QronikaPlus
ექსკლუზიური ინტერვიუ „სქაი ბარის“ დირექტორთან დავით კვირტიასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ „სქაი ბარის“ დირექტორთან დავით კვირტიასთან

2014-09-02 17:58:11

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს დაჩი დარჩიას, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მოკლული დაჩი დარჩია „სქაი ბარში“ მუშაობდა და შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დარჩიამ სამსახური დაასრულა. რა მოხდა, სად დაიწყო კონფილიქტი, რატომ არის შოკში რატი დურგლიშვილი, რა კავშირშია ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა და რა დამატებით ჩანაწერებს ითხოვს მთავარი პროკურატურა, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის ექსლუზიურ ინტერვიუში, რომელიც „სქაი ბარის“ დირექტორთან დავით კვირტიასთან ჩაიწერა: _ცოტა უხერხული შეკითხვით დავიწყებ. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სქაი ბარი“ არის გეების ბარი, აქ იკრიბებიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები, რამდენად მართალია? _ არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არც შეიძლება ასე იყოს. მთელი თბილისი დადის ამ ბარში და ყველამ იცის, რომ ასე არ არის. _ თქვენ გაავრცელეთ დარჩიას დამშვიდობების კადრები, ხომ? _ დიახ. _ სხვა კადრები როდის გავრცელდება? მე ვიცი, რომ კადრები უკვე პროკურატურაშია. _ კადრები ამოიღო პროკურატურამ. დამშვიდობების კადრები უბრალოდ, როცა პროკურატურა იღებდა ფირებს, მე არც გამივრცელებია, ბიჭი იყო იქ, ერთ-ერთი მეგობარი იყო, უახლოესი ადამიანი დაჩის, ტელეფონი მიუშვირა ეკრანს და უბრალოდ, ჩაიწერა და მერე მან გაავრცელა. რეალურად არსებობს ეს მასალა _ კადრები უწყვეტია? _ რა თქმა უნდა, უწყვეტია. პროკურატურამ წაიღო. ანუ თავიდან მოითხოვეს კადრები 9 საათიდან, როცა ძირითადად იწყება ბარში ხალხის შემოსვლა, მაგრამ ახლა მთელი დღის ჩანაწერი მოითხოვეს, რაც არ ჰქონდათ და ახლა წაიღებენ. ანუ პირველი საათიდან, როცა ბარი რეალურად იხსნება, ამ მთლიან ჩანაწერს წაიღებენ. დღესაც ჟურნალისტები არიან მისული იქ, იმიტომ რომ გუშინ მე ვთქვი, ვისაც სურვილი აქვს, დაჯდეს და ნახოს. მე ძალიან დავიღალე, ვთქვი კიდეც, რომ დიდ ეკრანს გავაკეთებ და თავად ნახეთ ყველამ ვინ შევიდა და ვინ გამოვიდა. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ გაირკვეს სიმართლე. საერთოდ არ გამოვიდოდი ტელევიზიით, ქორწილში ვემალები ხოლმე კამერებს. ერთადერთი ისაა, რომ ამ ბარს არ მინდა იმიჯი შეელახოს. ეს იყო მთელი მიზანი, რომ ამისთვის მიმეღწია. მერე რომ ეკა ბესელიას შვილზეც დაიწყო, ეგეც არ ყოფილა. მე მართალია, ამ ბიჭს... _ ეკას შვილს იცნობთ? _ არა, არ ვიცნობ! სახეზეც კი არ ვიცი, მაგრამ მენეჯერი ვინც იქ მუშაობს და მომსახურე პერსონალი, ყველა იცნობს კარგად. _ და რატომ იცნობენ კარგად, ხშირად დადიოდა? _ ადრე დადიოდა, წელიწადნახევარია თუ ერთი წელი არ ყოფილა, მაგრამ მანამდე ხშირად დადიოდა და ცნობენ სახეზე.  