საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ 6 ნოემბერს დაწყებული ჯანყი გასულ კვირას ნინო გვენეტაძის სრული ფიასკოთი დასრულდა. გვენეტაძეს საკუთარი კოლეგები აუჯანყდნენ, რომლებმაც 20 ოქტომბერს 34 მოსამართლე უვადოდ დანიშნეს და ამ კენჭისყრის შედეგებს ნინო გვენეტაძემ სამი კვირის განმავლობაში არ მოაწერა ხელი, სამი კვირის თავზე კი ყველას გასაგონად დაიქადნა, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესებას გარკვეული მიზეზის გამო ჯერ ისევ არ მოაწერს ხელს და ამისთვის წერილობით განმარტებას ასევე ყველასთვის გააკეთებს.
თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ეს შევარდნაძის დროის ყოფილმა მოსამართლემ და დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გევნეტაძემ გათვალა. სად შეცდა და ცდება გვენეტაძის თემიდა, ეს მალე გამოჩნდება.
თუმცა მანამდე 9 ნოემბრის „ღამის მსტოვრებმა“ იუსტიციის საბჭოდან ნინო გვენეტაძეს დახურულ და არასაჯარო შეხვედრაზე უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის დოკუმენტზე „უქრობი კალმის მელნით“ მოაწერინეს ხელი და მისეული წერილობითი განმარტება იმავე საკითხზე შეუსრულებელ მისიად დაუტოვეს.
რა ხდება ნინო გვენეტაძის თავს? _ ნინო გვენეტაძე სასამართლო სისტემაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, შეიძლება ითქვას, გუნდის გარეშე მიიყვანა. მართალია, ნინო გვენეტაძეს გუნდი, რომელიც სასამართლო სისტემის მართვას ყველანაირად გაუადვილებს, დღესაც არ ჰყავს, თუმცა ამ საქმის ნეტარების გემო გვენეტაძემ კარგად იცის და საკუთარი დაჯგუფების შექმნის მცდელობა, მისგან დამოუკიდებლად, გაუხმაურდა.
მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად:
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2015 წელს წარადგინა; პოსტზე მისულ გვენეტაძეს კი სასამართლო სისტემაში მისთვის უცხო კადრები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით დანიშნული ლევან მურუსიძე დახვდა. მალევე ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა ახალი გამოცდები დანიშნა და გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი გუნდის შესაქმნელად რამდენიმე მოსამართლეს საგამოცდო გასაიდუმლოებული ტესტები სახლში „მიართვა“. საგამოცდო ტესტების ფარულად გატანის სკანდალი მოსამართლეთა გამოცდების დასრულებისთანავე გახმაურდა. აქ უკვე გვენეტაძეს პირველად შეუდგა წყალი _ სწორედ გვენეტაძე დასახელდა კულუარებში ტესტების პასუხების მოსამართლეობის კანდიდატებთან წინასწარ გაჟონვაში ეჭვმიტანილად. ტესტების სკანდალმა მედიაშიც მალევე გადაინაცვლა, თუმცა ნინო გვენეტაძის პირდაპირი დადანაშაულების გარეშე: ითქვა, რომ კანდიდატი მოსამართლე ირინე ხერხეულიძე, რომელმაც ტესტის 100 კითხვიდან 100-ვე პასუხი ზედმიწევნით და სიტყვა-სიტყვით დაწერა, ნინო გვენეტაძის კადრი და ოჯახის ახლობელია, საქმე კი დღემდე გამოუძიებელი და სრულად მიჩქმალულია.
პარალელურად, გავლენების მქონე საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სკანდალი აუგორდა. მურუსიძეს წარსული საქმიანობიდან ყოველდღიურად ზონდერ-მოსამართლეობას ახსენებდნენ და ყველაზე სკანდალურად სანდრო გირგვლიანის საქმეს უსახელებდნენ. მურუსიძემ სწრაფი და სასურველი შედეგით მოქმედება დაიწყო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ლევან მურუსიძემ სრული კარტბლანში სწორედ სატესტო სკანდალის შემდეგ მოიპოვა. მურუსიძემ საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვამდე ნინო გვენეტაძეს ულტიმატუმი წაუყენა: „სატესტო სკანდალის სრულად მიჩქმალვა _ უვადოდ მოსამართლის პოსტზე დანიშვნის სანაცვლოდ“, _ ამბობს წყარო. მურუსიძეს ვადის ამოწურვისთანავე მოჰყავს განზრახვა სისრულეში და საკუთარი გუნდისა და გარემოცვის მძევლად ნინო გვენეტაძეს საბოლოოდ ხდის. „ქრონიკა+“-ის წყაროსვე ცნობით, ასევე ლევან მურუსიძე აკომპლექტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას და მის შემცვლელადაც ყოფილ პროკურორს 2006-2010 წლებში და 2011 წლიდან რიგით მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს უკვე მდივნად ნიშნავს. თავად ლევან მურუსიძე კი უვადოდ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ საბოლოოდ ინაცვლებს.
მურუსიძე-გვენეტაძის ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მიზეზი მურუსიძის უვადოდ გამწესებაზე ნინო გვენეტაძის ხმის არმიცემაა. თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაშინ ლევან მურუსიძე ხმათა უმრავლესობით მაინც დაამტკიცა და აქაც მურუსიძის გავლენები უდავოა.
