QronikaPlus
ქოც-ნაცური სისხლიანი მითოლოგია

ქოც-ნაცური სისხლიანი მითოლოგია

2018-02-09 07:31:47

გალიაში ბულბულები სხედან. ყვავები არავის უნდა გალიაში, ისევე როგორც ბრიყვები არავის უნდა ლუბიანკაზე. ჰოდა, იქ, ლუბიანკაზე, ზუსტად იციან, როგორ იმოქმედონ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ რეალობით, რეალური ფაქტებით ვერ დაამარცხებდნენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, ამიტომ მათი იარაღი არც ყოფილა რეალობის ასახვა, მათ იარაღად მითები აქციეს. ქმნიდნენ მითებს, ავრცელებდნენ და ამ მითებით მოუღეს ბოლო იმ ხელისუფლებასაც და იმ ხელისუფლების დამარცხებით, უკვე, ჩვენც, მთლიანად საზოგადოებას. მითებით რეალურად შეარყიეს სახელმწიფოს საფუძვლები და ქვეყანა ქვე-ყანად გვიქციეს. წლების მანძილზე იქმნებოდა და ილექებოდა ეს მითები, რაც საბოლოდ ჩამოყალიბდა, როგორც ქოცური მითოლოგია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ როდესაც ამ მითების ფორმირება და გამოლექვა დაიწყო, „ოცნების“ სულის ჩამდგმელი, ჯერ კიდევ, ჭორვილაში იყო და ფეხიც არ ჰქონდა დადგმული ქართულ პოლიტიკურ ოლიმპოზე. მეტიც, არათუ ოლიმპოზე არ ჰქონდა ფეხი დადგმული, ნაბიჯიც არ ჰქონდა იქით გადადგმული. აბა, რატომაა მითოლოგია ქოცური? სწორედ იმიტომ, რომ ამ მითების სტრუქტურებშია იმ აზროვნების, მენტალიტეტის თავისებურებები, ლოგიკა, რამაც „ოცნება“ მოიყვანა ხელისუფლებაში და დღესაც სწორედ ეს მითები უზრუნველყოფენ მათ ხელისუფლებაში ყოფნას, სწორედ ამ მითებს იყენებს „ოცნების“ ხელისუფლება ისე, რომ მართლაც ვერ იოცნებებ. ათზე მეტი წელიწადი გავიდა, რაც შეიქმნა მითი, რომელიც დღემდე არ გახუნებულა. ეს მითი ერთი წინადადებით გადმოიცემა: „ქუჩაში ბიჭებს გვიხოცავენ, ხალხო“. ამ მითის ობერქოცური ვერსიაა ის, რაც ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მოქმედმა (რეალურად, უმოქმედო) პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ქუჩაში მკვდრები ეყარა“. ეს მითი ეფუძნებოდა რამდენიმე ინციდენტის გაზვიადება-განზოგადებას, მაგრამ ეს მითი დღემდე ძალაშია და ეფექტიანად მოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მართლაც არაერთი ადამიანი მოკლეს როგორც პირდაპირი გაგებით ქუჩაში, როგორც სახელისუფლებო ორგანოების ქმედების შედეგად, ისე მათი უმოქმედობის შედეგად _ კრიმინალებისა თუ ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის მიერ. ქუჩის გარდა, ბიჭებს ხოცავენ ეზოებში, საკუთარ სახლებთან, სპორტულ მოედნებზე, საარჩევნო კონცერტებზე, „გარაჟებში“ და სულ ბოლოს _ ლოგინშიც კი. მაგრამ ეს ყველაფერი ის შემთხვევებია, რომელიც, თურმე, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა გახდეს. მითი, რომლითაც უშუალოდ მოვიდა ეს ხელისუფლება სათავეში, იყო ის, რომ ციხეებში ხალხს აწამებენ, ცოცხებით აუპატიურებენ. ამ მითებმა თავი მოიყარა „26 ათასი გაუპატიურებული ვაშკაცის“ ქოლგის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ აგერ მეექვსე წელიწადი იწურება და საზოგადოებას ერთიც არ უნახავს იმ „26 ათასი გაუპატიურებული ვაშკაციდან“. ასევე, ცოცხები დღემდე აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მითის შექმნიდან ერთი თვეც კი არ იყო გასული, თავად ბედუკაძემ აღიარა, რომ ცოცხით არავინ არავის გაუუპატიურებია, რომ ეს იყო დამცირების მეთოდი და მეტიც, რომ ეს იყო დადგმული. ამ მითების შექმნისას რუსეთის სპეცსამსახურები ოსტატურად იყენებდნენ ტყუილ-მართლის ათქვეფის ტექნოლოგიას _ მეტი დამაჯრებლობისთვის. ასე იყო ამ მითშიც და კადრებშიც შერეული კარანტინის კადრები, რომელიც ცალკე აღებული, ცხადია, იმსახურებდა აღშფოთებას და სულ არ იყო გარნირად საჭირო ეს დადგმული კადრები, მაგრამ მეტი ემოციურობისთვის დაიდგა და მიედგა იმ რეალურ კადრებს. ამ კადრებამდე კი ერთ-ერთი ყველაზე მითიური პერსონაჟი იყო ბაჩო ახალაია. ჯერ კიდევ „ნაციონალების“ დროს შეუქმნეს მას მტარვალის, ტირანისა და სისხლისმსმელის იმიჯი. ტომები არ ეყოფა მასზე შეთხზული მითების მოყოლას. მასზე შექმნილი მითოსი წარმატებით აკუმულირდება „ბალკონზე“ დაბმული მგლების“ მითში. იმდენად ძლიერი იყო მითი მისი სისხლისმსმელობის შესახებ, რომ არათუ მაშინდელ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, თვით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსაც მეტ-ნაკლები დოზით სჯეროდათ, რომ ამ მითებში დიდი სიმართლე ერია _ თუ მთლად მგლები არ ება „ბალკონზე“, თავად იყო მგელივით სისხლისმსმელი და სასტიკი. ამ გადმოსახედიდან ისიც უნდა ითქვას, რომ ბაჩო ახალაიაზე მითების გავრცელება-ფესვგადგმას ხელი შეუწყო როგორც თავად ბაჩო ახალაიას მაშინდელმა პოზიციამაც (არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე პასუხს არ სცემდა), ისე თავად მისი თანაპარტიელების „მეგობრულმა ძალისხმევამაც“. გამოხდა ხანი, ბაჩო ახალაია ივანიშვილის ტყვედ იქცა და სწორედ ამ ტყვეობისას მოეფინა იმ ბინძურ ჭორებსა და ბრალდებებს ნათელი. თვით ივანიშვილის სასამართლოც კი იძულებული ხდებოდა, გაემართლებინა წაყენებულ ბრალდებებში. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მართლაც მითი იყო. 13 გამამართლებელი განაჩენით ბოლო მოეღო ახალაიაზე შექმნილ მითოსს. არც „გაუპატიურებული ვაშკაცი“ უნახავს ვინმეს და არც სხვა მითის გმირი _ ძუძუმოჭმული ქალბატონი. მიხეილ სააკაშვილის აღვირახსნილობის საილუსტრაციოდ შეიქმნა და ქვეყანას მოედო მითი, რომელიც ასევე ერთი წინადადებით გადმოიცემა, მოიყოლება: „მიშა ძუძუებს აჭამს ქალებს“. მიშას ნაჭამ ძუძუებს იქვე გაურითმეს მორიგი მითიც, რომ, თურმე, სანდრა რულოვსი საშვილოსნოებს აცლიდა ქალებს. ამ მითზე არანაკლებ გავრცელებული იყო და გონებაჩლუნგები დღესაც ატრიალებენ მითს, რომ სანდრა რულოვსი მკვდრებს თირკმლებს აჭრიდა, თავად გამოჰქონდა „სუმკით“ და ყიდდა. ამის დამჯერებელი გონებაჩლუნგია, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე არ ხდება არც ორგანოების ამოჭრა, არც ტრანსპლანტაცია, არც იქით-აქეთ ტარება. ეს მოწმობს იმას, რომ ამის დამჯერებელ ადამიანს ელემენტარული წარმოდგენა არ გააჩნია არც ანატომიაზე, არც მედიცინაზე და მეტიც: ინტერნეტშიც მხოლოდ პორნოსაიტებზე, სოცქსელებში ახერხებს შესვლას ჭორების წასაკითხად და ვერ ახერხებს ელემენტარულს _ დაგუგლოს, ნახოს, წაიკითხოს და გაიაზროს, რამდენად შესაძლებელია ის, რასაც უყვებიან. