QronikaPlus
ჩაბუქის საქმე: სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა

ჩაბუქის საქმე: სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა

2017-12-04 06:53:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივარი, რომელიც ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას შეეხებოდა. დაცვის მხარემ მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს უარი გაასაჩივრა. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების საქმის გარემოებები და დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ: მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხარის მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 7 ივლისს კი დევნილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე პოლიტიკურია. ადვოკატის მტკიცებით, ჩაბუქის საკითხი განიხილებოდა თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე და სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის მზად, ამგვარ საკითხებზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუ არადა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენისას განმარტა, რომ დაცვის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ახალი გარემოება და კვლავ იკვეთება ის საფრთხეები, რომელზე დაყრდნობითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდაპირველად შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. როგორც ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა გახანგრძლივებოდა. ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმნენ და მათ სასამართლოს 10 000 ლარის გირაო შესთავაზეს. „ქრონიკა+“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს, ვახტანგ კვიჟინაძეს ესაუბრება: _ ბატონო ვახტანგ, რა მიზეზით მიიღო საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, როცა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს უარი ძალაში დატოვა? _ ჩემთვის წარმოუდგენელია, საქალაქო სასამართლომ ეს რის საფუძველზე გააკეთა, რადგან, ჯერჯერობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამაჩნია. ნამდვილად ვერ გეტყვით, თავში რა მოუვიდათ, მხოლოდ რეზოლუციაში თქვეს, რომ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და არ დაკმაყოფილდეს. თუმცა შემიძლია გითხრათ, ჩვენი მოთხოვნა რას ეფუძნებოდა. _ მითხარით... _ ჩვენი მოთხოვნა ეფუძნებოდა არსებულ რეალურ მდგომარეობას, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაშია. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, ე. წ. გიულენისტების ისტერიული დევნაა. მეორე, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც მათ წინააღმდეგ სჩადიან, _ განსაკუთრებით ამ ნიშნით დაკავებული პირების წინააღმდეგ, როდესაც უამრავი ადამიანი, ყოველგვარი სამართლიანი სასამართლოს, ასევე სათანადო მოპყრობის გარეშე, ამ წუთში ციხეებში იმყოფება. ჩვენ ჟენევის 1947 წლის კონვენციის საფუძველზე ვითხოვდით, რომ აქ, რა თქმა უნდა, წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკია. მესამე: აღნიშნული პიროვნების მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნითაა, რადგან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალია გადმოგზავნილი, რომელიც თურქეთში რაიმე ქმედებას არ ეფუძნება. ამას უკვე ვერაფრით იტყოდნენ, რადგან ორი წელიწადია, იქ აღარ ყოფილა. საქართველოში სკოლის ერთი დამფუძნებელი მეორე დამფუძნებელზე რაღაცას ყიდდა, რაც ჩაბუქმა იცოდა, ეს არის და ეს. ამიტომ არ ვიცით, ამ ადამიანისგან რა უნდათ. იგი არ არის მესაკუთრე და მფლობელი, არამედ ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომელია. ერთი მესაკუთრე მერეზე რაღაც წილს ყიდდა, ამან, უბრალოდ, აიღო ეს დოკუმენტი და რეესტრში წაიღო. სულ ეს არის, რაც ამ ადამიანს ბრალის სახით წარუდგინეს და, თურმე, ამიტომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. _ თქვენი კოლეგის, სოსო ბარათაშვილის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი განიხილებოდა თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე და „სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის მზად, ამგვარ საკითხებზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს“. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად, რაზეა საუბარი? _ ამასთან დაკავშირებით კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, რადგან საქმის კურსში არ ვარ. სოსო ბარათაშვილი ამაზე ამომწურავად ისაუბრებდა და თემაზე იმას იტყოდა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა... _ საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა გაახანგრძლივა, ეს რას უკავშირდება? _ მათი პოზიცია ასეთია, რომ საქმის მასალების განხილვა ვერ მოესწრო. რატომ და რისთვის ვერ მოესწრო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აქ მეორე საკითხი ისაა, რომ პატიმრობის საფუძველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, რასაკვირველია, ითვალისწინებენ არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (რომელიც, ფაქტობრივად, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება), არამედ, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების მახასიათებელს. ეს ადამიანი არის პედაგოგი, ოჯახთან, შვილებთან ერთად ცხოვრობს და ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის თურქეთის რესპუბლიკიდან მტკიცებულებების მიღებასა და დამუშავებას. ან როგორ უნდა შეუშალოს, _ ფოსტას წინ დახვდება, თუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ჩაბუქმა როგორ უნდა შეუშალოს ხელი? ეს ხომ ოფიციალურ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლაა. და კიდევ, ჩაბუქი ამ ქვეყნიდან მიმალვას არ აპირებს, აქ ცხოვრებას აპირებს, რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღოს. ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა, აქ ოჯახთან ერთად ცხოვრება სურს. შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. აღნიშნული პიროვნება თავისივე სახლში დააკავეს და არანაირი მიმალვა, წინააღმდეგობის გაწევა და ა. შ. არ დაფიქსირებულა. ამაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, თუ რის საფუძველზე და რატომ ეფარდება ამ ადამიანს პატიმრობა. ერთს დავამატებ: ეს სკოლები საქართველოში მთელ თაობებს ზრდიდა, მათ სკოლის სტანდარტი დაამკვიდრეს და სწორედ ამ სკოლებში დაიწყო მუშაობა ჩაბუქმა. თავიდან იყო მასწავლებელი და მხოლოდ შემდეგ გახდა მენეჯერი. მასწავლებლად მოღვაწეობის 15-წლიანი სტაჟი აქვს, სახელმწიფო ორგანოებთან მხოლოდ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდა, _ მრავალი ჯილდო. ამის სანაცვლოდ ეს პიროვნება უკვე შვიდი თვეა, ციხეში გაისტუმრეს. _ ადვოკატები რას აპირებთ? _ საექსტრადიციოსთან თუ ადმინისტრაციულთან, პრინციპში, განსხვავება არ არის, ჩვენ ორივე საქმეზე ამოვწურავთ ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს. რასაკვირველია, ყველა ინსტანციის სასამართლოში გავასაჩივრებთ და ბოლომდე მივიყვანთ. თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვარიანტიც განიხილება და განხორციელდება.

გელა მამულაშვილი

გაზიარება