მენეჯერი ხვდება ყველას კართან და მიაცილებს მაგიდასთან. ეგეთი რამე რომ ყოფილიყო, არ გამოეპარებოდა. გამომდინარე აქედან, მარტო მენეჯერი არა, იქ ვინც მუშაობდა, ვინც ძველი კადრია, ყველა ამბობს, რომ არ ყოფილა. აგერ არის კადრები, წაშლილი ვერაფერი ვერ იქნება, წამი წამზე მიდის ყველაფერი, ვისაც დააინტერესებს, შეუძლია მივიდეს და ნახოს. _ რატი დურგლიშვილი იყო იმ დღეს იქ? _ რატი დურგლიშვილი იყო. _ რატომ არ ეკონტაქტება დაარჩენ სამყაროს, ხომ არ იცით ახლა სად არის? _ არა, არ ვიცი! რატი დურგლიშვილი სად არის, არ ვიცი! რაღაც მომენტში მაგასაც დაუკავშირეს, ის რატი ამ რატში ხომ არ აერიათ... _ მაგიტომ გეკითხებით, ორივეს რატი ქვია და ხომ არ აერიათ? _ არ ვიცი, მაია კაჭკაჭიშვილს ჰქონდა სტატუსად დადებული... არ ვიცი, მაიასაც შორიდან ვიცნობ და რატისაც... ფეხებში ჩააცხრილეს რატისო იმის გამო, რომ მუსიკა არ დაუკრაო და მერე როდის გამოვა რატი შოკიდან, არ ვიცითო. რატი საერთოდ არ ყოფილა იქ, როცა დაჩი იყო. რატი მოვიდა საავადმყოფოში. „სქაიში“ იყო, მაგრამ როცა ეს ამბავი მოხდა, საერთოდ არ ყოფილა, საავადმყოფოში ვნახე მე. არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა ბარში,  ვინ არ დაუკრა, აბა?! _ დაჩი რატომ წავიდა? სიგარეტის ყიდვა უნდოდა თუ... _არა, არა! სამსახური დაასრულა და წავიდა. _ ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თქვენ მათ გადაეცით სიგარეტი და ფული, ჩანთა არა. თუ წავიდა რეალურად, ჩანთა რატომ არ ქონდა თან? _ ეს ვინ გითხრათ? _ დაჩის დეიდაშვილმა მითხრა. _ დაჩის დეიდაშვილმა გითხრათ?! _ დიახ, რომ მის დას გადაეცით სიგარეტი და ფული, ჩანთა მერე, მოგვიანებით გამოჩნდა... _ კი, გეტყვით როგორ იყო. სასწარაფოში რომ შევიყვანეთ, ეს ჩანთა მე ავიღე, რადგან უპატრონოდ რჩებოდა, ჩავდე მანქანაში, მერე დაჩის ოჯახის წევრებს მე გავაგებინე. უბრალოდ, ჩანთიდან ამოვიღე მაგათ თვალწინ სიგარეტი, 110 ლარი და ტელეფონი, ჩანთა კი დავტოვეთ სახლში, იქ აქვთ. _ დათო, მკვლელობის ღამეს „სუს“-ის თანამშრომლები იყვნენ მოსულები თუ არა? _ ბარში როგორც სტუმრები? _ არა! მკვლელობის შემდეგ. _ ჩემთან არავინ არ ყოფილა და იქ, თუ ადგილზე რაიმეს დასათვალიერებლად იყვნენ, არ ვიცი. _ თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა? სად წააწყდა ეს ადამიანი, რომელიც დაკავებულია დაჩის? _ არ ვიცი, სავარაუდოდ, იმ ბაღში, ალბათ! _ თქვენ რამდენი ხნის მერე გაიგეთ, რომ დაჩი დაჭრილი იყო? _ ალბათ, 10-15 წუთის მერე _ პოლიცია ადგილზე იყო? _ არა, არა! დაცვის პოლიცია იყო, დანით მოსდევდა, გადმოუხტდნენ, გაჩერდიო, თორემ ვისვრითო და უცებ გადატეხა დანა, მერე წამებში... საიდან როგორ მოვიდნენ, „შკოდებით“ რომ დადიან, უცებ გაჩნდნენ და აიყვანეს. მე როცა გავედი, უკვე დაჭერილი ყავდათ ეს ბიჭი. _ რას ნიშნავს მაშინ ამ ეჭვმიტანილის ნათქვამი, რომ ის არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ადვოკატი აპირებს, რომ გაასაჩივროს? _ მე როგორც ვიცი, აღიარებს დანაშაულს და მოტივზეა აქ, რაღაც საუბარი... თორემ გასასაჩივრებელი რა აქვს? _ მისი ადვოკატის კომენტარი ასეთია. _ ჰო, ვიცი, მისი ადვოკატის კომენტარია. ნუ, ახლა რას იზამენ, აბა, ვინ იტყვის მე გავაკეთეო? წინ ადგილიზეა დაჭერილი. ეს კამერებზე ხომ ფიქსირდება?! გამოძიება ხომ მიმდინარეობს, ყველა კამერიდან აქვთ ჩანაწერი აღებული. _ და ამ უწყვეტი კადრების ნახვის საშუალება როდის იქნება? _ არ ვიცი, როცა უნდათ. ახლაც არიან ჟურნალისტები და მივიდნენ და ნახონ. 9 საათიდან ბოლო მომენტამდე, 6-7 საათი უნდა ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ ვინმე სადმე რაიმეს დაინახავთ საინტერესოს, გააჩეროთ. მაგრამ ვერაფერს ვერ დაინახავთ. რაც ჟურნალისტებს აინტერესებს - იყო თუ არა ბესელიას შვილი, ამას ვერ დაინახავთ. ვერ დაინახავთ იმიტომ, რომ გამორიცხულია. ვერც დამონტაჟებული იქნება, რადგან წამი წამზე მიდის კადრები, უწყვეტია და ყველა კამერიდან მიდის ჩანაწერი. 16 კამერაა დაყენებული, მთავარი არის შემოსასვლელი კამერა, აქ ჩანს ვინ შემოდის და გადის, სხვანაირად ვერ მოხდება, მაშინ უნდა აფრინდეს ადამიანი. სხვა გზა არ არსებობს, ვერ ავიდოდა ვერავინ. უბრალოდ, ეს ჩვეულებრივი დამთხვევითობაა, მეტი არაფერი. მოყვა მერე ხალხში რეაქცია, გაიგო ოჯახმაც, ვითომ მილორავა იყოო, ისინიც გამწარებული ხალხია და მე მესმის მათი... _ დაჩის დას შეპირდით ხომ ბინის ქირას და სწავლის გადასახადს დავფარავთო? _ კი, ჩვენ ისედაც სულ ვეხმარებოდით, თან დაჩი ისე გვიყვარდა, ძამაკაცი იყო, თანამშრომელი ხომ არა... _ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ ნასამართლები იყავით და ციხეში იჯექით იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ახლა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი... _ სად ვიჯექი, როგორ ვიჯექი? თანამშრომელია ეგა? მე „მატროსოვზე“ ვიჯექი და ეგ თანამშრომელია? _ ანუ ნასამართლები ხართ? _ კი, ნასამართლები ვარ! _ ვადაზე ადრე გამოხვედით... _ კი, ვადაზე ადრე! _ ეგ თანამშრომელი არ უნდა იყოს და ეს არის მორიგი ჭორი ხომ? _ რა თქმა უნდა! მე ყოფილ თანამშრომლებში ვიჯექი და ეგ გამორიცხულია! _ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, მენეჯერი, რომლის ინტერვიუც გავრცელდა, ამბობს, რომ ის იცნობს რატი მილორავას სახეზე, მაგრამ მილორავა არ იცნობს მას. ის იყო დაბადების დღეზე წელიწადნახევრის წინ და მას შემდეგ იქ, არ ყოფილა. და ამ მენეჯერს ყველა ახსოვს სახეზე, ვინც დაბადების დღეზე მოვიდა? _ არ ვიცი, ახლა რაზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს მენეჯერი, მაიკოზეა საუბარი, მაიკო ცანავა, ის იცნობს, რაა. _ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე იჩხუბა თუ არა რატი მილორავამ? _ არ ვიცი, მაშინ არ ვიყავი მე „სქაიში!