QronikaPlus
ექვსწლიანი სასჯელი „ბალიშის პირის მოპარვისთვის“, რასაც მოწმე არ ადასტურებს

ექვსწლიანი სასჯელი „ბალიშის პირის მოპარვისთვის“, რასაც მოწმე არ ადასტურებს

2017-12-16 06:58:10

„ქრონიკა+“-ს პენსიონერმა ნელი ბერუაშვილმა წერილობით მომართა და პატიმარი შვილის საქმეში თანადგომა სთხოვა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ ექვსწელიწადმისჯილი მიხეილი უდანაშაულოა და მორიგ გადაწყვეტილებას საქმეზე, 13 იანვარს, უკვე სააპელაციო სასამართლო გამოიტანს. „ქრონიკა+“ ნელი ბერუაშვილს ესაუბრება: _ ამჟამად ვარ პენსიონერი, ასევე ინვალიდი. თითქმის 40 წელიწადია, ქალაქ გორში ქირით ვცხოვრობ. ორი შვილი მყავს. უფროსი ბიჭი ფსიქიკურად დაავადებულია, ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობდა. უმცროსი შვილი მიხეილი შარშან 17 დეკემბერს ეჭვმიტანილის სახით დააკავეს და ამის შემდეგ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამჟამად ქალაქ რუსთავის მე-17 დაწესებულებაში იმყოფება. საქმე ის არის, რომ ეს უმცროსი შვილი, ავადმყოფი, უფროსის სანახავად გავგზავნე ღუდუშაურში. სანამ იქ მივიდოდა, რაღაცები უნდა ეყიდა. აქედან ბალიშის პირის გატანება დამავიწყდა და ვუთხარი, მანდვე იყიდე და შენს ძმას მიუტანე-მეთქი. იქ მისვლამდე დაულევია, პოლიციის ორმა თანამშრომელმა სდია და დაიჭირა. მანამდე 5 წელი პირობითი ჰქონდა მისჯილი და ახლაც უსამართლოდ გაასამართლეს. იმ პირობითი სასჯელის გამო ახლა ექვსწლიანი პატიმრობა მისცეს. _ გინდა თუ არა, შენი დანაშაული აღიარეო. _ არ ვაღიარებ, რა ვაღიარო, როცა მართალი ვარო, _ ეს პასუხობდა. ასე იყო საქმე. _ თქვენი შვილისგან, კონკრეტულად, რის აღიარებას მოითხოვდნენ? _ აღიარე, რომ ბალიშის პირი მოიპარე, იქურდეო. ამან, _ არ გამიქურდავს, არაფერი მომიპარავს, რა უნდა ვაღიაროო?! მე ბალიშის პირი უნდა მეყიდა, ძმასთან სანახავად მივდიოდიო. მთვრალი რომ იყო და თან ნასამართლევი, ამის გულისთვის დამღუპეს. ოთხი თვე ციხიდან გამოსული იყო და მეხმარებოდა, სოციალურად დაუცველი პენსიონერი ვარ. ახლაც მეზობელთან წნევის გასასინჯად ვიყავი გასული. ეგ იყო ჩემი პატრონი და ახლა ნახეთ, აბა, რა დღეში ვარ!.. _ ბალიშის პირი სად, რა პირობებში მოიპარეო? _ სასამართლო პროცესზე ჩავედი, სადაც ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, _ ას მეტრში დავიჭირეო; მეორემ, _ იქვე, კიბეებთან დავაკავეთო. არადა, იმ ბალიშის პირის პატრონი მოწმედ იყო და ამბობდა, _ მე არაფერი დამიკარგავს, ჩემთვის არავის არაფერი მოუპარავს და არაფერი ვიციო. ერთი სიტყვით, უბედურ კაცს გაუჩალიჩეს, ბოდიში ამ სიტყვაზე. ხელში ნასვამი ჩაიგდეს და საქმეშიც ჩაეთვალათ. არადა, მაქსიმალურად ფრთხილობდა, ამის გამო არსად დადიოდა. 