„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემულ ფოტოებს ასაჯაროებს:
„ დღეს, ზუსტად ერთი საათის წინ, კონფიდენციალურმა წყარომ მთხოვა შეხვედრა და გადმომცა ფოტოები. (სულ 11 ფოტო) წყაროს განმარტებით, ადრიან გაზაფხულზე, ანალოგიური ინცინდენტი მოხდა ვაკეში, ერთ-ერთ გასართობ კლუბთან რატი მილორავა მეგობართან ერთად სკანდალში გაეხვა.ატყდა ჩხუბი და შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მილორავას და მისი მეგობრის დაკავება დააპირა, მაგრამ ადგილზე გამოძახებულ პატრულს და პოლიციას ამის საშუალება დეპუტატმა ეკა ბესელიამ არ მისცა. აღნიშნული ფოტომასალის გასაჯაროების შემდეგ, წყარო ინცინდენტის ვიდეომასალის გადმოცემასაც დამპირდა. მე ვასრულებ პირობას, ვავრცელებ ფოტომასალას და ვიდეომასალას მიღებისთანავე გავასაჯაროვებ“ - აცხადებს ელისო კილაძე.
„ქრონიკა+“ პარლამენტარ ეკა ბესელიას დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტომასალის შესახებ კომენტარი ჩაწერა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ადასტურებს ვაკეში მის მისვლას და განმარტავს, რომ: „იქ, არა ჩემი შვილის გამო მივედი, არამედ მოქალაქე დამიკავშირდა. საერთოდ, ხშირად მიკავშირდებიან, როცა სამართალდამცავებთან რაიმე შემთხვევას ექნება ადგილი. ბუნებრივია, მე ვერ გავახმიანებ იმ პიროვნების ვინაობას, ჩემი მოქალაქეობრივი ვალია გავუწიო დახმარება ყველას, თუ კანონი ირღვევა და არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი. მახსოვს, ამ დღესაც მსგავსი ფაქტი იყო, მე სხვის დასახმარებლად ვიყავი და ჩემი შვილი არაფერ შუაშია!“
„ქრონიკა+“-ის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა რატი მილორავა მეგობართან ერთად ამ ინცინდენტის დროს ვაკეში და რამდენად ხშირად ეხმარება დედას „მოქალაქეობრივი ვალის მოხდის დროს“ ეკა ბესელიას პასუხი იყო ძალიან ლაკონური: „ჩვენც ვაკეში ვცხოვრობთ და შემთხვევით მოვიდნენ იქ, რადგან ინცინდენტს ქონდა ადგილი!“