“ არ ვიცი რაზეა ლაპარაკი, არც ვმუშაობდი მაშინ, ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ზუსტად 6 თვეა, რაც მოვედი. _ და ამ 6 თვის მანძილზე არასდროს არ ყოფილა რატი მილორავა? _ არა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს რომ აქ იყოო. მე არც ვიცნობდი, „ფეისბუქზე“ ვნახე და, ეგ იყო და ეგ. _ და ჟურნალისტები ახსენეთ, ანუ ახლაც იქ არიან? _ მე დამირეკეს და მითხრეს, რომ იქ არიან. რაღაც წაღება უნდათო, მე ფირს ვერავის გავატან, ვინ რას დაამონტაჟებს, არ ვიცი. დასხდნენ და ადგილზე უყურონ ყველაფერს. რამდენიც იქნება მსურველი, მოვიდნენ და ნახონ, გამორიცხულია ფირი ვინმეს გავატანო. როცა გაგიხარდებათ, შეიკრიბეთ ყველა ერთად, ვისაც უნდა და დასხედით და ნახეთ. რამდენიმესაათიანი მასალაა და მე შემეძლო, რომ „იუთუბზე“ ამეტვირთა, მაგრამ მაშინ უნდა დამეჭრა, რადგან დიდია მასალა და შეუძლებელია მისი სრულად ატვირთვა. რომ დამეჭრა და ნაწილ-ნაწილ განმეთავსებინა, მერე იტყოდნენ, აი, ის ნაწილია ამოჭრილიო და ა.შ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადწყვეტილება - ვისაც გაინტერესებთ, მობრძანდით ადგილზე და ნახეთ! ტყუილადაა ის აჟიოტაჟი შექმნილი, არაფერი არ ხდება, ჩვეულებრივი, სტანდარტული სიტუაციაა, ქუჩაში შეხვდა ორი ადამიანი ერთმანეთს, ხდება ჩხუბი  და... უბრალოდ, მერე რაღაცეები ააგეს ამ ყველაფერზე! საერთოდ არაფერი არ მომხდარა, განსაკუთრებული... მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა მოხდა მაგათ შორის. _ ანუ ინტერვიუს დასასრულს, კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ თემას, მე მესმის თქვენი მდგომაარეობა - ინცინდენტი ბარში არ დაწყებულა, ის მიშო ბარში არ ყოფილა, იმიტომ რომ მსგავსი ჩაცმულობით ადამიანებს ბარში არ უშვებთ, არ იცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ იმ უბანში ცხოვრობს და საკმაოდ სკანდალური ტიპია... _ ნუ, იმ უბანთან ჩვენ რა შეხება გაქვს? რეალურად არაფერი, ის უბნელები არც დადიან ჩვენთან, რაა! ჩვენთან არანაირი შეხება არ აქვთ. ეს რომ იქ არ იყო, ეს არის მილიარდპროცენტიანი, რადგან „სქაი ბარში“ ვერ ამოვიდოდა. _ და ბესელიას შვილიც არ ყოფილა... _ ბესელიას შვილიც არ ყოფილა. გამორიცხულია რომ ყოფილიყო, კადრები ხომ არის? მაგიტომ ვამბობ, ვისაც აინტერესებს, ყველას შეუძლია ადგილზე მოსვლა და ნახვა. _ ანუ, მე შემიძლია ჟურნალისტებს ვუთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში თუ ექნება მას ორგანიზებული სახე, დავთქვამთ დროს და ადგილს, გვექნება საშუალება უწყვეტი ფირი ვნახოთ ხომ? _ კი, ბატონო! ნებისმიერ დროს, როცა კი მოისურვებთ, არ იქნება პრობლემა.    

გაზიარება