17 დეკემბერს ბარბარობა იყო, ავადმყოფ ძმასთან გავგზავნე და ნეტავ, სულ არ გამეგზავნა. ფული ჰქონდა, ახლაც საბუთებში ეს ფული დევს. საყიდლად რაც გავატანე, ის არა, სხვაც ჰქონდა დარჩენილი გამომძიებელთან „ლაპატნიკში“. დღემდე ყველას მიმართავს, რომ უდანაშაულოდ ციხეში არ დატოვონ. ხომ გითხარით, ეუბნებოდნენ, _ აღიარეო! _ არ ვაღიარებ, რადგან უსამართლო პატიმარი ვარო; ან რა ვაღიარო, არაფერი მომიპარავს, არავისთვის არაფერი დამიშავებია, გაჭირვებულ ძმასთან სანახავად მივდიოდი და, აბა, ეს რა გამიკეთეთო?.. _ მოწმე ვინ არის? _ ბალიშის პირი ვისიც იყო (პატრონი), სწორედ მან თქვა, _ არაფერი დამიკარგავს, არაფერი ვიცი, არავის ვუჩივიო... მის შესახებ კონკრეტულად ჩემს ბიჭს უფრო ეცოდინება, მირეკავს ხოლმე და ვკითხავ. _ სად მოხდა ეს ამბავი? _ დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებამ აიყვანა, მაღაზიაც იქვეა. სამჯერ თუ ოთხჯერ სასამართლო სხდომა ჩატარდა და ის ქალი, მოწმე, საერთოდ არ მოდიოდა. ბოლოს და ბოლოს, მოიყვანეს და მან თქვა, _ არაფერი ვიციო. მოკლედ, ეს ქალი იმ მაღაზიის გამყიდველია და მოპარვის ამბავს უარყოფს. ეტყობა, ეს თეთრეულის მაღაზიაა, სადაც ბალიშის პირი უნდა ეყიდა. ჩემმა შვილმა სთხოვა, რომ ვიდეოთვალი ენახათ, ესეც არ გააკეთეს. თავიდან ადვოკატიც არ აუყვანეს, რაც კი მოითხოვა, აქედან არაფერი შეუსრულეს. _ დაკავების დროს თქვენს შვილს ბალიშის პირი ხელში არ ჰქონია? _ არ მქონდა, საიდან გაჩნდა, მეც არ ვიციო. დედა ვარ და ამ ყველაფერს მეუბნება. მერე ძმაც იყო მის სანახავად და მასაც ეს უთხრა, _ ცამდე მართალი ვარ და უსამართლოდ დამაპატიმრესო. იმ დროს, სამწუხაროდ, ნასვამი კი ყოფილა. გაუბედურებული შვილები მყავს, მეტი რაღა უნდა გაითვალისწინონ? _ თუ ბალიშის პირი არ აუღია, მოწმე ქურდობის ფაქტს უარყოფს, მაშინ რის საფუძველზე მიუსაჯეს? _ არც კი ვიცი, ეს ყველაფერი რას მივაწერო. ფული რომ არ ჰქონოდა, კიდევ ვინმე იფიქრებდა, რომ იპარავდაო. მანამდე, როგორც გითხარით, ხუთწელიწადნახევარი პირობითი ჰქონდა მისჯილი. უთხრეს, _ შეთანხმებაზე წამოდი, სამ წელს მოგცემთ და ორწელიწადნახევარს პირობით მოგიხსნითო. არაო, _ უთხრა. პროკურორი და ჩემი შვილი შეეჯახნენ, დავაში არიან ერთმანეთთან. _ არ აღიარებ და აგერ, შენ, ექვსი წელიო, _ ასე გაუკეთეს და არ ვიცი, რაღა მოვიმოქმედო. ჩემი შვილი სოციალურად დაუცველია. რუსთავში ცხოვრობდა ხოლმე, ცოლისგან წამოვიდა და ოთხი თვე ჩემთან იყო. მერე, როგორც სოციალურად დაუცველს, ცოლმა ადვოკატი აუყვანა. მაინც მთელი ექვსი წელი მიუსაჯეს. 13 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება. ადვოკატი ამბობს, რომ ეს კაცი მართალია და გაათავისუფლეთ, უდანაშულო პატიმარიაო. ეს სახაზინო ადვოკატიც იბრძვის და, ჯერჯერობით, არაფერი გამოსდის. ექვსი წლის მისჯამდეც ადვოკატი ამბობდა, რომ უნდა გამოუშვანო, ვერ გამოუშვეს. ახლა სააპელაციოს იმედი გვაქვს. მეც მაქვს გულში იმედი და თვითონაც ბევრი ჰყავს შეწუხებული, _ უსამართლო პატიმარი ვარ და იქნებ, მომხედოთო. თვითონაც მისწერა ელისო კილაძეს და მეც მითხრა, _ დედა, შენც მისწერე და ეგებ, მიშველონო. _ ციხეში რამე პრობლემები ხომ არ აქვს? _ არა, არანაირი გართულება არ აქვს. ძალიან მშრომელი ბიჭია, რომ იჯდა, ამაზეც სულ დადებითი საბუთები აქვს, ყოველთვის პატიოსნად იქცეოდა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ სააპელაციო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გარეთ გამოუშვებს. მარტო ვარ დარჩენილი და სხვა მომხედავი არავინ მყავს.

გელა მამულაშვილი

გაზიარება