3 ივნისს გორში, ქალაქის ცენტრში, 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანს ყელზე თოკი ჰქონდა მოხვეული, სხეულზე კი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ ფაქტით საზოგადოება შეშფოთდა. საუბარი მაშინვე ძალადობის ვერსიაზე დაიწყო, გამოძიებამ კი საქმე თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. მოსახლეობამ და მედიამ ფაქტი არაერთი ვერსიით განიხილა, საქმე კი 14 წლის გოგონას შეყვარებულს ეხებოდა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი გოგონას დედამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „მისი შვილი ამ მდგომარეობამდე თვითმკვლელობას არ მიუყვანია“. გ.ბ.-მ სამართალდამცველებთანაც გამოთქვა პროტესტი და მოითხოვა, რომ გამოძიება სხვა კუთხით წარმართულიყო. მან მომხდარში გოგონას შეყვარებული დაადანაშაულა.
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, რომელიც სკოლის დირექტორმა, მანანა ჩუხრუკიძემ მოგვაწოდა, რამდენიმე დღის წინათ იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი არასრულწლოვანი გონს მოვიდა და თქვა, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ექსპერტიზამ კი მის სხეულზე ძალადობის ნიშნები ვერ იპოვა. თოკი, რომელიც გოგონას კისერზე ჰქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ, სარეცხის, ან ელექტროენერგიის გადამყვანი იყო, რომელიც გადმოხტომის დროს ჩამოწყვიტა.
„ქრონიკა+“-სთან არასრულწლოვანის დედა ამჟამადაც აცხადებს, რომ „გამოძიების წარმართვა თვითმკვლელობის მცდელობით არასწორია“. გ.ბ.-ს თქმითვე, ექსპერტიზის ზუსტი დასკვნა დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.
მედიასაშუალებებმა ეს ფაქტი არაერთი ვერსიით გააშუქეს, საზოგადოებამ კი მაშინვე ძალადობაზე დაიწყო საუბარი. ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა გოგონას შეყვარებულს უკავშირდებოდა, რომელიც დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს, მისმა ოჯახმა გამოიძიებას ის ვიდეოჩანაწერებიც წარუდგინა, რომელიც ბიჭის ადგილსამყოფელს უჩვენებდა შემთხვევის მომენტში. ამჟამად გამოძიებას ეჭვი ბიჭზე აღარ აქვს, თუმცა მისი ოჯახი „ქრონიკა+“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოჯახს „ჩირქი მოსცხეს“. როგორც ამბობენ, ბიჭმა გოგონასთან ურთიერთობა შემთხვევიდან ორი კვირით ადრე შეწყვიტა. „ქრონიკა+“-ს არასრულწლოვნის დედამ წერილიც გადასცა, სადაც ის საზოგადოებასა და მედიას მოუწოდებს, ობიექტურად იმსჯელონ ამ საკითხზე და ბოდიში მოიხადონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის. უმთავრესი პრეტენზია კი გოგონას ოჯახთან აქვს: „ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ მაშინვე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ჩემს უდანაშაულო შვილს დაადეს ხელი, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე გამორჩეული იყო იმ ბიჭებში, ვისაც ამ გოგონასთან ურთიერთობა ჰქონდა, ან ვიღაცა აქეზებდა დედას, რომელიც მარტო ჩემს შვილს კი არა, გამომძიებელსაც ადანაშაულებდა, რომელსაც, თურმე, არასწორად მიჰყავდა გამოძიება“. ლია თოფჩიშვილი ამავე წერილში მოითხოვს, რომ ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ფაქტი გააშუქეს, ხელმეორედ გაესაუბრონ დედას და მან „ბინძური ჭორების გავრცელებისთვის“ ბოდიში მოიხადოს.
წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში ამბობენ, რომ გოგონა რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა ამ სკოლაში და რამე განსაკუთრებული მახასიათებლებით არ გამოირჩეოდა. მეგობრები კი ყვებიან, რომ მისთვის ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება არ შეუმჩნევიათ.
ნინო ბოლაშვილი