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კარგად ჰქონდათ გააზრებული როგორც იქ _ ლუბიანკაზე, ისე იმათ, რომელნიც აქ ამ სიბინძურის ტირაჟირებას ეწეოდა. რაც უფრო აშკარად დაუჯერებელს იტყვი, უფრო დაგიჯერებენ. დაგიჯერებენ იმიტომ, რომ ასე აწყობთ. დიახ, რეალურად, რეფორმებითა და „გარაჟების“ წართმევით უკმაყოფილო მასებს, სწორედ, ასეთი „აღსაშფოთებელი მასალა“ სჭირდებოდათ, თავისი რეალური აღშფოთება რომ შეენიღბათ და „გაეკეთილშობილებინათ“ ზოგადსაკაცობრიო წუხილით. აბა, ხომ არ იტყოდნენ, უკანონოდ მითვისებული „გარაჟი“ წამართვეს და ამას არ ვპატიობო? ხმამაღლა ხომ ვერ იტყოდნენ, მისაღებ გამოცდებში მთელი წლის სამყოფ მაყუთს ვღუნავდი და ჭირად ეს ეროვნული გამოცდები მოიგონესო? პროკურატურიდან, „გაიდან“ გამოყრილი მექრთამეები ხომ ვერ იტყოდნენ, ლუკმა პირიდან გამოგვაცალესო? ხოდა, ამიტომაც გაჰკიოდნენ: „ქუჩაში ბიჭებს გვიხოცავენ“, „ციხეში ბიჭებს აწამებენ“, „ქართველობას გვართმევენ“, „ბაგრატს რა გუმბათი დააფარეს“, „გარემოს გვინადგურებენ“ და ა. შ. დღეს ეს ყველაფერი რეალურად ხდება: ბიჭებს ქუჩაშიც ხოცავენ და ლოგინშიც და ხმას არავინ იღებს. ორ-სამ ბუჩქს კი არა, ის ბრძენი კაცი ასწლოვან ხეებს ძირფესვიანად გლეჯს და დაათრევს და იმ ხეებს, რომელიც გზად ეღობება, დაუნანებლად კაფავს და ხმას იღებს ვინმე?! წამების რამდენი ფაქტი გახმაურდა? აღშფოთდა ვინმე? თუნდაც ის მითი ავიღოთ, რაც 2012-ში ზედ არჩევნების ღამეს შეთხზეს და რასაც შეეწირა ჩვილი ბარბარეს სიცოცხლე. მომენტალურად დაადანაშაულეს „ნაციონალები“ ბავშვის მკვლელობაში, მას მერე, აგერ, მეექვსე წელიწადი იწურება და ის საქმე აღარავის გამოუძიებია. ერთი რამ დღესავით ნათელია: იმ უბედური ბავშვის ტრაგედიაში რომელიმე „ნაციონალი“ რომ ყოფილიყო გარეული, ასო-ასო აქნიდნენ და მარილს დააყრიდნენ. თავის დროზე, შექმნეს მითი, რომ სააკაშვილი ყველას იჭერდა, აპატიმრებდა და ციხეში ამწყვდევდა. დღეს ახალ მითს გვთავაზობენ, რომ, თურმე, ყველას იწყალებდა და დამნაშავედაც სწორედ შეწყალებაში ცნეს. ამ ახალ მითს ისე გვტენიან, რომ იმ ძველს არც აუქმებენ. ამიტომაც მოითხოვა ზაზა ბიბილაშვილმა თანმიმდევრულობა „ოცნებისგან“: „მოვითხოვ, „ოცნება“ ჩამოყალიბდეს, _ მიშა იმიტომ იყო ცუდი, რომ ბევრს იჭერდა, თუ იმიტომ, რომ ბევრს იწყალებდა? ასევე, ეგებ, რამენაირად ახსნან _ როგორ ხდებოდა, რომ დაჭერის მომენტში ყველა უდანაშაულო იყო, შეწყალების შემთხვევაში კი _ ყველა კრიმინალი?“ ჯერ კიდევ იმ სისხლიანი ცხრა წლის დროსაც და დღემდეც იყო მითი მიშას დიქტატორობაზე, ტირანიაზე. ეს დღემდე სჯერა ბევრ ტვინგაყინულს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დიქტატორმა მშვიდობიანად, არჩევნებით დათმო ძალაუფლება 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მის მიმართ მტრულად განწყობილი პოლიტიკური ლიდერი, თვით ბურჯანაძეც კი, მას ციხეში არ გაუშვია. მაშინ ამას იმით ხსნიდნენ, რომ ძალიანაც უნდოდა, უბრალოდ, დასავლეთი არ დაუშვებდა. თუ მხოლოდ ეს იყო შემაკავებელი, რატომ, რა ქნა, რანაირად არ დაუშვა იგივე დასავლეთმა