2017 წლის ზაფხულის ფერიცვალების შემდეგ ნინო გვენეტაძე ე. წ. მურუსიძისეული ტყვეობიდან თავის დაღწევის მცდელობას იწყებს. გვენეტაძე დასაყრდენს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, სხვადასხვა კოლეგიასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც ეძებს. თუმცა, ამ დრომდე, გვენეტაძემ ძლიერი და გავლენების მქონე დაჯგუფება მაინც ვერ შეკრა, მაგრამ ერთადერთი, ვინც გვენეტაძის გუნდის ღია წევრად შეიძლება დასახელდეს, ეს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილია. სწორედ ნაზი ჯანეზაშვილი აკრიტიკებს საჯაროდ იმ 34 მოსამართლეს, რომლებიც უვადოდ გაამწესეს და მათ დანიშვნას სასამართლო სისტემაში მიუღებლად მიიჩნევს. ბოლო სკანდალური სხდომის დროს ნაზი ჯანეზაშვილმა საკუთარ კოლეგებს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოძალადეები უწოდა: „ეს არის ჩვეულებრივი ბულინგი, სირცხვილია!“ ამ განცხადებას კი წინ უძღოდა 6 ნოემბრის საბჭოს სხდომაზე გვენეტაძის უფრო სკანდალური განცხადება, სადაც გვენტაძემ კოლეგები ჟანტაჟში დაადანაშაულა. „მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა! გაჩუმდი, პასუხი უნდა ვთქვა, გაჩუმდი! მე ამ პირობებში ვერ ვიმუშავებ! თქვენ გინდათ პასუხად და მთელი სხდომა მაძალებდით და იძულებას ახორციელებდით ჩემზე, რომ ან კი გვითხარი, ან არა. ასეთი კი და არა ამ კითხვებზე არ არსებობს. მე არაფერს ვერიდები, მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. ახლა რადგან ამ ფორმატში მუშაობა აბსოლუტურად შეუძლებელია, მეც და თქვენც _ ეს არ არის შეურაცხყოფა, აბსოლუტურად არაადეკვატურები ვართ, ამ დღეს, რომელსაც ჰქვია იძულების, შანტაჟის, მე ყველა პასუხს ჩავწერ და ყველა პასუხს წერილობით მოგართმევთ“, _ განაცხადა ხმაურიან სხდომაზე ნინო გვენეტაძემ.
გვენეტაძეს ამავე სხდომაზე უპასუხეს: „მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინაშე. მე დღესაც გავიმეორებ, რომ ეს საბოტაჟი გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამ საბოტაჟის შედეგი არის ის, რომ დღეს მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი აღარაა მოქალაქეებისთვის. ეს არის შედეგი იმ ქცევებისა, რაც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ქვეყანა არ არის მარტო მოსამართლე წევრების და ნამდვილად ვერ მივცემთ მათ საბოტაჟის უფლებას“, _ განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა.
„ვერ მეუბნებით და ვერ მიმითითებთ კანონის ვერც ერთ მუხლს თუ პუნქტს, თუ რატომ არ გვპასუხობთ ახლა, ამ დრომდე ხელმოწერილ კენჭისყრის შედეგებზე. ნუ გვექცევით ისე, როგორც მეფე _ ვეზირებს“, _ მიმართა გვენეტაძეს საბჭოს წევრმა, რევაზ ნადარაიამ.
მოკლედ, 6 ნოემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შემდეგი სიტყვებიც ისმოდა: საბოტაჟი; გავლენების მოპოვება; ძალადობა; ტყვეობა და ა. შ.
საბოლოოდ, სხდომა ისე დასრულდა, რომ გვენეტაძემ, როგორც თავში აღვნიშნეთ, დოკუმენტზე ხელის არმოწერის განმარტებაზე სკანდალური წერილით დაიქადნა და საბჭოს შენობა უკანა კარიდან, დაცვის თანხლებით დატოვა.
რა ხდება დღეს? _ იუსტიციის საბჭოს მიერ კენჭისყრით უვადოდ დანიშნული 34 მოსამართლე უკვე შეუდგა საქმიანობას. მათ დანიშვნას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გვენეტაძემ დახურულ კარს მიღმა, 9 ნოემბერს მაინც მოაწერა ხელი, როდესაც მას საბჭოს წევრები „ღამის მსტოვრებივით“ უზენაეს სასამართლოში მოულოდნელად მიადგნენ. გვენეტაძის ანგარიშზე ეს უკვე რიგით მეორე გახმაურებული ფიასკოა და გამარჯვება, ამ ეტაპზეც, კვლავ ლევან მურუსიძის დაჯგუფების ანგარიშზე ჩაიწერა.
სასამართლო სისტემაში გავლენების მოპოვება და ძალაუფლების გადანაწილება ახალაც რომ გრძელდება, უდავოა. ის, რომ თემიდას გარშემო ბოლომდე ამოუხსნელი დაჯგუფებებია, ესეც არაერთი ოფიციალური წყაროდან არის ცნობილი. ქართული მართლმსაჯულება, რომელიც დღეს თვალსახვევის გარეშეა დარჩენილი და ბრმა მხოლოდ მართალ კაცთან არის, ბოლო წლებში სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციის მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტიც გახდა.
გიო ნაცაძე