ ეჭვები ჩნდება, არ არსებობს არც ერთი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც ყველას დაარწმუნებდა, რომ გიორგი გიორგანაშვილმა დანაშაული ჩაიდინა.
შესაბამისად, წარმოდგენილი განაჩენი უკანონოა და ის აუცილებლად დაუბრუნდება განხილვას, რათა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.
_ რას ელოდებით სააპელაციო სასამართლოსგან?
_ მოკლევადიან პერსპექტივაში პროცესის ჩანიშვნას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების დადგენას ველოდებით.
თავის მხრივ, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
„ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო.
საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, ჩვენს აქტივისტ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს.
საქალაქო სასამართლოსთან ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი.
პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება.
საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე პროკურატურამ „ბახალას“ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგი გიორგანაშვილის საქმე ნათლად აჩენს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებს. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანების იზოლაციასა და ჩაგვრაზე, ხოლო სასამართლო და კონკრეტული მოსამართლეები ვერ ხედავენ აღნიშნულ უსამართლობას და ბრმად აღასრულებენ მართლმსაჯულებას იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანების დევნასა და მათ იზოლაციაზე.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე. წ. ჩადებების პრაქტიკას. პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს ისიც, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა პროკურატურას სრულყოფილად არ გამოუძიებია და არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.
„ჩადებების“ თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინათ ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის“ საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის“ წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც, დიდი ალბათობით, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს.
მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას. ამ შემთხვევაზე ასევე ყურადღება გამახვილდა „ჰუმან რაითს უოჩის“ კვლევაში, თუმცა არც ამის შემდგომ მიეცა გამოძიებას ახალი მსვლელობა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!
მოვითხოვთ:
გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული, ფაშისტური ნარკოპოლიტიკა.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი.
სწორედ ამ მოთხოვნებს ეფუძნება აქცია ლოზუნგით _ ყველა ერთისთვის!
აქციას უერთდებიან:
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“;
„ტალღა“;
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
„2 ივნისის მოძრაობა“;
„გირჩი“;
ქალთა მოძრაობა;
თანასწორობის მოძრაობა
„საფარი“.
გელა მამულაშვილი