QronikaPlus
სარფიდან თბილისში შემოტანილი ჰეროინი და უდანაშაულო დამნაშავეები?!

სარფიდან თბილისში შემოტანილი ჰეროინი და უდანაშაულო დამნაშავეები?!

2014-08-22 09:26:56

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტია საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ფახრად ჰამირგულიევი, რომელიც მისი დაკავების რეალურ მიზეზებზე საუბრობს. მართალია, სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და იგი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა აქ საინტერესო სხვა მომენტებია: ვინ და რა სახის ზეწოლებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გურბანზე, რომელსაც აიძულებდნენ ჰამირგულიევის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და რატომ არ დაიბარეს ე. წ. მთავარი მოწმე გურბანი სასამართლო პროცესზე? ყოფილი ხელისუფლების კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსანი ატერორებდა უცხოელ ბიზნესმენებს? ფახრად ჰამირგულიევი: _ მიხეილ სააკაშვილის დესპოტური მმართველობის მსხვერპლი 2006-13 წლებში სასჯელს ვიხდიდი არარსებული დანაშაულისთვის. წამართვეს ქონება, მომიკლეს ძმა. ძმის მკვლელობაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩემი ძმის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და იგი ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური ვერსია გულის შეტევაა, მაგრამ მე ამის არ მჯერა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ძმის სიცოცხლე ჩემს დაჭერას შეეწირა... ამის მიუხედავად, ბრძოლა არ შემიწყვეტია იმ უკანონობის, დესპოტიზმის წინააღმდეგ, რაც ხორციელდებოდა არა მარტო ქართველი ერის, არამედ აზერბაიჯანელი უმცირესობის წინააღმდეგ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე არის ყოფილი სახალხო დამცველი, დღეს უკვე დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, რადგან როდესაც პატიმარი საკუთარი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, მე მგონი, ეს ფაქტი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც სოზარ სუბარი პასუხისგებაშია მისაცემი! ეს რაც შეეხებოდა სუბარს და რაც შეეხება ჩემს პირველ საქმეს: დიდი ბრძოლის შედეგად, 2009 წელს, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გავაგზავნეთ და წარმოებაში მიიღო თავად თეა წულუკიანმა. არსებობს 4 სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რითაც დასტურდება „სოდის“ ყოფილი მაღალჩინოსნების - ამბროსი ქოქოშვილისა და თემურ გოგინაშვილის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების - დავით საყვარელიძის, მანანა მოსულიშვილისა და სხვათა დანაშაულებრივი ქმედებები, თუმცა ეს დადგენილებები დღემდე არ არის აღსრულებული და სამართლიანობის აღდგენის პროცესი შერჩევით სამართალს ეფუძნება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იმედი გვქონდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ, მაგრამ იგი დღესაც თაროზე დევს. რამდენჯერაც დავინტერესდი, რა ხდებოდა ამ საქმის ირგვლივ, პასუხი ერთი და იგივეა: „მიმდინარეობს გამოძიება“. კი მაგრამ, რამდენი წელი უნდა მიმდინარეობდეს ეს გამოძიება? მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ ვიბრძოდი ჩემს საუკეთესო მეგობართან, ალექსი მიქელაშვილთან (ყოფილი პატიმარი და ჩვენი გაზეთის ხშირი რესპონდენტი, _ ნ. ლ.) ერთად, რომლის და, ლია მიქელაშვილი, ამავე დროს იყო ჩვენი ადვოკატი. 2013 წელს გავთავისუფლდით და ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად „ქართული ოცნების“ წევრები გავხდით და ბრძოლა განვაგრძეთ „ნაციონალების“ წინააღმდეგ. ამავე დროს, მთელი რიგი შეხვედრები გვქონდა როგორც ირანელ, ისე აზერბაიჯანელ და თურქ ბიზნესმენებთან, რომლებსაც, თავის დროზე, ატერორებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი პირები. მათ შორის გახლდათ ნუგზარ შიოშვილი. სწორედ შიოშვილმა ხელყო ჩემი ოჯახი და მემუქრებოდა, არანაირი ბიზნესი არ მეწარმოებინა მის გარეშე. ყოველივე ამ უკანონობის შესახებ 2013 წლის ზაფხულში ოფიციალურად მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ყოფილ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, თუმცა შედეგად მივიღე ის, რომ 2013 წლის 31 ოქტომბერს უკანონო და ბინძური მეთოდების გამოყენებით აიძულეს აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გურბანი, ხელი მოეწერა მისთვის უცნობ საბუთზე. მასში ეწერა, რომ ვითომ თურქეთიდან ჩემზე გადმოსაცემად გამოატანეს ხელჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იდო. _ სად უნდა გადმოეცა ეს ხელჩანთა? _ ვითომ ორთაჭალის ავტოსადგურზე. გურბანი თურქეთიდან საქართველოს გავლით მიდიოდა აზერბაიჯანში და თბილისში ჩემთვის „უნდა გადმოეცა“ ხელჩანთა, რომელშიც, თითქოსდა, ჩემი დაბადების დღისთვის განკუთვნილი საჩუქარი იყო. სანამ საუბარს განვაგრძობდე, აქვე ვიტყვი, რომ, საბოლოოდ, ამ საკითხზე ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა და სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო. მოკლედ, იმ ხელჩანთის გამო დამაკავეს და გლდანის ციხეში გადამიყვანეს. თავიდან ჩვეულებრივ საკანში ვიყავი, მაგრამ როდესაც ადვოკატ ლია მიქელაშვილს (ალექსი მიქელაშვილის და) განვუცხადე, - ბრძოლას არ შევწყვეტ-მეთქი! მეორე დღესვე შემიცვალეს საკანი და ჩვეულებრივი პატიმრისთვის მიუღებელ საკანში ჩამსვეს. როდესაც გავარკვიე, რომ ეს საკანი განკუთვნილი იყო სექსუალურად მოძალადე პატიმრებისათვის და დავადგინე იქ მყოფი პირების ცხოვრების წესი და სასჯელის სახე, ადმინისტრაციას მოვთხოვე, დაუყოვნებლივ გადავეყვანე სხვა საკანში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დავიმუქრე. _ ანუ თვითმკვლელობით? _ არა, იმ პირთა მოკვლით! ადმინისტრაციის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკანში აღარ შევედი. გაუპატიურებაზე ბრალდებულების საკანში ნამდვილად არ ჩავჯდებოდი, რასაც სპეციალურად მიკეთებდნენ. აშკარა იყო, რომ ციხის თანამშრომლებს ამ ყველაფერს ავალებდნენ. 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩემთან კვლავ შემოვიდა ადვოკატი ლია მიქელაშვილი და პირდაპირ მითხრა, დამეწერა განცხადება საპროცესო შეთანხმებაზე და ამ თხოვნით მიმემართა პროკურატურისთვის. ჩემი დაკავების რეალური მიზეზი, შსს-ს მაღალჩინოსან ნუგზარ შიოლაშვილთან დაპირისპირების მიზეზთან ერთად, ალექსი მიქელაშვილთან ჩემი მეგობრობაც გახდა. შეგახსენებთ, რომ ალექსის მთელი ცხრა წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული საერთაშორისო განცხადებები აქვს გაკეთებული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების წინააღმდეგ. ლია მიქელაშვილმა მითხრა, რომ, ძალაუნებურად, თვითონაც ამ სისტემის ნაწილი იყო და არ გამორიცხავდა, მისთვის დაევალებინათ საკუთარი ძმისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ წასვლა, სხვა შემთხვევაში, მის ოჯახს დაემუქრებოდა საფრთხე. ადვოკატს ვკითხე, - რა უნდა განმეცხადებინა საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში? მან პირდაპირ მიპასუხა, რომ ხელისუფლების პირველი და უპირობო მოთხოვნაა ის, რაც შენ საგაზეთო მასალებში გაქვს ნათქვამი და სადაც ალექსი მიქელაშვილზე საუბრობ, ყველაფერი უნდა უარყო, განსაკუთრებით სტრასბურგში გაგზავნილი მასალები და ასევე, სოზარ სუბარის წინააღმდეგ წარმოებული საქმეო! და, რა თქმა უნდა, ის ბრალი, რომელიც წამიყენეს, ამჯერად უნდა მეღიარებინა. მე დავინახე ის საშიშროება, რომელიც ემუქრებოდა ჩემს მეგობარ ალექსი მიქელაშვილს და, ფაქტობრივად, მის გადასარჩენად დავთანხმდი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ამ განცხადების დაწერის შემდეგ ლია მიქელაშვილი ჩემთან აღარ შემოსულა და ჩემს ინტერესებს იცავდა ჯერ ადვოკატი ზვიად გოგალაძე, ხოლო შემდეგ არჩილ მამულაშვილი. ვსარგებლობ შემთხვევით და მათ დიდ მადლობას ვუხდი კეთილსინდისიერებისთვის... ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ ჩემს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებდი, ალექსის რომ არ ებრძოლა ბოლომდე ჩემ გამო. ცხინვალში მისმა ჩასვლამ აიძულა არსებული ხელისუფლება, ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. _ განთავისუფლების შემდეგ რა მოხდა? _ ა. წ. 21 ივლისს გავთავისუფლდი. გამოსვლისთანავე წავედი აზერბაიჯანში, ქალაქ გენჯეში და პირდაპირ ვუგარ გურბანის ოჯახში მივედი. ვუგარი მშობლებთან ერთად დამხვდა. პირველი გაკვირვება ის იყო, რომ არც იცოდნენ, ციხეში თუ ვიჯექი. _ ვუგარ გურბანს დაკავებამდეც იცნობდით? _ არა, ჩემი დაკავების დროს ვნახე პირველად ეს ადამიანი, მანამდე არანაირი შეხება არ მქონია მასთან. ამ საქმემ გაგვაცნო ჩვენ ერთმანეთი და დაგვაახლოვა. სხვათა შორის, ბრწყინვალე ოჯახი ჰყავს... ის, თუ ვინ, როგორ, რატომ და რა ფორმით დააყაჩაღეს დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა პირებმა და რას ითხოვს საქართველოს პროკურატურისგან აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გურბანი, მის ოფიციალურ წერილში წერია, რომელსაც თარგმანის სახით წარმოგიდგენთ. ხოლო მე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, მოვითხოვ, ნუ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში და აზერბაიჯანელ უმცირესობებს ნუ ჩაგვაყენებთ დისკრიმინაციულ პირობებში. უპირობოდ უნდა დაისაჯოს ჩემს პირველ და მეორე საქმეში დამნაშავე ყველა პირი და სახელმწიფომ სრულად უნდა ამინაზღაუროს როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზარალი კომპენსაციის სახით! _ კონკრეტულად, რა მუხლით დაგაკავეს? _ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას მოხმარების მიზნით. საქმეში გამოძიებას ისიც კი აქვს გამოტანილი, თითქოს, ვარ სტაბილური მომხმარებელი და სტაბილურად ვიმყოფები ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. დაკავების შემდეგ ჩამიტარეს სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არანაირი სახის ნარკოტიკი არ მქონდა მოხმარებული. სწორედ ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე თქვა გამოძიებამ, რომ ვიყავი ნარკოტიკების სტაბილური მომხმარებელი? როდესაც სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა ის გამომძიებელი, ნორმალური პასუხი ვერ გასცა ამ კითხვას, - არ ვიცი, ისე გამოვიტანე ეს დასკვნაო. რას ჰქვია, ისე გამოიტანე? ესე იგი, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუტანო გამომძიებელმა დასკვნა, რომ ნარკომომხმარებელია? ასეთი პიროვნებები არ უნდა მუშაობდნენ სამართალდამცველ ორგანოებში. სხვათა შორის, რომელმა მოსამართლემაც გამომიტანა ჩემს პირველ საქმეზე განაჩენი, იგივე მოსამართლემ მომისაჯა სასჯელი ამ საქმეზეც, ეს გახლავთ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი. _ ვისგან და რა სახის ზეწოლები ხორციელდებოდა ვუგარ გურბანზე? _ როგორც მე გურბანის სიტყვებიდან ვიცი, ეს ადამიანი არის ძალიან ნაცემი, - „დუბინკებს“ მირტყამდნენ თავში და მუცელშიო. მე რომ აზერბაიჯანში მასთან ჩავედი, საავადმყოფოდან ორი კვირის გამოწერილი იყო და დღესაც მკურნალობს ამბულატორიულად, აქვს ფსიქოლოგიური აშლილობა. დედამისი სულ ტირის, - ნორმალური შვილი მყავდა და ეს რა დღეში ჩამიგდესო?!. საუბრისას ვუგარი ჩერდება ხოლმე, ავიწყდება, რაზე