მერაბიშვილის, ახალაიას, იგივე უგულავას დაპატიმრება და ციხეში გამომწყვდევა, სხვა არაერთ პოლიტპატიმარზე რომ აღარაფერი ვთქვათ? მიშას დროს, ორიოდე გაზეთის გარდა, ყველა გაზეთი მიშას გინებით ჭამდა პურს, დღეს რამდენი გაზეთი აკრიტიკებს არსებულ ხელისუფლებას? მიშას დროს რამდენი ტელეეთერიდან ისმოდა მიშას ხელისუფლების გმობა, გინება, ლანძღვა და თათხვა? დღეს ისმის საიდანმე იმ „რაზმახის“ წყევლა-კრულვა? კრიტიკაც კი ერთადერთი არხიდან ისმის... და მიუხედავად ამისა, ტირანი და დიქტატორი სისხლისმსმელი და ქართველობის წამრთმევი მიშა იყო. სიტუაციის მთელი დრამატიზმი კი ის არის, რომ „ნაცები“ დაამარცხა არა მარტო იქ _ ლუბიანკაზე შეთხზულმა მითებმა, არამედ აქ, თავად „ნაციონალების“ მიერ შეთხზულმა მითებმაც. როდესაც სიმართლეს მალავ და პიარზრახვებით რაღაცას რაღაცით ფუთავ, გადის დრო, სიმართლე მაინც მჟღავნდება და დაზარალებული ისევ შენ რჩები. „ნაციონალების“ მეოხებით იმ „სისხლიან 9 წელიწადში“ თანმიმდევრულად მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ გიგი საუკეთესო მერი იყო და რომ ამისთანა ქალაქის თავი არ ღირსებია ამ ქალაქს მას მერე, რაც აქ გორგასალმა გაფუფქული ხოხობი ჰპოვა. ეს მოსაზრება მყარდებოდა ვიზუალური სამტკიცებით, _ ქალაქში უამრავი რამ შენდებოდა, კეთდებოდა. გიგის კარგი მერობა ირწმუნა არათუ იმ ხელისუფლების მხარდამჭერმა ელექტორატმა, არამედ იმათაც, ვისაც „ნაცები“ დიდად გულზე არც ეხატებოდა. გამოხდა ხანი და რა გაირკვა? აღმოჩნდა, რომ ესეც მითი ყოფილა. გაირკვა მაშინ, როცა დაპირისპირებამ იფეთქა პარტიის შიგნით. სწორედ მაშინ ამოხეთქა რამდენიმემ საჯაროდ, რომ რაც მაშინ კეთდებოდა და რაც გიგის მიეწერებოდა, კეთდებოდა არა თბილისის ბიუჯეტით, არამედ ცენტრალური ბიუჯეტის ფულით და იმ ნაკეთებ საქმეებთან მერი უგულავა არაფერ შუაში იყო. ამ გადმოსახედიდან უარესად აირია ტყუილ-მართალი, ვეღარ გაიგებ, სადაა სიმართლე და სად _ ტყუილი და უკვე, ახლა, ყველაფერს წყვეტს ისევ ემოციური დამოკიდებულება. ვისთვისაც მიუღებელი და გულისამრევია უგულავას ბოლოდროინდელი განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მისთვის უგულავა უმაქნის მერად იქცა, ვისთვისაც მისაღებია ის პოზიცია, რაც დღეს უგულავას უკავია, მისთვის ისევ კარგ მერად რჩება. ამ ტყუილ-მართალში, მითსა და რეალობის თქვეფაში საერთოდ იკარგება უგულავას მაქნის-უმაქნისობა და უკვე ამ გადმოსახედიდან იბადება კითხვა, _ თუ უგულავა არ იყო კარგი მერი, რატომ გვასაღებდით კარგ მერად და რატომ მიაწერდით ყველაფერს მას, რაც თბილისში კეთდებოდა? რას ითხოვდით ხალხისგან, რომ დამდგარიყო და ეკირკიტა, რაც კეთდებოდა, ცენტრალური ბიუჯეტიდან კეთდებოდა თუ თბილისის ბიუჯეტიდან? თუ არ იყო კარგი მერი, რატომ ქმნიდით მითს კარგ მერზე? ანალოგიურად, თავის დროზე, იუსტიციის სახლებით აღფრთოვანებულ საზოგადოებას გვამცნეს, რომ ამ იდეის ავტორი, ნოვატორი და სულის ჩამდგმელ-შემსრულებელი იყო გიორგი ვაშაძე. საზოგადოებას დაგვაჯერეს, რომ იგი იყო არათუ, უბრალოდ, ნოვატორი, არამედ ნოვატორული იდეების გენერატორი. გენერატორის რეალური ვინაობა კი მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც „ნაციონალების“ შიგნით დაპირისპირებამ იფეთქა და ვაშაძემ „ნაცმოძრაობა“ დატოვა. მერე გაირკვა, რომ იუსტიციის სახლები მისი კი არა, ზურაბ ადეიშვილის იდეა იყო და ვაშაძის ნოვატორობა და გენერატორობაც, თურმე, მითი იყო. მეორდება კითხვა: რატომ მიაწერდნენ ადამიანებს იმ საქმეებს, რომლის ავტორიც, რეალურად, სხვა იყო? ისევე როცა, არ იყო ადამიანი გმირი, რატომ გვიქმნიდით მისგან გმირს? თუნდაც, მოციგურავე ელენე გედევანიშვილისგან, რომელმაც შემდეგ პუტინის ოლიმპიადაში მონაწილეობაზეც არ თქვა უარი? საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, მაინც გაქანდა პუტინის ოლიმპიადაზე, გაქანდა და მიუხედავად იმისა, რომ იგივე სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ იგი ოლიმპიადაზე მედლის ერთადერთი პრეტენდენტი იყო, ჯერაც კიდევ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ფავორიტმა ეს იმედიც ვერ გაუმართლა _ გაქანდა სოჭში და ზედ ყინულზე აიპლაყვა. არადა, ყველას გვახსოვს, თუ როგორ გმირად დასახა ის, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა, რომ, თურმე, მან ჩაიდინა მოქალაქეობრივი გმირობა და უარი თქვა რუსეთზე, რის გამოც იგი ნათესავების მსგავსად გამოაძევეს რუსეთიდან. ეს ისტორია კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, _ ერთია, როცა სამშობლოს დაბომბვას პატიობ ოკუპანტს და მეორეა, როდესაც თვალს ხუჭავ იმაზე, თუ როგორ ხელყო იმ ოკუპანტმა პირადად შენი ღირსება, გამოგაგდო ნახირის გადამყვანი თვითმფრინავით. ცხადია, გასაგებია, რა სურდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მას სურდა წითელი ინტელიგენციის საპირწონე, ახალი ტიპის ელიტის, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კლასის ფორმირება, წარმატებული ქართველების გვერდით შემოკრება, მათ ცალკეულ ნაბიჯს აზვიადებდა და ამ გზით მათ გმირებად სახავდა, მერე კი, როდესაც მის მიერ გმირებად შერაცხულები არათუ გმირულად ვერ იქცეოდნენ, არამედ ანტიგმირებადაც გვევლინებოდნენ, რაღა დარჩებოდა, რომ ეთქვა? არ გამოვიდა ყველა ხატია ბუნიათიშვილი, რომელსაც შეუძლია, უარი თქვას კონცერტში მონაწილეობაზე, სადაც გერგიევი დირიჟორობს. არ დადგა ყველასგან ნინო და ილიკო სუხიშვილები, რომლებიც ცოცხალი თავით არ ცეკვავენ მოსკოვში. „ნაციონალებს“ მითების შექმნაზე, უფრო სწორად, მოვლენებისთვის არასწორი სახელების დარქმევაზე არც შემდეგ აუღიათ ხელი. ასე შეარქვეს მათ ამ ხელისუფლებას „უნიათო“. რეალობის ამგვარმა დამახინჯებამ, ცხადია, „ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა. ჯერ ერთი, რომ ყურადღების მიღმა დარჩა მათი მავნებლობა და მეორეც _ შეარბილა ამ საზოგადოების რეაქციებიც _ უნიათო საზოგადოება გაგებით ეკიდება ხელისუფლების უნიათობასაც. მოკლედ, შეუძლებელია ამოწურო ან ქოცური, ანდაც ნაცთა მიერ შეთხზული მითები ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში, არც გვაქვს ამის პრეტენზია, უბრალოდ, ესაა მოკლე მიმოხილვა იმ სისხლიანი მითოლოგისაა, რომელიც დღემდე მოქმედებს და სისხლისგან ცლის სახელმწიფოებრიობას...

რეზო შატაკიშვილი

გაზიარება