QronikaPlus
ლიკვიდირებული ტერორისტის ბიძაშვილები ძალოვან უწყებაში მუშაობენ?!

ლიკვიდირებული ტერორისტის ბიძაშვილები ძალოვან უწყებაში მუშაობენ?!

2017-12-01 11:47:39

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევთან ერთად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, გურამ გუმაშვილი, მეტსახელად „ადამი“, ლიკვიდირებულია. „ქრონიკა+“-ს ეს ინფორმაცია, ჯერ კიდევ, 23 ნოემბერს მიაწოდეს, მაგრამ ამ დრომდე ოფიციალურად მისი ვინაობა დადასტურებული არ არის. გურამ გუმაშვილი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მას იუსტიციის მინისტრის პოსტი ეჭირა. გურამ გუმაშვილი პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესის, ზაურ გუმაშვილის ძმისშვილია. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ზაურ გუმაშვილი კატეგორიულად უარყოფდა მის საქართველოში ყოფნას. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ის კახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. იგი კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია. პანკისის ხეობაში „ქრონიკა+“-ს რამდენიმე წლის წინათ დაუდასტურეს, რომ ზაურ გუმაშვილისა და თამაზ თამაზაშვილის მეგობრობა დღემდე გრძელდება, მათ საერთო ბიზნესინტერესებიც აქვთ პანკისის ხეობაში. 2012 წელს პანკისის ხეობაში შს მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობისას დიდი სუფრა სწორედ გუმაშვილების ოჯახში გაიშალა და ექსპრემიერმა ოჯახს საჩუქრებიც კი ჩაუტანა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიაში ზაურ გუმაშვილის ოფიციალურ მისამართად დასახელებულია ახმეტა, სოფელი ჯოყოლო. ამ მისამართზე, ამ დრომდე, რეგისტრირებულია (მათ შორის, ბოლო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე) 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, გურამ გუმაშვილიც. ისლამური სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრი პანკისის ხეობის ჯამაათს ბრალს სდებს უმოქმედობასა და „მურთადებთან“ თანამშრომლობაში, სთხოვს, რამადანის დაწყებამდე ჯამაათმა ფიცი მისცეს ხალიფატს და, ზოგადად, სწორ გზაზე დადგნენ. ისლამურ წყაროებში გურამ გუმაშვილის შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება, ის ისლამური სახელმწიფოს იერარქიაში ძალიან გავლენიანი ადამიანი იყო, ასევე სერიოზული გავლენები აქვს პანკისის ხეობაში. სულეიმან გუმაშვილი, „ადამის“ ბაბუა, იყო პოეტი და მწერალი და ერთ დროს პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. გურამ გუმაშვილი უზრუნველყოფდა სირიაში თანასოფლელებისა და ნათესავების გაყვანას, ასევე იყო ცნობილი საველე მეთაურის, თარხან ბათირაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. 2013 წელს ზაურ გუმაშვილის ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი ე. წ. საზოგადოებრივი კომისიის შემადგენლობაში შევიდა, 2013 წელს ზაურ გუმაშვილის შვილი, მორის გუმაშვილი (ისლამური სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრის, გურამ გუმაშვილის ბიძაშვილი) დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლად და პანკისის ხეობა მას ჩააბარეს, მეორე შვილი, ანუ ადამ გუმაშვილის მეორე ბიძაშვილი, ლევან გუმაშვილიც, პოლიციის თანამშრომელია და შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილებაში მუშაობს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ ასევე უხუცესთა საბჭოს წევრებიც, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ შსს-ს კონტრტერორისტული ცენტის დე ფაქტო თანამშრომელთან, ზელიმხან ხანგოშვილთან. იგი მონაწილეობდა ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების საქართველოში ჩამოყვანაში, მათ მომზადებასა და ლიკვიდაციამდე _ მოლაპარაკებებშიც. 2008 წელს დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა არაკომერციული იურიდიული პირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი არის ლევან გუმაშვილი. „ქრონიკა+“-ის წყარო ვარაუდობს, რომ რაქას დაცემის მერე ისლამური სახელმწიფოს გადარჩენილი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, ახმედ ჩატაევის ჯგუფმა კი საქართველოსთან კავშირების აღდგენაზე ზრუნვა დაიწყო, რაც, საბოლოოდ, გამოუვიდა კიდეც. ვინც ახმედ ჩატაევის მოქმედების ტაქტიკას იცნობს, ცხადზე ცხადია, რომ ის საქართველოში საბრძოლველად და ტერორისტული აქტების მოსაწყობად არ ჩამოსულა. მან მიიღო მყარი გარანტიები, უსაფრთხოდ გაატარა ორი თვე კონსპირაციულ ბინაში, მასთან პერიოდულად სტუმრობდა მისი მეუღლე აინა მარგოშვილი შვილთან ერთად. ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ ახმედ ჩატაევის მეუღლე საქართველოში იმყოფება, მას რამდენიმე დღის წინ სტამბულში გამგზავრება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში არ გაატარეს. „ქრონიკა+“-ის წყარო ასევე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის რეალური მეპატრონე, თინა გაორგაშვილი, ახმედ ჩატაევს კარგად იცნობს და ასევე გურამ გუმაშვილის ოჯახთანაც საკმაოდ ახლო კავშირები აქვს. ამ თემას „ქრონიკა+“ მომდევნო ნომერში გააგრძელებს.

ელისო კილაძე

გაზიარება