საუბრობს, ღამეები ვერ სძინავს და თუ სძინავს, ყვირილით ეღვიძება. შევეკითხე, - ვინ იძალადა შენზე-მეთქი? როდესაც მან სარფის საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ იქ დახვდნენ, თურმე, ყოველგვარი ფიზიკური ზეწოლის გარეშე გაჩხრიკეს და უთხრეს, - ვიცით, რომ შენ თბილისში ფახრად ჰამირგულიევი დაგხვდება და „ბილაინის“ სიმბარათი უნდა გადმოგცესო. მე მას მართლაც უნდა დავხვედროდი აქ, თურქეთში მქონდა კონტაქტები, ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე. თურქეთიდან დამირეკა ერთ-ერთი ფაბრიკის მენეჯერმა და მთხოვა, - ერთი ჩვენი ახლობელია, ჩვენთან მუშაობს და საქართველოს გავლით მიდის აზერბაიჯანში. მობილურის სიმბარათი სჭირდება და იქნებ, მისცეო. ეს ჩეულებრივი თხოვნაა, არაფერი განსაკუთრებული. როდესაც მეც დამჭირვებია რამე, მითქვამს თურქეთში ჩემი ახლობლებისთვის და დამხმარებიან. ელემენტარული თხოვნა იყო და რატომ ვეტყოდი უარს? - ამა და ამ დროს იქნება ავტოსადგურში, იქნებ, უყიდო სიმბარათი და მისცეო... მოვიქეცი ისე, როგორც მთხოვეს, მის დასახვედრად მივედი ავტოსადგურზე და ორივე დაგვაკავეს... თუმცა მანამდე, როგორც გითხარით, გურბანს სარფის საზღვარზე დახვდნენ და უთხრეს, - ეს ხელჩანთა წაიღე, ვითომ თურქეთიდან მოგაქვს მისთვის დაბადების დღის საჩუქარიო... და სამართალდამცველებმა გადასცეს ის ხელჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება, 0,58 გრ. ჰეროინი იდო. როგორც გურბანმა მითხრა, სხვა პირებთან ერთად, ნუგზარ შიოშვილი დახვდა სარფში, რომელმაც მას თავი წარუდგინა. ვაჩვენე შიოშვილის სურათი, - ეს იყო-მეთქი? - კი, ეგ იყოო. გურბანი თავიდან უარს ამბობდა ჩანთის წამოღებაზე, მაგრამ, საბოლოოდ, წამოიღო და კი იცით, მერე რაც მოხდა. გურბანის მშობლებმა მითხრეს, - ჩვენ რომ გვცოდნოდა შენი დაკავების ამბავი, ჩამოვიდოდით და სასამართლოზე ვიტყოდით სიმართლესო, არავის არ დავუბარებივართ არც პროკურატურიდან, არც რომელიმე სხვა უწყებიდანო. არადა, გურბანის მიერ იძულებით ხელმოწერილი საბუთის გამო დამაკავეს და, მინიმუმ, მოწმის სახით ხომ უნდა დაეკითხათ იგი? _ აპირებს თუ არა აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გურბანი, მიმართოს საქართველოს სასამართლოს იმის გამო, რომ მასზე ქართველმა სამართალდამცველებმა განახორციელეს ფიზიკური ზეწოლა? _ მისი უპირობო მოთხოვნაა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ამ ყველაფრის გამო და დამნაშავეების დასჯა! იგი დააყაჩაღეს კიდეც, 1500 დოლარი წაართვეს და ამბობს, კონკრეტულად შიოშვილს აქვს ჩემი ფულიო. ის დაელოდება, რა რეაგირებას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო და თუ მისი ამბავი რეაგირების გარეშე დარჩება, ამ შემთხვევაში მიმართავს უკვე აქ არსებულ აზერბაიჯანის საელჩოს და თვითონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რათა რეალურად გახდეს ცნობილი, რა მოხდა, ვინ იძალადა მასზე და რას ითხოვდნენ მისგან ფიზიკური ზეწოლის საშუალებით?! თქვენ წარმოიდგინეთ, ვუგარ გურბანმა სარფის საზღვრიდან საქართველოში, თურმე, ჩანთით შემოიტანა ჰეროინი, საზღვარზე არ დააკავეს, გამოატარეს, ჩამოვიდა თბილისამდე და აქ უკვე ორივე დაგვაკავეს. პიროვნება, რომელმაც „შემოიტანა“ საქართველოში ნარკოტიკი გასაღების მიზნით - გაუშვეს და მე შეძენასა და მოხმარებაზე დამაკავეს და ცხრა თვე ვიჯექი ციხეში! ბოლოს კი მეუბნებიან, - უი, ბოდიში, თურმე, შენ უდანაშაულო ყოფილხარო და მიშვებენ. ელემენტარულად, აქედან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს! ხელისუფლებას მოვუწოდებ, აუცილებლად დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი როგორც ჩემს საქმესთან, ისე ვუგარ გურბანთან დაკავშირებით! ნინო ლაბარტყავა  

გაზიარება